Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ესე სნობიზმის შესახებ

18 აგვისტო 2021
ებრაული წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა არტურ კესტლერმა (1905—1983) „ესე სნობიზმის შესახებ“ გასული საუკუნის 1940-იან წლებში დაწერა. ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე გულმოდგინე მცდელობაა ისეთი რთული სოციალური მოვლენის შესწავლისა, როგორიც სნობიზმია. ტექსტის გამოქვეყნებიდან მრავალი წელი გავიდა, მაგრამ მისი შინაარსი არათუ მოძველდა, არამედ იმაზე ბევრად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. გთავაზობთ თარგმანს მცირედი შემოკლებით.

სნობიზმის შესახებ სერიოზული ესეს შექმნა, ისეთივე ფუჭი საქმეა, როგორც იუმორის შესახებ წერა (საკუთარი გამოცდილებით ვამბობ). თუმცა, ეს თემა მრავალი წლის განმავლობაში მიტაცებდა (უფრო ზუსტად, კი მას შემდეგ რაც ინგლისში გადმოვსახლდი) და ნელ-ნელა დავრწმუნდი, რომ სნობიზმი - ეს არის არა უბრალოდ სულელური ადამიანური სისუსტე, არამედ თანამედროვე ადამიანის აზროვნების ქვაკუთხედი, სიმპტომი, რომელიც ასახავს, თუ როგორი დაავადებულია თანამედროვე ცივილიზაცია, როგორ თავდაყირა დგას მასში სოციალური და კულტურული ფასეულობები.

თავდაპირველად გიამბობთ სნობიზმის შესახებ კულტურაში, შემდეგ კი - საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

1.

ვეიმარის რესპუბლიკის პერიოდში, ბერლინში ერთ ახალგაზრდა ქალს ვიცნობდი, რომელიც მემარცხენე გამოცემაში მუშაობდა. მერი ბი. ლამაზიც იყო და ჭკვიანიც, მაგრამ გარყვნილის რეპუტაცია ჰქონდა. ცნობილი ხუმრობა იყო, რომ მერის ეძინა გამომცემლობის ყველა ავტორთან, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, ვისი წიგნების ტირაჟიც 20 ათასს აჭარბებდა. რადგან მე ჯერ ერთი წიგნიც არ მქონდა დაწერილი, მერისთან შანსი არ მქონდა, მაგრამ ვმეგობრობდით და ერთ დღესაც ვკითხე - ეს ჭორები სიმართლე იყო თუ არა. მერიმ  აბსოლუტური სერიოზულობით მიპასუხა, რომ პრინციპში, ყველაფერი სიმართლეა და შემდეგ ამიხსნა მიზეზი იმისა, რაც ლიტერატურული სნობიზმის უკიდურესი გამოვლინებაა. 

მერის მშობლები, აღმოსავლეთპრუსიელი წვრილი დიდგვაროვნები იყვნენ. ისინი შვილს ლუთერანული ტრადიციის თანახმად, მკაცრად ზრდიდნენ. 20 წლისა მერი სახლიდან გაიქცა, რომ „საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა“. მას რამდენიმე ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა, მაგრამ მათთან ეროტიკულ სიამოვნებას ვერ იღებდა - ცოდვის მძაფრი განცდა უშლიდა ხელს. 21 წლისა ის შეაცდინა ცნობილმა მწერალმა, რომელიც მას ფიზიკურად არანაირად იზიდავდა, მაგრამ მოულოდნელად, სწორედ მასთან განიცადა სიამოვნება ყოველგვარი დანაშაულის გრძნობის გარეშე. სწორედ ამ ინციდენტიდან იღებს სათავეს მისი „მრავალტირაჟიანობის“ კომპლექსი. 

მერიმ თავად მოუძებნა ამას ახსნა, რამაც მის პირქუშ მამასთან წარმოსახვითი დიალოგის ფორმა მიიღო: „მამა, დაფიქრდი. როგორ შეიძლება ცნობილ ადამიანთან რომანი იყოს უზნეო, როდესაც ამ დროს ლოგინში თავად ისტორიას უწვები. ვის მოუვა აზრად მარია ვალევსკაიას გაკიცხვა იმისთვის რომ ნაპოლეონს დანებდა? ცნობილ ადამიანთან ჩადენილი ნებისმიერი ცოდვა გამოსყიდულია იმით, რომ ის ისტორიულ ანეკდოტად გადაიქცევა“.

მერი საკუთარ კომპლექსს ემსხვერპლა. ის გაზეთ „პრავდას“ ერთ დროს ცნობილი, შეუხედავი კორესპონდენტის, მიხეილ კოლცოვის საყვარელი გახდა, რომელსაც არა თუ ოცი ათასი, არამედ 2 მილიონი მკითხველი ჰყავდა და მასთან ერთად გაქრა 1938 წლის რეპრესიების დროს საბჭოთა კავშირში. მერის ისევ დავუბრუნდები, რადგან, მიმაჩნია, რომ მისი შემთხვევა დაგვეხმარება გავერკვეთ სნობიზმის ფსიქოლოგიის ყველაზე შავ-ბნელ საკითხებში.     

2.

ერთ ჩემს მეგობარს, პირობითი სახელით ბრენდა, თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე აჩუქა თანამედროვე, უბრალო ჩარჩოში ჩასმული პიკასოს ნახატი. ეს იყო მხატვრის „კლასიკური“ პერიოდის შესანიშნავი, ტიპური ნიმუში: ბერძენ ყმაწვილს ხელით მოჰყავს გოგონა; და მიუხედავად იმისა, რომ ორი ფიგურის კონტური იმდენად შერწყმული იყო, რომ სიამის ტყუპებივით ერთ მთლიან გამოსახულებას ქმნიდნენ, ნამუშევარი სასიამოვნო, ჰარმონიულ შთაბეჭდილებას ქმნიდა. ნახატი ლითოგრაფიას ჰგავდა, მაგრამ იმის გამო, რომ სერიული ნომერი არ გააჩნდა, იმედგაცრუებულმა ბრენდამ გადაწყვიტა, რომ ის რეპროდუქციაა და კიბის თავზე დაკიდა. მაგრამ, როდესაც ორ კვირაში ბრენდა ისევ მოვინახულე, სურათი უკვე სასტუმრო ოთახის ცენტრში, ბუხრის თავზე ეკიდა. „ვხედავ, პიკასოს ასლი დაწინაურდა“, - ვუთხარი მე. „ასლი კი არა, ორიგინალი!“, - წამოიძახა მან აღშფოთებით. „რა ლამაზია, არა? შეხედე ხაზს გოგოს თეძოს გასწვრივ...“ და ასე შემდეგ.  

დიახ, ის ორიგინალი იყო. უბრალოდ, ერთგულ, მაგრამ თავმდაბალ თაყვანისმცემელს  მოერიდა მისი ფასის ხაზგასმა და საჩუქრის გადაცემისას რაღაც გაუგებრად ჩაიბუტბუტა. ხოლო, რადგან ნახატი არაფრისგან შედგებოდა, გარდა თეთრ ფონზე დატანილი შავი კონტურისა, ორიგინალი რომ ლითოგრაფიის ან რეპროდუქციისგან გაგერჩია, ექსპერტი  უნდა ყოფილიყავი, ან სულ ცოტა - კარგი გამადიდებლით აღჭურვილი. ვერც ბრენდა და ვერც მისი სტუმრები ამ სხვაობას ვერ შეამჩნევდნენ. სამაგიეროდ, ისინი, ისევე როგორც ყველა ჩვენგანი, დარწმუნებულები არიან, რომ ორიგინალი გამოსაჩენ ადგილას უნდა ეკიდოს, ხოლო რეპროდუქცია, უკეთეს შემთხვევაში - კიბის თავზე.   

ახლა მე შევეცდები, ამ ერთი შეხედვით, ბუნებრივი რეაქციის არსი, დეტალურად გავაანალიზო. ორიგინალი, რა თქმა უნდა, ასლზე ბევრად ძვირია; მაგრამ ჩვენ ალბათ შეურაცხგვყოფდა ეჭვი, რომ სურათს ფასის მიხედვით ვარჩევთ, რადგან გვგონია, რომ მხოლოდ მშვენიერების განცდა გვამოძრავებს. შემდეგ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასლების მიმართ ჩვენ ამრეზს  იწვევს მათი დაბალი ხარისხი, ან ვიქტორიანული რეპროდუქციების უსახურობა. მაგრამ თანამედროვე ბეჭდური ტექნოლოგიები მართლაც სასწაულებს ახდენს, და განიმედის ზოგიერთი აკვარელის რეპროდუქციას ორიგინალისგან ვერ გაარჩევ. როდესაც საქმე ნახატს ეხება, ესთეტიკურად ასლი ორიგინალისგან არაფრით განსხვავდება. 

