უფროსებს ჰგონიათ, რომ თუკი თავიანთ პატარებს რიგ საკითხებზე ინფორმაციას არ მიაწვდიან, დაუმალავენ ან ზღაპრულ საბურველში შეუფუთავენ, ამით მათ დაიცავენ. ამგვარად გაზრდილ მოზარდს შემდგომში გაცილებით უჭირს ადაპტირება გარემოსთან, რადგან არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გარკვეული პასუხები თავის დროზე ვერ მიიღო. სიმართლე, სინამდვილე, რეალობის ისეთად მიღება, როგორიც ის სინამდვილეშია - ეს ერთი შეხედვით რთული მოცემულობები შვედი საბავშვო მწერლისთვის, ასტრიდ ლინდგრენისთვის სრულიად არ წარმოადგენს გადაულახავ ბარიერს - ის ამგვარ „რეალობებს“ გულწრფელი, მარტივი ენით აქსოვს პირველკლასელი ანცი გოგონას, მადიკენის თავგადასავლებში („მადიკენი“ და „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“).
„წინ გადაიხარე!“, - უყვირის გაბრაზებული სკოლის დირექტორი პირველკლასელ მიას, ღარიბ გოგონას, რომელმაც დირექტორის დაკარგული საფულე იპოვა და, ცხოვრებაში პირველად, თავისი კლასელების გულის მოგება გადაწყვიტა - შოკოლადები იყიდა (დიდების სამყაროში პატარების მოტივები ხომ ყოველთვის გაუგებარია).
„მია მორჩილად გადაიხარა. წკეპლამ ჰაერში გაიზუზუნა და შემზარავი ხმით დაეშვა გოგონას გამხდარ უკანალზე. მიას ხმა არ ამოუღია, კლასში ყველა ქვითინებდა... „არა, არა, არა, არა, არა! - ყვიროდა მადიკენი და თვალებიდან ღვარად სდიოდა ცრემლი“. მია, რომელსაც აქამდე არავინ ეთამაშებოდა, ახლა მთელი კლასის დაცვის ობიექტი გამხდარიყო და დირექტორის ძალადობას წინ აღდგომოდა.
სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს რეალობაში მოსწავლის ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ზოგჯერ დღესაც გვესმის ამგვარი სამწუხარო ფაქტის შესახებ. ამ ეპიზოდით კი ბავშვი დაინახავს, რომ არავის აქვს უფლება მას ფიზიკურად შეეხოს და გაუსწორდეს, თუნდაც ცუდად მოიქცეს ან რაიმე დააშავოს. ასევე დაინახავს, რომ კლასის საერთო ემპათია ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ერთიანობა ძალაა. სწორედ ამ საერთო ძალით შებორკილი დირექტორი მიას მეორედ წკეპლას ვეღარ ურტყამს. ასეთი უსიამოვნო ფაქტები სკოლის მოსწავლეთა ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება მოხდეს; სუსტის დაცვის დროს კი, როგორც ბულინგის მსხვერპლი ბავშვები, ისე მოძალადეები ერთიანდებიან და ორივე მხარე კარგად იაზრებს უთანასწორობის იმ მავნე გამოვლინებას, რომელშიც, გაუაზრებლად თუ ბავშვური გულუბრყვილობით, თავად ჩართულან.
7 წლის მადიკენი უმცროს და ლისაბეტთან, დედასთან, მამასთან და მოსამსახურე ალვასთან ერთად ცხოვრობს. მისი სამყარო სავსეა როგორც კეთილი, ბავშვური ანცობებითა და თამაშობებით, ისე უსიამოვნო მოვლენებითაც, რისგანაც დაზღვეული არცერთი ბავშვი არაა, მაგრამ ყველა ამ უსიამოვნებას ის თავისებურად უმკლავდება და ცდილობს ჩასწვდეს. მაგალითად, სოფელში, სადაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის ზღვარი საკმაოდ თვალსაჩინოა, პატარა მადიკენს იმაზე უწევს ფიქრი, რატომ არ შეუძლია მის საყვარელ მოახლეს, ალვას, ბურგომისტრის ცოლის მიერ გამართულ ყოველწლიურ მეჯლისზე წასვლა და ცეკვა. ალვას ცეკვა ხომ ასე ძალიან უყვარს!
