1. თეოდორ როშაკის „ციმციმი“ – აუცილებლად წასაკითხი კინოს მოყვარულებისთვის
მთავარი რომანი, რომლის გარეშეც ლიტერატურაში ამ მიმართულების წარმოდგენა შეუძლებელი იქნებოდა და რომლის შესახებაც დღეს მოგიყვებით – ამერიკელი კულტუროლოგის და მწერლის, თეოდორ როშაკის წიგნია „flicker“ („ციმციმი“), რომელიც 1991 წელს გამოიცა.
„Flicker“ – ნიშნავს სინათლის ციმციმს, რომელსაც ერთგვარი ოპტიკური ეფექტის წარმოქმნა შეუძლია, და კინო უდავოდ ერთ-ერთი ასეთი ეფექტია.
თეოდორ როშაკი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, არაიმდენად მსოფლიო ლიტერატურისთვის, რამდენადაც მეცნიერებისათვის. ის ერთ-ერთი ფუძემდებელია თანამედროვე კულტუროლოგისაა და სწორედ ის არის ავტორი სიტყვისა „კონტრკულტურა“, რომელსაც ხშირად წარმოვთქვამთ ისე, რომ შესძლოა წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ მას ავტორი ჰყავს.
თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი როშაკმა კინემატოგრაფიის შესწავლას მიუძღვნა. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ „flicker“ მისი ყველაზე დიდი და ცნობილი რომანია.
წიგნში მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 1960-იან წლების ამერიკაში, დიდი საავტორო კინოს – „ახალი ტალღის“ აყვავების ეპოქაში.
რომანის მთავარი გმირი ცხოვრებას იწყებს, როგორც მორცხვი კინომანი, რომელიც კინოთი და კინოთეტრებით შეპყრობილია. მაგრამ ნელ-ნელა კინო მისი უანგარო ინტერესიდან, პროფესიული ინტერესის ობიექტად გარდაიქმნება და ამ ინტერესის ცენტრში ექცევა უცნაური გერმანელი რეჟისორის, კასელის შემოქმედება, რომელიც 1920-30-იანი წლების გასაყარზე იღებდა ძალიან უცნაურ, დაბალბიუჯეტიან საშინელებათა ფილმებს.
გერმანელი რეჟისორის თავისებურება იყო ის, რომ იგი იყენებდა რაღაც რევოლუციურ ტექნოლოგიას, რომლის საშუალებითაც ეს იაფფასიანი საშინელებათა ფილმები ბევრად უფრო დიდ დატვირთვას იძენდა. მთავარი გმირი გრძნობს, რომ კასელის შემოქმედების უკან რაღაც ნამდვილი საშინელება იმალება.
რეჟისორის შესწავლისას მთავარი გმირი ხვდება, რომ მის უკან დგას რაღაც საიდუმლო სექტა, რომელიც კინოს საშუალებით ავრცელებს გარკვეულ ფასეულობებს და იდეებს. და რა თქმა უნდა, ეს მოგზაურობა აღმოჩნდება როგორც ძალიან საინტერესო, ასევე ძალიან სახიფათოც, არამხოლოდ რეჟისორის, არამედ მისი ახლობლებისთვისაც.
თეოდორ როშაკის რომანი, ერთი მხრივ, არის საკითხავი, რომელსაც ვერ მოწყდები და მეორე მხრივ, პასუხი კითხვაზე – რა არის განსაკუთრებული კინოში და რატომ მოქმედებს ეს ხელოვნება ასე მძაფრად მის მომხმარებელზე, ზოგჯერ მისი ნების საწინააღმდეგოდ. მთლიანობაში კი ეს არის ერთ-ერთი ფუძემდებლური წიგნი იმის შესახებ, თუ რა როლი აქვს კინოს კაცობრიობის ისტორიაში.
