Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუცილებლად წასაკითხი მანიფესტი სხვაობაზე დასვენებასა და მოცალეობას შორის

22 აგვისტო 2021
იცით თუ არა, რა პრინციპული სხვაობაა დასვენებასა და მოცალეობას შორის? რატომ გადაიქცა თანამედროვე ადამიანი „ფუნქციად“? როგორ დავამსგავსეთ ჩვენი ცხოვრება პროდუქტს იმდენად, რომ ხელფასს გამოვიმუშავებთ არა იმისთვის, რომ ვიარსებოთ, არამედ ვარსებობთ ხელფასისთვის.

1948 წელს, ერთ წელიწადში მას შემდეგ რაც კანადაში სიტყვა „workaholic“ („გარჯადამოკიდებული“) გამოიგონეს, გერმანელმა ფილოსოფოსმა იოზეფ პიპერმა (1904-1997) დაწერა ნაშრომი სახელწოდებით „მოცალეობა - კულტურის საფუძველი“. ესაა ნაკლებად ცნობილი, მაგრამ შესანიშნავი მანიფესტი ადამიანური ღირსების დაბრუნების შესახებ „ვორკოჰოლიზმის“ კულტურაში.

დღეს, როდესაც ადამიანი ისეთი ტირანიული ცნებების მსხვერპლია, როგორიცაა „გარჯა/ცხოვრების ბალანსი“, „მოცალეობას“ მივიჩნევთ არა როგორც აუცილებელს ადამიანის სულისათვის, არამედ მხოლოდ პრივილეგირებული კლასებისათვის ხელმისაწვდომ ფუფუნებად ან დამღუპველ უსაქმურობად, რომელიც ზარმაცების ხვედრია.

არადა, არისტოტელედან დღევანდელობამდე, კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევები - ხელოვნების უდიდესი ნიმუშები, გამოჩენილი ფილოსოფიური იდეები, თითოეული ტექნოლოგიური გარღვევა - სწორედ „მოცალეობისას“, სუფთა ჭვრეტისა და ცხოვრებისადმი აბსოლუტური ყურადღების პროცესში წარმოიქმნა: იქნება ეს გალილეი, რომელმაც თანამედროვე ქრონომეტრაჟი ტაძარში ქანქარას დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინა თუ ოლივერ საქსი, რომელმაც მუსიკის დაუჯერებელი გავლენა ჩვენს ტვინზე ნორვეგიულ ფიორდში სეირნობისას ახსნა. პიპერი „მოცალეობის“ საწყის ფესვებს უბრუნდება და გვიჩვენებს, თუ როგორ საოცრად დამახინჯდა და დროსთან ერთად, ამოყირავდა კიდეც, მისი თავდაპირველი არსი.

ბერძნული სიტყვა „მოცალეობა“ σχoλη მოდის ლათინურიდან „scola“, რომელმაც თავის მხრივ, მოგვცა თანამედროვე „სკოლა“. განათლების ინსტიტუტები, რომლებიც თანამედროვე ადამიანს ინდუსტრიულ საზოგადოებებში ცხოვრებისათვის ამზადებენ, ოდესღაც „დასვენების“ და ჭვრეტის ადგილები იყო.       

პიპერი ისტორიაში პირველ „ვორკოჰოლიკს“, გარჯადამოკიდებულსაც გვაცნობს. ესაა ბერძენი ფილოსოფოსი-კინიკი ანტისფენი - სოკრატეს მოწაფე და პლატონის მეგობარი, რომელმაც პირველმა დაუკავშირა მუშაობა სიკეთისა და სამართლიანობის ცნებებს:

„ანტისფენი დამოუკიდებლობის ეთიკას ქადაგებდა და არ უყვარდა საკულტო დღესასწულები, რომლებსაც „განსწავლულის“ ენაკვიმატობით უტევდა; ის იყო „ამუსიკალური“ (მუზების მტერი: პოეზია მხოლოდ ზნეობრივი შინაარსის გამო აინტერესებდა); ვერ აღიქვამდა ეროსს (ამბობდა, რომ „აფროდიტას მოკვლა სურდა“); კატეგორიული რეალისტი იყო და უკვდავების არ სჯეროდა (მიაჩნდა, რომ ერთადერთი, რასაც აზრი აქვს, „ამ მიწაზე“ სწორად ცხოვრებაა). პიპერის აზრით, ანტისფენი, თავისი ხასიათის თვისებებით, კლასიკური თანამედროვე „ვორკოჰოლიკია“.

საყოველთაო დაკავებულობის ჟამს, ადამიანი გარდაიქმნება ფუნქციად, სამუშაო მთელ მის არსებობას შთანთქავს. „ნორმაა - მუშაობა, ნორმალური დღე კი - სამუშაო დღე. მაგრამ შეიძლება კი ადამიანის სამყარო „გარჯის სამყაროთი“ ამოიწურებოდეს? შეიძლება ადამიანი კმაყოფილი იყოს იმით, რომ „ფუნქცია“ და „მუშაკია“? შეიძლება კი სრულყოფილი იყოს ადამიანური ყოფა, რომელიც მხოლოდ გარჯას ემორჩილება?, - კითხულობს ფილოსოფოსი და ამ რიტორიკულ შეკითხვებზე პასუხი ისევ ისტორიიდან მოჰყავს. ირკვევა, რომ გვიან შუასაუკუნეებში სწორედ დასვენების არარსებობას და მოცალეობითი სიამოვნების ვერმიღებას მიიჩნევდნენ უსაქმურობად და არა პირიქით.

მოცალეობა - სულის მდგომარეობაა და ის არ უნდა აგვერიოს ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა „დასვენება“, „შესვენება“, „შვებულება“, „არდადეგები“ და სხვა.

„მოცალეობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ჰარმონიაშია არამხოლოდ საკუთარ თავთან, არამედ სამყაროსთან და მის არსთან... მოცალეობა - აქტივობის არარსებობა არ არის, ის არც შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობაა, არამედ აუჩქარებელი დიალოგია შეყვარებულებს შორის, რომლებიც ერთობით ტკბებიან“.     

წიგნის ინგლისური თარგმანი ინტერნეტშიც ხელმისაწვდომია

Josef Pieper „Leisure the Basis of Culture“

თემით დაინტერესებულებს გთავაზობთ ასევე ქართველი ფილოსოფოსის ზაზა შათირიშვილის წიგნს „Vita contemplativa. ჭვრეტითი ცხოვრება“, რომელიც გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგმა“ 2017 წელს გამოსცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^