ბორჯღალოსნებს
მსოფლიო თასმა ბორჯღალოსნებს, პირველ რიგში, მიწაზე მყარად დგომა ასწავლა. ქება-დიდების ზომიერად მიღება და იმის გათავისება, რომ ყველაფერი წარმავალია. აჩვენა, რომ უმჯობესია, თუ საქმეს მეტი სიმსუბუქით მიუდგები, არა ზერელედ, არამედ მსუბუქად, სიამოვნებით. რომ ეს თამაში ბრაზიანი კაცების კი არაა, არამედ - ღიმილის ბიჭების. რომ საჯაროდ ხუმრობა (მაშინაც კი, როცა არ გეხუმრება), გულიანი ღიმილი და ზოგჯერ ლაზღანდარობაც კი ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე სოლიდურობისა და სერიოზულობის გაუგებარი ანტურაჟის შექმნა. ნამდვილად ვიცით, რომ გუნდში იუმორის პრობლემა არაა, მაგრამ გაუგებარია, რატომ მალავენ მას სამხედრო საიდუმლოსავით.
იაპონიის ტურნირი კარგი გაკვეთილი იყო იმის გასააზრებლად, რომ სიყვარული ბრუნვადია და გუნდსა და გულშემატკივარს შორის უნდა იბრუნოს. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ბორჯღალოსნებმა იაპონიაში არაერთ სოციალურ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივებთან „დამეგობრდნენ“, სამაგიეროდ, საქართველოდან წასული რამდენიმე ათეული ადამიანი - ნამდვილი მეგობრები - ამაოდ ცდილობდა საყვარელ გუნდთან ერთი შეხვედრა მაინც გაეხერხებინა. წაგებებს ვინ ჩივის, სპორტული ჩავარდნა არავისთვის გასაკვირი არაა, მაგრამ როცა ადამიანი ამხელა მანძილზე შენი გულისთვის მოდის, შენი თანადგომისთვის ამხელა ფულს, ენერგიას და დროს ხარჯავს, ის მაინც უნდა მოახერხო, რომ ერთ ვარჯიშზე დაპატიჟო, მხარზე ხელი გადახვიო და თუნდაც უფოკუსო სურათი გადაიღო, ან უბრალოდ გაამხნევო და მადლობა გადაუხადო. მესმის, რომ ეს საკითხი უფრო მენეჯმენტის მიმართულებითაა, მაგრამ ამ მხრივ პასიურობა არც ბიჭებს მოუხდათ.
განვლილმა შეჯიბრებამ მორაგბეებს ასწავლა, რომ, როცა ცალი ფეხით მსოფლიო თასის ნახევარფინალში ხარ, მეტოქეს სახეში იდაყვი არ უნდა ჩაარტყა.
მწვრთნელებს
მსოფლიო ჩემპიონატმა მწვრთნელებს დაანახვა, რომ გადაჭარბებული სერიოზულობით საქმის კეთება არასერიოზულობას უახლოვდება. გუნდი, რომელიც მთელი ზაფხული შეკრებაზე იყო შეკეტილი და არ კონტაქტობდა არც მედიასთან და არც გულშემატკივართან, დადებითი ემოციების და სიმსუბუქის გარეშე დარჩა. სპორტი, ფიზიკურთან ერთად, სულიერ და ემოციურ სიმყარესაც მოითხოვს, ამისთვის კი კარჩაკეტილობა ნამდვილად არაა საუკეთესო წამალი. სპორტსმენი დიდ მუხტს იღებს იმით, რომ თუნდაც აბეზარი ფანები მას ამხნევებენ და გზას ულოცავენ. ერთ საღამოს გუნდურად ქალაქში გასეირნებაც კი პოზიტიურ ენერგიას მისცემდა ბიჭებსაც და გულშემატკივარსაც. სხვა გუნდებმა ეს გააკეთეს, ჩვენმა შტაბმა კი მსგავსი რამ უსარგებლოდ მიიჩნია.
მსოფლიო თასმა მწვრთნელებს ნათლად დაანახვა, რომ შემტევი რაგბის ეპოქაში ვართ და ბევრი პრიორიტეტისთვის ადგილი გვაქვს შესაცვლელი. აღმოჩნდა, რომ აუცილებელია მეტი შემოქმედებითი აზროვნება, მრავალფეროვნება, სისწრაფე და მოულოდნელი გადაწყვეტილებები. პარადოქსს ჰგავს, მაგრამ ყველაზე ცუდად იმ ტურნირზე გამოვიყურებოდით, სადაც თითოეული მოთამაშე „საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა“. თურმე სადღაც სხვაგან ყოფილა ძაღლის თავი.
