15 აპრილს, დილის 11 საათზე თბილისის 117-ე სკოლის ეზოში ერთდროულად განათლების მინისტრი, პოლიციის აკადემიის რექტორი და პოლიციელის ფორმის მსგავს ლურჯ ფორმაში გამოწყობილი სამი ადამიანი გამოჩნდა. ამიერიდან ეს სამი ადამიანი ყოველდღე ყურადღებას მიაქცევს, რომ სკოლაში რაიმე დანაშაული არ მოხდეს. განათლების სამინისტროს ახალი პროექტი _ მანდატურები სკოლებში _ უკვე დაიწყო.
ორი კაცისა და ერთი ქალისაგან შემდგარი მანდატურთა ჯგუფები თბილისის 7 საპილოტე სკოლაში შევიდა. პოლიციის აკადემიაში 3 კვირაში გადამზადებულ მანდატურებს რთული მისია აქვთ: სკოლაში წესრიგი უნდა დაიცვან. გარდა ამისა, მოსწავლეებს კანონზე, არასრულწლოვანთა დანაშაულებებსა და მათ კანონიერ დასჯაზე ესაუბრონ; საგზაო მოძრაობის წესებზე, კანონის აღსრულებაზე, უსაფრთხოებასა და სამოქალაქო თავდაცვაზე კი დამატებითი გაკვეთილები ჩაუტარონ. თუმცა, პირველ რიგში, მათ ნდობა აქვთ მოსაპოვებელი.
"ამით [მანდატურების ყოფნა] სკოლა დაემსგავსება ციხეს", _ ამბობს 51-ე სკოლის მეთერთმეტე კლასელი ირაკლი. მის მეგობარ გიორგის კი მიაჩნია, _ "მანდტურების ინსტიტუტი ერთი მხრივ ცუდი არ არის, მაგრამ ჩვენს თაობაზე გავლენას ვეღარ მოიპოვებენო" .
მანდატურებისა და ბავშვების დამეგობრება განათლების მინისტრმა თავად სცადა: "ჩვენ გვინდა, რომ მანდატური იყოს ბავშვის ამხანაგი, _ ასე დაიწყო მან საუბარი, მაგრამ ამავე ტონში ვეღარ დაასრულა: მე არავის არ ვურჩევ, მართლა გულით, რომ რამენაირი შეურაცხყოფა მიაყენოს მანდატურს, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მანდატურები დაცულნი არიან კანონით, ისევე როგორც _ პატრულის თანამშრომლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები", _ უთხრა შაშკინმა ბავშვებს, რომლებიც მათ საკლასო ოთახში მოხვედრილ მინისტრს დაძაბულები უსმენდნენ. არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს მინისტრისთვის შეკითხვა არ დაუსვამთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.
სპეციალურ ფორმებში, ცისფერ პერანგსა და მუქ ლურჯ ჟილეტში გამოწყობილ მანდატურებს გულზე გვარი აქვთ ამოქარგული, მხარზე კი _ განათლების სამინისტროს ლოგო. მათ მოსწავლეების დასჯის უფლება არ აქვთ. თუმცა ყოველთვის თან ექნებათ დეტექტორები, რომლებითაც შეამოწმებენ, ბავშვებს იარაღი აქვთ თუ არა. დისციპლინის დარღვევას, ან ბავშვების საქციელში რამე საეჭვოს თუ შეამჩნევენ, მანდატურები დაუყოვნებლივ აცნობებენ: მშობლებს, დამრიგებელს, დირექტორს და განათლების სამინისტროს; დანაშაულის ნიშნების, იარაღის აღმოჩენის, ან უშუალოდ დანაშაულის შემთხვევაში კი, პატრულს მიმართავენ.
117-ე სკოლაში პირველ დღეს ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად მოექცა 35 წლის თინათინ ნასიძე. იგი პატრულის ყოფილი თანამშრომელი იყო. "გადამზადებისას ბევრი ფსიქოლოგიური ტრენინგი გავიარე, მგონია, რომ ბავშვების ნდობის მოპოვებას შევძლებ", _ ამბობს თინათინი. მისივე თქმით, მანდატურების უმრავლესობა მასავით სამართალმცოდნეა.
მანდატურობა პირველი სამსახური აღმოჩნდა 24 წლის ირაკლი ხატიაშვილისთვის, რომელმაც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ახლახან დაამთავრა. მისი ხელფასი 400-დან 500 ლარამდეა.
შეხვედრის პირველ დღეს 117-ე სკოლაში მანდატურებს ბავშვებისთვის არ მიუმართავთ, რადგან წარდგენაზე ძირითადად მინისტრი და პოლიციის აკადემიის რექტორი საუბრობდნენ და მათი უფლება-მოვალეობებიც მოსწავლეებს მათ გააცნეს. თუ როგორ ჩაიარა მანდატურების მუშაობის პირველმა დღემ, 16-მა აპრილმა, ამის გაგება რთული აღმოჩნდა: განათლების სამინისტრო მანდატურებს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების ნებართვას ჯერჯერობით აღარ რთავს.
"დღეს გარეთ იმდენად აღარ დავრბოდით, ალბათ ბავშვებს მანდატურების მოერიდათ", _ შენიშნეს 51-ე სკოლის მეშვიდეკლასელებმა მათი მუშაობის პირველ დღეს. 51-ე სკოლაში იმ დღეს მართლაც სიმშვიდე იყო. მანდატურები სკოლის სხვადასხვა სართულზე გამოჩნდებოდნენ ხოლმე და ძირითადად იმას არკვევდნენ, თუ რატომ არ იყო რომელიმე მოსწავლე გაკვეთილზე შესული.
"ალბათ იმდენი ჩხუბი აღარ იქნება", _ იმედით შეხვდა მისი სკოლის ახალ თანამშრომლებს 117-ე სკოლელი თენგო კუჭუაშვილი. მისი მეგობარი კი აღნიშნავს, რომ "ბევრი ჩხუბი" მათ სკოლაში არც აქამდე ყოფილა.
"მე მიმაჩნია, რომ მანდატურების ინსტიტუტის შემოღება, ყოველ შემთხვევაში ჩვენს სკოლაში, საჭირო არ იყო. აქ გაკონტროლების პრობლემები არ გვქონია", _ ამბობს 51-ე სკოლის მასწავლებელი აზა ელიავა, "შედეგი ის იქნება, რომ შეიძლება ბავშვებს უფრო მეტად შეეშინდეთ". თუმცა მისი კოლეგების უმრავლესობა ახალ პროექტს ან მხოლოდ "საუკეთესო და საჭირო ინიციატივად" აფასებს, ან მის შეფასებას საერთოდ ერიდება: დალოდება და შედეგის მიხედვით მსჯელობა გვირჩევნიაო.
პოლიციის აკადემია მანდატურების უკვე მეორე ნაკადის მომზადებას იწყებს. მომავალი წლიდან განათლების სამინისტრო მათ გაგზავნას თბილისისა და რეგიონების დიდი ქალაქების ყველა სკოლაში გეგმავს.