Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარი ბექაურის კინორჩევები

01 ნოემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ფავორიტი - რეჟისორის ბოლო სურათი ისეთივე დამანგრეველია, როგორც მისი სხვა ფილმები. იორგოს ლანთიმოსი არც ამჯერად ღალატობს საკუთარ თავს. მხოლოდ თავისი წესებით თამაშობს და ქმნის ნამდვილ კინოს, რომელიც ემოციურად გწურავს და განადგურებს. მე თუ მკითხავთ, დედოფალი ანა 21-ე საუკუნის კინოში ყველაზე შთამბეჭდავი ქალი პერსონაჟია - ერთდროულად ბავშვური და სასტიკი, უსუსური და ურჩხული, ეგოისტი, ჭირვეული, სიყვარულის მომთხოვნი, ტრაგიკული და აბსოლუტურად გაუწონასწორებელი. ხოლო ბრიტანელი მსახიობის, ოლივია კოლმანის შესრულება კი ერთ-ერთი საუკეთესოა არამარტო 21-ე საუკუნის, არამედ მთლიანად კინოს ისტორიაში. ინტერვიუში კოლმანმა თავისი პერსონაჟის შესახებ განაცხადა: „დამძიმებულია ის თავი, რომელზეც გვირგვინი დგას.“ ზუსტი ნათქვამია. 

კვადრატი - მორალური პრობლემა, ადამიანის სისასტიკე და ემპათიის ნაკლებობა. როგორც თავად რეჟისორი ამბობს: „კვადრატი“ განგაშის ზარს სცემს! ფილმის მთავარ გმირს, რომელიც მუზეუმის კურატორია, ცხოვრება თავზე ენგრევა და იძულებული ხდება, პრობლემებს თვალი გაუსწოროს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ესაა ცვლილებების, გადარჩენის საფასური, რომლის გადახდაც მეტნაკლებად ყველას გვიწევს რეალურ ცხოვრებაში. შვედი რეჟისორის, რუბენ ოსტლუნდის ფილმი აქტუალურ თემებს ეხება და მაყურებელს არ ინდობს. დაუვიწყარია წვეულების სცენა, სადაც ტერი ნოტარი ადამიან-მაიმუნს განასახიერებს. თანამედროვე მედია, სიღარიბე, 21-ე საუკუნის ადამიანი, კრიზისი, რომლის გადასალახადაც ხშირ შემთხვევაში ილუზიას ვირჩევთ - ეს ყველაფერი ოსტლუნდისთვის დამახასიათებელი ირონიითა გადმოცემული. ასე რომ, დიახ, „კვადრატი“ ნამდვილად განგაშის ზარს სცემს!

მე, დენიელ ბლეიკი - „ამას „უსახო ბიუროკრატიას“ უწოდებენ - შენ არ იცი ბიუროკრატების სახელები და რომც გაინტერესებდეს, ვერ გაიგებ, რადგან ამის უფლება არ გაქვს. მას მხოლოდ ერთი სახელით აღწერენ - „გადაწყვეტილების მიმღები“. ეს ფილმის რეჟისორის, კენ ლოუჩის სიტყვებია და ზუსტად გამოხატავს იმ მდგომარეობას, რასაც ფილმში ვუყურებთ: ინდივიდის განწირულ ბრძოლას ბიუროკრატიულ სისტემასთან. ომს, რომელიც უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში განწირულია, რადგან ესაა სისტემა, სადაც ადამიანი ყოველთვის მარცხდება. კენ ლოუჩის 2016 წლის ფილმი ერთგვარი მანიფესტია, პროტესტი, გალაშქრება ფორმალური ნორმების წინააღმდეგ, რომელიც საფუძველში უვარგისია და არ ითვალისწინებს ყველაზე დიდ ღირებულებას - ადამიანის სიცოცხლეს. რაც მთავარია, ეს არაა სისტემა, რომელიც კინოში გაცოცხლდა, - ესაა სისტემა, რომელიც ნამდვილია და ადამიანს არსებობის უფლებას ართმევს.

სულისა და სხეულის შესახებ - 2017 წლის ბერლინალეზე „ოქროს დათვი“ უნგრელი რეჟისორის, ილდიკო ენიედის ფილმმა მოიგო. ფილმი უჩვეულოა და ზუსტად პასუხობს სახელწოდებას: „სულისა და სხეულის შესახებ.“ სიუჟეტი ხორცკომბინატის თანამშრომლების, შუახნის მამაკაცისა და ახალგაზრდა ქალის ირგვლივ ვითარდება. მათ თითქოს არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან, თუმცა შემთხვევით ირკვევა, რომ ორივე ერთსა და იმავე სიზმრებს ხედავს - თოვლიან ტყეს, სადაც ირმებად ქცეულებს ერთმანეთი უყვართ. ენიედის ფილმი თანამედროვე სამყაროს, ადამიანის მარტოსულობის, ყოველდღიური რუტინისა და ამ რუტინაში გამქრალი ოცნებების საინტერესო ხედვაა; რაღაცნაირად - მშვიდი და სევდიანი სურათი, სადაც დამქანცველ ყოველდღიურობაში ჩაძირული ადამიანი სიზმრებისა და ტრანსფორმაციის გზით მაინც ახერხებს თავისუფლებასა და ჭეშმარიტ არსთან მიახლოებას.

უსიყვარულო - ოჯახი ანდრეი ზვიაგინცევის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი თემაა. ბოლო ფილმშიც თითქოს ერთი რუსული ოჯახის ისტორიას გვიყვება, ამბავს 12 წლის ბიჭზე, რომელიც მშობლების გამუდმებული კონფლიქტით, უსიყვარულობით და უყურადღებობით გატანჯული, უბრალოდ, ქრება. რეალურად კი ზვიაგინცევი საუბრობს მთავარ სენზე, რომელიც მთელს მსოფლიოს მოსდებია და ხშირად გაუცნობიერებლად ჭამს ადამიანებს: დესტრუქციული ოჯახი და უსიყვარულობა. ზვიაგინცევი ამ ფილმში ნიღაბს ხსნის ადამიანს და ყოველგვარ ილუზიას გვაცლის - იძულებულს გვხდის, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. სიმართლე კი ისაა, რასაც ერთგან თავადვე ამბობს: „უსიყვარულობა ადვილია. სიყვარულს კი შრომა სჭირდება.“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^