მსოფლიო თასმა ბავშვთა მწვრთნელებსაც შეახსენა, რომ პრეისტორიული „დაეჯახე და გადაუარე“ კვლავაც ისტორიას უბრუნდება და ცოტა გოიმობაცაა. ნათელი ხდება, რომ ამ თამაშის ჯადოქრებს ეს წარმოუდგენელი უნარები პროფესიონალურ ასაკში არ შეუძენიათ, არამედ ბავშვობიდანვე იღებდნენ მანიფაფასა და ვიტამინებთან ერთად. ამიტომ, თუ დიდებს რამე არ გამოსდით, ამაზე პასუხისმგებლობის წილი ბავშვთა მწვრთნელებმაც უნდა იგრძნონ.
მესვეურებს
დიდ და მცირე მენეჯერებს, უსტაბაშებს და მამასახლისებს მსოფლიო ჩემპიონატმა ასწავლა, რომ არაა საკმარისი მხოლოდ მათ იცოდნენ, თუ რა ხდება ნაკრებში. სასურველია, ეს ინფორმაცია იმ ხალხმაც გაიგოს, ვისი ფულითაც ეს ნაკრები საზრდოობს. სათამაშო მხარეს რომ თავი დავანებოთ, მთელმა მოსამზადებელმა პერიოდმა და იაპონურმა ტურნემ ისე ჩაიარა, ორიოდ საერთო ხასიათის სურათის და ამდენივე სტანდარტული კომენტარის გარდა, რაგბის კავშირს არაფერი გამოუქვეყნებია. მთელმა ზაფხულმა თითქმის სრულ საინფორმაციო ვაკუუმში ჩაიარა და მხოლოდ მშრალი ამბებით ვიკლავდით ინტერესს, მაშინ, როცა სხვა გუნდებზე ყოველკვირეულ რეჟიმში ქვეყნდებოდა ვიდეორგოლები და მოკლე ფილმები.
იაპონიაში გამართულმა შეჯიბრებამ რაგბის კავშირს ასწავლა, რომ უფრო აკურატულად უნდა შეარჩიოს ლოზუნგები და სლოგანები, თორემ პირველივე წარუმატებლობისას ეს შეუსაბამო ფრაზები მათი და გუნდის საწინააღმდეგოდ ბრუნდება. სასურველია, მომავალში არქაული მაღალფარდოვნებისგან თავს თუ შევიკავებთ და უფრო მიწასთან მიახლოებული მოწოდებებით ვისარგებლებთ. სლოგანი ისეთი უნდა იყოს, რომელსაც პატარა რეზო გაწითლების გარეშე გადასძახებს აივნიდან ეზოში შეკრებილ თანატოლებს და არა რომელიმე ჟამთააღმწერის ქრონიკებში შემონახული, ნარ-თანიანი ყიჟინა.
მსოფლიო თასმა ცხადყო, რომ ქართული რაგბის მესვეურებმა თავი არ უნდა დაზოგონ, რათა ჩვენი საკლუბო რაგბი მაღალი დონის ასპარეზზე გაიყვანონ. ეს ფრანჩიზის სახით მოხდება, კლუბის თუ სასულე ორკესტრის, მხოლოდ დეტალია, მთავარია, ქართველებს რეგულარულად უწევდეთ კარგ მეტოქეებთან თამაში. სამწუხაროდ, შიდა ჩემპიონატი ვერ უზრუნველყოფს მაღალ სათამაშო ინტენსივობის და, ზოგადად, სასურველ ხარისხს.
ჟურნალისტებს
მსოფლიო ჩემპიონატმა ჟურნალისტები კიდევ ერთხელ გვამხილა უაზრო პათეტიზმსა და „ურაპატრიოტიზმში“. ყოველგვარი საღი აზრის, ანალიზისა და ჩაღრმავების გარეშე, თვალდახუჭულებმა და ხელებჩაკიდებულებმა ვიგონეთ და ვწერეთ მითები ბორჯღალოსნების უძლეველობაზე. ვაქვეყნეთ წყალწყალა სტატიები და ვიდეოები აღმაფრთოვანებელი სათაურებით, მხოლოდ იმისთვის, რომ ყურადღება მიგვექცია და „ლაიქები“ დაგვეგროვებინა. საბოლოო ჯამში, მიზანს მივაღწიეთ: „ნახვების“ საჭირო რაოდენობა მოვაგროვეთ, თვითშეფასება ავიმაღლეთ, უფროსებს ვასიამოვნეთ, საკუთარი ცნობადობა გავზარდეთ, ხოლო მთავარი ფეხებზე დავიკიდეთ. მთავარი კი ისაა, რომ მედია მოვლენების ნამდვილი სარკე უნდა იყოს და არა ისეთი, ფიფქიას დედინაცვალს რომ ჰქონდა (ისე, ერთხელ იმანაც ვერ მოითმინა და სიმართლე თქვა). ჩვენ ვერ შევძელით ეროვნული ნაკრები ფორმაში გვყოლოდა, ვერ მივუთითეთ სისუსტეებზე, კრიტიკა ვერ ვაკადრეთ და ყველაფერზე თავი დავუკარით. შედეგად, ის „ლაიქებიც“ ოხრად დარჩა და ყველამ წავაგეთ.
