Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / რეცენზია

12 აპრილი 2021

წიგნის სათაური: ფიქრები შეცვლილ სამყაროზე / მოგონებების მაგიერ / ეძღვნება კოტე ზალდასტანიშვილის 60 წლის იუბილეს
გამომცემელი: ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
სარედაქციო კოლეგია: არჩილ გეგეშიძე, მაია ფანჯიკიძე, მარიამ ზალდასტანიშვილი
მთარგმნელი: ნოე კანკია
რედაქტორები: რუსუდან მარგიშვილი, შან ბეისი
დიზაინერი: მარიამ ზალდასტანიშვილი
სპონსორები: პროექტი განხორციელდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერით

წიგნის ელექტრონული ვერსიის წაკითხვა შესაძლებელია ლევან მიქელაძის ფონდის ვებ-გვერდზე: http://mikeladzefoundation.org/uploads/files/2020-12/1609153905_k.z.-book.pdf

„მთელი სიცოცხლე ექსპერიმენტია (All live is an experiment)“
რალფ უალდო ემერსონი

არის წიგნები, მკითხველის ყურადღებას პირველივე გვერდიდან რომ იპყრობს. ასეთია „ფიქრები შეცვლილ სამყაროზე“, რომელიც კოტე ზალდასტანშვლის 60 წლის იუბილეს ეძღვნება. შეიძლებოდა დამეწერა: „გამოჩენილი ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის იუბილეს“, მაგრამ კოტეს სახელი დამატებით ეპითეტებს არ საჭიროებს. 

კრებული Liber Amicorum (ლათ: მეგობრების წიგნი) სტილშია შესრულებული და ტრადიციული მოგონებების და პიროვნების შესახებ ჩანახატების ნაცვლად, მკითხველს თანამედროვე ქართული და გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე სთავაზობს მსჯელობას. 

სად ვდგავართ დღეს? როგორ ვითარდება მოვლენები ჩვენთან, ჩვენს ირგვლივ და ამ ორომტრიალში, რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ? დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, მუდმივად გვიწევს ცვლილებათა ქარტეხილებში სიარული. მხოლოდ მაშინ ვიმარჯვებთ, როდესაც კარგად აწონილ, წინდახედულ და დროულ ნაბიჯებს ვდგამთ, შეცდომა კი ძალზედ ძვირი გვიჯდება. სწორედ ამიტომ, შეფასება და კრიტიკული ანალიზი პოლიტიკის დაგეგმვის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. 

წარმოდგენილი ესსეები სწორედ ასეთი განსჯაა, ხმამაღალი ფიქრი აწმყოსა და მომავალზე, დისკუსია, რომელიც ჰაერივით სჭირდება დღევანდელ საზოგადოებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ავტორთა შესანიშნავი გუნდი, რომელიც მაღალი და უმაღლესი კვალიფიკაცის პროფესიონალებისგან შედგება. აქ არიან კოტე ზალდასტანიშვილის მეგობრები და კოლეგები, ის პიროვნებები, რომელთაც დიდი წვლილი აქვთ როგორც ქართული პოლიტიკაში, ასევე თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში. ავტორთა აკადემიური კვალიფიკაციისა და პროფესიული პრაქტიკის იშვიათი სიმბიოზი განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს წარმოდგენილ კრებულს. აქ თითოეული მოსაზრება გამოცდილებითაა გაჯერებული, დასკვნები კი უნიკალურ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს ეფუძნება. ამავდროულად, მსჯელობა ფართო მკითხველისათვის გასაგები ენით და თხრობის საინტერესო სტილითაა გადმოცემული. ამიტომაც, ავტორთა მრავალრიცხოვნობის  მიუხედავად, კრებული ერთიანი ნაწარმოების შთაბეჭდილებას ქმნის. ერთი შეხედვით განსხვავებული თემები, ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და თანამედროვე, დინამიური სამყაროს მრავალფეროვან და მრავალგანზომილებიან სურათს გვთავაზობს.  