მაგრამ ორიგინალის ასლთან გათანაბრებაც რომ არ გვინდა? საკუთარ თავთან იმის აღიარებას, რომ ესა თუ ის ასლი სილამაზით ორიგინალს არ ჩამოუვარდება, გარკვეული სიმამაცე სჭირდება. ჩვენ ვცხოვრობთ მასობრივი წარმოების ეპოქაში; მასობრივად წარმოებული ავეჯის და სერიული სახლების შემდეგ, ჩვენ გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ პიერო დელა ფრანჩესკას ნამუშევრებიც სერიულად იბეჭდება. მაგრამ, იმავდროულად, საერთოდ არ გვაღიზიანებს ვინილების მასობრივი წარმოება; არ ვაპროტესტებთ არც წიგნების მრავალმილიონიან ტირაჟებს, არადა ისინიც ხომ „ასლების“ კატეგორიას განეკუთვნება. რატომ შეგვიძლია სახლში მეორეხარისხოვანი ორიგინალის ჩამოკიდება (ოდნავ ცუდის თუ კარგის, ფასის მიხედვით) და შედევრის შესანიშნავი ასლის - არა? არჩევანი რომ გქონდეთ, რიგითი პოეტის ხელნაწერსა და შექსპირის ბეჭდურ გამოცემას შორის, ხომ შექსპირს წაიკითხავთ?

აი აქ კი ლოგიკა ჩიხში ექცევა. მოდით, მოვუსმინოთ ბრენდას, რომელიც თავის ქცევას ასე გვიხსნის:    

ბრენდა: არ მესმის ასეთი ამბავი რატომ ატყდა. რა თქმა უნდა, როდესაც გავიგე, რომ ეს თავად პიკასოს დახატული იყო, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა. და რა შუაშია აქ სნობიზმი? უბრალოდ, მანამდე არავინ მითხრა.  

კესტლერი: კარგი, შენი დამოკიდებულება ნახატის მიმართ შეიცვალა, მაგრამ ნახატი ხომ არ შეცვლილა?

. არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა მე მას სულ სხვა თვალით ვუყურებ.

. ძალიან მაინტერესებს, რაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ნახატის შენეული ხედვა.

. რა თქმა უნდა, მის ხარისხზე.

. და მისი ხარისხი რა არის?

. როგორი პედანტი ხარ! ფერი, კომპოზიცია, პროპორცია, ეს ჰარმონია, გამომხატველობა და სხვა.

. ანუ, სურათის შეფასებისას, შენთვის მთავარი სუფთა ესთეტიკური კრიტერიუმებია, რომლებიც ჩამოთვალე?

. რა თქმა უნდა.

. მაგრამ თუკი არც სურათი და არც მისი ხარისხი არ შეცვლილა, შენი დამოკიდებულება რატომ შეიცვალა?

. ვთქვი უკვე რატომაც, რა სულელი ხარ! ბუნებრივია, ახლა, როდესაც ვიცი, რომ ეს არა უბრალოდ ასლია, რომელიც მილიონობით არსებობს, არამედ თავად პიკასოს ნამუშევარი, ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა. რა არის გაუგებარი?      

. დიახ, გაუგებარია; საკუთარ თავს ეწინააღმდეგები. არც მისი უნიკალურობით და არც შენი ინფორმირებულობით მისი წარმომავლობის შესახებ, საგნის თვისებები არ იცვლება და შესაბამისად, არ უნდა მოქმედებდეს მის მიმართ შენ დამოკიდებულებაზე, რომელიც, როგორც ამბობ, სუფთა ესთეტიკურ კრიტერიუმებს ეფუძნება. მაგრამ ასე არ არის. შენ დამოკიდებულებას ის კი არ განსაზღვრავს რასაც ხედავ, არამედ აბსოლუტურად შემთხვევით მიღებული ინფორმაცია, რომელიც თანაბრად შეიძლება აღმოჩნდეს სიმართლეც და ტყუილიც. გარდა იმისა, რომ ის არსებითად უმნიშვნელოა.  

რას ნიშნავს „შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს“? რისი თქმა გინდა, რომ ჩემი პიკასო ყალბია? როგორ ბედავ იმის თქმას, რომ მისი ავტორობა „არსებითად უმნიშვნელოა“?

და ასე დაუსრულებლად. არადა ბრენდა უჭკუო სულაც არ არის; მას უბრალოდ შეცდომით მიაჩნია, რომ მის დამოკიდებულებას საგნის მიმართ მხოლოდ ესთეტიკა განსაზღვრავს, მაშინ როდესაც სულ სხვა ფაქტორები მუშაობს. ის ვერაფრით ივიწყებს სურათის წარმომავლობას. რადგან ამ წარმომავლობის, მისი ავტორის ან საგნის ნამდვილობის ცოდნა, რომელიც არანაირად უკავშირდება მის ესთეტიკურ ღირებულებას, იმდენად შეზრდილია ჩვენს ცნობიერებაში მის შეფასებასთან, რომ ვერაფრით ვმიჯნავთ მათ. ანუ ბრენდას, თავისდაუნებურად ერთმანეთში ერევა ფასეულობათა ორი აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა. 

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბრენდა - სნობია? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მივჩნევთ სნობობად და ბოლოს მის განსაზღვრებამდეც მივალთ. მაგრამ მანამდე სნობიზმის არსის დასახასიათებლად ამ სამუშაო ჰიპოთეზას გთავაზობთ: ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ხდება ფასეულობათა სისტემის უნებლიე აღრევა. ბრენდა არ იქნებოდა სნობი ასე რომ ეთქვა: „ეს ასლი ორიგინალს სილამაზით არ ჩამოუვარდება. მაგრამ მაინც, გარკვეული მიზეზების გამო, რასაც არანაირი კავშირი სილამაზესთან არ აქვს, ორიგინალი უფრო მომწონს“. მაგრამ ბრენდა გაუცნობიერებელი სნობია, რადგან თავისი განცდის ორ შემადგენელს ვერ მიჯნავს: არ შეუძლია არც გარე კონტექსტისგან გათავისუფლება, რომელიც მის ესთეტიკურ განსჯას მიკერძოებულს ხდის, არც თავისი მიკერძოებულობის გაცნობიერება.              

მესმის, რომ პედანტივით ვმსჯელობ, ვამტკიცებ რა იმას, რომ ორჯერ ორი ოთხია. მაგრამ თუკი სხვა, მაგრამ მაინც მსგავს მაგალითს განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ცხადი სულაც არ არის. 

3.

1948 წელს, გერმანელმა მხატვარმა დიტრიხ ფაიმ, რომელიც ლიუბეკში წმინდა მარიას სახელობის ძველ ეკლესიას აღადგენდა, განაცხადა, რომ ბათქაშის ფენის ქვეშ, მან და მისმა ხელქვეითებმა XIII საკუნის გოთიკური ფრესკების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ფრესკების აღდგენა დაევალა ფაის თანაშემწე ლოტარ მალსკატს, რომელმაც მუშაობა ორი წლის შემდეგ დაასრულა. 1950 წელს სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე კანცლერმა ადენაუერმა ევროპის ყველა კუთხიდან ჩასული უამრავი ხელოვნებათმცოდნის თანდასწრებით განაცხდა, რომ ექსპერტების ერთსულოვანი მოსაზრებით, ოცდაერთი წმინდანის XIII საუკუნის გამოსახულება არის „დაკარგული შედევრების გასაოცარი აღმოჩენა და ფასდაუდებელი საგანძური“.              

არც მაშინ და არც მოგვიანებით, არცერთ მცოდნეს ფრესკების ნამდვილობაში ეჭვი არ შეჰპარვია. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, სიყალბე თავად მალსკატმა აღიარა. ის საკუთარი ნებით მივიდა ლიუბეკის პოლიციის განყოფილებაში და პოლიციელებს უამბო, რომ აბსოლუტურად ყველა ფრესკა პირადად მან გააყალბა თავისი უფროსის, ფაის ბრძანებით, და საქმის გამოძიება მოითხოვა. თუმცა, წამყვანი გერმანელი ხელოვნებათმცოდნეები ჯიუტად ამტკიცებდნენ: არ არის და არც შეიძლება არსებობდეს ეჭვი ფრესკების ნამდვილობასთან დაკავშირებით, რომ მალსკატი უბრალოდ იაფფასიან პოპულარობას ეძებს. მთავრობამ საგამოძიებო კომისია შექმნა, რომელმაც დაასკვნა, რომ ეკლესიის მოხატულობის რესტავრაცია იყო ყალბი, თუმცა იმ დროისათვის მალსკატმა მოასწრო იმის აღიარებაც, რომ აყალბებდა და ყიდდა ასობით რემბრანდტს, ვატოს, ტულუზ-ლოტრეკს, პიკასოს, ანრი რუსოს, კოროს, შაგალს, ვლამინკს და სხვა დიდ მხატვრებს - რამდენიმე ასეთი ყალბი ნამუშევარი პოლიციამ ფაის სახლშიც აღმოაჩინა. რომ არა ეს სამხილები, გერმანელი ხელოვნებათმცოდნეები ალბათ ბოლომდე არ აღიარებდნენ რომ მოტყუვდნენ.      

