მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ჟიურიმ ივლისის ბოლოს გამოაცხადა ვრცელი სია (long list), რომელშიც 13 მწერლის წიგნი მოხვდა. 14 სექტემბერს ცნობილი გახდება მოკლე სია (short list) და მასში ცამეტიდან 6 ავტორის ნამუშევარი დარჩება. ვიდრე ამ ექვსეულის ვინაობა გაირკვევა, გთავაზობთ კრიტიკოსების გამოხმაურებას წლევანდელი ბუკერის თავისებურებებისა და ვრცელ სიაში მოხვედრილი წიგნების შესახებ.
ბუკერის ფონდის დირექტორმა გაბი ვუდმა და ჟიურის თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა მაია ჯასანოფმა დაახლოებით ასე ჩამოაყალიბეს პრემიის წლევანდელი პრიორიტეტები: წელს ჟიური შეგნებულად არ აკეთებს აქცენტს ფორმასთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებზე, ახალ ლიტერატურულ ხმებსა და პრემიის მკაცრ შესაბამისობაზე აქტუალურ საინფორმაციო დღის წესრიგთან, მას აინტერესებს - შთამბეჭდავი ისტორიები და დროში გამოცდილი ავტორები.
კოვიდმა შეცვალა კითხვის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება. ისინი წიგნების დახმარებით ლახავენ ჩაკეტილ საზღვრებს და იმავდროულად, ეძებენ მასში ახალი სამყაროს ნიშნებს, რომელსაც აინტერესებს დახურული საზოგადოებები და ამ ახალ რეალობაში ცალკეული ადამიანის მარტოობა, საიდან გასასვლელიც ხშირად მხოლოდ ერთია - სოცქსელებში, - მიაჩნიათ პრემიის ორგანიზატორებს.
ბუკერის წლევანდელ გრძელ სიაში მოხვედრილი ყველა ავტორი მართლაც დროშია გამოცდილი. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, სიაში დებიუტანტი ფაქტობრივად არ არის. ერთადერთი გამონაკლისია - ნატან ჰარისი რომანით „The Sweetness of Water“. 5 ავტორი არაერთხელ იყო პრემიის ნომინანტი (პაუერსი, ლოუსონი, საჰოტა, იშიგურო, გალგუტი), მათგან იშიგურო ბუკერის 1989 წლის ლაურეატიც კია რომანისთვის „The Remains of the Day“ („დღის მიწურულს“). მოკლედ ინგლისურენოვანი მკითხველისა და კრიტიკოსებისთვის ყველა რომანი და ავტორი საკმარისად შესწავლილია. ცხადია, რომ პრემიის წლევანდელი პრიორიტეტი - მკითხველის კომფორტია.
განსაკუთრებული ფასი შეიძინა მოცულობითმა რომანებმა ძველებურ სტილში, დეტალური თხრობით, ისტორიული ატმოსფეროთი და დროის გამორჩეული განცდით. წლევანდელ სიაში საგრძნობლად ბევრი რომანია წარსულზე, იმის შესახებ, თუ როგორაა ის მოწყობილი და როგორ იბადება მისგან არა იმდენად მომავალი, რამდენადაც აწმყო. წლევანდელი ბუკერი, ესაა გაჩერებული დროის ანარეკლი, რომელშიც მკითხველს მხოლოდ უზადო ისტორიები და იშიგურო რჩება, რადგან ახალი ორიენტირები მისთვის ამ სამყაროს ჯერჯერობით არ აქვს.
„A Passage North“ ანუკ არუდპრაგასამი (შრი-ლანკა)
კაცი კეთილმოწყობილი დროიდან მიდის დაკრძალვაზე ომისგან დანგრეულ ცხოვრებაში და ფიქრობს თითქმის ყველაფერზე, მაგრამ ძირითადად იმაზე, თუ როგორ აისახება ჩვენზე მთავარ მოვლენებში არჩარევა, არმონაწილეობა. რომანი გამოირჩევა სიუჟეტის სიმწირით და შესანიშნავი სტილით.
„Second Place“, რეიჩელ კასკი (კანადა, დიდი ბრიტანეთი)
კასკი ცნობილია თავისი სტილისტურად უზადო ტრილოგიით Outline - Transit – Kudos. მაგრამ, კრიტიკოსების აზრით, „Second Place“ კიდევ უკეთესია. ამ ახალ ტრილოგიაში ავტორს წიგნის ფურცლებზე გადმოაქვს ცხოვრების მთელი მდინარება, მისი აწმყო და რეალობა და ქმნის ყურმოკრული საუბრის, რეალური შეხვედრის, თავად ლიტერატურის, როგორც ცხოვრების ჩანახატის, ატმოსფეროს.
„The Promise“, დეიმონ გალგუტი (სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა)
სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ღარიბი, ფუნქციადაკარგული ოჯახი ემზადება დაკრძალვაზე წასასვლელად და კოლექტიურად აწყდება ერთ უსიამოვნო ფაქტს: ისინი არც კი აპირებენ შეასრულონ ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც მათ თავიანთ შავკანიან მოახლეს დიდი ხნის წინ მისცეს. კიდევ ერთი ნორმალური რომანი ავტორისა, რომელიც თავს არ გახვევს არც სტილს, არც სიუჟეტს, არც აქტუალურ თემატიკას.
