ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მოგონებაა გაზეთების ჯიხურებთან სხვადასხვა ასაკის კაცების საეჭვოდ მორცხვი და ფარული საქციელი, რის შემდეგაც გაზეთების გარკვეული ნაწილი ქრებოდა ხოლმე. გაურკვევლობაში ვიყავი, თუ რა იწვევდა, ერთი მხრივ, ამხელა ინტერესს და, მეორე მხრივ, ასაკიანი კაცების ასეთ მორიდებულობას. გაზეთები, მაგალითად სპორტისა და მანქანების შესახებ, სწრაფი ტემპით არ იყიდებოდა და თავიდან, ვერ ვხვდებოდი, კიდევ რა იყო მათი ასეთი ინტერესის ობიექტი. მერე კი ნელ-ნელა გავიაზრე, რომ საქმე შიშველ ქალებს ეხებოდა.
დაახლოებით 20 წლის წინ, სამამულო პორნოგრაფიული პრესა ავანგარდში იყო - „სექს დაიჯესტი“, „ქართული ფლეიბოი“, „ინტიმი“, „დაიმონე მამაკაცი“ და ა.შ. ყველა - თხელ და უხარისხო ქაღალდზე ნაბეჭდი, შავ-თეთრი, ფასი - 50 თეთრის ფარგლებში. ზოგი ნაკლებად თამამი, ზოგი პორნოგრაფიით გაჯერებული. ამ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების ნაწილი, ალბათ ავტორებისა და რედაქტორების ფანტაზიის წყაროც იყო - იქნებოდა ეს ინტერვიუ ლეონარდო დიკაპრიოსთან თუ ღია რუბრიკა, სადაც მკითხველი საკუთარ სექსუალურ გამოცდილებაზე ჰყვება.
ამ გაზეთების უმეტესობა, თითქოს ნეიტრალური იყო და არა კონკრეტულად რომელიმე სქესისთვის განკუთვნილი, თუმცა, ყველა მათგანი მაინც კაცების ინტერესებს ერგებოდა. თუ ქალებისთვის განკუთვნილი რჩევები გულისხმობდა - როგორ გამხდარიყვნენ უკეთესები და უფრო სასურველები მამაკაცებისთვის, კაცების შემთხვევაში, ეს რჩევები ძირითადად იმას ეხებოდა, თუ როგორ მიეღოთ უფრო მეტი სიამოვნება.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს გაზეთი, საერთო ჯამში, ინტიმური ხასიათის იყო, სადაც სექსის და სექსში მრავალფეროვნების და ზოგადად, უკომპლექსობის წახალისება ხდებოდა, მასში ნათლად იგრძნობოდა მაშინდელი სოციალურ-კულტურული ასპექტების გავლენა - ნაციონალიზმი, უცხოს მიუღებლობა, ჰომოფობია, ოჯახის სიწმინდე, რელიგია, არასწორი წარმოდგენები უცხოეთზე და ა.შ.
მაგალითად, გაზეთ „ფლირტის“ ერთ-ერთ რუბრიკაში დაბეჭდილ მასალებში, რომელიც დიდი ალბათობით გამოგონილია - ჟურნალისტი, ქუჩაში გამვლელებს უცხოელთან ოჯახის შექმნაზე აზრს ეკითხებოდა. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, რესპონდენტთა უმეტესობისთვის ეს მიუღებელი იყო. ამ რუბრიკის ბოლოს იყო „სპეციალისტის რჩევა“, სადაც ეს ეგრეთ წოდებული სპეციალისტიც, ქართველ ქალებს ურჩევდა დაფიქრებულიყვნენ, სანამ უცხოელთან შექმნიდნენ ოჯახს. „თქვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ხართ“ - აგრძელებს სპეციალისტი და მიუთითებს უცხოეთში არსებულ მზარდ ოჯახურ პრობლემებზე.
ისევ რჩევები ქალებისთვის - შეიძლება ქმარი ღირსეულად არ გექცევა, მაგრამ ოჯახი მაინც ოჯახია და იქნებ დაუთმო, მიუტევო, გაუგო და გვერდი დაუმშვენო.
