Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოპ 5 ცენზურა

08 ნოემბერი 2019
ილუსტრაცია: ანა ჯიბლაძე

ახლოვდება ქართულ-შვედური ფილმის პრემიერა და ხდება ის, რაც ვიცოდით, რომ აუცილებლად მოხდებოდა. წინ დიდი სანახაობა გველის!
 

ეს ვიცოდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა კანის ფესტივალზე ფილმის პრემიერა გაიმართა და სიუჟეტის შესახებ გაცხადდა. რაც უფრო მეტი წარმატება ხვდა წილად, მით უფრო მეტი მტერი გაიჩინა და აგერ კონკრეტული დღეც ჩაინიშნა შერკინებისთვის.

პრემიერის დღეს დიდი შერკინება გველის!

მაყურებელსა და მობილიზებულ ცენზორებს შორის, რომლებიც ტრადიციულად იზრუნებენ ჩვენს გემოვნებაზე, უსაფრთხოებასა და სულიერ ხსნაზე!

საინტერესოა ლევან ვასაძის გამოჩენაც. ადრინდელ მსგავს აქტივობებში მონაწილეობას არ იღებდა, ახლა კი გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ხვდება, რომ ფილმს მაინც ნახავს ყველა, ვისაც უნდა, რომ ნახოს, კინოში თუ არა, სახლში მაინც ნახავს მშვიდად მოკალათებული. შესაბამისად, ჩნდება ცოტა უხერხული კითხვა - თუ ეს ხალხი, ღმერთმა მაპატიოს და, ჩვენს ხსნაზე არ ზრუნავს და ჩვენს გადარჩენას არ ცდილობს ცოდვაში თავ-პირით გადასაშვებად, აბა რას აკეთებენ?

კინოთეატრში რაგბის სათამაშოდ იკრიბებიან?

სხვადასხვა მოტივი აქვთ.
 

მმკ-ს ქვემოთ განვიხილავ.
 

აი, ლევან ვასაძე დემონსტრაციულად ეცდება ჩვენება ჩაშალოს, ისე რომ ეს ყველამ ნახოს, ჩრდილოეთშიც გავიდეს ხმა, დასავლეთშიც და ოკეანის გადაღმაც. ის ცდილობს ჩვენს ქვეყანას უპირველესი ტრადიციების დამცველი ქვეყნის იმიჯი მოარგოს და ასე წარადგინოს ყველგან. - ხალხმა ეს არ მიიღო! - იტყვის მოგვიანებით. ოღონდ ხალხში მის გვერდით მყოფებს გულისხმობს, რა თქმა უნდა.

სანამ ეს ძალზე საინტერესო სანახაობა თავს დაგვატყდება, მანამდე ცენზურისა და პიარის მცირე ისტორიას მიმოვიხილავ.


5. და ვინჩის კოდი



ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური კინოჩვენება თბილისში. მმკ, როგორც ყოველთვის, ოპერატიულად გამოცხადდა ცენზურის დასაცავად. ფილმი დენ ბრაუნის წიგნის მიხედვით გადაიღეს, ალბათ საშუალოზე დაბალი დონის ფილმია, თანაც ამბობენ, რომ წიგნი ჯობია... თავის მხრივ, წიგნიც დაბალი დონის არის, არც მოყვანილი სამეცნიერო არგუმენტებია ზუსტი და არც დიდი მხატვრულობით გამოირჩევა, მაგრამ, როგორც ჩვენთან იტყვიან, კარგად იკითხება! ამას დენ ბრაუნს ვერ წაართმევ, ნებისმიერ სისულელეს გემრიელად წაგაკითხებს.

არსად დიდი ხმაური რონ ჰოვარდის ფილმს არ მოჰყოლია, გარდა საქართველოსი. რეჟისორმა ძალიან მოიწყინა, ვატიკანის იმედზე იყო დარჩენილი და იმათაც ძალიან ზერელედ ააპადლეცეს. აი, ცალი თვალით რომ ჩვენკენ გამოეხედა, გაიხარებდა კიდეც. ვიღაცამ მაინც მომაქცია ყურადღებაო, იფიქრებდა...

ბილეთები დიდი რაოდენობით გაიყიდა. მიუხედავად იმისა, რომ კინოს შესასვლელში სასულიერო პირები იდგნენ მრევლთან ერთად და ხალხს აფრთხილებდნენ, ის საშინელი ფილმი არ ნახოთო. სათითაოდ ეკითხებოდნენ ყველას, რის სანახავად ხართ მოსულებიო.