„The Sweetness of Water“, ნატან ჰარისი (აშშ)
XIX საუკუნის ახალი ამერიკა, ფსიქოლოგიური კონტუზია სამოქალაქო ომის შემდეგ, ყოფილი მონები და სახიფათო, მშიერი თავისუფლება, ორი კაცის აკრძალული სიყვარული, ტკივილი, კატასტროფა და ადამიანური ურთიერთობები, რომელიც მეტია, ვიდრე რასობრივი, სოციალური და გამოგონილი.
„Klara and the Sun“, კაზუო იშუგურო (ბრიტანეთი)
საოცრად თბილი და ბავშვური რომანი უპირობო სიყვარულზე ყველაფრისადმი, რაც კი ადამიანებად გვაქცევს, ასევე - მზისადმი, რომელიც ანდროიდმა კლარამ შექმნა.
„An Island“, კარენ ჯენინგსი (სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა)
კაცი მარტო ცხოვრობს კუნძულზე, რაღაც გაურკვეველ მომავალში, მაგრამ ერთხელაც ზღვა გამორიყავს მასთან ლტოლვილ ქალს და ეს ხდება საბაბი გაიხსენოს ყველაფერი, რისგანაც ის ასეთი მონდომებით იცავდა თავს.
„A Town Called Solace“, მერი ლოუსონი (კანადა)
ლოუსონი წერს დაახლოებით, ისეთივე ჩუმ და მართლაც საინტერესო რომანებს მეტ-ნაკლებად რეალურ ადამიანებზე, როგორც ენ ტაილერი. მისი ყველა რომანი (და გამონაკლისი არც ესაა) აგებულია რაღაც ტრაგედიის (ომიდან დაწყებული დასრულებული გაუხსნელი დანაშაულით) და იმის გარშემო, თუ როგორ ცვლის მთელი თაობების ბედს ერთი უბედური შემთხვევა ან ოჯახური საიდუმლო.
„No One is Talking About This“, პატრისია ლოკვუდი (აშშ)
ქალი ინტერნეტში ცხოვრობს და იშვიათად ტოვებს მას რეალურ ცხოვრებაში გასასვლელად, სადაც ცუდი ფილტრებია და ზოგადად ყველაფერი არასწორადაა, მაგრამ რეალობა მას მაინც დაეწევა.
„The Fortune Men“, ნადიფა მოჰამედი (სომალილენდი, ბრიტანეთი)
კარდიფი, 1952 წელი. შავკანიან ავანტიურისტსა და უსაქმურ მაჰმუდ მატანს უსამართლოდ ადანაშაულებენ მოვაჭრის მკვლელობაში, მაგრამ გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ახალ სამშობლოში მას სამართლიანად მოექცევიან.
„Bewilderment“, რიჩარდ პაუერსი (აშშ)
დაქვრივებული ასტრობიოლოგი ზრდის 9 წლის ვაჟს და სწორედ ამ დროს პლანეტა კვდება. შვილებისთვის დასატოვებელი არაფერია.
„China Room“, სანჯივ საჰოტა (ბრიტანეთი)
ეს ოთახი მოშორებულ პენჯაბურ ფერმაშია, სადაც გამოფენილია ჭურჭელი - სამი გოგოს მზითვი. ისინი სამ ძმას გააყოლეს ცოლად და სახლიც ამ ძმებისაა. ოღონდ გოგოებმა არ იციან რომელი ძმა ვის ეკუთვნის ქმრად და იცდიან ქალების ტერიტორიაზე, ოთახში, რომელიც მორთულია ჭურჭლით.
„Great Circle“, მეგი შიპსტედი (აშშ)
ჰოლივუდის მსახიობ ქალს აძლევენ XX საუკუნის დასაწყისში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქალი-მფრინავის როლს, რომლის ბიოგრაფიით გართულიც, ცდილობს მისი გაუჩინარების საიდუმლოს ამოხსნას და როგორც ხდება ხოლმე, ცოტა საკუთარ თავში გარკვევასაც.
„Light Perpetual“, ფრენსის სპაფორდი (ბრიტანეთი)
სპაფორდი - საკმაოდ ცნობილი ისტორიკოსი და რამდენიმე დოკუმენტური წიგნის ავტორია. „Light Perpetual“ - მისი მეორე ისტორიული რომანია. ესაა გამოგონილი, ალტერნატიული ცხოვრება ხუთი ადამიანისა, რომლებიც ლონდონში, მეორე მსფოლიო ომის დროს, დაბომბვისას იღუპებიან. როგორ წარიმართებოდა მათი ცხოვრება, რომ არა ეს ბომბი?
პრემიის გამარჯვებული 3 ნოემბერს, სპეციალურ ცერემონიაზე გახდება ცნობილი.