საინტერესო ფენომენი გახლდათ ევროპისა და ამერიკისადმი მაშინდელი გაუცხოებაც.
მთელ ამ ინტიმურ ამბებსა და ფოტოებში, ძალიან ხშირად შეგხვდებოდათ წერილი შემზარავი სათაურით, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო გაზეთის თემატიკასთან. ამით სურდათ, მკითხველზე დაუვიწყარი გავლენა მოეხდინათ. მსგავსი წერილების სიხშირიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ეს ტრიუკი კარგად იყიდებოდა. ამბები იმდენად უცხო და წარმოუდგენელი იყო ქართველი მკითხველისთვის, რომ შინაარსი მოითხოვდა, ეს ფაქტი უცხოეთში მომხდარიყო. რადგან ამბების რეალურობის გადამოწმების საშუალება მაშინდელ მკითხველს არ შეეძლო, მოსახლეობა იღებდა მათ როგორც სინამდვილეს.
მაგალითად, ერთ-ერთი ნიუსში წერდნენ, რომ ამერიკის რომელიღაც შტატში ლინკოლნის სული გააცოცხლეს. დეტალურად იყო აღწერილი სულის გაცოცხლების შემდგომი პროცესი - როგორ იქცეოდა სული პალატაში, რაზე ელაპარაკებოდა ექიმებს და ბოლოს ისიც, რომ სულის ისევ „დაძინება“ მოუწიათ. ბუნებრივია, ასეთი ამბის საქართველოს მასშტაბებში გადმოტანა ნაკლებად შედეგიანია. გამსახურდიას გაცოცხლებული სული დამაჯერებელი ვერ იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში, მახსოვს, ყური მქონდა მოკრული, თითქოს ზვიადი ცოცხალია.
ამ ყველაფერს ნაცნობი პროპაგანდაც ემატებოდა, რომ უცხოეთი ცუდი და ამორალურია. ძირითადად, ყურადღება მაინც ოჯახის ინსტიტუტის უპატივცემულობასა და სექსუალურ გადახრებზე იყო გამახვილებული.
„ფლირტი“, თავს „შემეცნებით-გასართობ“ გაზეთად მოიხსენიებდა და მისი შეძენა შედარებით მოკრძალებულ ფასად, 20 თეთრად შეგეძლოთ.
„ფლირტში“ წაიკითხავდით ინტერვიუებს ლეონარდო დიკაპრიოსთან, ტომ კრუზთან, ბრედ პიტთან, ადრიანო ჩელენტანოსთან და იმ დროს აღიარებულ სხვა წარმატებულ სექს-სიმბოლოებთან.
იქვე იყო გაცნობის სვეტიც, სადაც მსურველები მოკლე ბიოგრაფიას გზავნიდნენ და სასურველ პარტნიორს ეძებდნენ. დიდი ალბათობით, აქაც ისევ ავტორის ფანტაზიასთან გვექნებოდა საქმე, თუმცა, სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, რომ გამომგზავნი რეალური ადამიანიც ყოფილიყო.
გაზეთი „ქართული ფლეიბოი“ სრულად პორნოგრაფიული იყო - იბეჭდებოდა შიშველი ფოტოები და ინტერვიუები შოუბიზნესის უცხოელ წარმომადგენლებთან.
ბეჭდავდნენ ასევე „ქართველი“ გოგონების ფოტოებს, თუმცა სავარაუდოა ისინი არც ყოფილიყვნენ ქართველები. თუმცა კონტექსტი, ქართველი გოგონების გაშიშვლებასაც მოითხოვდა.
გამოვარჩევდი ეთერის ამბავს:
მთელ ამ მასკულინურ ბეჭდურ მედიასივრცეში მაინც იყო ქალის ადგილი. არსებობდა გაზეთი „დაიმონე მამაკაცი“ - ფსევდოფემინისტური გაზეთი, რომლის რედაქტორებიც ფსევდონიმებით არჩევდნენ მოქმედებას.