წიგნის იდეის ავტორთა ასეთი ჩანაფიქრი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ მოწონებას. ქართველი მკითხველი არ არის განებივრებული მსგავსი პუბლიკაციებით. არადა, როგორც ქალბატონი მაია ფანჯიკიძე შესავალშივე აღნიშნავს: „ჩვენთანაც დადგა დრო, დავინახოთ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების ხარვეზები, კრიტიკულად გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს და ვიპოვოთ იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებმაც განსაკუთრებით იჩინა თავი კრიზისისას.“ საკითხისადმი ასეთი მიდგომა მოითხოვს კვალიფიკაციასაც, თვითკრიტიკულობასაც და სიახლის ძიების სურვილსაც. ეს შეხამება კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს კრებულს და თვისობრივ ჰარმონიაშია თავად კოტე ზალდასტანიშვილის ხასიათთან, ვისი მთელი მოღვაწეობაც სწორედ ნოვატორობა, თანამედროვე გამოწვევებთან ჭიდილი და უკეთესის ძიება იყო. 

წიგნი ბატონი კონსტანტინე (კოტე) გაბაშვილის მიერ შექმნილი შესანიშნავი ბიოგრაფიული პორტრეტით იწყება, რომელიც შთამბეჭდავად და ზედმიწევნით ზუსტად აღწერს კოტე ზალდასტანიშვილის დაუცხრომელ, შეუპოვარ, პასუხისმგებლობით, ღირსებითა და სიკეთით აღსავსე პიროვნებას და, იმავდროულად, მოგვითხრობს საქართველოს და ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორიის საინტერესო ეპიზოდებს. პატარა ესსე ზედმიწევნით გადმოგვცემს კოტეს ბუნებასაც და წარმოაჩენს მის მიერ გაკეთებული საქმის მასშტაბებსაც, პროფესიულ საქმიანობას, რომელიც ინოვაციებით აღსავსე შემოქმედება იყო და რისთვისაც, როგორც წესი, ადამიანს ერთი სიცოცხლე არ ყოფნის.  განსაკუთრებით შთამბეჭდავია ამ ბიოგრაფიული ესსეს მთავარი გმირის ავტორისეული დახასიათება: „დიდ მეცნიერებსაც კი უჭირთ განმარტონ, რას ნიშნავს ბიოფილი. არადა ეს სრულიად მარტივია, ეს კოტე იყო“! ამაზე ზუსტი და ლაკონური შეფასება მართლაც წარმოუდგენელია. 

ასეთი შთამბეჭდავი ლიტერატურული პორტრეტის შემდგომ მკითხველი განსხვავებულ სივრცეში გადადის. აქ მას დღევანდელი „შეცვლილი სამყარო“ ელოდება, აღსავსე გამოწვევებითა და COVID-19-ის რეალობით. სამყარო, რომელიც ჩვენგან დაუკითხავად ტრანსფორმირდება და ახალ მოცემულობას გვთავაზობს, რომელიც როგორც რისკებს, ასევე შესაძლებლობებს მოიცავს. 

კრებული ოთხი ძირითადი ნაწილისგან შედგება: საქართველოს ადგილი მსოფლიოში და მულტილატერალიზმი; რუსეთის ფაქტორი და ურთიერთობები სოხუმთან და ცხინვალთან; ეკონომიკა და კრიზისიდან გამოსავლის ძიება; სამოქალაქო საზოგადოება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სოციალური საკითხები. თითოეული თავი დამატებით რამდენიმე თემადაა ჩაშლილი. ავტორები არ ცდილობენ უპასუხონ ყველა კითხვას. მათ განსასჯელად გამოაქვთ აქტუალური საკითხები. ფაქტებით, მყარი არგუმენტებით, შეულამაზებლად აღწერენ პროცესს, პრობლემის არსს, გამოკვეთენ საკუთარ მოსაზრებასაც, მაგრამ შემდგომი განსჯისა და პასუხის ძიების შესაძლებლობას მკითხველსაც უტოვებენ. 