მადიკენმა უნდა გაარკვიოს, რატომ არ ჰყავს ზოგ ბავშვს მამა ან რატომ ცხოვრობს ზოგიერთი მოხუცი თავშეფასარში. რა სჭირს ასეთი მარტოდმარტო მცხოვრებ მოხუც ლინდკვისტს, რომელსაც ცოლი და პატარა ბავშვები ტბაში დაეხრჩო... ისიც უნდა გამოარკვიოს, ზოგჯერ რატომაა დედა უგუნებოდ და რატომ არ სურსთავისი ოთახიდან გამოსვლა, ხოლო გაზაფხულობით, რატომ არ უნდა ჩავიდნენ ადიდებულ მდინარესთან.
ლინდგრენი მშვიდი გულწრფელობით გვიხატავს მადიკენის ზრდას და არ ერიდება გამოგონილ სამყაროში ზუსტად ასახოს ის გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება. ალკოჰოლიზმი, დეპრესია, მარტოსულობა, სიღარიბე, ფსიქიკური აშლილობა, ათასგვარი უთანასწორობა, ბულინგი... მწერალი მიზანმიმართულად ცდილობს 7-8 წლის მოზარდის საკითხავში ყველა ამ თემას შეეხოს. სწორედ ამიტომ არის ის უდიდესი საბავშვო მწერალი - არასოდეს კარგავს თავისი დროის სინამდვილესთან კავშირს და ბავშვებს რეალობას არ ულამაზებს, ყალბ ფორმებს არ ანახვებს, მხოლოდ ზღაპრულ სამყაროში არ ამყოფებს.
ბავშვი ყველა ზემოთ დასახელებულ მძიმე თემაზე ძალაუნებურად ფიქრდება და გარკვეულ პასუხს იღებს, ისეთს, რაც მას დაეხმარება იყოს ძლიერი და არ დაითრგუნოს.აღსანიშნავია, რომ ყველა სკანდინავიელ საბავშვო ავტორთან ასეთი მიდგომა შეინიშნება. მათ იციან, რომ პიროვნული ზრდა-განვითარებამხოლოდ რაიმე გამოწვევისას არის შესაძლებელი, როცა პირისპირ, მარტო აღმოჩნდები გამოუვალ სიტუაციაში და იქიდან დასაძრომად ან უნდა პატარაზე გეტკინოსდა გაკვეთილი მიიღო (თავლიდან ქოლგით გადმოხტე ძირს, როცა გგონია, ქოლგა გაფრენაში დაგეხმარება), ან გაიმარჯვო და შენი მოხერხებულობით გაიხარო (ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ლინდკვისტს რამენაირად უნდა გამოსტაცო შენი მესამე დაიკო, რამდენიმე თვის კაისა, რომელიც მოხუცს საკუთარი შვილი ჰგონია...)
შეგახსენებთ, რომ მადიკენის სერიიდან ორი წიგნი ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ უკვე თარგმნა. 2017 წელს გამოსცა „მადიკენი“, ხოლო 2018 წელს - „მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“. ორივე წიგნი შვედურიდანაა თარგმნილი და შემოკლებული არ არის. ზოგადად, სერია „მოსწავლის ბიბლიოთეკაში“ შესული არცერთი ნაწარმოები შემოკლებული არაა. წიგნებს მინიჭებული აქვს წითელი ვარსკვლავი, რაც გულისხმობს, რომ მისი წაკითხვა 7-8 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ, ხოლო ასაკის მაქსიმალური ზღვარი არ არსებობს: გულად, მოსიყვარულე და სამართლიან მადიკენს ნებისმიერი თქვენგანი შეიყვარებს.