ქალების მხარდაჭერა მოწოდების სიმაღლეზე იყო. ქალების სურვილები და ინტერესები კი, მაქსიმალურად გათვალისწინებული - თანადგომა, გამხნევება და რჩევები. ტკბილეულის რეცეპტსაც არ იშურებდნენ იმ შემთხვევისთვის, თუ უეცრად სტუმარი გეწვეოდათ.
ერთ-ერთ ნომერში, მკითხველი მეუღლესთან ურთიერთობაზე წერს. მეუღლე კონსერვატორია, არ ესმის მისი და მოქმედების თავისუფლებას არ აძლევს, გაზეთის გამოხმაურება კი ნამდვილად სოლიდურია: „ქალი მონა არაა - ემანსიპირდი“.
გაზეთს ჰქონდა საინტერესო ინიციატივა - შეექმნათ ნეოფემინისტური მოძრაობა ქალებისთვის, საკუთარი სადღეღამისო კლუბი, სადაც შეძლებდნენ როგორც გართობას, ისე საჭირო ინფორმაციის მიღებას სექსოლოგებისა და ფსიქოლოგებისგან. იდეა ნამდვილად რევოლუციური იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გაზეთის სხვა ნომრებში ამ მოძრაობის თუ კლუბის განვითარებაზე ვერაფერი ამოვიკითხე, როგორც ჩანს, მაშინ ჯერ ისევ არ იყვნენ მზად მსგავსი რევოლუციური მოძრაობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი კლუბის შექმნის ინიციატივა მამაკაცებისთვის განკუთვნილ არცერთ გაზეთში არ მინახავს.
ასევე საინტერესო ფენომენია გაზეთებისა თუ ჟურნალების განსაკუთრებული ჰომოფობიურობა. წერილებსა თუ ინტერვიუებში გამუდმებით იგრძნობა ჰომოსექსუალიზმის მიუღებლობა. თუნდაც დიკაპრიოსთან იმავე „ინტერვიუში“ ლეო ამბობს, რომ ნანობს, კაცს რომ აკოცა და მისთვის ეს საშინელი მოგონებაა. მაგრამ „დაიმონე მამაკაცი“ ამ მხრივ გამორჩეული გაზეთი აღმოჩნდა - ჩვეულებრიობას წარმოადგენდა ჰომოსექსუალების დამამცირებელი სახელით მოხსენიება და ქალების დამუნათება, რომ ჰომოსექსუალ კაცებს არ უნდა ბაძავდნენ; და რომ ღმერთს იმისთვის არ შეუქმნია ადამიანი, რათა თავისივე სქესის წარმომადგენლის სიყვარულში განვლოს ისედაც მოკლე ცხოვრება.
დაახლოებით 10 წლის შემდეგ სამამულო პორნოგრაფია უფრო დაიხვეწა. ძველი გაზეთები კი, შედარებით უკეთესი ხარისხის ჟურნალებმა ჩაანაცვლა. - „ძინ-ძინ“, „ინტიმ-ინტიმი“, „მაქსი“ და ა.შ.
ეს უკანასკნელი ყველაფერზე იყო, რაც ნამდვილ ქართველ კაცებს აინტერესებდათ - სპორტი, სასმელი, სექსი, იარაღი, გართობა და ა.შ. ჟურნალის გარეკანზე კი, უმეტესად გამომწვევად ჩაცმული ქალის ფოტო იყო დართული ხმაურიანი კომენტარებით. მაგალითად: „რეპერებს არც დავანახებდი“ - ნამდვილად პროვოკაციულია.
ძველი გაზეთებისგან განსხვავებით, აქ, პირველ გვერდზე ყოველთვის იბეჭდებოდა ინტერვიუ მეტ-ნაკლებად ცნობილ მომღერლებთან, შოუების - „ჯეობარის“, „მდიდრები და ღარიბების“ მონაწილეებთან და ა.შ. ალბათ ამ ახალ ჟურნალებშიც, ძველი გაზეთების მსგავსად, ბევრია გამოგონილი ინტერვიუ ჰოლივუდის მსახიობებთან. ქართველი მამაკაცები, როგორც ჩანს, ამ ინტიმურ გაზეთებსაც კითხულობდნენ, იქიდან იღებდნენ მაგალითს და ინსპირაციას, რათა წარმატებული მამაკაცის როლი მოერგოთ.
