მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, შეიქმნა პროგრამა “მასწავლებლის ეროვნული სკოლა”. ახალი პროგრამის აუცილებლობა, მცირე და დაბალკონტინგენტიანი სკოლების საჭიროებებზე ზრუნვით არის ნაკარნახევი. პროგრამის შექმნის საჭიროება ზაფხულში მასწავლებლის ვაკანსიებზე დაკვირვებამ განაპირობა, როდესაც სოფლის მცირეკონტინგენტიან სკოლებს გაუჭირდათ ახალი კადრების მოზიდვა, რაც საკლასო ოთახში მასწავლებლის არყოფნის რისკებს აჩენდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე ჟურნალ “ლიბერალს” ახალი პროგრამის მიზნებზე ესაუბრა.
გვესაუბრეთ ახალი პროგრამის შესახებ - “მასწავლებლის ეროვნული სკოლა”. რა იქნება მისი მიზანი და პრიორიტეტები და ვინ შეიძლება ჩაერთოს ამ პროგრამაში?
ჩვენი ახალი პროგრამის, “მასწავლებლის ეროვნული სკოლის” მიზანს ძირითადად მცირეკონტინგენტიანი და მაღალმთიანი რეგიონების სკოლებზე ზრუნვა წარმოადგენს. ამ პროგრამის საშუალებით, ვცდილობთ, ახალი მაღალკვალიფიციური ადამიანები მოვიზიდოთ პროფესიაში, რათა მომავალში მასწავლებლის პროფესია უფრო პოპულარული გახდეს, რაც თავისთავად შექმნის სისტემის წარმატების პირობასაც. ზაფხულში ბევრ მცირეკონტინგენტიან სკოლას გაუჭირდა ვაკანსიის შევსება და ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა; ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს თავად მცირეკონტინგენტიანი სკოლების ჭარბი რაოდენობა, სადაც არ არის პარალელური კლასები და მასწავლებლებს მცირე დატვირთვა აქვთ. მაგალითად, მცირეკონტინგენტიან სკოლაში ხელოვნების ან სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ვერ ექნება სრული განაკვეთი და რა თქმა უნდა, ასეთ სკოლაში წასვლის მსურველიც ბევრი არ აღმოჩნდება, დაბალი იქნება მოტივაცია. ჩვენი მიზანია, არცერთი სკოლა არ დარჩეს მასწავლებლის გარეშე და გადავწყვიტეთ, სკოლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ერთმა მასწავლებელმა ორი ან სამი მომიჯნავე საგანი ასწავლოს. სწორედ ასეთ, ახალი ტიპის მასწავლებლებს მოამზადებს “მასწავლებლის ეროვნული სკოლა”.
ვინ დაინტერესდა “მასწავლებლის ეროვნული სკოლით”? თუ იყვნენ ისეთი მსურველებიც, რომლებსაც არასდროს უსწავლებიათ სკოლაში?
“მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” სულ დარეგისტრირდა 4070 ადამიანი და აქედან, 2400 აპლიკანტი არის ისეთი, რომელსაც სკოლაში არასდროს უსწავლებია. გასაუბრებაზე მოვიდნენ კვების ტექნოლოგები, მაღალი კვალიფიკაციის იურისტები, ეკონომისტები, საბუღალტრო აღრიცხვის სპეციალისტები და ა.შ. გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე საგნის კომპეტენციის გარკვეულ დონეზე დადასტურების შემდეგ, შერჩეული კანდიდატები გაივლიან მომზადების ინტენსიურ პროცესს. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ გვექნება პროექტული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება და ასეთი სწავლების დროს, ახალი ტიპის მასწავლებლები იქნებიან უფრო ეფექტურები. პროფესიაში შემოსვლის ახალი მსურველების გარდა, “მასწავლებლის ეროვნულ სკოლაში” ჩართვის შესაძლებლობა აქვთ იმ მცირეკონტინგენტიან სკოლებში მოქმედ მასწავლებლებსაც, სადაც შესაძლოა, მალე გაჩნდეს ვაკანსია მომიჯნავე საგნებში. სკოლის მიერ შემოთავაზებული კადრი, გაივლის ორთვიან ინტენსიურ სწავლებას და სხვა საგანსაც შეითავსებს.
გარკვეულ დისციპლინებში პედაგოგების სიმცირე მაინც არსებობს… ამ ხარვეზის აღმოფხვრას როგორ გეგმავთ?
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფიზიკის მასწავლებელი არ არის დეფიციტური და ეს პრობლემა აქტუალურია ფინეთსა და ნორვეგიაშიც კი; მეორე ადგილზეა ქიმია, შემდეგ მათემატიკა, ბიოლოგია. ეს ოთხი საგანი, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ითხოვს განსაკუთრებულ ძალისხმევას იმისათვის, რომ სათანადო რაოდენობის კადრები მოიზიდონ. ჩვენ აქტიურად ვესაუბრებით საგანმანათლებლო რესურსცენტრებს და ვცდილობთ, ყველა სკოლაში აღმოვფხვრათ ეს პრობლემა. მაგალითად, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მუშაობს ფიზიკის მასწავლებელი, რომელსაც აღებული აქვს ცხრა საათი თავის სკოლაში. ჩვენ ადგილობრივი რესურსცენტრი და სკოლის დირექტორი დავაკავშირეთ ერთმანეთან, სკოლის დირექტორს ვთხოვეთ, ისე შეედგინა მასწავლებლის გრაფიკი, რომ მას მაგალითად თავისი სოფლის მოსაზღვრე სოფელშიც, სხვა სკოლაში, სადაც არ ჰყავთ ფიზიკის მასწავლებელი, შესძლებოდა ესწავლებინა ფიზიკა. ამის ხარჯზზე, მასწავლებელს მოემატა საათები, გაეზარდა ანაზღაურება და ამასთან ერთად, მოგვარდა ფიზიკის მასწავლებლის დეფიციტის პრობლემა მეორე სკოლაში.