რა თქმა უნდა, სპეციალისტები შესაძლოა შეცდნენ, მაგრამ მე სხვა რამის თქმა მინდა. მალსკატის შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდია ნამუშევრების წარმატებული გაყალბების სერიაში, რომელთა შორის, ყველაზე შთამბეჭდავია ალბათ, ვან მეგერენის მიერ დახატული ვერმეერის ტილოები.

და აი აქ ჩნდება კითხვა: ნუთუ ლიუბეკელი წმინდანების გამოსახულება ნაკლებად დიდებულია და აღარ არის „შედევრების ფასდაუდებელი საგანძური“ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მალსკატმა დახატა და არა სხვა მხატვარმა? მეტიც, თუკი მეგერენს ისევე კარგად შეუძლია ვერმეერის ხატვა, როგორც თავად ვერმეერს, რატომ უნდა მოიხსნას ის დანიის და სხვა ქვეყნების გალერეების კედლებიდან? თუკი ექსპერტებიც ვერ ხედავენ სხვობას, ესე იგი ყალბ ვერმეერსაც ისეთივე ესთეტიკური სიამოვნების მინიჭება შეუძლია მუზეუმის ვიზიტორებისთვის, როგორც ნამდვილს. ერთადერთი რისი შეცვლაც კურატორებს მოუწევთ, ესაა კატალოგში ვერმეერის გვარის ნაცვლად მეგერენის ჩაწერა.

ამ არგუმენტზე სხვადასხვა პასუხი არსებობს, მაგრამ მათ განხილვამდე, ჯერ ბოლომდე შევასრულებ ეშმაკის ადვოკატის როლს. ავიღოთ სხვა გაყალბებული ნიმუშის მაგალითი სხვა სფეროდან - მაკფერსონის „ოსიანა“. ეს ისტორია იმდენად ცნობილია, რომ მხოლოდ გაკვრით გაგახსენებთ. შოტლანდიელმა პოეტმა და ავანტიურისტმა ჯეიმს მაკფერსონმა (1736-1796) ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადა, რომ შოტლანდიის მთებში ხეტიალისას უძველესი გელური ხელნაწერები იპოვა. ამ ცნობით აღფრთოვანებულმა შოტლანდიელმა ლიტერატორებმა მაკფერსონის აღმოჩენების მატერიალური მხარდაჭერისთვის კამპანია მოაწყვეს და 1761 წელს გამოქვეყნდა წიგნი სახელწოდებით „ფინგალი, ძველი ეპიკური პოემა ექვს წიგნად, ასევე ფინგალის შვილის, ოსიანის სხვა პოემები“ (ოსიანი - კელტების III საუკუნის ლეგენდარული გმირი და ბარდი). „ოსიანის“ გამოცემიდან მალევე გაჩნდა ოსიანის კიდევ უფრო მოცულობითი ეპოსი „ტემორა“ და შემდეგ კრებული სახლწოდებით „ოსიანის პოემები“. ინგლისელი მეცნიერები უმალ დაეჭვდნენ ტექსტების ნამდვილობაში, ეჭვი გამოთქვა სემუელ ჯონსონმაც (ამის გამო ის მაკფერსონმა დუელში გაიწვია), სიცოცხლის ბოლომდე, სხვადასხვა არადამაჯერებელი მიზეზით, კელტური ორიგინალების გამოქვეყნებაზე თავად მაკფერსონიც უარს ამბობდა. საუკუნის ბოლოს, ავტორობის საკითხი გაირკვა: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „ოსიანური“ ტექსტების უმრავლესობა დაწერა მაკფერსონმა, კელტური ფოლკლორის ელემენტების გამოყენებით.

და კვლავ ჩნდება კითხვა: ამცირებს თუ არა ამ ნაწარმოებების პოეტურ ღირებულებას ის ფაქტი, რომ ისინი არა ფინგალის შვილმა ოსიანმა, არამედ ჯეიმს მაკფერსონმა დაწერა? „ოსიანის“ ტექსტები უამრავ ენაზე ითარგმნა და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  XVIII საუკუნის ბოლოს და XIX  საუკუნის დასაწყისის ლიტერატურულ და კულტურულ კლიმატზე ევროპაში. აი როგორ აღწერს მაკფერსონის შემოქმედებას ბრიტანული ენციკლოპედია:

„მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა გამოიყენა უამრავი წყარო, და მისი ნამუშევარი კელტური ხელნაწერების ავთენტიკური არ არის, ის მაინც ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპულ, და უპირველეს ყოვლისა, გერმანულ რომანტიზმს... ჰერდერიც და გოეთეც მისი თაყვანისმცემლები იყვნენ“.          

ასეთი მაგალითი უამრავია. ყალბდება უძველესი ავეჯი, რომაული ქანდაკებები, ბერძნული ტერაკოტის სტატუები, იტალიური მადონები და ჩვენი შეფასება გამომდინარეობს არა ესთეტიკური სიამოვნებიდან, არა ჭვრეტით მონიჭებული სიხარულისაგან, არამედ ექსპერტების საეჭვო და ხშირად დაუსაბუთებელი მოსაზრებებიდან. ცნობილი მხატვრის საშულო დონის, მაგრამ დადასტურებულად ნამდვილი ტილო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ბევრად ძლიერი ნამუშევარი მისი „სკოლის“ უცნობი მოსწავლისა და ფასობს არა მხოლოდ ხელოვნებით მოვაჭრეებში, რომელთა მიზანიც მომგებიანი ინვესტიციაა, არამედ ყველა ჩვენგანში, რომელთა შორის მეც ვარ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველანი სნობები ვართ; რომ ჩვენთვის ექსპერტის დასკვნა და თარიღის დამადასტურებელი ბეჭედი ამ საგნის სილამაზეზე მნიშვნელოვანია? და რა ვუყოთ მაშინ შექსპირის და ბახის სადავო ნამუშევრებს? მათი დრამატული, პოეტური და მუსიკალური თვისებები, სპეციალისტებს და მეცნიერებს შორის დაუსრულებელ ტექნიკურ დავებზე უნდა იყოს დამოკიდებული?

4. 

ახლა დაცვის არგუმენტებს მოვიყვან. მათი თავმოყრა ერთ წინადადებაში შეიძლება: ლიტერატურის და ხელოვნების ნებისმიერი ნიმუშის ჩვენეული შეფასება არ არის უნიტარული აქტი, არამედ ორი დამოუკიდებელი და პარალელური პროცესის შედეგია, რომლებიც, ჩვეულებრივ, ერთმანეთს ამახინჯებენ. 

ამგვარად, ჩვენ უბრალოდ კი არ ვტკბებით ეგვიპტური ფრესკის სილამაზით, არამედ შეუცნობლად მივმართავთ გონებას შესაბამისი ეპოქის ფასეულობებისაკენ. პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რომ ეგვიპტელები პერსპექტივას მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებდნენ. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ფიგურის სიდიდე დამოკიდებული იყო ფრესკაზე გამოსახული ადამიანის საზოგადოებრივ სტატუსზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სურათს ორმაგ ჩარჩოში ვხედავთ: ნამდვილში, რომელიც გამოყოფს მას გარემოსაგან და ერთგვარად ქმნის მისთვის სივრცით ხვრელს; ასევე ქვეცნობიერ კონტექსტურ ჩარჩოში, რომელიც დროით ხვრელს ხსნის, და მისკენ მიმართულ ჩვენს გონებას ნახატი სხვა ეპოქასა და კულტურულ ატმოსფეროში გადააქვს. ყოველთვის, როდესაც საგანს ვაფასებთ, ჩვენი აზრით, ესთეტიკურად, რაც მხოლოდ გრძნობით აღქმას ეფუძნება, ის სინამდვილეში შეფარდებული გვაქვს ამ მეორე ჩარჩოსთანაც ანუ კონტექსტთან, მენტალურ ველთან.             

ფერწერული, ლიტერატურული ან მუსიკალური ნიმუშის სწორად შეფასებისათვის, აუცილებელია მათი ეპოქის გათვალისწინება, რასაც გაუცნობიერებლად ვაკეთებთ კიდეც და გულუბრყვილოდ გვჯერა, რომ აბსოლუტურ კრიტერიუმებს ვეყრდნობით, მაშინ როცა ვიყენებთ - ფარდობითს. ამგვარად, თუ ჩვენ თავდაპირველად ვტკბებით გაყალბებული ვერმეერით, ვფიქრობთ რა რომ ის ორიგინალია, ხოლო შემდეგ ვუყურებთ ტილოს, უკვე ვიცით რა, რომ ის ყალბია, ჩვენი ესთეტიკური განცდა საფუძველშივე იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ სურათი არ შეცვლილა: ის სხვა კონტექსტში ექცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სხვაგვარად ვხედავთ. იგივე ეხება ყალბი ნამუშევრის შემქნელსაც. მან შესაძლოა მიბაძოს XVIII საუკუნის ფლანდრიული სკოლის გამომსახველობით ხერხებს, მაგრამ ვერმეერის ზეშთაგონებით ვერ დახატავს: მას აქვს სივრცის განსხვავებული განცდა, სინამდვილის განსხვავებული აღქმა და მხოლოდ განსაკუთრებული ძალისხმევით თუ წაშლის მეხსიერებიდან ყველაფერს, რაც ფერწერაში ვერმეერის შემდეგ დაგროვდა. თუმცა, თუკი ის სასწაულის ძალით შეძლებს და სამყაროს XVIII საუკუნის ფლანდრიელის ან აღორძინების ეპოქის იტალიელების თვალით დაინახავს, მაშინ საკუთარი მყიდველების იმავე ტალღაზე გადასაყვანად, მასობრივი ჰიპნოზის გამოყენება დასჭირდება.      

