სტატია საინტერესოც არის და აქტუალურიც, მათ შორის საქართველოსთვისაც, სადაც ამ ფერის ტუჩის საცხი ბოლო წლებში აშკარად იმაზე მოდური და მასობრივი მოხმარების გახდა, ვიდრე ოდესმე იყო, თანაც იმდენად, რომ სოცქსელში ქალი მომხმარებლები მუდმივად ჩივიან: ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც პანდემიამდელ ეპოქას მივტირით, ტუჩის წითელი საცხია, რომელსაც ამ დაწყევლილი ნიღბების გამო ვეღარ ვიყენებთო.
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს კლინგერის სტატიიდან, რომელშიც თემით დაინტერესებული ადამიანი, დამატებით საკითხავსაც (ერთ ესეს და ერთ წიგნს) აღმოაჩენს:
„შეღებილ ტუჩს ხშირად ადიდებენ, როგორც მაცდუნებლობის სიმბოლოს. მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ ქალები წითელი ტუჩის საცხით, თანამოსაუბრის ყურადღებას მთელი 7,3 წამით მეტხანს იპყრობენ, ვიდრე ქალები მაკიაჟის გარეშე“.
„ადამიანები ტუჩებს 5 ათას წელზე მეტია რაც იღებავენ. ამას ადასტურებს გათხრები შუმერულ ქალაქ ურში. იქ სამეფო სამარხებში, რომლებიც ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 3500 წლითაა დათარიღებული, ნაპოვნია ერთგვარი ტუჩის პასტა, რომელიც შედგება ტყვიის თეთრასა და დანაყილი წითელი ქვებისაგან. ასირიელებისაგან ეს ტენდენცია გავრცელდა ეგვიპტეზეც, სადაც ტუჩებს ქალებიც იღებავდნენ და კაცებიც; ოღონდ ამის ფუფუნება მხოლოდ შეძლებულ ადამიანებს ჰქონდათ. წითლის გარდა პოპულარული იყო ვარდისფერი, ნარინჯისფერი და მოცისფრო-შავი ფერები. დაახლოებით კლეოპატრას პერიოდში, ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 100 ათასი დანაყილი მწერის, მუხლუხასაგან, 50 გრამი კაშკაშა წითელი საღებავის დამზადება შეიძლებოდა“.
„საბერძნეთში ჩვენ წელთ აღრიცხვამდე დაახლოებით 500 წლისთვის ტუჩებს მხოლოდ ჰეტერები იღებავდნენ; მეტიც, ჰეტერა რომ მაკიაჟის გარეშე გამოეჭირათ, ტყუილისთვის შეიძლება დაესაჯათ კიდეც - ფერმკრთალი ტუჩებით ის თავს კეთილშობილ ქალად ასაღებდა. ასე იქცა წითელი ფერი სოციალური აკრძალვის სიმბოლოდ, - წერს სარა შაფერი თავის ესეში ტუჩის საცხის როლის შესახებ ისტორიაში. დაახლოებით 200 წლის შემდეგ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა: წითელი ტუჩი ფუფუნებად მიიჩნიეს. მაგალითად, გადმოცემით ცნობილია, რომ იმპერატორ ნერონის მეორე ცოლ პოპეა საბინას ძველ რომში სტილისტებად 100 მონა ჰყავდა დაქირავებული“.
„დახატული ქალი ეშმაკის განსახიერებაა, ის ხომ ღმერთისგან ბოძებულ სახეს იცვლის, - ამბობდნენ შუა საუკუნეების ინგლისში. დედოფალი ელისაბედ I ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ერთგვარი ტუჩის საცხის გამოყენება დაიწყო გაპუდრულ სახესთან კონტრასტისათვის. 1770 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომლის თანახმად, ქორწინება ანულირდებოდა თუ კაცს ქალი წითელი ტუჩებით შეაცდენდა, რადგან ეს ჯადოქრობად მიიჩნეოდა“.
„მეოცე საუკუნის დასაწყისში წითელი ტუჩის საცხი ქალური ამბოხის სიმბოლოდ იქცა. ნიუიორკელი სუფრაჟისტები საჯაროდ იღებავდნენ ტუჩებს საპროტესტო მარშის დროს 1912 წელს, - წერს რეიჩელ ფელდერი წიგნში „წითელი ტუჩის საცხი““.
„წითელმა ტუჩმა თავისი როლი შეასრულა ასევე გერმანულ ფაშიზმთან ბრძოლისას. ნაციონალ-სოციალიზმის იდეოლოგიაში ქალი მაქსიმალურად „ბუნებრივი“ უნდა ყოფილიყო, ამიტომ ინგლისელი და ამერიკელი ქალები სპეციალურად იყენებდნენ ტუჩის საცხს, რომელსაც ერქვა „Victory Red“ („გამარჯვების წითელი“) ან „Patriot Red“ („პატრიოტული წითელი“). ამ სიმბოლიკას აშშ-ის მთავრობაც მიესალმებოდა და 1941 წელს ელისაბედ არდენს დაავალა შეექმნა წითელი ტუჩის საცხი, რომელიც სამხედრო მოსამსახურე ქალების ფორმას მოუხდებოდა“.
„წლების შემდეგაც, წითელ ტუჩებს პროვოცირება შეუძლია: დრეგ-ქუინები გენდერულ იდენტობას ეთამაშებიან, ეგრეთ წოდებული „ტუჩსაცხიანი ლესბოსელები“ კი შეგნებულად ხაზს უსვამენ თავიანთ ქალურობას, რომელიც კაცის სურვილს არ ეფუძნება. ამიტომ წითელი ტუჩები, მიუხედავად ნიღბებისა და გაყიდვების შემცირებული მაჩვენებლებისა, დღემდე იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ვიღაცის კოცნაზე გამოწვევა“.