6300-მა საპენსიო ასაკის პედაგოგმა უკვე ისარგებლა თქვენი ინიციატივით: მიიღო მასწავლებლის ჯილდო - ორწლიანი ხელფასი და ჯანმრთელობის დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე. იანვარში იგეგმება საპენსიო ასაკის მასწავლებლების გაცილების მეორე ეტაპი… როგორ ემზადებით ამ პროცესისთვის?
ჯერ არ ვიცით რამდენი პენსიონერი პრაქტიკოსი მასწავლებელი დატოვებს პროფესიას იანვრიდან, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ კადრების დეფიციტის პრობლემა არ გვქონდეს სკოლებში. უკვე ვამზადებთ 2400 მასწავლებელს ორთვიანი ინტენსიური კურსით, ჩაშენებული პრაქტიკით. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ეს არ იქნება მხოლოდ ორთვიანი პროგრამა; მომავალ სემესტრში გაგრძელდება ამ მასწავლებლების გადამზადება დიდაქტიკაში. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი კადრებით ჩავანაცვლოთ ძველი... ახლა ვართ დაკვირვების პროცესში - ვაკვირდებით ბალანსს და სტატისტიკას, ვუყურებთ მასწავლებლის ასაკობრივ ჭრილს და ვაკეთებთ სავარაუდო პროგნოზირებას, თუ რამდენი მასწავლებელი დატოვებს პროფესიას იანვრიდან. ამ მონაცემების მიხედვით, ჭარბი რაოდენობით ვამზადებთ ახალ მასწავლებლებს, რათა სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, გვყავდეს სათანადოდ მომზადებული კადრები.
როგორ გაგრძელდება პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის”? ხომ არ შეეხება რაიმე ცვლილება?
ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალ ეტაპზე “ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამაშიც ჩავრთოთ ახალი ტიპის მასწავლებელი, რომელიც რამდენიმე საგანს შეითავსებს. აქაც იგივე პრინციპი იმუშავებს - მასწავლებელს ექნება ბევრი საათი და ღირსეული ანაზღაურება, ეს პრობლემას მოგვიგვარებს და მომავალში უფრო მეტ მაღალინტელექტუალურ კადრს მოიზიდავს პროფესიაში. ვფიქრობ, სამომავლოდ ეს ყველაფერი ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს სკოლას... ამასთან ერთად, ვცდილობთ, ვიმუშაოთ რაიონულ მუნიციპალიტეტებთანაც, რომ მათ საცხოვრებლით უზრუნველყონ პროგრამის მონაწილეები. სახელმწიფომ სწორედ ამით უნდა შეუწყოს ხელი ამ ადამიანებს, რომ ისინი ღირსეულად დაფუძნდნენ ახალ ადგილზე.
თქვენი ცენტრი მცირეკონტინგენტიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის სკოლებისთვის ახოციელებს დისტანციური სწავლების კურსსაც. რამდენად ეფექტურია ასეთი სწავლება?
დიახ, ცენტრში დავნერგეთ დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც ამ ეტაპზე, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების 24 მცირეკონტინგენტიან სკოლას მოიცავს. ამ სკოლებში გარკვეული საგნები ისწავლება დისტანციურად, საგნის მასწავლებლების დეფიციტის მიხედვით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შესაბამისი მიმართულებით გადაამზადა მასწავლებლები და ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, ადგილზე პედაგოგების არარსებობის შემთხვევაშიც კი, მაღალკვალიფიციური მასწავლებლების დახმარებით მიიღონ ცოდნა. დისტანციური სწავლების კურსის მიხედვით, კლასში რვა ბავშვზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რვა ბავშვზე მეტი მოსწავლე არაეფექტურია დისტანციური სწავლების დროს. მაგალითისთვის, გარდაბნიდან ჩვენი ორი პედაგოგი დისტანციურად ასწავლიდა ინგლისურს მთიან აჭარაში. ბავშვები მთელი დღე მოუთმენლად ელოდნენ, როდის ჩაირთვებოდა ცისფერი ეკრანი და როდის დაიწყებოდა გაკვეთილი. ამ ბავშვებისთვის შეიძლება ვირტუალური გაკვეთილები ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან წვდომის ერთადერთი საშუალებაც იყოს. სასწავლო შედეგებიც საკმაოდ მაღალი აქვს ასეთ სწავლებას. ჩვენი მაღალმთიანი სოფლების მცირეკონტინგენტიანი და შერეული სკოლებისთვის, ეს არის ტრადიციული სწავლების ძალიან კარგი ალტერნატივა. შეიძლება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ასეთი ტიპის სწავლების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდეს და გარკვეული კითხვის ნიშნებიც, მაგრამ თანამედროვე ბავშვისთვის, ამ ფორმით ცოდნის გადაცემა ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.. დღეს ჩვენი ქვეყნის ფრონტის ხაზი საკლასო ოთახზე გადის და ჩვენ ამ ომის მოგებას ვცდილობთ. ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობა დამოკიდებულია სწორედ საკლასო ოთახზე; თუ საკლასო ოთახში კვალიფიციური მასწავლებელი გვეყოლება, რომელიც 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდას აღზრდის, ეს ომი მოგებული იქნება.