მსოფლიო ჩემპიონატმა გვასწავლა, რომ წუწურაქობა მედიის მტერია. ერთი-ორი ბეთინგ პორტალის გარდა იაპონიაში ჯგუფი არავის მიუვლენია. თვით საზოგადოებრივ მაუწყებელსაც კი, რომელმაც ჩვენების უფლებაში ოთუსბირი გადაიხადა, ჟურნალისტისა და ოპერატორის ერთი კვირით ტურნირზე გაშვება ეძვირა. ეგ კი არა, მთელი ჩემპიონატი ორი კომენტატორის კისერზე გადაატარა, რომლებსაც მატჩებს შორის გადაცემის სტუმრებთან კითხვების დასმაც ევალებოდათ, შეხვედრის შეჯამებაც, ქულერში წყლის გამოცვლაც და ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაც. ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ უნდა ამჯობინო ერთი პერსპექტივა მრავალფეროვნებას და როგორ დაზოგო ფული კარგი თანამშრომლების გამოფიტვის ხარჯზე (კარგად ვიცი, რასაც ნიშნავს ყოველდღე ორ-ორი რეპორტაჟის წაყვანა და ამიტომაც არ მერიდება ამაზე დაუფარავად საუბარი).
გულშემატკივრებს
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატმა გვაჩვენა, როგორი დაუძლეველი ვნება გვაქვს გაკერპებისა. როგორ გვიყვარს წარმატებული ადამიანების გაღმერთება და ზეცაში აყვანა იმისთვის, რომ მერე მისი ძირს დანარცხება მისთვის მეტად მტკივნეული იყოს და ჩვენთვის - მეტად სასეირო. ისინი, ვინც ტურნირამდე ერის საამაყო შვილებად გამოაცხადეს, მისი მსვლელობისას სერგო ორჯონიკიძეს ამოუყენეს მავნებლობის მაჩვენებლით. სიყვარულიც არაპროპორციულად გაიცა და ღვარძლიც, და ამ უზომობაში მსოფლიო თასმა კიდევ ერთხელ გვამხილა. ისევე, როგორც გვამხელს ხოლმე ყველაფერი, როცა „ქართული სული“ ვერ იმარჯვებს.
მსოფლიო თასმა ასევე დაგვანახვა, რომ ქართული რაგბის ხარისხთან ერთად გულშემატკივრობის კულტურაც უნდა გაიზარდოს. შეიძლება იმიტომ, რომ მთელი აგრესია და დაუნდობლობა მოედანზე იხარჯება, რაგბის ნამდვილი ფანები თავს უფლებას ვეღარ აძლევენ, მოწინააღმდეგის ქომაგებს ავი თვალით შეხედონ და ტრიბუნაზე სულ მეგობრული განწყობაა. ამიტომაცაა რაგბის მატჩებზე გულშემატკივრების სეგრეგაცია რომ არ არსებობს და ყველა ერთმანეთშია აზელილი. თუკი ამ თამაშის კონსერვატორი მამები რამეს უფრთხილდებიან და სხვების ახლოს მიკარება არ უნდათ, ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა: ეს ატმოსფერო არ ეთმობათ და ძნელია არ გაუგო. მსოფლიო ჩემპიონატმა გვასწავლა, რომ, სადაც ინგლისელები და ავსტრალიელები, ფრანგები და უელსელები, იაპონელები და აფრიკელები მოედანზე ერთმანეთს ცოცხლად ჭამენ, იქვე მათი გულშემატკივრები ერთად ლუდს ურახუნებენ, მაისურებს ცვლიან, ლაღობენ და ზეიმობენ. ამიტომ არც ჩვენ გვაქვს უფლება მოედანი სიძულვილით გავავსოთ, თუნდაც რუსების სიძულვილით. ეს ამ თამაშის ნაწილი არაა.
მსოფლიო ჩემპიონატმა უცებ გადაგვთვალა და გვაჩვენა, რომ ის ხალხი, ვისაც უბრალოდ ეს საოცარი თამაში მოსწონს, ბევრად ცოტაა იმათთან შედარებით, ვისაც რაგბი „საყვარელ სპორტად“ წარმატების ჟინის მოსაკლავად აქვს არჩეული. ეს პირველივე წაგებული შეხვედრის მერე გამოჩნდა. რაგბის მოყვარულებსა და გამარჯვებების მოყვარულებს შორის დაახლოებით ისეთივე თანაფარდობაა, როგორიც ნამდვილ მორწმუნეებსა და ფარისეველ მართლმადიდებლებს შორის.
ამის გარდა, მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ბევრი რამ გვასწავლა, მთავარი ისაა, ჩვენ თუ ვისწავლეთ.