Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰელოუინზე წასაკითხი 10 წიგნი

31 ოქტომბერი 2019

მართალია წლევანდელი ჰელოუინი უიქენდს არ დაემთხვა და ეს დღე საქართველოში არც დასვენების დღეა, მაგრამ შიშის შეგრძნების მოყვარულებს წესით ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ,გამოეწყოთ თქვენს საყვარელ კოსტუმში და გაერთოთ. იმ შემთხვევაში, თუ არც კოსტუმი მოგიფიქრებიათ, ინტროვერტულ გუნებაზე ხართ და არც საღამოს გარეთ გასვლას გეგმავთ, მაშინ შესაბამის საჰელოუინო განწყობს ეს წიგნები შეგიქმნიან.

10. ბრემ სტოკერი - „დრაკულა“

ბრემ სტოკერმა დრაკულას სახით, ყველაზე საინტერესო სისხლისმწოველი ადამიანის სახე შექმნა მსოფლიოს ლიტერატურაში. ავტორმა თავისი პერსონაჟი სკანდინავიური მითოლოგიის გავლენით გამოიგონა, ხოლო პროტოტიპად ისტორიული პიროვნება, რუმინელი გრაფი, ვლახეთის მმართველი ვლად III, იგივე ვლად დრაკულა გამოიყენა, რომელიც ცნობილი იყო თავისი სისასტიკით.

„დრაკულას“ პალიტრა L-ის „50 წიგნის“ სერიაში მიაგნებთ, ხოლო თუ კომიქსები გიყვართ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას უნდა მიაკითხოთ, რომელმაც შარშან დრაკულაზე გრაფიკული რომანი გამოსცა.

9. მერი შელი - „ფრანკენშტაინი“

„ეს წიგნი მრავალ კითხვას სვამს და კიდევ ერთხელ ამსხვრევს იმ არასწორ შეხედულებას და სტერეოტიპს - რომ ქალებს არ შეუძლიათ ჭეშმარიტად დიდი წიგნების დაწერა... მერი შელის "ფრანკენშტაინი"-ყველაზე მეტი თეთრად გათენებული ღამის მიზეზი მსოფლიო ლიტერატურაში“, ვკითხულობთ წიგნის სრულიად სამართლიან ანოტაციაში.

ესაა წიგნი, რომელმაც არაერთ მკითხველს დაუფრთხო ძილი, ამბავი შემქმნელისა და ქმნილების დაპირისპირების, პასუხისმგებლობის, ადამიანის შესაძლებლობების უსაზღვრობის, სიყვარულის, შიშის, ძრწოლის შესახებ... როდემდე გაექცევა ფრანკენშტაინი საკუთარ ქმნილებას, როდის იძიებს შურს ქმნილება იმისთვის, რომ ასეთი საშინელი შექმნეს?

„ფრანკენშტაინი“ პალიტრა L-ის „50 წიგნის“ სერიაში გამოიცა.

8. ნილ გეიმანი - „სასაფლაოს წიგნი“

ფენტეზისა და სათავგადასავლო ჟანრის პოპულარული ბრიტანელი მწერალი, ნილ გეიმანი საქართველოში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წყალობით შეიყვარეს. ამჟამად მწერლის უკვე ექვსი წიგნია თარგმნილი.

„სასაფლაოს წიგნი“ ერთი ჩვეულებრივი ბიჭის, ვინის შესახებ მოგვითხრობს. უცნაური მის ცხოვრებაში კი ისაა, რომ ის სასაფლაოზე, მისთვის ერთადერთი უსაფრთხო ადგილას ცხოვრობს, ხოლო ბიჭის აღზრდა-განათლებაზე მოჩვენებები ზრუნავენ. ერთხელაც, ვინის საცხოვრებელს, ჯეკი მიადგება, სწორედ ის ჯეკი, რომელმაც ადრე მისი მშობლები ამოხოცა...

7. სტივენ კინგი - „ნათება“

სტივენ კინგის უხვ შემოქმედებაში ჰორორს, ფენტეზსა და ზებუნებრივ ძალებს დიდი ადგილი უკავია, თუმცა „ნათება“ მაინც ყველაზე ადვილად გამოსარჩევი წიგნია, როდესაც შიშის გრძნობაზე ვსაუბრობთ. ეს წიგნი ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და დამთრგუნველი საკითხავია თანამედროვე ლიტეატურაში. რომანის პოპულარობას უდავოდ სტენლი კუბრიკის გენიალურმა ადაპტაციამაც შეუწყო ხელი.

წიგნი პალიტრა L-მა მწერლის შვიდტომეულში სერიით „ჩემი რჩეული მსოფლიო“ გამოსცა.

6. ედგარ ალან პო - „ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი“

„ნანტაკეტელი არტურ გორდონ პიმის ნაამბობი“, ედგარ პოს ყველაზე გამოუცნობ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ჰორორის ჟანრის თხზულებების წინამორბედად ითვლება.