წიგნის წაკითხვა ხელისმასწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე:
Theodore Roszak „flicker“,
Теодор Рошак „Киномания“
2. ტონინო ბენაკვისტას „საგა“ – წიგნი სერიალების მოყვარულებისთვის და არამხოლოდ მათთვის
მორიგი წიგნი კინოს შესახებ, რომელიც დღეს გვინდა შემოგთავაზოთ, ფრანგი მწერლის ტონინო ბენაკვისტას რომანია სახელწოდებით „საგა“.
რომანის ცენტრშია დაბალბიუჯეტიანი სატელევიზიო სერიალის შექმნის ისტორია. მთავარი გმირი და მისი რამდენიმე ნაცნობი აღმოჩნდებიან იმ უიღბლოთა შორის, რომლებსაც კინოკომპანია დაიქირავებს სერიალის გადასაღებად, მაგრამ ეს სერიალი ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე კომერციული თვალსაზრისით ყველაზე უპერსპექტივო დროს უნდა გავიდეს,
ფილმს აჩვენებენ შუაღამით და არავის აინტერესებს შიგნით რა ხდება. თუმცა სერიალის შექმნის პროცესში მის ავტორებს გაიტაცებს ერთგვარი თამაში, რის შედეგადაც მათი სერიალი იაფფასიანი, უინტერესო და ცარიელი ფილმისგან გადაიქცევა საკულტო სერიალად.
მოულოდნელად ყალიბდება მაყურებლების მთელი ფენა, რომელიც სპეციალურად ელოდება შუაღამის დადგომას, რომ მორიგ სერიას უყუროს. ის მხიარული აბსურდი, რომელიც თავდაპირველად მაყურებელზე საერთოდ არ იყო გათვლილი, წარმოუდგენლად პოპულარული ხდება.
ამ ფონზე, ტელეკომპანია გადაწყვეტს პროცესის მართვა საკუთარ ხელში აიღოს, გაყაროს „უიღბლოები“, რომლებმაც ეს ფენომენი შექმნეს და მათ ნაცვლად ნამდვილი პროფესიონალები და ვარსკვლავები დაიქირაოს. და აი სწორედ აქედან იწყება სიუჟეტის ავანტიურული ნაწილი.
ტონინო ბენაკვისტა მართლაც შესანიშნავი ავტორია, რომელმაც კარგად იცის როგორ უნდა გიამბობს ისტორია ისე, რომ სიუჟტის დინამიკას ვერ მოწყდე.
ამასთანავე, რომანში არის ძალიან ბევრი გულისამაჩუყებელი, ცოცხალი და აშკარად რეალური ეპიზოდებიდან ნასესხები დეტალები, რომლებიც სერიალის წარმოებას უკავშირდება. დაინახო ეს პროცესი დღეს შიგნიდან ძალიან საინტერესოა, მით უფრო სერიალების ბუმის ფონზე.
წიგნი ახალი არ არის, ის 1997 წელს გამოიცა და მისი ელექტრონული ვერსიები ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე ხელმისაწვდომია.
Tonino Benacquista „Saga“
Тонино Бенаквиста „Сага“
3. მარიშა პესლის „ღამის კინო“ – რომანი კინოს ბუნებისა და ადამიანის ფსიქიკას შორის კავშირის შესახებ
მესამე რომანი კინოს შესახებ, რომლის წაკითხვასაც დღეს გთავაზობთ, წინა ორ რეკომენდაციასთან შედარებით, ახალია (2013 წელს გამოიცა). მისი ავტორია ახალგაზრდა ამერიკელი მწერალი მარიშა პესლი, რომლის შემოქმედებაშიც აშკარად იგრძნობა თეოდორ როშაკის „ციმციმით“ (Flicker) შთაგონება. თუ ამ ორივე წიგნს წაიკითხავთ, მათ შორის ბევრ ცხად პარალელს აღმოაჩენთ.