ცოდნის და გამოცდილების დაგროვება - მიღწევადი ამოცანაა, მათი მოშორება კი - ბევრად რთული. თუკი პიკასო უგელებელყოფს პერსპექტივის კანონებს, ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით ძველეგვიპტელი ფერმწერისაგან, რომელმაც მათი შეცნობა ვერ შეძლო, პიკასომ გამომსახველობის ეს სტადია უკვე გადალახა. ევოლუცია - შეუქცევადი პროცესია; ამა თუ იმ ეპოქის კულტურამ შესაძლოა იაროს იმავე მიმართულებით, საითაც უფრო ადრეული კულტურა მიდიოდა, მაგრამ ის სპირალის ახალ ხვეულზე ვითარდება. თანამედროვე პრიმიტივი - ძველი პრიმიტივი არ არის და არც თანამედროვე კლასიციზმია კლასიციზმის ეპოქის კლასიციზმი, მხოლოდ შეშლილს შეუძლია საკუთარი წარსულის მოკვეთა.     

და მაინც, წარსულის ხელოვნების ჭვრეტისას, ჩვენ იძულებულნი ვართ ასეც მოვიქცეთ, რადგან განვლილის დავიწყების გარეშე ჩვენ ვერ შევიგრძნობთ სხვა ეპოქის მსოფლმხედველობასა და კულტურას. ნაწარმოების აღსაქმელად მისი სულისკვეთებით უნდა განიმსჭვალო, დაივიწყო თანამედროვე წარმოდგენები და ყველაფერი, რაც კაცობრიობამ ჰომეროსის ეპოსის და ბიზანტიური მოზაიკის შემდეგ ისწავლა. ჩვენი ამოცანაა - წარსულში დავბრუნდეთ, გავასუფთაოთ ტვინი თანამედროვე ცოდნისაგან, თუმცა „დაბრუნება“ ჩვენთვის, თუნდაც გაუცნობიერებლად, ნიშნავს „დაშვებას“. ჩვენ თვალს ვხუჭავთ ხერხების სიუხეშეზე, აღქმის გულუბრყვილობაზე, ცრურწმენების ძალმომრეობაზე, უმეცრებასა და აშკარა შეცდომებზე - ჩვენ ძველებს შეღავათს ვუკეთებთ. სიმართლე რომ ვთქვათ, კლასიკოსებით ჩვენ აღფრთოვანებას ყოველთვის გადაკრავს ლმობიერების ელფერი; და სიამოვნება, რასაც ჩვენ წარსულის ხმები გვანიჭებს, ნაწილობრივ, ნახევრად გაცნობიერებული ქედმაღლობის შედეგია: „წარმოგიდგენია, მათ ეს უკვე სცოდნიათ!“ ჩვენ თითქოს სპირალის ერთი ხვეულით ქვემოთ ვეშვებით და თრთოლვითა და აღტაცებით ვუყურებთ ქვემოდან ზემოთ დანტესმიერ საშინელ სამოთხეს და იმავდროულად, ზემოდან დავყურებთ მას ზრუნვით, როგორც ანტიკვარს.             

ეს გარდაუვალი ესთეტიკური გაორება გარდაიქმნება სნობიზმად - როდესაც კონტექსტი ნაწარმოებზე მნიშვნელოვანია, ხოლო წარსულის ზემოდან ქვემოთ ყურება - სილამაზეზე მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერს მივყავართ არასწორ შეფასებასთან: ჩვენ მკვდრებს დამსახურებულზე მეტად ვაფასებთ და დაუმსახურებლად არ ვაფასებთ ცოცხლებს; ჩვენ თაყვანს ვცემთ ყველაფერ „კლასიკურს“, „ანტიკურს“, „პრიმიტიულს“, ან უბრალოდ ძველ ნივთს. სწორედ ამ ტენდენციის გამო, მის უკიდურეს გამოვლინებაში, ადამიანები საგანგებოდ აძველებენ სურათის ჩარჩოებს და ბრჯენებს, და შესაბამისად სნობიზმის ამ სახეობას მე ვუწოდებდი „პატინირებულ“ სნობიზმს. 

შეფასებას ასე ამახინჯებს ჩვენთვის უკვე ცნობილი პროცესი: ფასეულოებების ერთგვარი სკალა პროეცირდება ფსიქოლოგიურად მსგავსს, მაგრამ ობიექტურად არაბუნებრივ გამოცდილებაზე; სნობიზმის არსი იმაშია, რომ საგნის გაზომვა არასწორი მოწყობილობით გვინდა: მის სილამაზეს თერმომეტრით ვზომავთ, ხოლო წონას - საათის საშუალებით. 

5.

ახლახან, ჩემი მეგობრის ცამეტი წლის ქალიშვილი გრინვიჩის მუზეუმში წაიყვანეს. როდესაც მას ჰკითხეს, ყველაზე მეტად რა მოეწონა, ბავშვმა ნელსონის მაისური დაასახელა. უფროსები გაოცდნენ და კითხვაზე, რა არის ამ მაისურში ასეთი კარგი, გოგონამ უპასუხა: „საოცრებაა! მაისური და ნამდვილი სისხლი ადამიანისა, რომელიც ასეთი სახელგანთქმულია!“  

ცხადია, რომ ბავშვის აღტაცება იმ აღფრთოვანების მსგავსია, რომელსაც სხვა ადამიანებში იწვევს ნაპოლეონის სამელნე, ეგვიპტური მუმიის თმის ბღუჯა, წმინდანის ნაწილები, რომლებსაც ყოველწლიური ჯვაროსნული მსვლელობისას ქუჩაში ატარებენ, თოკის ნაგლეჯი, რომელზეც ცნობილი ავაზაკი ჩამოახრჩეს, და სამრეცხაოს ქვითარი, რომელიც ტოლსტოისგან შემოგვრჩა. პრიმიტიული ტვინი რომელიმე ადამიანის კუთვნილ ნივთს აღიქვამს არა მხოლოდ როგორც სამახსოვროს. მისთვის ის რაღაც აუხსნელი გზებით პატრონის აურას იწოვს და შემდეგ ასეთივე მისტიკის წყალობით, უკან იფრქვევა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი უმრავლესობა განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს იმ ატმის ჩაკბეჩით, რომელიც სამეფო ოჯახთან ნათესაურ კავშირში მყოფი გრაფის ბაღში დამწიფდა“, - წერდა ახლახან „დეილი ექსპრესში“ ერთი ლონდონელი ფელეტონისტი.

ჩვენს ქვეცნობიერში ცხოვრობს პირველყოფილი მაგია: თმისნაწნავიანი მედალიონი, ბებიის საქორწილო კაბა, გაყვითლებული მარაო - პირველი მეჯლისის შესახებ მოგონება, ლეგიონის ალამი - ეს ყველაფერი ფეტიშებია, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვეტრფით. მოზარდი გოგოები, რომლებიც პოპ-ვარსკვლავის ტანისამოსს სუვენირებად გლეჯენ, იგივე მოვლენაა, რაც თავგამოდებული მრევლის თანამედროვე ნაირსახეობა, რომელიც წმინდანის ძვლებს ეთაყვანება. აღტაცება, რომელსაც ჩვენში აღვიძებენ ნამდვილი ხელნაწერები, ავეჯი ოსტატის იარლიყით, დიკენსის კალამი და კეპლერის ტელესკოპი - იმავე ქვეცნობიერი მიდრეკილების უფრო კეთილშობილი გამოვლინებაა. „საოცრებაა“, როგორც გოგონამ აღნიშნა, პრაქსიტელის ქანდაკების ფრაგმენტით ტკბობა და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის ადამიანის ფიგურას აღარ ჰგავს, ცხვირი კეთროვანისას უგავს და ყურები აქვს დალეწილი. ეს ყველაფერი უმნიშვნელოა: ოსტატის შეხებამ მას ამოუწურავი მაგიური ძალა შესძინა, რომელიც ასხივებს, გადმოდის ჩვენზე და ისეთივე თრთოლვას იწვევს ჩვენში, როგორსაც ნელსონის სისხლი და მისი პირადი მაისური.   

