Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუცილებლად წასაკითხი წიგნი ძალაუფლების მოყვარულებისთვის

29 ივლისი 2021
ძალაუფლების მოპოვება დღესაც ისეთივე რთულია, როგორც ადრე (კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა), მაგრამ მისი შენარჩუნება და, რაც მთავარია, რეალიზება - უკიდურესად რთული.

მოისეს ნაიმი - გავლენიანი პოლიტიკური ექსპერტი და ამერიკული ჟურნალის Foreign Policy-ის ყოფილი მთავარი რედაქტორია, მანამდე კი ვენესუელას უკანასკნელ დემოკრატიულ მთავრობაში ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო. ამიტომ მან კარგად იცის, რის შესახებაც წერს თავის წიგნში „ძალაუფლების დასასრული“. (წიგნის სრული სახელწოდებაა „ძალაუფლების დასასრული: შეხვედრების ოთახებიდან ბრძოლის ველამდე, ეკლესიებამდე და სახელმწიფოებამდე: რატომ აღარ არის ძალაუფლებაში ყოფნა ისეთი, როგორიც ადრე იყო”).

ის, რომ ძალაუფლება არ არის ისეთი, როგორიც წარსულში იყო, სიახლე არ არის და მონარქების დრო, რომლებსაც ხელის ერთი მოძრაობით შეეძლოთ უზარმაზარი არმიების ამოქმედება, დიდი ხნის წინ ჩაბარდა წარსულს. მეტიც, დღეს მსხვილი კორპორაციის პრეზიდენტსაც კი იმაზე ნაკლები ძალაუფლება აქვს, ვიდრე ოცდაათი წლის წინ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ, რომელიმე სამრევლოს მღვდელსა და გაზეთის მიმომხილველზე. ძალაუფლების მოპოვება დღესაც ისეთივე რთულია, როგორც ადრე (კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა), მაგრამ მისი შენარჩუნება და, რაც მთავარია, რეალიზება - უკიდურესად რთული.    

ნაიმი ამ ვითარებას კომუნიკაციის განვითარებისა და ჩვენს ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიების გლობალური შემოჭრის შედეგად არ მიიჩნევს. მსგავს მოსაზრებას საფუძველი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ ნაიმის აზრით, სხვა ფაქტორები გაცილებით მძლავრი და ეფექტიანია. შემთხვევითი არაა, რომ „არაბული გაზაფხულის“ დროსაც, რომელიც ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით ფეისბუკსა და ტვიტერზე ჩაისახა და „ქსელიდან აფეთქების“ ქრესტომათიული მაგალითია, შესაბამის ჯგუფებში აქტიურობის 75% გენერირებული იყო არა მოვლენების უშუალო მონაწილეების, არამედ უცხოელი მომხმარებლების მიერ.

ნაიმის თანახმად, მთავარი ფაქტორები სხვაა, კერძოდ „სიმრავლის რევოლუცია“ (ყველაფერი - საქონელი, არჩევანი, ნაცნობები... - ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში ბევრად მეტია); „მობილობის რევოლუცია“ (ადამიანები, საგნები და იდეები მსოფლიოში თავისუფლად და წარმოუდგენელი სისწრაფით გადაადგილდებიან) და „მენტალობის რევოლუცია“  (ჩვენ კოლექტივს განსაკუთრებულ ფასეულობად აღარ აღვიქვამთ და პერსონალურს საზოგადოებრივზე საგრძნობლად მაღლა ვაყენებთ).   

ერთმანეთს დამატებული და ერთმანეთთან საოცარი გზით გადაჯაჭვული ეს სამი ტენდენცია, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ადამიანებს და ორგანიზაციებსაც კი მოწყვლადობის განცდას უჩენს. 

ისევე, როგორც ყველა ნამდვილ გლობალურ ტენდენციას, ძალაუფლების შესუსტებას აქვს კარგი და ცუდი მხარეები. ერთი მხრივ, სულ უფრო ნაკლებად კონსოლიდირებული და შეზღუდული ძალაუფლება, პერსპექტივაში, შესაძლოა სოციალურ პროცესებზე აისახოს და დოვლათი ფენებს შორის უფრო სამართლიანად და დემოკრატიულად განაწილდეს. მეორე მხრივ, იგივე მოვლენა ქაოსის და ანარქიის წინაპირობაა, როდესაც კაცობრიობა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე ვერ შეთანხმდება, რაც საბოლოოდ შექმნის ატმოსფეროს „ყველას ომი ყველას წინააღმდეგ“.       

მოისეს ნაიმი საკმაოდ საფუძვლიანად არკვევს თავის წიგნში ძალაუფლების დასუსტების ფენომენს, იმას, თუ რაში გამოიხატება ეს დღეს და ქცევის რომელი სტრატეგია უნდა აარჩიოს კაცობრიობამ, რომ პროცესთან დაკავშირებული ყველა სიკეთით ისარგებლოს და შესაძლო პრობლემებს თავი აარიდოს.

საბაზო კონცეფციის დონეზე „ძალაუფლების დასასრული“ უდავოდ მნიშვნელოვანი ტექსტია, თუმცა პრობლემაა ის, რომ წიგნს გასართობი შემადგენელი - ცოცხალი მაგალითები აკლია. არადა, როგორც ცნობილია, ყველა კარგი დოკუმენტური პროზა ორ საფუძველზე დგას - მწყობრ კონცეფციასა და ტექსტში გაბნეულ გასართობ სიუჟეტებზე. ეს „ხარვეზი“ ნაიმის წიგნს ცოტა მონოტონურს ხდის, მიუხედავად იმისა, რომ მისი თეორიული ნაწილი ძალიან დამაჯერებელია.

Moisés Naím „The End of Power“.

Мойзес Наим „Конец власти“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^