მარიშა პესლის წიგნს ჰქვია „ღამის კინო“. მთავარი გმირი იგებს, რომ ქალიშვილი ცნობილი რეჟისორისა, რომელიც იღებს უცნაურ, საკულტო საშინელებათა ფილმებს, თავს იკლავს და მას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ამ მოვლენებში გოგოს მამაც გარეულია.
ის იწყებს იმპროვიზებულ გამოძიებას, რომელსაც უერთდება რამდენიმე მასსავით კინოთი გატაცებული ადამიანი, რომლებსაც ცხოვრება კინემატოგრაფის გარეშე არ წარმოუდგენიათ, და რა თქმა უნდა, ამ გამოძიებას სუფთა დეტექტიური თხრობის სივრციდან ისინი გადაჰყავს ბევრად უფრო დიდ, გლობალურ სივრცეში, რაც ეხება კინოს ყველაზე მისტიკურ ბუნებას და მის კავშირს ადამიანის ფსიქიკასთან.
ამ რომანში ბევრი ისეთი ელემენტია, რომელსაც ის ლიტერატურის სივრციდანაც გაჰყავს. მის წასაკითხად, საჭიროა გარკვეული აპლიკაციის ჩამოწერა. ამ აპლიკაციის დახმარებით თქვენ წაიკითხავთ დამატებით ფრაგმენტებს, რამლებიც წიგნის ბეჭდურ ვერსიაში არ არის. ბევრი ასეთი დეტალი გადააქცევს „ღამის კინოს“ ბევრად უფრო დიდ, მოცულობით და საინტერესო წიგნად. თუმცა ამ ყველაფრის გარეშეც, მხოლოდ ბეჭდურ ფორმატშიც, მარიშა პესლის რომანი ესაა ადამიანსა და ეკრანზე მოძრავ სურათს შორის კავშირის გააზრების ძალიან საინტერესო გამოცდილება.
მათთვის, ვინც თეოდორ როშაკის „Flicker“ უკვე წაიკითხა, მარიშა პესლის „ღამის კინო“ შესაძლოა იმავე თემის საინტერესო გაგრძელებად იქცეს.
Marisha Pessl „Night Film“
Мариша Пессл „Ночное кино“
4. პოლ ფიშერის „კინოკომპანია კიმ ჩენ ირი წარმოგიდგენთ" - დოკუმენტური რომანი
პოლ ფიშერის „კინოკომპანია კიმ ჩენ ირი წარმოგიდგენთ" მეოთხე წიგნია, რომელსაც კინოს შესახებ შექმნილი რომანების რეკომენდაციაში გთავაზობთ. ეს დოკუმენტური რომანი მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმით, რომ ის დიდწილად რეალურ ფაქტებს ეფუძნება.
ჩრდილოეთ კორეა, რომელიც დარწმუნებულია რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავად აქვს (ნუ იმდენად კარგად, რამდენადაც შესაძლებელია უპირობოდ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის), რაღაც მომენტში აღმოაჩენს, რომ აკლია კინემატოგრაფი. და კიმ ჩენ ირი, რომელიც იმ დროისთვის ჯერ არ არის კორეის ხელმძღვანელი, არამედ დიქტატორის შვილია და ქვეყანაში პროპაგანდას და აგიტაციას ხელმძღვანელობს, გადაწყვეტს რომ ეს სამწუხარო ხარვეზი გამოსასწორებელია.
მაგრამ ღარიბ და ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც რამდენიმე თაობის განმავლობაში კულტურა შეგნებულად ნადგურდებოდა და იშლებოდა ადამიანთა მეხსიერებიდან, კინემატოგრაფისტებს ჰაერიდან ვერავინ გააჩენდა. რა თქმა უნდა, საკუთარ წიაღში მათი აღზრდა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამას დიდი დრო სჭირდებოდა. გაცილებით იაფი და იოლი გზა გახლდათ მეზობელი სამხრეთ კორეიდან ცნობილი მსახიობის და რეჟისორის მოტაცება. და აი სწორედ ამით იწყება მოჩვენებითი ჩრდილოკორეული კინემატოგრაფი, რომელიც ადამიანების რეალურ მოტაცებასა და მათ თანამშრომლობაზე იძულებას ეფუძნება.