როდესაც უცბად ირკვევა, რომ ტილოს დაბზარული და ჩაშავებული ნაჭერი მართლაც X-მა დახატა, ჩვენი დამოკიდებულება სურათის მიმართ იცვლება და იზრდება მისი ფასი, მაგრამ ეს დაკავშირებულია არა მის სილამაზესთან, ან შესანიშნავის ჩვენეულ აღქმასთან, არაფერ მსგავსთან, არამედ მხოლოდ ჰიპნოზის მაგიასთან (გავიხსენოთ ბრენდა და მისი პიკასო). მნიშვნელობა, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ ორიგინალს ისეთ მომენტებში, როდესაც ნამდვილსა და ყალბს შორის სხვაობის დანახვა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია, - პირველყოფილი ფეტიშიზმია და მეტი არაფერი. ხოლო თავად ასეთი მომენტები, და ამას ყველა კეთილსინდისიერი ხელოვნების ნივთებით მოვაჭრე გეტყვით, იმდენად ხშირია, რომ სწორედაც რომ ისინი შეადგენენ წესს და არა გამონაკლისს. მეტიც, ძველი ოსტატები ხშირად ავალებდნენ მოსწავლეებს დიდ ტილოებზე დეტალების მოხატვას. 

მუზეუმის რიგით დამთვალიერებელს ნახატის იერი კი არ ხიბლავს, არამედ სახელების და სიძველის მაგია. ჩვენ ისე ხშირად ვანაცვლებთ ესთეტიკურ განცდას ქვეცნობიერი ფეტიშიზმით და „პატინირებული“ სნობიზმით, რომ სწორედ ისინი განსაზღვრავენ ჩვენ დამოკიდებულებას წარსულის ხელოვნებისადმი, ეს კი ისევე შორსაა გულწრფელი აღტაცებისაგან, როგორც  შიშველი მეფის ტანისამოსისათვის შექება ან კომპლიმენტი ულტრათანამედროვე ხელოვნების მისამართით. ეს ყველაფერი იმდენად ცხადია, რომ განხილვადაც არ ღირს, ამიტომ თავს ვანებებ კულტურულ სნობიზმს და სოციალურ სნობიზმზე გადავდივარ.

6.

„პრინცი ჩარლზის ყველა კბილი ადგილზეა. ხმებმა იმის თაობაზე, რომ მან ერთი კბილი მოიცვალა, გუშინ საღამოს თავი მოუყარა უამრავ ადამიანს, რომელსაც ამაში დარწმუნება სურდა“. 

„Daily Sketch“, 1954 წლის ოქტომბერი

Pends-toi, brave Crillon: nous avons combattu a Arques et tu n’y etait pas“.

აღარ მახსოვს რა უპასუხა კრიიონმა ჰენრიხ IV-ს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ცხოვრების ბოლომდე თავბედს იწყევლიდა, რომ ხელიდან გაუშვა ისტორიაში შესვლის შანსი.

იმას რასაც მე „კრიიონის კომლექსს“ ვუწოდებ, შეგვიძლია დაახლოებით განვსაზღვროთ, როგორც ისტორიულ მოვლენაში მონაწილობის ან სულ ცოტა, ასეთი მოვლენის მოწმედ ყოფნის სურვილი. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს სისუსტე ბევრს არ ახასიათებს, არამედ მხოლოდ პატივმოყვარეებსა და შურიანებს; მაგრამ ჩემი აზრით, სენი ბევრად სერიოზულია და ის ამა თუ იმ დოზით, უამრავ ადამიანს აავადებს. მერი ბი. ასეთი დაავადების უკიდურესი ფორმის მსხვერპლია, მას „კრიიონის კომპლექსი“ „ისტორიასთან სექსის“ სურვილში გამოუვლინდა. მისი უფრო ზომიერი ნაირსახეობაა - ცნობილი ადამიანებისა და „ისტორიული“ ფიგურების გაცნობისკენ ლტოლვა . როგორც ჩანს, ამის მიზეზი უზომო პატივმოყვარეობა და წატრაბახების შესაძლებლობაა: „თავად X გავიცანი!“ თუმცა მილიონობით ადამიანი, რომელიც თეთრ სახლთან იყრიდა თავს იმისთვის, რომ პრეზიდენტისათვის ხელი ჩამოერთმია (მოგვიანებით ეს ტრადიცია გააუქმეს), შეპყრობილი იყო არა იმდენად პატივმოყვარეობითა და ცნობისმოყვარეობით, რამდენადაც „ისტორიისთვის ხელის ჩამორთმევის“ სურვილით. ხალხის მასას, რომელიც ყველაფერისთვისაა მზად, ოღონდ კი თვალი მოკრას კორონაციას, სახელმწიფო მოხელეს ან ვულკანის ამოფრქვევას, ნაწილობრივ მაინც ამოძრავებს სურვილი დაესწროს „ისტორიის დაბადებას“, თუნდაც პასიურად, ირიბად მიიღოს მონაწილეობა თავისი დროის მნიშვნელოვან მოვლენებში.            

კრიიონის კომპლექსი აჩენს სოციალური სნობის გულისამაჩუყებელ ნაირსახეობას - „ისტორიის მზვერავს“, რომელიც შეპყრობილია სურვილით ეკონტაქტოს მნიშვნელოვან პირებს, იმეგობროს მათთან, ვინც, ამა თუ იმ სფეროში, საკუთარ დროზე გავლენას ახდენს. ყველაზე გამოჩენილი ისტორიული სნობი, როგორც ჩანს, იყო ბოსუელი - ცნობილ ფიგურებზე მონადირეების, ავტოგრაფების შემგროვებლების და ყველა იმ ადამიანის პირველსახე, ვინც მზადაა მთელი ღამე ქუჩაში გაატაროს, ოღონდ კი გამოჩენილ სახეს შეავლოს თვალი ან მნიშვნელოვან მოვლენას დაესწროს.

საზოგადოების ცხოვრება სრულად გაჟღენთილია კრიიონის კომპლექსით. სწორედ მისი გავლენით ვირჩევთ ჩვენ საურთიერთო წრეს, მივილტვით მათკენ, ვინც რაიმე სფეროში თავი ისახელა; ვინც თავის პროფესიულ წრეში „წონა“ შეიძინა და ვისმა მიღწევებმაც, თუნდაც ჩვენთვის სრულად უინტერესომ, შესაძლოა განსაზღვროს ჩვენი დროის სახე. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკა იქნება ეს, ჩინეთმცოდნეობა თუ თამბაქოს კოლექციონირება; უმნიშვნელოა ამ ფიგურების ადამიანური თვისებებიც. სოციალური ურთიერთობების ბაზარზე ადამიანის ფასი განისაზღვრება არა იმით, თუ ვინ არის ის, არამედ იმით, თუ რას წარმოადგენს. არ არის საკმარისი წარმოადგენდე მხოლოდ საკუთარ თავს - აუცილებელია იყო „ვიღაც“.         

ეს იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ რთულად წარმოსადგენია საზოგადოება, რომელიც სნობიზმის მიკრობით ინფიცირებული არ არის. სტერილურ საზოგადოებაში ადამიანს განსჯიდნენ მისი შინაგანი თვისებების და არა პოპულარობის, სიმდიდრის და პროფესიული წარმატებების მიხედვით. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა: რა თვისებებს ვგულისხმობთ? სიმამაცეს თუ მორჩილებას, ჭკუას თუ სულიერ სითბოს, ან იქნებ უბიწოებას? შეფასებითი განხილვისათვის, შეფასების კრიტერიუმები უნდა გაგვაჩნდეს; სხვაგვარად რომ ვთქვათ, გვჭირდება საზომი, მაგრამ როგორი? საზომი ხომ შესაძლოა შეუფერებელი იყოს. კრივის მოყვარული სულაც არ არის სნობი, მიუხედავად იმისა, რომ ტომას ელიოტზე მეტად ჯო ლუისს აფასებს; არც მუსიკის მოყვარულია სნობი, რომელსაც იეგუდი მენუხინი ურჩევნია უინსტონ ჩერჩილს. თუმცა სალონის მეპატრონე ქალი, რომელიც გიჟდება მენუხინზე და ოცნებობს ის როგორმე თავისთან წვეულებაზე იხილოს, მიუხედავად იმისა, რომ ყურზე დათვმა დააბიჯა, - სნობია, რადგან გვაჩვენებს, რომ ერთ თვისებას აფასებს, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოსწონს.     

ზოგჯერ, განსაკუთრებულ გარემოებებში, საზოგადოებრივი ჯგუფი თავისთვის აგებს ღირებულებათა „მონოლითურ“ სისტემას. ასეთ დროს სნობიზმი თითქმის არ ვლინდება, რადგან იქ არ არის სხვა სკალა, რომელიც შეფასებას ამახინჯებს. წინა ხაზზე ან საშიშ ექსპედიციაში სიმამაცის, ოპტიმიზმის, პროფესიონალიზმის და მეგობრობის თანხვედრა ერთადერთი უმაღლესი ღირებულებაა, რომელიც დროებით ყველა სხვა საზომს აუქმებს და გაჰყავს ინდივიდი თანამდებობის, საზოგადოებრივი მდგომარეობის და მსგავსი პოზიციების მიღმა. ღირებულებათა მონოლითურ სისტემას გამოიმუშავებენ ასევე „დახურულ“ საზოგადოებებში, როგორებიცაა ციხე, ბანაკები, მონასტრები, ტუბერკულოზის სამკურნალო სანატორიუმები, თუმცა ასეთი სისტემები სხვაგვარია - იქ თვისებების სხვა თანხვედრაა საჭირო. უკიდურესად შეზღუდული თავისუფლების პირობებში, დახურული ჯგუფის წევრები ერთმანეთს განსჯიან მხოლოდ „შინაგანი ღირებულებების“ ან „ადამიანური თვისებების“ გამო და არ აინტერესებთ არცერთი სხვა მოსაზრება, რომლებიც სწორედაც რომ ობიექტურ შეფასებას შლის.           

