Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრექსიტის დაუსრულებელი საგა - ბორის ჯონსონი პარლამენტში დამარცხდა

25 ოქტომბერი 2019

ინტერნეტსივრცეში საინტერესო ხუმრობა გავრცელდა: „2192 წელს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბრიუსელს სტუმრობს ბრექსიტის თარიღის გადასავადებლად. არავის ახსოვს, როდიდან იღებს ტრადიცია სათავეს, თუმცა იგი უამრავ ტურისტს იზიდავს“. 

სანამ ეს ხუმრობა გავრცელდებოდა, ბორის ჯონსონმა და ჟან-კლოდ იუნკერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, ევროკავშირის დატოვების გეგმა შეათანხმეს, ერთმანეთს გაუღიმეს და ბრექსიტის გადავადების სცენარიც გამორიცხეს. გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, როგორც პოლიტიკური ტრიუმფატორი, ისე დაბრუნდა სამშობლოში, სადაც შინაური პარლამენტარები ელოდნენ. პირველად თითქმის 40 წლის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო „უიქენდზე“ საგანგებოდ შეიკრიბა, ევროკავშირის დატოვების, ნანატრი შეთანხმების მხარდასაჭერად.

329 ხმა 299-ის წინააღმდეგ, პრემიერმინისტრის მიღწეულმა კომპრომისმა გაიმარჯვა, წინამორბედისგან განსხვავებით, რომლის შეთანხმებაც სამგზის უარყო საკანონმდებლო ორგანომ. თუმცა ჯონსონს და მის გუნდს ჯერ ზეიმი არ ჰქონდათ დაწყებული, როდესაც დეპუტატებმა ახალი კენჭისყრა გამართეს - 322 ხმა 208-ის წინააღმდეგ - და დაადგინეს, რომ დაჩქარებული წესით მსგავსი მნიშვნელობის საკითხის განხორციელება მართებული ვერ იქნებოდა, შედეგად - ბორის ჯონსონის შეთანხმება „დაპაუზდა“. 

ზოგიერთმა დეპუტატმა შეთანხმების 110-გვერდიანი ტექსტის წაკითხვა ვერ მოასწრო, ზოგმა - მისი გააზრება. პარალელურად, დონალდ ტუსკი გამოეხმაურა მოვლენებს და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციის გაცემა დააანონსა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, ბრექსიტის თარიღის გადასავადებლად. 

უკანასკნელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ კანონმდებელთა უმრავლესობა ევროპული გაერთიანების დატოვების წინააღმდეგია, ან კონსერვატორთა ტრიუმფის ფასად არ უღირს იგი. საპირწონედ გვაქვს 17 მილიონზე მეტი მოქალაქის არჩევანი, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის სასარგებლოდ გაკეთდა და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება კანონმდებელთა პოზიციას. ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის ორი გზა არსებობს: ან ახალი, წინა რეფერენდუმის მსგავსი კენჭისყრის გამართვა, ან ვადაზე ადრე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. პირველი ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან დემოკრატიის თვალსაზრისს აშკარად ეწინააღმდეგება. ბორის ჯონსონს და მის გუნდს სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურთ, საპარლამენტო ბარიერის მოსასპობად და პოლიტიკურიდან პროცესის უფრო „სამუშაო რეჟიმში“ გადასაყვანად. საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც ევროსკეპტიკოსების უკანასკნელ, შემაკავებელ რგოლად იქცა, ამავე მიზეზით ვერ მიემხრობა არჩევნებს, რომელიც, დიდი ალბათობით, ევროკავშირიდან გასვლის მსურველებს მიანიჭებს საკანონმდებლო მანდატების უმრავლესობას.

უკანასკნელი საპარლამენტო დრამის შემდეგ, ბორის ჯონსონი კვლავ ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მთავრობამ ეს სურვილი აისრულოს, ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, კონსერვატორებს პარლამენტართა 2/3-ის მხარდაჭერა სჭირდებათ. პრემიერმინისტრმა ორჯერ სცადა მსგავსი სცენარით ემოქმედა, მაგრამ ვერ მოახერხა საჭირო უმრავლესობის მოპოვება. ბრიტანული სამართლებრივი სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში პრეცედენტების მეშვეობით ვითარდებოდა და იხვეწებოდა, ტოვებს შესაძლებლობას, რომ ახალი, ერთწინადადებიანი კანონპროექტით ჯონსონის გუნდმა მოითხოვოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა, რა შემთხვევაშიც, მარტივი უმრავლესობის მხარდაჭერა საკმარისი იქნება. ჯონსონისთვის მოცემულ ვარიანტს ხარვეზიც აქვს: ოპოზიციას შეეძლება ერთწინადადებიან კანონს, შესწორებებების სახით, ახალი დებულებები დაუმატოს, მაგალითად, საარჩევნო ასაკის 16-წლამდე დაწევა, რაც კონსერვატორთათვის მომავალი ფიასკოს გარანტია იქნება.

საინტერესოა კიდევ ერთი შესაძლო სცენარი. რთულია გავიხსენოთ ამის ისტორიული პრეცედენტი, თუმცა კონსერვატორებმა შეიძლება უნდობლობა გამოუცხადონ საკუთარ მთავრობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბორის ჯონსონი აპირებს თანაპარტიელებს სთხოვოს, რომ მას, როგორც პარტიის ლიდერს, ქვეყნის პრემიერმინისტრს სამთავრობო გუნდთან ერთად უნდობლობა გამოუცხადონ. ასეთ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ მოახერხებს მთავრობის ფორმირებას, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი, 25 სამუშაო დღის თავზე, ახალი საარჩევნო თარიღი ავტომატურად დარეგისტრირდება. ჯონსონისთვის სამწუხაროდ, ეს სცენარი 31 ოქტომბრის, ევროკავშირიდან გასვლის თარიღამდე ვერ ესწრება, თუმცა ძალაუფლების შესანარჩუნებლად შესაძლოა კარგი ხერხი გამოდგეს.

ბუნებრივია, ვერ გამოვრიცხავთ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია, რომელიც სულ უფრო კონსოლიდირებულად მოქმედებს ევროსკეპტიკოსთა წინააღმდეგ, კიდევ უფრო გაერთიანდება, ბორის ჯონსონის გუნდს უნდობლობას თავად გამოუცხადებს და მთავრობასაც დააკომპლექტებს. 

ნისლიან ალბიონზე შეინიშნება რადიკალიზაციის უსიამოვნო ტენდენციაც, გაუთავებელი დემონსტრაციები და მათი შედეგები ბიუჯეტს მილიონები უჯდება. ახალი კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე - კონსერვატიული პარტიის ამომრჩეველთა 2/3 მზად არის, ბრექსიტის გამო შოტლანდიას შეელიოს, როგორც გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ სუბიექტს. 

სასიამოვნო სიახლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც დიდ ბრიტანეთთან ბრექსიტის შემდგომი ურთიერთობის მომწესრიგებელი ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმება, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის აღმნიშვნელ აქტს წარმოადგენს, მოიცავს: ეკონომიკის, სატრანსპორტო, ინდუსტრიულ, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, მშვიდობის უზრუნველყოფის და კომუნიკაციის სფეროებს.

31 ოქტომბრამდე ერთი კვირა დარჩა, ჩვენ კი კვლავ არ შეგვიძლია ვთქვათ, მოახერხებს თუ ვერა ბორის ჯონსონი დანაპირების შესრულებას და გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გაყვანას. რთულია ბრექსიტთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გამოთქმა, თუმცა ახალი საპარლამენტო არჩევნების სცენარი სულ უფრო რეალური ხდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^