Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ამომწურავი წიგნი მოდის შესახებ და იდეალური საკითხავი ზაფხულის მიწურულისათვის

31 ივლისი 2021
იმისთვის რომ კარგი საკითხავი გირჩიოთ, განსაკუთრებული მიზეზი არ გვჭირდება. არ ველოდებით, მაგალითად, საინფორმაციო საბაბს, როგორც ამას ტრადიციული მედიები აკეთებენ. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი კარგი წიგნის გაზიარება ყოველთვის დროულია, მით უფრო თუ მისი არსებობის შესახებ მკითხველმა შესაძლოა არ იცოდეს. ასეთად მივიჩნიეთ დღეს ნორვეგიელი ჟურნალისტის წიგნი „დრეს კოდი: შიშველი სიმართლე მოდის შესახებ“.

საქართველოში მოდა ერთგვარ მსუბუქ და უმნიშვნელო თემად აღიქმება, მოდით დაინტერესებულები კი - არასერიოზულ და ზედაპირულ ადამიანებად. ნორვეგიელი ჟურნალისტის და მკვლევრის, მარი გრინდე არნტცენის საოცრად საინტერესო წიგნი „Dress Code: The Naked Truth About Fashion“, სრულად გაგათავისუფლებთ მსგავსი სნობური განცდისაგან. არნტცენის ნაამბობი ცხადად დაგანახებთ, რომ სწორედ მოდა და მოდის ინდუსტრიაა ის ადგილი, სადაც თავს იყრის ბოლო ათწლეულების ყველა ყველაზე აქტუალური საზოგადოებრივი და კულტურული ტენდენცია.

მოდა, როგორც სხვებისაგან გამორჩევის, ასევე სხვებთან დამსგავსების ხელოვნება; როგორც ერთ-ერთი ყველაზე დამუშავებული და სრულყოფილი სისტემა და იმავდროულად, მძლავრი, მოცულობით მეხუთე ინდუსტრია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს მოდის ცნობილ სახლებს, „მას-მარკეტის“ ტანსაცმლის მწარმოებლებს, სტილისტების, მომხმარებლებისა და მოდის მიმომხილველთა მთელ არმიას; მოდა, როგორც ეკოლოგიური პრობლემების წყარო და როგორც ჩვენი ირაციონალური, თითქმის ფიზიოლოგიური ლტოლვის შედეგი სილამაზისადმი... 
ერთი სიტყვით, ავტორი მოდას განიხილავს ყველა შესაძლო რაკურსიდან - ეკონომიკურიდან ეთიკურამდე და მის შესახებ წერს ისეთი მომნუსხველობით (ადგილებში აფორიზმული სიგესლითაც კი) რომ შეუძლებელია საკითხავს მოწყდე და რაც მთავარია, დაგრჩეს ოდნავი ეჭვი მაინც, რომ მოდა - არასერიოზულია.

ფრაგმენტი: „ისტორიულად, თავსაბურავიანი (კაპიუშონი) ზედატანი, აფროამერიკელების ქუჩის სუბკულტურის ნაწილია. იმავდროულად, კულტურის ისტორიაში დამკვიდრდა ტრადიცია, რომ ავისმომასწავებელ, საშიშ სახეებს სწორედ ასეთი თავსაბურავებით გამოსახავდნენ. მაგალითად, სიკვდილს ხშირად ხატავენ გრძელ თავსაბურიან ლაბადებში... ჰარი პოტერის შესახებ წიგნებშიც სასტიკი დემენტორები თავსაბურავიანი მოსასხამებით ჩნდებიან. თეთრი კაპიუშონი - კუ-კლუს-კლანის სიმბოლოა. (...) თუმცა, კაპიუშონი ყოველთვის არ არის ბოროტების ატრიბუტი. ის თითქოს სპეციალურად შეიქმნა მოზარდებისათვის, რომლებიც ცხოვრების რთულ ეტაპს გადიან. და თავსაბურავი აქ ერთდროულად ორ ფუნქციას ასრულებს: ერთი მხრივ, ის გამოარჩევს მათ ობივატელური გარემოდან და მეორე მხრივ,  აერთიანებს მათ ერთ საერთო ჯგუფში, რომელთანაც თავს აიგივებენ. თავსაბურავი მათ თითქოს იცავს. სწორედ ასე ხდება, რომ ისეთი წვრილმანი, როგორიც თავსაბურავია, გადაიქცევა ხოლმე დიადი იდეების მატარებლად“.

ნორვეგიულის გარდა, წიგნი ხელმისაწვდომია ინგლისურ და რუსულ ენებზე:   

Mari Grinde Arntzen „Dress Code: The Naked Truth About Fashion“
Мари Гринде Арнтцен „Дресс-код: Голая правда о моде“

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^