ბილეთები საოცარი სისწრაფით გაიყიდა. მმკ-მ როგორც ყოველთვის იდეალურად შეასრულა თავისი როლი და პირველი ეჭვიც მაშინ გაჩნდა, რომ კინოთეატრები აფინანსებენ კონკრეტული ფილმის რეკლამირებისთვის.

ეფექტურია, ვერაფერს იტყვი.

ფილმი სკანდალური გახდა ქრისტესა და მარიამ მაგდალინელის ურთიერთობის გამო. ეს ვერსია მომდევნო წლებშიც ქცეულა კამათის საგნად, თუმცა წივილ-კივილის გარეშე.

მაშინ მრევლის წამოკიდება სცადეს, მზაკვრული არგუმენტით. - თუ ასეთი მორწმუნეები ხართ, ერთი ფილმის როგორ გეშინიათ?! საკუთარ რწმენაში თუ ეჭვი არ გეპარებათ, კინომ როგორ შეგაშინათო...
 

ღირსეული პასუხიც წამოვიდა, პირდაპირ ეშმაკი აღწერეს დეტალებიანად. ჯერ ეჭვი გაგიჩნდებაო, არ მოგასვენებს, აგეკვიატება, ცოდვაში ჩაგაგდებს და დაგღუპავსო.

ვიღაცები ალბათ შეაშინეს კიდეც.

რა თქმა უნდა, ამას ზრუნვის ხიბლიც თან ახლდა. არ ნახოთ, შვილებო, თქვენზე ვზრუნავთ და ა.შ.


4. საიდუმლო სირობა



ასე სირულად დაიწყო ეს დიდი სიყვარულის ისტორია ეკო დეისაძესა და მმკ-ს შორის. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, თან სასულიერო გიმნაზიაში. დიდი ამბავი მოჰყვა წიგნის პრეზენტაციას და ტელევიზიითაც მხოლოდ ამ ამბავს განიხილავდნენ. აი, გიმნაზიაში კი სიჩუმე იყო. არც არავინ ლანძღავდა იმ სტუდენტს და არც ეს თემა აინტერესებდათ დიდად. იმ დღესვე ვესტუმრე ძველ სკოლას, სადაც, სამასწავლებლოდან დაწყებული სპორტდარბაზით დამთავრებული, ყველგან დიდი ღრიანცელი იყო და ვერავინ ვერაფერზე თანხმდებოდა.

მერე მკითხეს, გიმნაზიაში რას ამბობენო? ვუთხარი, არაფერს-მეთქი და არ მოეწონათ.

იმის მერე მრავალჯერ ნალანძღმა და შელახულმა ეკომ კიდევ ბევრი წერა, მაგრამ, პირველ რიგში, ყველა მაინც ისე იცნობს, როგორც სირობის ავტორს.

ეკოს მუსიკა მოკვდება. შეიძლება დიდხანსაც ვერ იცოცხლოს, მაგრამ იმ მცირე ხანში რაღაც ნაწილის გულს მაინც მოიგებს. ეკოს რამდენიმე ტრეკი ნამდვილად გადასარევი რამეა, რომელმაც მსმენელიც იპოვა და ჩვენი დროის სათქმელიც ჩვენივე ენაზე მშვენივრად დაამღერა.

აი, მისი ტექსტები არასდროს მომწონდა. მუსიკისგან განსხვავებით. ალბათ მწერალს არავინ დაუძახებდა, რომ არა მისი მოკვლის სურვილით შეპყრობილი ხალხი, სატანის მოციქულად რომ შერაცხეს.

თავად აქციეს მწერლად, მის ნამუშევარს თავად მიანიჭეს მნიშვნელობა, ეს კი თავისთავად ღირებულებას სძენს ნამუშევარს. აქაც იგივე ამბავი დატრიალდა, ისეთი რეკლამა გაუკეთეს, რომ წიგნი პანტაპუნტით გაიყიდა და ლეგენდის თანახმად დღემდე თხოულობენ მაღაზიებში.

არ ვიცი, დაიქირავა თუ არა ეკომ მმკ იმისათვის, რომ წიგნის გასაღებაში დახმარებოდნენ. თუ უსასყიდლოდ იქცევა ეს ხალხი ასე, ნამდვილად უნდა დავფიქრდეთ მათ როლზე კულტურული ცხოვრების განვითარებაში. თითქოს მიმკვდარია ყველაფერი, მიძინებული, ზარმაცი მკითხველი და მაყურებელი გვყავს, ამ დროს გამოვარდება ეს სიცოცხლით სავსე ხალხი და ყველაფერს ყირაზე აყენებს! აგიშლიან საღერღელს და გაიძულებენ, რომ წიგნი აიღო ხელში ან კინოში წახვიდე ვაშლის ჩასაკბეჩად.