ნორმალურ გარემოში ადამიანთა საზოგადოება ქაოსია - ნაზავი ფასეულობათა ურთიერთგამომრიცხავი სისტემებისა, რომლებიც, მუდმივად კვეთენ ან ეჯახებიან ერთმანეთს... როგორ და რა თვისებების გამო უნდა ავირჩიოთ მეგობრები და ნაცნობები - ამ საკითხზე შეთანხმება რთულია. ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ მეგობრებად ავირჩევდით ადამიანებს, რომლებიც შემოქმედებითად გვათავისუფლებენ, რომლებთანაც თავს ვგრძნობთ უფრო კომფორტულად, რომლებიც იზიარებენ ჩვენს გემოვნებას და ინტერესებს, შეგვეფერებიან კულტურული დონით და საზოგადოებრივი სტატუსით, არიან ერთგულები, თანაგრძნობის უნარი აქვთ და მოგვწონს ისინი - მიუხედავად მათი რანგისა თუ პროფესიისა. სურვილი ერთია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ყოველთვის ამ მოსაზრებებით არ ვხელმძღვანელობთ; ჩვენ შეცდომით გვგონია, რომ შეგვიძლია ადამიანს „კონტექსტი“ და ცხოვრების კონკრეტული გარემოებები ჩამოვაშოროთ - აი სად არის ძაღლის თავი დამარხული.                 

ერთ თვალსაჩინო და მოულოდნელად ტიპურ მაგალითს გიამბობთ. ერთ-ერთ ხალხმრავალ კოქტეილის წვეულებაზე, არაფრით გამორჩეული, საშუალო ასაკის ქალი გამაცნეს, რომელმაც ჩემს წიგნთან დაკავშირებით გაცვეთილი კომპლიმენტი მითხრა. მისი სახელი ვერ გავიგონე და დავინტერესდი, ხომ არ წერდა თავადაც. „არა, - მითხრა მან, - მე ქალის ტანსაცმლის მაღაზია მაქვს“. პირველი შესაძლებლობისთანავე ამ ქალს ხელიდან დავუსხლტდი და ვიღაც სხვასთან განვაგრძე საუბარი, შემდეგ ამ ვიღაც სხვამ მკითხა: „აბა, როგორ მოგეწონათ პრინცესა დე გ.?“, - და დაასახელა ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გვარი საფრანგეთში. მე მივტრიალდი, ხელახლა შევხედე იმ არაფრით გამორჩეულ ქალს - და რა ხდება? უცებ ის ისეთ მომხიბვლელ ქალად მომეჩვენა... არადა, იმაზე მეტად არ შეცვლილა, ვიდრე პიკასოს ყბადაღებული ასლი, რომელიც ორიგინალი აღმოჩნდა; სამაგიეროდ ჩემი შეფასების კრიტერიუმები შეიცვალა და ქალი სხვა კონტექსტში დავინახე. საყურადღებოდ მომეჩვენა ის, რომ ლეგენდარული ადამიანების შვილთაშვილს ჰქონდა ქალის ტანსაცმლის მაღაზია, ასევე გამაოცა იმან, რომ საოცრად უფერულად მეტყველებდა. ბედის ირონიით, მოგვიანებით გავარკვიე, რომ პრინცესა წარსულში მანეკენი იყო და არისტოკრატებთან ხანმოკლე, შემთხვევითი ქორწინება აკავშირებდა. ის დაუბრუნდა ძველ კონტექსტს - პიკასო ჩამოაქვეითეს და ისევ კიბესთან დააბრუნეს.          

თუმცა, სულ რაღაც ორასი წლის წინ, ჩემი აზრების ასეთ სწრაფ ცვლილებას არა სნობურ, არამედ ბუნებრივ რეაქციად მიიჩნევდნენ: იმ პერიოდის ფასეულობათა იერარქიაში თავადის ქალს დაბალი წარმომავლობის ადამიანთან უპირატესობა ჰქონდა. ხოლო ყურადღება კეთილი პრინც ჩარლზის კბილების მიმართ, ჩაითვლებოდა აბსოლუტურად ნორმალურ მოვლენად და სახალხო სიყვარულის გულისამაჩუყებელ გამოვლინებად საკუთარი მომავალი მონარქის მიმართ. ფეოდალურ ევროპაში საზოგადოებრივი ფასეულობების მართლაც მონოლითური სისტემა არსებობდა - ღმერთის მიერ მონიჭებული წარმომავლობა, თანამდებობა და მდგომარეობა საყოველთაო საზომი იყო. ბასტილიის შტურმისა და ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების შემდეგ, ღირებულებების სისტემა შეიცვალა - ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე. მაგრამ ძველი სისტემების არქეტიპული ფესვები და მათი სიმბოლოები, როგორებიცაა კეთილშობილი მეფეები, მშვენიერი პრინცესები, მტაცებელი ბარონები და მამაცი რაინდები - არ მომკვდარან და მუდმივად იჭრებიან ჩვენს ლიბერალურ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობაში. 

7. 

სნობიზმის ნებისმიერი სახეობა (და ის უამრავია) შესაძლებელია ერთსა და იმავე საწყის ფორმამდე დავიყვანოთ: ღირებულებათა ორი განსხვავებული სისტემის აღრევა. პირველს, S1-ს ვასაღებთ, როგორც ფუძემდებლურს ან ასეთად მიგვაჩნია და მასში შედის: ესთეტიკური კრიტერიუმები, პირადი ხიბლი, პირადი თვისებები და სხვა. მეორე, S2, - ედება პირველს და ჩვენს შეფასებას ცვლის; S2-ს განეკუთვნება: ფეტიშიზმი, კრიიონის კომპლექსი, წოდებების, ძალაუფლების სიყვარული. გავიმეოროთ ჩვენი წინა განმარტება ოდნავ დაზუსტებული სახით: სნობიზმი ესაა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ფასეულობათა სისტემის აღრევა, ისინი განსხვავებულები არიან თავიანთი წარმომავლობითა და ბუნებით, მაგრამ სუბიექტის გონებაში ერთმანეთისაგან ვერ იმიჯნებიან.  

ეს არ ნიშნავს იმას, რომ „გარე“ სისტემა, S2, თავისთავად ფასეული არ არის - მისი ემოციური ძალა, რომელიც S1-ის ღირებულებებს ამახინჯებს, ხშირად ღრმა, არქეტიპული წყაროებიდან მოდის. მხოლოდ თვალთმაქცი სნობი თუ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ „არისტოკრატიას“, რომელიც ერთ დროს ელიტად მიიჩნეოდა და რომელსაც ტრადიციის და აღზრდის წყალობით, ქცევის, მანერებისა და გემოვნების მხრივ მაღალი სტანდარტები გამოარჩევდა, თავისთავად ფასეული არ არის.

ბასტილიის დაცემამადე ევროპული კულტურა მთლიანობაში ფეოდალური და არისტოკრატიული იყო. ტერმინის „ჩვეულებრივი ადამიანი“ ორაზროვნება იმ ფაქტს ასახავს, რომ დაბალი სოციალური სტანდარტი უხეში მანერებისა და ცუდი გემოვნების სინონიმი იყო. ისეთ ქვეყნებში, სადაც სოციალური რევოლუცია მოხდა (საფრანგეთი ან საბჭოთა რუსეთი), ან ახლა მიმდინარეობს (აშშ და ავსტრალია), ცივილიზაცია მართლაც „ჩვეულებრივ ადამიანზე“ დგას და გადარჩენილი არისტოკრატიული ელემენტი, კულტურული გადმონაშთია.

