Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსიკა ლიტერატურაში - აუცილებლად წასაკითხი წიგნები

30 ივლისი 2021
წიგნების რეკომენდაციის ამ სერიაში გთავაზობთ რომანებს, რომლებშიც მთავარი თემა მუსიკა და მუსიკოსებია.

ბობ დილანის „ქრონიკები“

ფორმალურად, ბობ დილანის „ქრონიკები“ – ავტობიოგრაფიაა, თუმცა დილანს ჟანრის ჩარჩოები არ ჰყოფნის, ხოლო მკითხველის მოლოდინი, როგორც კონტრკულტურულ ავტორს, მას ფეხზე ჰკიდია. სწორედ ამიტომ წერს ის არა თავისი პოპულარობის წლებსა და მით უფრო იმის შესახებ, თუ როგორ დაიბადა მისი ყველაზე მთავარი, წარმატებული სიმღერები, არამედ – პატარა დეტალებზე, რომელიც პირადად მისთვისაა მნიშვნელოვანი.

წიგნის მესამედი ეძღვნება წელს, რომელიც წინ უძღოდა დილანის ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადასვლას; დაახლოებით 100 გვერდი – ზამთრის ერთ, მისთვის მნიშვნელოვან დღეს; ოცამდე გვერდი – ვუდსტოკს და 1960-იანების შუა წლების პოპულარობის პიკს.

თუმცა შერჩევის ამ სპეციფიკიდან და დემონსტრაციული უარიდან შეესაბამებოდეს რაიმე წესებსა და მოთხოვნებს, იბადება ბობ დილანის ბევრად უფრო ცოცხალი, დამაჯერებელი და მთლიანი სახე, ვიდრე ცხოვრების ნებისმიერი დეტალური აღწერიდან დაიბადებოდა.

ბობ დილანი „ქრონიკები“
Bob Dylan „Chronicles“
Боб Дилан „Хроники

„ფორტეპიანოს ისტორია“

ფორტეპიანო არამხოლოდ პოპულარული ინტრუმენტია, არამედ ბევრისთვის უკვე ბუნებრივი მოვლენასავითაა. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ის ოდესღაც არც არსებობდა.

წიგნში „ფორტეპიანოს ისტორია“ (2012), მუსიკათმცოდნე, პიანისტი და კრიტიკოსი სტიუარტ ისაკოფი არამხოლოდ დაგაბრუნებთ ფორტეპიანომდელ ეპოქაში, არამედ გიამბობთ ამ ინსტრუმენტის მშობლების (კლავესინისა და პადუელი მუსიკოსის, ბარტოლომეო კრისტოფორის), გენიოსების და ვირტუოზების, მისი უცნაური ცვალებადი ანატომიის და კიდევ უფრო უცნაური როლის შესახებ, რომელსაც ის სხვადასხვა ეპოქაში ასრულებდა.

Stuart Isacoff „A Natural History of the Piano: The Instrument, the Music, the Musicians–from Mozart to Modern Jazz and Everything in Between“
Стюарт Исакофф „Громкая история фортепиано“

„რეტრომანია: პოპკულტურა საკუთარი წარსულის ტყვეობაში“

ბრიტანელმა ბლოგერმა, უპოპულარულესმა მუსიკის კრიტიკოსმა და მოდური ტერმინის „პოსტროკის“ ავტორმა საიმონ რეინოლდსმა დაწერა (2015) გამორჩეულად გონებამახვილური წიგნი „Retromania: Pop Culture’s Addiction to Its Own Past“ („რეტრომანია: პოპკულტურა საკუთარი წარსულის ტყვეობაში“).

წიგნი იმის შესახებაა, რომ თანამედროვე პოპკულტურა მთელი თავისი გარეგნული დინამიკურობის ფონზე სინამდვილეში მუდმივად წარსულს უყურებს: ფილმია – ან სიქველია ან რიმეიქი, ალბომია – ან ტრიბუტია, ან რემიქსი.

„რეტრომანიაში“ ლაპარაკი არ არის მხოლოდ დღევანდელ მუსიკაზე, თუმცა დიდწილად მასზეა – უამრავი ცოცხალი მაგალითით, ჭორით, ანეკდოტით და იმავდრულად, შესანიშნავი პარადოქსული მოსაზრებებით იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდა და საით მიდის ბგერის თანამედროვე ხელოვნება.

Simon Reynolds „Retromania: Pop Culture’s Addiction to Its Own Past“
Саймон Рейнольдс „Ретромания. Поп-культура в плену собственного прошлого“

პორტრეტები ჯაზში

ჰარუკი მურაკამის პროზას ხშირად ადარებენ ჯაზს და ეს შემთხვევითი არ არის. ჯაზის სერიოზული მცოდნე და შემფასებელი ახალგაზრდობაში ჯაზის კაფეში მუშაობდა, დღეს კი მისი ვინილების კოლექცია ჯაზის ჩანაწერებით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„პორტრეტები ჯაზში“ არის არაიმდენად მუსიკოსებზე, რამდენადაც იმის შესახებ, თუ როგორ აისახა მათი შემოქმედება თავად მურკამიზე. როგორც ყოველთვის, ავტორი აქაც ჩაფიქრებული, პოეტური და ადგილებში ძალიან ზუსტია.