წიგნი ახალგაზრდა კაცზე, არტურ გორდონ პიმზე მოგვითხრობს, რომელიც ბრიგ „გრამპუსის“ ტრიუმში იმალება. მალევე მეზღვაურები გემზე ამბოხებას მოაწყობენ. სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, ოთხი კაციდარჩება ცოცხალი. შტორმი თითქმის გაანადგურებს გემს და ისინი აბობოქრებულ ოკეანეში რჩებიან მშიერ-მწყურვალნი და ზვიგენებით გარშემორტყმულნი...

წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სერია „13“-ში გამოსცა. სხვათაშორის ეს სერია აერთიანებს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ, ჰორორისა და თრილერის ჟანრის ცამეტ რჩეულ ნაწარმოებს.

5. რეი ბრედბერი - „ბოროტი მოდის აქ, კაცის მტერი“

სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს, კიდევ ერთი ამერიკელი მწერალი რეი ბრედბერი, რომელიც ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში მოღვაწეობდა.

წიგნში მოქმედება სწორედ ჰელოუინის პერიოდში ხდება. ილინოისის შტატის ქალაქ გრინთაუნს მოხეტიალე ცირკი ეწვევა. ბოროტი და სასტიკი ძალა ატრაქციონის საშუალებით ცდილობს ქალაქის მცხოვრებლების სხეულსა და სულს დაეპატრონოს და ზომბებად აქციოს ისინი. მხოლოდ წმინდა სულის ადამიანებს შესწევთ ბოროტებასთან დაპირისპირების ძალა. ქალაქი ორი მოზარდისა და შუახნის მამაკაცის იმედად რჩება. მათ უნდა შეძლონ შემოდგომის ადამიანებთან გამკლავება, თორემ ყველაფერს წყვდიადი შთანთქავს.

წიგნს პალიტრა L-ის სერია „Liberteens“-ში შეხვდებით.

4. ვაშინგტონ ირვინგი - „ლეგენდა მძინარე ხეობაზე“

ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინგის ამ პატარა მოთხრობას, ამერიკის მითები და ლეგენდები დაედო საფუძვლად. ამერიკის ერთ პატარა სოფლის მაცხოვრებლებს უთავო მხედარი სცემს თავზარს - სწორედ ეს ლეგენდა უდევს საფუძვლად მაინ რიდის „უთავო მხედარსა“ და ტიმ ბარტონის ცნობილ კინოეკრანიზაციას, „მძინარე ხეობაზე“.

წიგნი პალიტრა L-მა გამოსცა სერია „ერთი მოთხრობის“ ფარგლებში

3. აგათა კრისტი - „და აღარავინ დარჩა“

ჰელოუინი დეტექტივების მოყვარულებისთვისაც შესანიშნავი დროა წაიკითხონ თავიანთი საყვარელი მწერლების მივიწყებული ნაწარმოებები, მით უმეტეს საქმე როდესაც აგათა კრისტს ეხება.

რომანი ათი ადამიანის ირგვლივ ვითარდება, რომლებიც იდუმალ კუნძულზე აღმოჩნდნენ გამოკეტილები და სათითაოდ კლავენ. ჩახლართული ისტორიის გამხსნელი კვანძი, სრულიად მოულოდნელია, ხოლო წიგნს მკითხველი, კვლავაც გამომცემლობა პალიტრა L-ის სტენდთან მიაგნებს.

2. როჯერ ზელაზნი - „ქაოსის პრინცი“

თანამედროვე ამერიკელი ფანტასტი მწერლის, როჯერ ზელაზნის „ქაოსის პრინცი“ მეათე წიგნია მისი ცნობილი წიგნების სერიისა „ამბერის ქრონიკები“. ძირითადი მოქმედი პერსონაჟი, წიგნის პირველ ნაწილში წარმოდგენილი პირის შვილია, რომელიც აქ ისევ განაგრძობს მოქმედებას. ეს არის წიგნი ჯადოსნობაზე, სამეფოებზე, ქაოსზე, სიყვარულსა და მეგობრის ღალატზე.

რომანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა.

1. ართურ კონან დოილი - „ბასკერვილების ძაღლი“

„ვერავითარი ცეცხლოვანი ფანტაზია ვერ წარმოიდგენდა უფრო საზარელ, უფრო ზარდამცემ სანახაობას, ვიდრე ეს ჯოჯოხეთის ქმნილება იყო, რომელიც ნისლიდან გამოვარდა და ჩვენკენ გამოეშურა...“ - ალბათ, ამ ფრაზის წაკითხვისას თქვენში ბავშვობის საშიშმა მოგონებებმა იფეთქეს. დოილის ეს ნაწარმოები, მისი ქმნილებებიდან ერთ-ერთი ყველაზე შიშისმომგვრელი და მომაჯადოებელია. „ბასკერვილების ძაღლი“ ყველა თაობაშიდაფასებული წიგნია და ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში მას არაერთხელ მიუბრუნდებით. ჰელოუინის კვირეული კი, ბასკერვილის ძაღლთან შესახვედრად კიდევ ერთი კარგი მიზეზია.

ნაწარმოებს წიგნის ყველა მაღაზიაში მიაგნებთ, ხოლო უკანასკნელად, ის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა სერიაში „მოსწავლის ბიბლიოთეკა“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^