ამ ჟურნალ-გაზეთებს მტრებიც ჰყავდა რელიგიური პირების სახით, რომლებიც მათ მტრული განცხადებებით ეხმაურებოდნენ.
აი, ერთ-ერთი მათგანიც:
„გამოვთქვამთ უკიდურეს აღშფოთებას ჩვენს ქალაქში შექმნილი მდგომარეობის გამო: ქალაქი მიაქვს პორნოგრაფიას, გამოფენილია ათასგვარი უხამსი ჟურნალი და გაზეთი, რაც მავნე ზეგავლენას ახდენს მოზარდ თაობაზე, რაც შეურაცხყოფს მართლმადიდებელ მოსახლეობას, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს. მაგალითისათვის გაწვდით ჟურნალებს, „მაქსი“ და „სექსტაზი“, გაზეთს „პაემანი“. ნუთუ ეს ინდუსტრია უკონტროლოდაა მიშვებული, ნუთუ სახელმწიფო უძლურია, ან არ უნდა, რომ დაიცვას მოზარდი თაობა, მისი მოქალაქეები უხამსობისაგან, გარყვნილებისაგან.
გთხოვთ მიიღოთ გადამჭრელი ზომები, რათა აღიგავოს ჩვენს თვალთაგან უხამსი გამოცემები. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება, მართლმადიდებელი მრევლი თავად შეეცდება აღკვეთოს ეს ძალადობა, ეს სულიერი აგრესია, მიმართული ჩვენი შვილებისაკენ, ჩვენი ერისაკენ.“
კეთილი სურვილებით,
თავმჯდომარე: ა. უნგიაძე
(მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი)
მრევლს დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი. მაგალითად, გლდანის ეპარქიის წინამძღვარი, მამა ბასილ მკალავიშვილი მომხრებთან ერთად თავს დაესხა გაზეთის ჯიხურებს.
არსებობს დარბევის პროცესისა და შემდგომი მოვლენების საინტერესო მხატვრული აღწერაც:
„სექტანტების რისხვამ - მამა ბასილ მკალავიშვილმა თბილისელი „ონანისტები“ დაღვრემილები დატოვა გუშინ დილის საათზე, როცა მან გაზეთების ბირჟაზე მრევლთან ერთად „რეიდი“ მოაწყო და პორნოგრაფიული გამოცემები - „სექსი“, „ძინ-ძინ“ და „დაიმონეთ მამაკაცი“ - ცეცხლს მისცა. დღის 3 საათზე მოწყობილ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მეძავური“ ჟურნალ-გაზეთების გამოცემას არ დაუშვებს. როგორც ჩანს, ამიერიდან „მოძინძინეებმა“ ილუსტრირებული შიშველი სხეულები დახლს ქვემოთ უნდა ეძებონ.
მამა ბასილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ჟურნალისტებს გაზეთების გამავრცელებელი ბირჟიდან წამოღებული „სექსი“ და „ძინ-ძინ“ აჩვენეს, თვით მამა ბასილმა კი თვალები აიხვია, რათა გაზეთების გარეკანზე დაბეჭდილი ლესბოსელებისა და მამათმავლების ამსახველი ორგიები თვალის „ბნელ კუთხეშიც“ არ მოხვედროდა“.
სამწუხაროდ, ბევრი ძებნის მიუხედავად, არსად შემხვედრია რაიმე სახის ინფორმაცია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და მათგან თავის დაცვის საშუალებებზე, ან სექსუალური განათლების რაიმე მცდელობაზე. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ეს გაზეთი მეტი იყო ვიდრე უბრალოდ პორნოგრაფია და დიდ გავლენას ახდენდა კულტურული თუ სოციალური თვალსაზრისითაც.