Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩვენი პრიორიტეტი ევროგაერთიანებაა

03 აგვისტო 2010

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა თბილისში ვიზიტისას თქვა, რომ მეზობელს უნდა ესაუბრო, მით უმეტეს თუ მეზობელი დიდია. რეალობის გათვალისწინებით, რა ფორმატითაა შესაძლებელი რუსეთთან დიალოგი?

 

რუსეთის გარდა ჩვენ სხვა მეზობლებიც გვყავს. შეიძლება ბატონ კუშნერის აინტერესებდა ჩვენი ურთიერთობები ირანთან ან იგივე თურქეთთან. თუმცა, ამ შემთხვევაში ალბათ იგი მართლაც რუსეთზე ამახვილებდა ყურადღებას.

მან პოლონეთის მაგალითი მოიყვანა, რომ მიუხედავად რთული ისტორიული ურთიერთობებისა, დღეს რუსეთსა და პოლონეთს შორის პოზიციები დაახლოვდა. მსგვსი გამოცდილება მისაღებია, მაგრამ ჩვენ ჯერ შორს ვართ პოლონეთისგან. ეს ვუთხარით კიდეც ბატონ კუშნერს. პირველ რიგში, პოლონეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანაა. ასევე, პოლონეთის ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან საფრთხე არ ემუქრება, მაშინ როცა ჩვენი ტერიტორიის ოცი პროცენტი რუსეთის მოიერაა ოკუპირებული.

 

ჩვენი პოლიტიკა საკმაოდ მოქნილია. ვცდილობთ საქართველოსთვის რაღაც სარგებელი ვიპოვოთ ამერიკა-რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაში.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დაახლოებაში და ამერიკა-რუსეთს შორის სხვადასხვა დონეზე მოლაპარაკებების დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის თემა შენარჩუნდეს.

პირველი პირების დონეზე რუსეთთან ურთიერთობა გაგვიჭირდება ისევ და ისევ კრემლის მიზეზით. მოსკოვი არ სცნობს ჩვენს მთავრობას. თუ ევროპა ან შეერთებული შტატები მოახერხებენ უმაღლეს დონეზე შეხვედრების ორგანიზებას, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. ამის ბერკეტი გააჩნია მხოლოდ დასავლეთს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არარეალურია.

რუსეთს სჭირდება დასავლეთი და გააზრებული აქვს, რომ დასავლეთთან კონფრონტაცია მხოლოდ დააზარალებს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ დასავლეთისგან შეიძლება მოვითხოვოთ, რომ საქართველოს საკითხი პრიორიტეტული იყოს რუსეთთან ურთიერთობისას.

 

 

კუშნერის ვიზიტს წინ უსწრება ამერიკის სახელმწიფო მდივნის ევრო ტური. ჰილარი კლინტონმა რამდენჯერმე ახსენა სიტყვა "ოკუპაცია". როგორ შეიძლება შევუთავსოთ კლინტონის ეს ცალსახა დეფინიცია, კუშნერის მოწოდებას - "ელაპარაკეთ რუსეთს"?

აქ შეუთავსებელი არაფერია. ტერმინ "ოკუპაციის" ხმარება არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ უნდა ელაპარაკო. პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ტერიტორიებს ოკუპირებულს უწოდებენ უკვე ათეულობით წლებია, მაგრამ ისრაელთან არავის გაუწყვეტია არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური და არც დიპლომატიური ურთიერთობები. სიტყვა "ოკუპაციის" გამოყენება არის უბრალოდ საკითხის უფრო მკვეთრად დაყენება. ეს ნიშნავს რომ საქართველო ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად შავ-თეთრი კატეგორიებით ვაზროვნებთ. რადგან სიტყვა "ოკუპაცია" ახსენა, ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გაწყვიტოს. დიპლომატიაში ასე არ ხდება, ეს მოლაპარაკებების ნაწილია.

უკანასკნელ პერიოდში საგარეო პოლიტიკის კუთხით აშკარა გამოცოცხლებაა. საქართველოში ევროპის რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათაც ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის მთლიანობაზე და ევროპასთან ინტეგრაციაზე ისაუბრეს. ამ მხარდაჭერის საპასუხოდ, ჩვენ რას ვთავაზობთ?

ევროპასთან ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. ამ თემაზე არსებობს კონსენსუსი არა მარტო მთავრობაში, არამედ საზოგადოებაშიც.

ევროგაერთიანება ჩვენი საბოლოო მიზანია. ევროპელები ხშირად გვიმეორებენ, რომ უახლოეს მომავალში საუბარი არ არის საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე. ეს ჩვენ კარგად გვესმის. არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ მზად. თვითონაც არ არიან მზად. ჩვენი წევრობის ტემპები მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. 40 წელია თურქეთი თავის კანდიდატურას აყენებს და მისთვის კარები ჯერ კიდევ არ გაუღიათ. მთავარია, რომ ჩვენი მხრიდან მკაფიო მესიჯია, რომ ჩვენთვის ევროგაერთიანება პრიორიტეტია.

კუშნერმა ასევე განაცხადა "ჩვენ დავეხმარებით საქართველოს ევროპასთან მოლაპარაკებისას ევროკავშირში მის ასოცირებულ წევრობაზე" და რომ რუსეთი არ წყვეტს ვინ გახდება ევროკავშირის წევრი. აქვს თუ არა საქართველოს ჩამოყალიბებული პოლიტიკა, თანმიმდევრული გეგმა ევროპასთან მიმართებაში?

რა თქმა უნდა, არსებობს და პირველ რიგში ეს არის ხელშეკრულება ევროკავშირში ასოცირებულ წევრობაზე.  ევროკავშირის დღევანდელმა წევრებმა ეს პროცესი უკვე გაიარეს და ეს იყო მათთვის მთავარი წინაპირობა. ეს პროცესი არის ერთერთი ყველაზე აუცილებელი კომპონენტი ჩვენი ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ამის შემდეგ გვექნება საშუალება ჩვენი წევრობის კანდიდატურაც დავაყენოთ ისე, როგორც ეს სერბეთისმა და მაკედონიამ გააკეთეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^