ძლიერი უწყვეტი ტრადიციების მქონე ქვეყნებში, როგორიც ინგლისია, სხვაგვარი სიტუაციაა და იქაურ მეტყველებაში, აქცენტებსა და გემოვნებაში მკვეთრი კლასობრივი სხვაობებია შენარჩუნებული. შორეული და ახლო წარსულის წამყვანი პოლიტიკოსების, ლიტერატორების, მხატვრების დიდი უმრავლესობა, რომელიც ცნობილია ინგლისის საშუალო კლასის ზედა ფენის სახელით, არისტოკრატიის ქვედა ფენის და მოვაჭრე ბურჟუაზიის მაღალი ფენის უნიკალური სოციალური შენადნობია; უკიდურესად მემარცხენე-მარქსისტი მწერლებიც კი 1930-იან წლებში ატარებდნენ როგორც თავადურ, ასევე მეშჩანურ გვარებს. შესაბამისად, „გარეშე“ ღირებულებათა სკალა ეფუძნება წარსულის მართლაც დიდებულ კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, ამის გამო შეიძლება ინგლისელებს აპატიო არსიტოკრატიის სიყვარული. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად, სნობიზმი იყო და არის ინგლისური საზოგადოების მახინჯი სენი - ინგლისელები გულუბრყვილოდ ცდილობენ თავი ელიტად იგრძნონ, ან ამ წრეში როგორმე მოხვდნენ მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ის აშკარად დაკნინებულია. ამ შემთხვევაში, კრიიონის კომპლექსი - ესაა შიში გამოტოვო მორიგი ისტორიული მოვლენა, როგორიცაა არა არკთან ბრძოლა, არამედ თეატრალური პრემიერა ან გაპრანჭული მიღება კოქტეილებით. „Pends-toi, brave Evelyn: nous avons dine a Blenheim et tu n’y etait pas“.            

8.

აქამდე არ მიხსენებია სოციალური სნობიზმის ყველაზე ცხადი და გავრცელებული მოტივი. „გავლენიანთა“ საზოგადოებაში შეღწევის მცდელობა, იქნება ეს არისტოკრატია, მდიდრები თუ შემოქმედებითი ელიტა, სხვა არაფერია თუ არა საკუთარი მოწყვლადი ego-ს გამხნევების სურვილი. მაგრამ ეს განმარტება არაფრისმომცემია. არასრულფასოვნების კომპლექსის კომპენსაცია - ლამის ყველაზე მთავარი ფსიქოლოგიური მექანიზმია, მაგრამ რატომ ინაზღაურებს სნობი თავის კომპლექსებს ასე თავისებურად?

რასელ რაისმა სახალისო ესეში „სნობების შესახებ“ დაწერა: „დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სნობის საზოგადოებრივი მდგომარეობა მოწყვლადია (ამ სიტყვის ფართო გაგებით), და სნობიზმი მისთვის მხოლოდ საკუთარი ego-ს გამოკვების საშუალებაა. საეჭვოა არსებობდნენ იმდენად თვითდაჯერებული ადამიანები, რომლებსაც ego-ს წახალისება არ სჭირდებათ; შესაბამისად, არ არსებობს ადამიანი, რომელიც რაღაც თვალსაზრისით მაინც, სნობი არ არის“.

ეს სიმართლეა, თუმცა ნახევარსიმართლე, რადგან საკუთარი ego-ს გამხნევების იმდენივე საშუალება არსებობს, რამდენიც - ადამიანური საქმიანობის სფერო. საკუთარი მოწყვლადობის განცდა ყოველთვის იყო პატივმოყვარეობის ყველაზე მძლავრი მამოძრავებელი, დაწყებული დემოსფენიდან, რომელიც ენაბრგვნილობას იმით ინაზღაურებდა, რომ თავს აიძულებდა, ქვებით გამოტენილი პირით ელაპარაკა, ვიდრე საბერძნეთის საუკეთესო ორატორი არ გახდა, დამთავრებული თავისი დაბალი სიმაღლითა და მდაბიო წარმომავლობით შეწუხებული ნაპოლეონით, რომელმაც ამის გამო მთელი ევროპა დაიპყრო. საინტერესოა სხვა რამ: რატომ გამოიხატება კომპენსაცია ერთ შემთხვევაში შემოქმედებით მიღწევებში, მეორე შემთხვევაში კი - სულელურ და ცარიელ პოზაში? დიახ, თითქმის ყველა ადამიანს სჭირდება პერიოდულად ego-ს „გამოკვება“ და მხოლოდ სნობს სჭირდება ამისთვის კაპრიზე, ლურჯ მღვიმესთან დამწიფებული ზეთისხილი.    

სნობის საქმიანობა, რომელიც ფასეულობათა შეუსაბამო სტანდარტებით ხელმძღვანელობს, უნაყოფოა, მისი სიამოვნება - მოჩვენებითი. მას უნდა არა ძალაუფლება, არამედ სიახლოვე მათთან, ვისაც ძალაუფლება აქვს. სნობს ურჩევნია პატარა ოთახი ლუქსის კლასის სასტუმროში მოკრძალებულ სასტუმროს, სადაც აბაზანიანი ოთახი და ლამაზი ხედია; ის ეძებს არა სხეულებრივ კომფორტს, რომელიც ფუფუნებისკენ გვიბიძგებს, არამედ მისდევს მოჩვენებითს: მისთვის მთავარია გაჩერდეს „Ritz“-ში. სოციალურ ურთიერთობებშიც იგივეა: ის ეძებს არა სიყვარულს, მეგობრობას ან კეთილგანწყობას, არამედ რჩეულთა კამპანიას, როგორი ფუჭიც არ უნდა იყოს ეს პერსპექტივა. სნობი ხელოვნებაში სიამოვნებას იღებს არა ნახატებისაგან, არამედ საგამოფენო კატალოგისაგან; სნობ-ინეტლექტუალისათვის მნიშვნელოვანია არა კირკეგორი, არამედ იმის განცდა, რომ ის კითხულობს კირკეგორს. ყალბი ფასეულობებისაკენ მიდრეკილება შესაძლოა სნობის ბიოლოგიურ ინსტიქტებზეც აისახოს: ეცვლება გემო, ყნოსვა, სექსუალობა - მაგალითად მას აღაგზნებს არა ბოკაჩო, არამედ დებრეტის ცნობარი. ხოლო ასი წლის წინ, როდესაც ხამანწკები და „პორტერი“ ღარიბების კერძი და სასმელი იყო, სნობის გემოს რეცეპტორებიც სხვაგვარად მუშაობდა.                

შევაჯამოთ: სნობი სიამოვნებას იღებს არა თავისი მისწრაფების ობიექტისაგან, არამედ ამ ობიექტთან დაკავშირებული მეორეხარისხოვანი გარემოებისაგან; ამგვარად, ეს ფსევდო სიამოვნებაა. სნობის სურვილები მეორადია, მცდელობები - უნაყოფო, სიხარული - ყალბი, გამარჯვვებები კი - საკუთარი თავის მოტყუება. მისი საუკეთესო სიმბოლო იქნებოდა ძვირფასი ანტენა აგარაკზე, სადაც ტელევიზორი არ არის.

9.

ცხადია, ХХ საუკუნის 50-იან წლებში დამწყები გლამურული ქალის ცხოვრება იმაზე რთული იყო, ვიდრე ზოგიერთებს წარმოუდგენიათ. თუმცა (როგორც ეს თავად დამწყებმა აღნიშნა) „კულტურა მართლაც მთავარია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მისი ათვისების პროცესი მოსაწყენია“, მას მთელ დღეს ვერ მიუძღვნი.

„Houswife“, 1954 წლის აპრილი

სნობიზმის ყველა ფორმის ჩამოთვლა - ხანგრძლივი და უკიდურესად დამღლელი საქმეა, მაგრამ მის რამდენიმე ცხად გამოვლინებას მაინც ვახსენებ.

ავიღოთ მაგალითად, მსუბუქი ამრეზი, რომლითაც ინგლისური არისტოკრატია წარმოთქვამს სიტყვა „განათლებულობას“, ასევე სიამაყე და აღტაცება, რომლითაც მისი ქალური ნაწილი ისეთ განცხადებებს აკეთებს, როგორიცაა: „სუსტი ვარ ორთოგრაფიაში, არითმეტიკაში, გეოგრაფიაში...“ და ასე შემდეგ. ოდესღაც განათლებული ადამიანები დიდწილად გადამწერები იყვნენ, რომლებსაც თავი ძლივს გაჰქონდათ, უფრო ადრე კი - მონები, რადგან მაღალი კლასის წარმომადგენლები დიდგვაროვნული საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ამრეზი, რომლითაც მაღალი საზოგადოების ყველაზე გამოუსწორებელი წარმომადგენლები დღემდე ეპყრობიან ცოდნას და „განსწავლულობას“ - წარსული დღეების შორი, მაგრამ პირდაპირი გამოძახილია.  

ცოდნისადმი უდიერი დამოკიდებულების, მეორე, ნაკლებად შესამჩნევი მიზეზია ის, რომ სკოლებში აქცენტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე კეთდება და შესაბამისად, ზუსტები - იგნორირებულია; ამ ტრადიციის ფესვებსაც წარსულში მივაგნებთ. შედეგი პარადოქსულია: ადამიანებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ არასდროს სმენიათ რომელიღაც მესამეხარისხოვანი პოეტის ან მხატვრის სახელი, სამაგიეროდ, სიამაყით აცხადებენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ გენეტიკის კანონებსა და ელექტრონათურის მოქმედების მექანიზმზე. ამგვარად, თანამედრვე ადამიანის ინტელექტი, თავის მექანიზირებული გარემოს მიმართ,  ველურის ინტელექტის ტოლია. ის ვერ ხვდება, რატომ იქოქება მანქანა, რატომ იწვის გაზი, რატომ აძინებს წამლის აბი, სამაგიეროდ მხნედ საუბრობს ეგზისტენციალიზმზე, აბსტრაქციებსა და კოლაჟებზე. 