საქართველოს დაცულობას და შემდგომ განვითარებას დიდწილად განაპირობებს მისი პოზიციონირება საერთაშორისო ურთიერთობათა რთულ და ცვალებად სისტემაში. სად ვართ და როგორ უზრუნველყოთ განვითარება, უსაფრთხოება, კეთილდღეობა? როგორ გავაძლიეროთ პარტნიორთა ყურადღება საქართველოსადმი და როგორ დავუკავშიროთ ჩვენი განვითარება მათ სტრატეგიულ პრიორიტეტებს? დღევანდელმა გამოწვევებმა, კრიზისებმა, ცვლილებების ორომტრიალმა და მოკლევადიანმა კონიუნქტურამ გრძელვადიანი ამოცანები და ეროვნული ინტერესი არ უნდა დაჩრდილოს. წარმატებული საგარეო პოლიტიკა ქვეყნის შიგნით ეფექტიანი რეფორმებითა და დემოკრატიული აღმშენებლობით იწყება. ეროვნული ინტერესები განსაზღვრავს საერთაშორისო აქტივობას და ის ქვეყნის გაუმჯობესებას და სრულყოფას უნდა ემსახურებოდეს. დემოკრატიულ სისტემაში სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულება საკუთარ მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა და პოლიტიკოსიც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას. ამიტომაც „ის კი არ არის მთავარი ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვინ რას იტყვის ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასა თუ პოლიტიკოსზე საქართველოში. მთავარია, ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარი მოქალაქეებისთვის რა აქვთ სათქმელი“ - აღნიშნავს ბატონი თედო ჯაფარიძე და იქვე წარმოადგენს უაღრესად საინტერესო მოსაზრებებს ეროვნული უსაფრთხოების პროცესის  დაგეგმვის, ძირითადი პრიორიტეტების განსაზღვრის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ურთიერთკავშირის, პროაქტიული საგარეო პოლიტიკის წარმოებისა და „შესაძლებლობების ფანჯრის“ ფორმირების შესახებ.  „ჩვენი საგარეო პოლიტიკა ვერასოდეს იქნება „უმაღლეს ნიშნულზე“, ვიდრე ქვეყანაში დაუსადგურებია ეკონომიკურ სიდუხჭირეს, უმუშევრობას, განათლებისა და დემოკრატიული განვითარების პრობლემებს“ - აღნიშნავს ავტორი. 


კოტე ზალდასტანიშვილი - საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთი, 2015 წელი.
© საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, უნდა ვიცოდეთ ახლა სად ვართ, როგორ იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი ჩვენს ირგვლივ, როგორ ჩანს საქართველო და ჩვენი რეგიონი მსოფლიო პოლიტიკის დიდ სურათში. ამ საკითხების შესანიშნავ ანალიზს გვთავაზობს ბატონი რევაზ გაჩეჩილაძე. მისი ესსე შედარებითი პოლიტიკის შესანიშნავი ნიმუშია, რომელიც ლაკონურად და უაღრესად ზუსტად ხატავს საქართველოს როგორც რეგიონის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკის კონტექსტში. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნის მომავალს ევროკავშირსა და ნატოს უკავშირებს. ეს თაობების სტრატეგიული არჩევანია, მაგრამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია გამოწვევებსაც უკავშირდება და ამისათვის ქვეყანა მზად უნდა იყოს. ავტორი ახლავე ამახვილებს ყურადღებას იმ კითხვებზე, რაზედაც პასუხი დღეს-ხვალ ან უახლოეს მომავალში მზად უნდა გვქონდეს, რათა მიზნისაკენ მიმავალ გზაზე არასასურველი სიურპრიზები მაქსიმალურად გამოვრიცხოთ. 

ევროპული ინტეგრაციის საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე ამახვილებს ყურადღებას ბატონი კახა გოგოლაშვილი. როგორ მივაღწიოთ ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის პრიორიტეტულობას, როგორ ვაქციოთ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა საერთო ევროპული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად და როგორ გამოვიყენოთ უფრო ეფექტიანად ინტეგრაციის დღეისათვის არსებული ინსტრუმენტები? ამ საკითხებზე ავტორი ფრიად საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს. 