შესაძლოა, დღეს ვერ ვაფასებთ სათანადოდ. მომავალი დააფასებს!


3. ზაზა ცეცხლში!



ზღვაზე წიგნები დაწვეს. ა, რავარია? ხომ ჟღერს ტრაგიკულად?
 

ზღვა ხომ სასწაულია?! მის უნახავად სიკვდილს რომ არავინ გპატიობს. ბევრისთვის - თავისუფლების სიმბოლო, ბევრისთვის უბრალოდ წამალია.

სწორედ იმ ხალხმა დაწვა წიგნი, რომელიც ზღვაზე ცხოვრობს. თითქოს შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ასე მოხდა. ბათუმში. სისტემატურად ანადგურებდნენ ეროტიკული სცენების აღმწერი ავტორების წიგნებს. იცავდნენ მკითხველს გარყვნილებისაგან!

ვიფიქრე, ალბათ თბილისიდან ჩავიდნენ და ზღვის უნახავად დაწვეს-მეთქი. აბა იმას როგორ ვიფიქრებდი, ზღვით დამტკბარი ადამიანი რომ ამას იკადრებდა? იკადრეს.

ცეცხლს გაატანეს უელბეკიცა და ბურჭულაძეც. ზაზას ზუსტად ის ცნობილი სააგენტო აპიარებს, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. მათი საყვარელი კლიენტია, იმდენი წიგნი გააყიდინეს, დამოუკიდებლად თავის დღეში რომ ვერ გაყიდდა. ბოლოს კიდე ასეთი ხერხიც მოიფიქრეს, უელბეკს ამოუყენეს გვერდში. ერთად დაწვეს. ეს იგივეა, ჯორდანო ბრუნოსთან ერთად რომ კიდევ ვინმე დაეწვათ სიმართლისათვის. ხო გახდებოდა ისიც სთარი? მაგრამ მარტო დაიწვა. ეგოისტურად. უელბეკმა კიდე ზაზა ამოიყენა, უფრო სწორად, ამოუყენეს.

ძალზე კრეატიულ ხალხთან გვაქვს საქმე.

წიგნებთან ბრძოლას და აკრძალვებს კი ჩვენში დიდი გზა აქვს გავლილი. ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნეში პატრიარქმა ანტონ პირველმა გაანადგურა „ვეფხისტყაოსანი“. მონასტრებში ძლივს გადაწერილ-შემონახული, შვილივით მოვლილი ძეგლი აიღო და ცეცხლს გაატანა. ეს ის ლაქაა მის ცხოვრებაში, რომელიც დღემდე ვერ მოიცილა და ვეჭვობ, ოდესმე მოიცილოს. წყევლასავით არის, ოღონდ თავისივე თავი დაწყევლა.

უკვე ჩვენს დროში ჰარი პოტერი მახსენდება. ეშმაკეულები რომ ცოცხებზე შემომსხდრები დაქრიან და რაღაცა ჭკუიდან შემშლელ სიტყვებს არახუნებენ. განაშორეთ ბავშვებს ეს წიგნები! - ასე ბრძანეს. რამხელა სიამოვნება წამართვეს... მოგვიანებით კი მაინც გადავიკითხე, მაგრამ მივხვდი, რომ თავის დროზე ბევრი დავკარგე.

ეშმაკებიო...

ბულგაკოვი... გოეთე... თომას მანი... ამათ ვერ შეჰბედეს, კლასიკოსები არიან. პოტერის შემთხვევაში კი ვიღაც დასავლელი დედაკაცი გამოტყვრა რაღაც ჯადოქრობით. შეჰკადრეს რომელია? დააფარეს თავზე ყველაფერი!
 

ალბათ მათი რეკლამის მიუხედავადაც პოპულარული იქნებოდა. იქნებ ისიც იწინასწარმეტყველეს, რომ დამბლდორს, ყველაზე ბრძენს, უსაყვარლესს, თვით სიკეთეს და სათნოებას, ჯოან როულინგი ახალ წიგნებში გააპიდარასტებდა? იცოდნენ ვითომ? რა ვიცი...
 