Haruki Murakami „Portrait in Jazz“
Харуки Мураками „Джазовые портреты“

„დროის ხმაური“

ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის ბიოგრაფიული წიგნი „დროის ხმაური“,  რუსი კომპოზიტორის, დიმიტრი შოსტაკოვიჩის შესახებაა.

ინგლისელებისთვის ეს არის წიგნი აბსტრაქტული ხელოვანის შესახებ, რომელიც ცუდ დროში ცხოვრობდა, რუსებისთვის – რომანი მათი მშობლიური შოსტაკოვიჩის შესახებ მათთვის ჯოჯოხეთურ ХХ საუკუნეში, ქართველისთვის – წიგნი ხელოვანის შესახებ, რომლის ბედიც ბევრმა მისმა თანამემამულემ გაიზიარა, გამოსცადა რა საკუთარ თავზე საბჭოთა ტოტალიტარიზმის ჯოჯოხეთი.

ჯულიან ბარნსის „დროის ხმაური“ არა იმდენად რომანია, რამდენადაც ძალიან პირადული, თითქმის ინტიმური ესსე და სარისკო, მაგრამ წარმატებული მცდელობა ინგლისელი მწერლის ბარნსის გარდაქმნისა რუს მუსიკოს და კომპოზიტორ შოსტაკოვიჩად. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში ამბავს მესამე პირისგან (ავტორისაგან) ვისმენთ, მკითხველი მომენტალურად აღწევს შოსტაკოვიჩის ტყავში და წყვეტს იმის გარჩევას, თუ სად გადის ზღვარი მას, ავტორს და მთავარ გმირს, ასევე რეალობას და მხატვრულ ფანტაზიას შორის.

რომანი სამ თანაბრად სტატიკურ, მაგრამ დროში გაბნეულ ნაწილად იყოფა. პირველში შოსტაკოვიჩი ფიქრობს საკუთარ თავსა და სამყაროზე, დგას რა 1937 წელს კიბის საფეხურზე ლიფტთან, ჩემოდნით ხელში და ელოდება დაპატიმრებას. მეორე ნაწილში, მოქმედება ხდება 1948 წელს, შოსტაკოვიჩი სახლში ბრუნდება თვითმფრინავით ნიუ-იორკიდან, კულტურის მსოფლიო კონგრესიდან, რომელზეც მას მოუწია საჯაროდ და სამარცხვინოდ გამიჯვნოდა თავის დიდ თანამედროვეს, კომპოზიტორ სტრავინსკის და ბოლოს, მესამე ნაწილი ეძღვნება შოსტაკოვიჩის სიბერეს ხრიუშჩოვის და ბრეჟნევის მმართველობის შედარებით „ვეგეტარიანულ“ პერიოდში: კომპოზიტორი ზის პერსონალურ ავტომობილში და განაგრძობს თავისი ცხოვრების გაანალიზებას. პირველი ნაწილის ლეიტმოტივია – შიში, მეორესი – სირცხვილი, მესამესი – საშინელი სინანული და სევდა.

„დროის ხმაური“ – ნამდვილი ოაზისია ფილოლოგებისათვის (კომპოზიცია, ორი- ან სამდონიანი ციტატები, ჭკვიანური და აკურატული თამაში ტექსტის სტრუქტურასთან; თხრობის სტატიკურობას დაპირისპირებული მოძრავი დეკორაციები – ლიფტი, თვითმფრინავი, მანქანა) და მელომანებისთვის (ტექსტის ატონურ და რთულ რიტმს პირდაპირ მივყავართ შოსტაკოვიჩის სიმფონიებთან – ის მათ რიტმს სიტყვით იმეორებს).

თუმცა ალბათ მთავარი, რითაც ჯულიან ბარნსის წიგნი ძალიან ძვირფასია დღეს და ახლა – ესაა მისი წარმოუდგენელი აქტუალურობა. როგორ ესადაგება ერთმანეთს ადამიანური და მხატვრული სიმართლე და გადის თუ არა მათ შორის ზღვარი? რა ფასის გადახდა შეუძლია ადამიანს საკუთარი თავის და ახლობლების კომფორტისთვის? აქვს თუ არა ირონიას ეთიკური გამართლება? შეიძლება თუ არა ლექსის, მუსიკის და საერთოდ რაიმეს წერა ქვეყანაში, სადაც ყველაფერი თავდაყირაა? ან სულაც, შეიძლება კი ცხოვრება ასეთ ქვეყანაში?
___

ჯულიან ბარნსი „დროის ხმაური“
Julian Barnes „The Noise of Time“
Джулиан Барнс „Шум времени“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^