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე ვარ ევროპელი“ - ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ 1999 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოთქვა. რას ნიშნავს საქართველოს ევროპული იდენტობა, როგორ ხედავ ევროკავშირი საქართველოს და როგორია თავად ევროკავშირის ხედვა ეროვნულ იდენტობასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებს ამ შეფასებებზე COVID-19 პანდემია და რა უნდა გავითვალისწინოთ სამომავლოდ? ამ საკითხებზე მსჯელობს ქალბატონი ნატალი საბანაძე და სრულიად მართებულად აღნიშნავს: „საკმარისი არ არის თავს გრძნობდე ევროპელად, ასევე მნიშვნელოვანია სხვებიც ასეთად აღგიქვამდნენ“! 

პანდემიას მხოლოდ იდენტობის შეფასებაზე არ უმოქმედია, ამ კრიზისმა მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ განსხვავებულად წარმოაჩინა. როგორი იქნება სამყარო კორონას შემდგომ, როგორი იქნება საერთაშორისო თანამშრომლობა და ზოგადად, ახალი მშოფლიო წესრიგი? ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილი შესანაშნავად აღწერს ამ საკითხებს და მულტილატერალიზმის მომავალს. ავტორი მიიჩნევს, რომ „პანდემია ხელს შეუწყობს ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესს“. საერთო სირთულეები მხოლოდ თანამშრომლობით და სოლიდარობით გადაილახება. კრიზისმა უფრო კარგად დაგვანახა საერთაშორისო ორგანიზაციების რეფორმირებისა და მათი ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა. ეს თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და საქართველო, ავტორის მოსაზრებით, „მზადაა ამ პროცესის აქტიური მონაწილე გახდეს“. 

მულტილატერალიზმის განმტკიცებასა და პანდემიის დროს პარლამენტის როლის გაძლიერებაზე საუბრობს ბატონი გიორგი (გიგი) წერეთელი, რომელიც ხაზს უვამს რა  პარლამენტარების განსაკუთრებული მისიას - ასახონ ადამიანების ხედვა მათ სამუშაოსა და კანონმდებლობაში, მიიჩნევს რომ ეს როლი და აქედან გამომდინარე შესაძლებლობები მსოფლიომ უფრო აქტიურად უნდა გამოიყენოს. 

თანამედროვე საფრთხეებსა და გამოწვევებზე საუბარი შეუძლებელია რუსეთის გარეშე. ქვეყანა, რომელსაც ბევრი ანალიტიკოსი „პრობლემების შემქმნელის“ (troublemaker) ეპითეტითაც მოიხსენიებს. ეს საკითხი, საქართელოსთვის განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და მოსკოვის აგრესიული რიტორიკის ფონზე. ქართულ-რუსული ურთიერთობების საყურადღებო ანალიზს გვთავაზობს ბატონი ზურაბ აბაშიძე, იგი ეხება როგორც გასული წლების, ასევე დღეს მიმდინარე მოვლენებს. ფრიად საგულისხმოა ავტორის მოსაზრებები თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებზე COVID-19 ფაქტორის გათვალისწინებით. ზურაბ აბაშიძე პანდემიის შემდგომ „რთულ ეპოქას, რთულ სამყაროს და რთულ რუსეთთან მეზობლობას ელის“ და ძნელია, ამ შეფასებაში მას არ დაეთანხმო. 