2. ნოე



ნოესგან გაუტყდათ, თორე ტრაკი ადრეც უნახავთ. - ასე ახსნეს ცენზორების აღშფოთება გასპარ ნოეს „სიყვარულის“ გამოსვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვეხვეწეთ კინოთეატრებს, ეს ფილმი ჩამოეტანათ, მაინც იმედგაცრუებულები დაგვტოვეს.

ეგ ის ფილმია, დიდ ეკრანზე რომ უნდა იხილო. კოლექტიური ერექციაა!

თურმე ერთ-ერთი სამრევლოს წევრს, წესიერსა და პატიოსან გოგოს, რომელიც მოგვიანებით გადაცემა „პროფილში“ აღსარებად დაიღვარა, ფილმი ჩაურთავს იმიტომ, რომ „სიყვარული“ ერქვა. სათაურმა შეაცდინა. ჩართო და რას ხედავს, პირველივე სცენაში უნძრევენ ერთმანეთს.

იქით მამები ეუბნებიან, სიყვარული ღმერთიაო და აქეთ ნოე უყვება ესტროგენულად.

გაგიჟებულა.

ეს რა ნახა ჩემმა თვალებმაო?! ცოტაც და ოიდიპოსის გზას დაადგებოდა, მაგრამ მაიკო ასათიანმა დროულად უშველა. შეყარა ხალხი და აჩხუბა ცენზურაზე.

ნოე არაფერ შუაშია. სიყვარულისგან გაუტყდათ.

სექსი ხომ ბოროტებაა?! ჩუმად რომ უნდა იმასქნა, გასამრავლებლად. თანაც ისე უნდა ქნა, თითქოს არც გიქნია. ჯადოქრობაა ნამდვილი, თან შვები და თან არ შვები. აბა, რომელი ჰარი პოტერი შეძლებდა ამას?!

ფილმი კი ვერ იყო ნოესთვის საუკეთესო. ისიც ვერ გაიგეს, გადაკვეთა თუ არა ეროტიკამ პორნოგრაფიის ზღვარი. არადა, თუ ვინმეს ზუსტად აქვს ეს ზღვარი დადგენილი, სწორედ ფრანგები არიან.

მაგრამ მაინც ვერ გაიგეს.

აქ კი აფეთქდა საიტები. გადაიტვირთა მნახველთა რაოდენობით. ბევრს მოეწონა, უფრო მეტს არა, მაგრამ „პიარშიკებმა“ თავისას მიაღწიეს. ჯერ დღის ფილმად აქციეს, მერე კვირის, თვის და წლისაც. ვერცერთი დიდი ფესტივალის ჯილდო ვერ დაიმსახურა, სამაგიეროდ, პატარა ქვეყნის ჩუმი აღიარება მოიპოვა.


1. ქრისტესაც გავაკეთებ!



ასე დაიმუქრა ამირან შალიკაშვილი, პანტომიმის თეატრის ლეგენდა. დაიმუქრა მაშინ, როცა მოთხოვეს მისი დადგმული წმინდა გიორგი შეწყვეტილიყო.

საპატრიარქომ ასეთი განცხადება გაავრცელა: „რამდენადაც სჯულის კანონი და საეკლესიო ტრადიცია სრულიად მიუღებლად მიიჩნევს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებთან დაკავშირებით სპექტაკლის დადგმას, საპატრიარქომ თხოვნით მიმართა ცნობილ რეჟისორს, ბატონ ამირან შალიკაშვილს, თავი შეეკავებინა ამგვარი ქმედებისგან. საპატრიარქო იმედოვნებს, რომ სპექტაკლის ავტორიც და თეატრის დასიც მის პოზიციას ანგარიშს გაუწევს“.

ბატონი ამირანი უკმაყოფილო დარჩა, დაიმუქრა და შეასრულა კიდეც მუქარა. არ მახსოვს, რომ დიდი ამბავი ატეხილიყო. ალბათ მიხვდნენ, რომ მაინც იმას გააკეთებდა, რაც სურდა. ან, ხალხმა რომ დიდი აღშფოთება არ გამოხატა, შეწყვიტეს სპექტაკლის გაპიარება.

მერე წუხდა ამირანი, თეატრი ერთ ლარად გამიყიდესო. ასეა, სიმტკიცით გამოირჩა, თავისი დიდი კვალი დატოვა და ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

მართალია, არცერთი მისი დადგმა არ მინახავს, სამაგიეროდ მახსოვს, როგორ დაიმუქრა, მე ქრისტეს დავდგამო და დადგა კიდეც.



 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^