პოლ ფიშერმა შეისწავლა ძალიან დიდი მოცულობის რთულად ხელმისაწვდომი მასალა და ამ მასალებზე დაყრდნობით დაწერა ტექსტი, რომელიც ერთი მხრივ, ძალიან დამაჯერებელი და მართალია და მეორე მხრივ, ძალიან შთამბეჭდავია როგორც ნამდვილი მხატვრული ნაწარმოები.
ავტორმა შეძლო უმყიფესი ზღვარის დაცვა დოკუმენტურ პროზას, ფაქტის ლიტერატურას და მხატვრულ ლიტერატურას შორის. მეტიც, მისი დოკუმენტური რომანი ნათელს ჰფენს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიცაა კინემატოგრაფის კავშირი სახელმწიფოსთან და რეჟიმთან. კინო ძვირადღირებული ხელოვნებაა, მას ყოველთვის სჭირდება მხარდაჭერა, მათ შორის „ზემოდან“ და ეს მხარდაჭერა ხშირად უბრუნდება კინემატოგრაფს ძალადობად და ზეწოლად.
კინოს მოყვარულებისთვის პოლ ფიშერის წიგნი აუცილებელი საკითხავია.
Paul Fischer „A Kim Jong-Il Production“
Пол Фишер „Кинокомпания Ким Чен Ир представляет“
5. პოლ ოსტერის „ილუზიების წიგნი“ - კინემატოგრაფის ზღვარზე
პოლ ოსტერის „ილუზიების წიგნი“ კინოს შესახებ დაწერილი ჩვენ მიერ რეკომენდებული რომანებიდან მეხუთეა. თეოდორ როშაკისა და მარიშა პესლის მსგავსად, ოსტერიც წერს იმ მყიფე საზღვრის შესახებ, რომელიც ეკრანს და რეალურ ცხოვრებას შორის არსებობს.
წიგნის მთავარი გმირი, პროფესორი, ავტოკატასტროფაში კარგავს მთელ თავის ოჯახს – მეუღლეს და ორ შვილს. იმისთვის, რომ როგორმე მაინც დააღწიოს თავი ამ საზარელ სიტუაციას, იწყებს 1920-იან წლებში გადაღებული იმ ფილმების ძებნას, რომლებშიც ცნობილი კომიკოსი თამაშობს (ის იოლად შეგვიძლია მივამსგავსოთ ჩარლი ჩაპლინს).
ოსტერის რომანში ეს კომიკოსი 12 ფილმშია გადაღებული, რის შემდეგაც გაუჩინარდა, მაგრამ კინოს ისტორიკოსები მის შესწავლას არ წყვეტენ. მთავარი გმირი მთლიანად იძირება თავისი საყვარელი გმირის სამყაროში, იწყებს მისი კვალის ძებნას და შესაძლოა შვებას ვერ პოულობს, მაგრამ შედარებით იყუჩებს თავის უწყვეტ შინაგან ტკივილს. ამ დროს ის მოულოდნელად იღებს წერილს, რომლიდანაც ირკვევა, რომ მისი ძებნის ობიექტი არ მომკვდარა, როგორც ბევრს ეგონა, არამედ ცოცხალია და მეტიც, მასთან ურთიერთობითაც დაინტერესებულია. და სწორედ და ამ მომენტიდან იწყება მოგზაურობა სივრცეში – ადამიანის ფსიქოლოგიის, ლიტერატურისა და კინემატოგრაფის ზღვარზე.
პოლ ოსტერი „ილუზიების წიგნი“
Paul Auster „The Book of Illusions“
Пол Остер “Книга иллюзий“