კონფლიქტები ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა. თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აწუხებს, თანამედროვე მსოფლიოში არაერთ ცხელ წერტილს შეხვდებით. მათ მოგვარებას არა მხოლოდ ძალისხმევა, არამედ წარმოშობის მიზეზების შესწავლა და ანალიზი სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტების პრევენცია და მათი ადრეულ ეტაპზე განეიტრალება. აქ კი დიდი მნიშვნელობა აქვს მრავალფეროვან საზოგადოებაში ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობას და უმცირესობათა დაცვის პრობლემატიკას. ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს ბატონი ლამბერტო ზანიერი. ავტორი ფრიად საინტერესოდ აღწერს ეროვნული უმცირესობების დაცვისა და ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ კონტექსტში საქართველო-ეუთოს თანამშრომლობას. 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას აანალიზებს ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. აქ ნახავთ სულის შემძვრელ რეალობას, ოკუპაციის რეალურ სახეს და ადამიანთა ტრაგედიას. ავტორი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ინიციატივებზე, რითაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპიურებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ვითარების შემსუბუქებას ცდილობს და იმ დიპლომატიურ ძალისხმევაზე, რამაც დეოკუპაციამდე უნდა მიგვიყვანოს. „საქართველოს შუაგულში აღმართული მავთულხლართები არამდგრადია და დაიშლება“ - აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.  

„კონფლიქტის საფასურზე“ და ტრანსფორმაციის პერსპექტივაზე საუბრობს ბატონი არჩილ გეგეშიძე და იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიამ „პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც, ხელი შეუწყო კონფლიქტური ურთიერთობების ტრანსფორმაციის პროცესის დაწყებას“. 

ნებისმიერი ქმედება, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში, საჭიროებს სათანადო უზრუნველყოფას. სახელმწიფოს სიძლიერეს დიდწილად მისი ეკონომიკა განაპირობებს. „შეცვლილი მსოფლიო“ შეცვლილ ეკონომიკურ ურთიერთობებსაც გულისხმობს, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის განსაკუთრებული გამოწვევაა. შეიძლება თუ არა აქ შესაძლებლობაც დავინახოთ? რა შეიძლება და რა უნდა შესთავაზოს საქართელომ პარტნიორებს? ბატონი ვლადიმერ პაპავა ამ საკითხის შესანიშნავ ანალიზს გვთავაზობს, რაც არა მხოლოდ არსებული ვითარების შეფასებას, არამედ სამომავლო პერსპექტივაზე უაღრესად საყურადღებო მსჯელობას მოიცავს. ავტორი აღნიშნავს, რომ „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მოდელზე გადასვლა“ წარმოადგენს იმ აუცილებლობას, რამაც საქართველო მეტად მიმზიდველი უნდა გახადოს საერთაშორისო პარტნიორებისათვის. 

ამ მსჯელობას აგრძელებს ბატონი დავით აფციაური, რომელიც საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობებს ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკის  ჭრილში განიხილავს. აქ ნახავთ ფრიად საგულისხმო მოსაზრებებს თანამშრომლობის სამომავლო შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე გლობალური ეკონომიკის ტენდენციების გათვალისწინებით.

„ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში ნებიმიერი ქვეყნისათვის უფრო და უფრო რთულდება საკუთარი ნების განხორციელება, რადგან ძალის რამდენიმე პოლუსი ერთდროულად თანამშრომლობს და კონკურენციას უწევს მას.“ - აღნიშნავს ბატონი ირაკლი მენაღარიშვილი. გლობალურმა პანდემიამ ის სამყაროს შექმნა, რომლისთვისაც არავინ იყო მზად. ვისაც „COVID-19-ით შეშლილი სამყაროს ცვალებადი და ჯერაც უცვლელი მოცემულობები“ გაინტერესებთ, ეს ესსე აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. 

თანამედროვე მსოფლიოში თვითკმარი სახელმწიფო აღარ არსებობს. თუკი ამ დასკვნამდე დიდი ქვეყნები მიდიან, მაშ რა ქნას საქართველომ, როგორ გაართვას თავი არამარტო პანდემიას, არამედ ციფრული სამყაროსა და თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდ გამოწვევებს? სწორ გადაწყვეტილებებს რთულ პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბატონი ჰოუარდ ჩეისი მიიჩნევს, რომ „საქართელოს, როგორც ყოველთვის, ამ საგანგებო ვითარებაშიც საკუთარი იდენტობა, პარტნიორებთან მეგობრობა, საერთო ხედვა გადაარჩენს“. 