სოციალურ იერარქიაში ეს ვითარება იმაში გამოხატება, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული პროფესიები უფრო ფასობს, ვიდრე საინჟინრო ან გამოყენებით დისციპლინებთან დაკავშირებული საქმე. საშუალოევროპელი ინჟინერი - ჯენტლმენია, ფრანგი პოლიტტექნკოსები - სოციალური ჯგუფი; ინგლისში, ინჟინრის სტატუსი მუშათა და საშუალო კლასს შორის მერყეობს. საინტერესოა, რა დოზით განსაზღვრავს პროფესიების მიმართ ასეთი სნობური დამოკიდებულება, ბრიტანული ინდუსტრიის სავალალო პოზიციებს, გერმანულ და ამერიკულ წარმოებასთან შედარებით.  

ცოდნის მიმართ უპატივცემულობით გამოწვეული კიდევ ერთი ტიპის სნობიზმია - პირადი ახირებების კულტივირება, როგორმე „ანეკდოტურ არსებად“ წარმოჩენის დაუოკებელი სურვილი. საზოგადოებაში, სადაც სერიოზული ლაპარაკი ცუდ ტონად მიიჩნევა, ხოლო მისთვის თავის არიდება და საუბრისთვის სასაცილო ელფერის მიცემა - კარგ ტონად, ჰყვავის ლაზღანდარობა, რომელიც სარეველასავით ახრჩობს ნებისმიერ ცოცხალ სიტყვას; ახირებული ან უცნაური ადამიანის იერი -  საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენის უტყუარი საშუალებაა. ნამდვილობა და პირდაპირობა არ ფასობს - სნობს არ სჭირდება ჰქონდეს ხასიათი, ის „პერსონაჟი“ უნდა იყოს. ამ ვირუსით დიდი ინტელექტულებიც იყვნენ ინფიცირებულები - გავიხსენოთ, ბერნარდ შოუს მასხარაობა, ინგლისელი პროფესორების ამპარტავნობა, მაღალშუბლიანთა მეტყველების თავისებურებები, ტოტალური გატაცება ექსცენტრიკულობით - ეს ყველაფერი იმის სიმპტომია, რომ გონება პოზას ვერ უმკლავდება.    

არანაკლებ ცხადი მოვლენაა - „სნობიზმი პირიქით“. ფასეულობების ტრადიციული სკალის ოდნავი ცვლილება და აი თქვენს წინაშე არიან უკვე თავმდაბლობის ეტალონები, ეგოცენტრიკი ეგზიბიციონისტები, რომლებიც საგანგებოდ აჩვენებენ ყველას თავიანთ ჭუჭყიან ფრჩხილებს და უმეცრებით კეკლუცობენ. ალბათ, საღეჭი რეზინის ეპოქის მომდევნო სიგიჟე ამ ლოზუნგის ქვეშ ჩაივლის: „ცუდი სუნი პირიდან - სექსუალურობის გარანტიაა“. თუკი ჩვენ პრუსტის უდახვეწილეს და ჰიპერაქტიურ პერსონაჟებს ჰემინგუეის პირქუშ და მდუმარე გმირებს შევადარებთ, ჩვენ წინაშე ლიტერატურული სნობიზმის ორი უკიდურესი პოლუსიც გამოჩნდება.    

და ბოლოს, უნდა ვახსენო „შეგნებული“ სნობის მელანქოლიური ფიგურაც, რომელსაც გულუბრყვილო ან ჭეშმარიტი სნობისგან განსხვავებით, ესმის, რომ სნობიზმი - ცუდია,
მაგრამ მოკრძალებულად უტყდება საკუთარ თავს, რომ ამ ტკბილი შხამის ან, თუ გნებავთ, შეუცვლელი ყავარჯნის გარეშე არსებობა არ შეუძლია. შეგნებულ, საკუთარ თავის მოძულე, მაგრამ განუკურნებელ სნობებს, იოლად იპოვით თანამედროვე ინგლისელ მწერლებში.

10.

მაგრამ, განა ეს შხამი მართლაც ასეთი ტკბილია? ერთხელ, ჩემს ერთ-ერთ წიგნში ვახსენე, რომ ყოველთვის მინდოდა ლაფონტენის იგავ-არაკის, „მელია და ყურძენი“ გაგრძელების დაწერა. დაახლოებით ასეთის: მეგობრებისგან მასხრად აგდებული, მარცხით დათრგუნული და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი, უბედური მელია ხვდება, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არსებობს. ყოველ ღამით, ვიდრე მის ფარაში სხვები ცხოვრებით ტკბებიან და პირს იტკბარუნებენ მოპარული ფერხორციანი ქათმებით, ის ყველასგან უჩუმრად სწავლობს ცოცვას. რამდენიმეკვირიანი შეუპოვარი ვარჯიშის შემდეგ, ის მართლაც ჩაიგდებს ხელში ყურძენს და რა მოხდება?... მას სასტიკი იმედგაცრუება ელის. ნანატრი ყურძენი ნაღველივით მჟავეა. მაგრამ ვინ დაუჯერებს? მას თავადაც რთულად სჯერა იმის, რომ ერთი შეხედვით, ასეთი მსხვილი, მწიფე ყურძენი შეიძლება მჟავე იყოს. ყურძნის ხელში ჩაგდება მისი აკვიატებული იდეა ხდება. ტანჯვით, ოფლში გახვითქული, ყოველდღე ბორძიკ-ბორძიკით ცდილობს მიწვდეს მტევნებს, წყვეტს და მიუხედავად იმისა, რომ ახრჩობს, ჭამს და ჭამს ამ მჟავე ყურძენს ერთადერთი მიზნით - როგორმე საკუთარ თავს დაუმტკიცოს, რომ ყურძნის ხელში ჩასაგდებად საკმარისად მამაცია. ასეთი კვება დიდხანს არ გაცოცხლებს და მალე მელიასაგან ძვალი და ტყავი დარჩება; შემდეგ მას ნერვული შეტევები ეწყება და საბოლოოდ, კუჭის წყლულისგან კვდება.                   

ეს იგავი გვასწავლის, თუ რამდენად ტრაგიკულია ყველა სნობის და კარიერისტის მდგომარეობა. ჭკვიან სნობს ესმის, რომ რჩეულთა კლუბი თუ წრე, რომელშიც უდიდესი ძალისხმევით შეაღწია, აღარ აინტერესებს, მაგრამ იძულებულია ამ ბაღის მწარე ნაყოფი მიირთვას, რათა დაუმტკიცოს საკუთარ თავს, რომ მას იქ კვლავ ელიან. ეს ეხება ყველას, ვინც წარმატებას დასდევს, იქნება ეს კინოვარსკვლავი, ბიზნესმენი, გულთამპყრობელი თუ გლამურული სალონის მეპატრონე. როგორც კი სანუკვარ ნაყოფამდე მიაღწევენ და ერთხელ მაინც გაუგებენ მას გემოს, ხვდებიან, რომ ის არ არის ისეთი გემრიელი, როგორც წარმოედგინათ, მაგრამ ვერაფერს ცვლიან - ოფლად იღვრებიან, საკუთარ ძალებს აჭარბებენ და ცხოვრების ბოლომდე უწევთ მწარე ნაყოფის ყლაპვა. დღეს, საითაც არ უნდა გაიხედო, საზოგადოებრივი სცენა ყველგან გაძვალტყავებული მელიებითაა სავსე, რომლებიც მჟავე ნაყოფს მიირთმევენ; კურდღლები და ქათმები მხოლოდ უპრეტენზიო მელიებს აინტერესებთ. სწორედ აქედან მოდის კოლექტიური მოუნელებლობა და სოციალური ნევროზი, რომლებმაც მანამდე გაუგონარ მასშტაბს მიაღწია და თანამედროვე ცივილიზაციის ყველა სფეროში ფასეულობათა ტოტალურ დამახინჯებას ასახავს.

ამგვარად, სნობიზმი, რომელმაც ყველგან შეაღწია, სულიერი კრიზისის და მისი თანმდევი მორალური და ინტელექტუალური ქაოსის ნიშანია. მყარი ორიენტირების არარსებობისას, ღირებულებებს აუცილებლად არასწორი საზომით გავზომავთ. ჩვენი თანამედროვე ცდილობს გზა გაიკვლიოს გაუგებარ სამყაროში და შეიარაღებულია კომპასით, რომლის ისარიც მუდმივად არასწორ მიმართულებას აჩვენებს, ხოლო შინაგანი საზომი, განსხვავებით ჯადოსნური ჯოხისაგან, ფერფლად აქცევს ყველაფერს, რასაც ეხება; მეტაფიზიკურ წყვდიადში ის მისდევს მოჩვენებით სიკეთეებს, რომლებიც მას მოჩვენებით სიხარულს ჩუქნიან.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^