საარჩევნო აგიტაციაში ჩართვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, გუბერნატორს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს და პრეზიდენტს სამსახურებრივი ფუნქციის შესრულების დროსაც შეუძლიათ. ეს ცვლილება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იურიდიული კომისიის მიერ შექმნილი კანონმდებლობით შევიდა. მანამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკრძალებოდათ აგიტაციაში მონაწილეობა, თუ კანდიდატებად თავად არ იყვნენ წარდგენილნი. "გურულები უფრო მეტად მოტივირებულები ვართ, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ამით შეგვიძლია, მთელ საქართველოს დავანახოთ, რომ მეტის კეთება ძალგვიძს. ჯიგრულად გეუბნებით, რომ ეს არაა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების შემდეგაც განვაგრძობთ საინიციატივო ჯგუფებთან გრძელვადიან ურთიერთობას მუდმივი დიალოგის რეჟიმში", _ უთხრა კინოთეატრ "ოზურგეთში" შეკრებილ ახალგაზრდებს საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარემ რამაზ ნიკოლაიშვილმა 16 აპრილს გამართულ დახურულ შეხვედრაზე. შეხვედრას გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილიც და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ. თუმცა, გუბერნატორმა ჟურნალისტების გამოჩენისთანავე დატოვა დარბაზი.
საარჩევნო აგიტაციაში ჩართვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგებელს, გუბერნატორს, პარლამენტარებს, მინისტრებს, მათ მოადგილეებს და პრეზიდენტს სამსახურებრივი ფუნქციის შესრულების დროსაც შეუძლიათ. ეს ცვლილება 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იურიდიული კომისიის მიერ შექმნილი კანონმდებლობით შევიდა. მანამდე პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკრძალებოდათ აგიტაციაში მონაწილეობა, თუ კანდიდატებად თავად არ იყვნენ წარდგენილნი.
ვენეციის კომისიის 2008 წლის აგვისტოს დასკვნის მიხედვით, ამგვარი ცვლილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკა და საჯარო საქმიანობა მკვეთრად უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული. იმისათვის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები ჩართულიყვნენ, ისინი მასობრივად გავიდნენ შვებულებებში, თუმცა პოლიტიკური და საჯარო საქმიანობის მკვეთრი გამიჯვნა ვერც ამ კანონიერმა ქმედებამ უზრუნველყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის მერიაში 516 ადამიანია დასაქმებული, აქედან 77 თანამშრომელი შვებულებაშია, 2 თანამდებობა კი ვაკანტურია _ ქუთაისის მერისა და მერის პირველი მოადგილის. მიუხედავად იმისა, რომ იმერეთის სამხარეო გუბერნატორი ლაშა მაქაცარია შვებულებაშია, ის 24 მაისს ქუთაისში რამდენიმე ობიექტის გასახსნელად ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობდა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზეინაბ ხაჩიძემ განმარტა, რომ 24 მაისს გუბერნატორი ერთი დღით გამოიძახეს სამსახურში შვებულებიდან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური საარჩევნო შტაბის საქმიანობას ქუთაისში განაგებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ შუშანია. მის ფუნქციებში შედის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, მმართველი პარტიის კოორდინატორებისა და მიკროკოორდინატორების საქმიანობის დაგეგმვა-ხელმძღვანელობა. ამას გარდა, შუშანიას სახელს უკავშირდება ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის _ "დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრის" საქმიანობა: 30 მაისს ქუთაისის, ზოგადად, მთელი იმერეთის რეგიონისა და გურიის რეგიონის მასშტაბით, დამკვირვებლები ყველა საარჩევნო უბანზე მხოლოდ ამ ორგანიზაციას ეყოლება. აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის იურიდიულ მისამართად ცესკო-ს ვებგვერდზე სწორედ შუშანიას საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული. ამას გარდა, ორგანიზაციის თავმჯდომარე შუშანიას ახლო მეგობარი ლევან ჭანჭალეიშვილია, რომელიც იმავდროულად მმართველი პარტიის სიის მე-11 ნომერია.
მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსს რამდენიმე ფორმით იყენებს. შვებულებაში გასული ასეულობით მუნიციპალიტეტის თანამშრომელი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბებშია დასაქმებული. მაღალი თანამდებობის მქონე საჯარო მოხელეები კი პარტიის კანდიდატებს უწევენ ლობირებას.
ძელქვიანში, ამომრჩევლებთან შესახვედრად მისულ ნაციონალების კანდიდატს, სერგო ლექვინაძეს, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის, ქალაქ-განათების და წყალკანალის წარმომადგენლები ახლდნენ თან. მათ მოსახლეობის მოთხოვნები ჩაიწერეს და დაჰპირდნენ რომ წინასაარჩევნოდ ყველა მათ მოთხოვნას შეასრულებდნენ. "ამ უბნის მცხოვრებლები, ბოლო 15 წელია, ვითხოვთ დახმარებას. არხი ჩადის ჩვენთან და სპეციალური მანქანაა საჭირო, რომ გაიწმინდოს. შეჰპირდნენ, რომ გააკეთებენ. მე ჩემს ამომრჩეველს იგივეს ვერ გავუკეთებ", _ ამბობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სრულიად საქართველოს სახალხო ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატი დავით მალანია.
ადმინისტრაციული ერთეულების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებისთვის დახმარებაზე ჩივიან სამეგრელოშიც. შამგონას მაჟორიტარობის კანდიდატი დემნა ხუბუა ამბობს, რომ სოფლის რწმუნებული, გოჩა შენგელია, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მოსახლეობასთან შეხვედრებზე დაჰყვება. "ხალხს ეუბნებიან, რომ სკოლას სოფლის მაჟორიტარი ააშენებს, რომ გზას მოხრეშავს და ფეხბურთის სტადიონს ააშენებს ნაცების კანდიდატი სოსო ღურწკაია და ამიტომაც უნდა მისცეთ ხმაო", _ ამბობს დემნა ხუბუა.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა ლაშა დამენიამ სოფლის რწმუნებულის აგიტაციაში ჩართვა მისი შვებულებაში ყოფნით ახსნა. "შამგონას სოფლის რწმუნებული შვებულებაშია და კანონმდებლობა მას საარჩევნო კამპანიაში ჩართვას არ უკრძალავს. ასე რომ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს", _ თქვა მან.
კონსერვატორი დემნა ხუბუა კი მიიჩნევს, რომ მასობრივად ყველას შვებულებაში გაშვება არჩევნების აბუჩად აგდება და ოპოზიციის არათანაბარ პირობებში ჩაყენებაა. "სოფლის რწმუნებული თუ მოხსნილია ან შვებულებაშია, რა ესაქმება ყოველდღე სოფლის გამგეობის შენობაში", _ ამბობს ხუბუა.
საჯარო მოხელეების ფორმალურ შვებულებაში გასვლაზე კახეთშიც საუბრობენ. სიღნაღში გამვლელი გიორგი ფარსადანოვი ამბობს, რომ გამგებელი ნოდარ კოჭლამაზაშვილი, შვებულების მიუხედავად, თავის კაბინეტში ხშირად არის. "ამას წინათ შემხვდა ქუჩაში და მითხრა, _ სიღნაღს კიდე უფრო გავალამაზებთო, ამისთვის კი, ხომ იცი არჩევნებზე ხმა ვისაც უნდა მისცეო. ის ფაქტი, რომ ახლა შვებულებაშია, არაფერს ცვლის, ის ჩემთვის მაინც გამგებელია", _ ამბობს ფარსადანოვი.