COVID-19-მა არა მხოლოდ პანდემია, არამედ ინფოდემიაც გამოიწვია. როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას და, იმავდროულად, არ შევლახოთ გამოხატვის თავისუფლება? მიღებულმა რეგულაციებმა არერთ ქვეყანაში შეასუსტა საინფორმაციო საშუალებებისა და ჟურნალისტების მუშაობა. ამ პრობლემაზე მსჯელობს ქალბატონი დუნია მიატოვიჩი, რომელიც მიიჩნევს, რომ „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და პრესის თავისუფლები დაცვა ანტონიმები არ არის“!

კორონაკრიზისზე მსჯელობისას ხშირად აქცენტი გლობალურ პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე გადადის, მაგრამ უმთავარესი საზრუნავი ადამიანია, მისი უფლებები და თავისუფლებები! დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია და მისი საფუძველი პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვებმა არ უნდა დააზარალოს. ამ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ქალბატონი თინათინ ხიდაშელი. ინსტიტუციური მართვის სისუტე ან არარსებობა წარმოშობს „მზარდ მოთხოვნილებას ერთი უნარიანი, მკაცრი ხელის მიმართ“. ჩვენი ამოცანაა - აღნიშნავს ავტორი - „კანონის უზენაესობის დაცვით და დემოკრატიული წარმომადგენლობით კრიზისების დროსაც მივიღოთ სწრაფი და საჭირო გადაწყვეტილებები.... და არ ვიყოთ დამოკიდებული ერთი რომელიმე ყოვლისშემძლე მმართველის ნებასა და უნარზე“.  


კოტე ზალდასტანიშვილი, დავით უსუფაშვილი, კარლ-ჰაინც კომფი - ვიზიტი ავსტრიის პარლამენტში. 
ვენა, 2015 წელი.

© საქართველოს პარლამენტი

საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვასთან ერთად სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყურადღებას საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისადმი. უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტთა საჭირბოროტო საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას ბატონი იოსებ ნანობაშვილი და უაღრესად საყურადღებო მოსაზრებებს გვთავაზობს ემიგრაციასთან ურთიერთობის სახელმწიფო პოლიტიკის დახვეწის თვალსაზრისით.  

კრებულს აგვირგვინებს ქალბატონი ლანა ღოღობერიძის შესანიშნავი ესსე „შეცვლილ მსოფლიოში“ პიროვნების მომავალზე განსჯით. როგორნი ვიქნებით პანდემიის შემდგომ, რას ვისწავლით COVID-19-ის მძიემე გაკვეთილებიდან და რის შეცვლას მოვახერხებთ, რომ უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ? „დღევანდელი განსაცდელიდან პიროვნება გამდიდრებული გამოვა - აღნიშნავს ავტორი - უფრო დაფიქრებული, უფრო მომართული მშვენიერების აღსაქმელად, სხვისი ტკივილის გულთან უფრო ახლოს მიმტანი.“

ამ სიტყვების წაკითხვისას შეუძლებელია კვლავაც კოტე ზალდასტანიშვილი არ წარმოიდგინო. მთელი მისი მოღვაწეობა უკეთესისა და მეტი სიკეთის შექმნის იდეით იყო განმსჭვალული. „შეცვლილი სამყარო“ აუცილებლად გახდება უკეთესი და მას სწორედ კოტესნაირი პიროვნებები შექმნიან.    

დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო იდეის ავტორებს, სარედაქციო კოლეგიას და თითოეულ ავტორს ესოდენ საჭირო კრებულის შექმნისათვის. იმედი მაქვს, რომ ამ შესანიშნავ წამოწყებას გაგრძელებაც ექნება და მომავალში კვლავაც ვიხილავთ მსგავს პუბლიკაციებს ჩვენი საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე. 

მკითხველს კი ვულოცავ: თქვენ წინ დიდი სიამოვნება გელით!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^