15 სკოლიდან რამდენიმეში გაკვეთილი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, როცა იქ მისულმა მინისტრმა ტელეკამერების თვალწინ კაბინეტი საზეიმო ვითარებაში გახსნა. სკოლებში არ გამოჩენილან არც თადარიგის ოფიცრები, რომლებმაც საგანი მაღალი კლასების მოსწავლეებს უნდა ასწავლონ.
15 სკოლიდან რამდენიმეში გაკვეთილი მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, როცა იქ მისულმა მინისტრმა ტელეკამერების თვალწინ კაბინეტი საზეიმო ვითარებაში გახსნა. სკოლებში არ გამოჩენილან არც თადარიგის ოფიცრები, რომლებმაც საგანი მაღალი კლასების მოსწავლეებს უნდა ასწავლონ.
თბილისის კერძო სკოლა "ცისკარში" მეთერთმეტე კლასელებს სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო ხელოვნების საკითხებზე პედაგოგები სულ ორჯერ ესაუბრნენ. როგორც სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, მოსწავლეებს ჯერ ისტორიის მასწავლებელმა გააცნო ქართული ჯარის ისტორიიდან საკითხები, მეორედ კი ახალი საგნის ზოგიერთი თემა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა საკუთარ გაკვეთილზე შეითავსა.
"ჯერჯერობით კომბინირებული გაკვეთილებია და პედაგოგიც არ გვყავს, თუმცა ეს ხომ ჯერ პილოტირებაა, - ამბობენ "ცისკარში", - სექტემბრიდან, როცა უკვე სრულყოფილად დაიწყება სწავლება, ან ჩვენ დავიქირავებთ სამხედრო ოფიცერს, ანდა ალბათ განათლების სამინისტროდან თვითონ შემოგვთავაზებენ, ვინ დავნიშნოთ".
10 ივნისს, თავდაცვის გაკვეთილისთვის "ცისკრის" მეთერთმეტეკლასელები სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტში შეიკრიბნენ. კაბინეტის აღჭურვილობას კედელზე გაკრული პლაკატები და კარადა შეადგენს, რომელშიც სამინისტროს ნაჩუქარი ბროშურები და წიგნები ინახება ძირითადად ნატო-ს შესახებ. ოთახის კედლის ერთ ნაწილზე, "კალაშნიკოვის", ყუმბართმტყორცნების და სხვა იარაღების პლაკატებია გაკრული; მეორე კედელზე მოძრაობის წესები და საგზაო ნიშნები ჩანს.
სამოქალაქო განათლების და სამოქალაქო თავდაცვის გაერთიანებულ გაკვეთილს 15-მდე ბავშვი და სამი პედაგოგი ესწრება: სკოლის სასწავლო ნაწილი, სამოქალაქო განათლების პედაგოგი და დებატების საგნის მასწავლებელი. მისი მოწვევა იმისთვის დასჭირდათ, გაკვეთილი უფრო ცოცხალი რომ გამოსულიყო.
თემა ევაკუაციაა. ოთხ ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს მასწავლებელმა სიტუაციური ამოცანები მისცა და ბოლო დროის ცნობილი კრიზისული სიტუაციების მაგალითების განხილვა დაავალა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მოსწავლეებს უნდა ეპასუხათ, ის იყო, თუ ვინ აგებს პასუხს მოცემულ მაგალითებში ხალხის უსაფრთხოებაზე.
"კი მაგრამ, მოლდოვის პრეზიდენტი თუ გადადგა, როგორღა აიღებდა პასუხისმგებლობას მისი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე?" - "ჩამჭრელი" კითხვა დაუსვა ერთ-ერთმა მოსწავლემ მეორე ჯგუფის პრეზენტატორს და დებატებიც დაიწყო.
მეოთხე ჯგუფს განსახილველად 2007 წლის 7 ნოემბრის დემონსტრაცია შეხვდა:
"შენი აზრით, სწორად მოიქცა თუ არა ხელისუფლება, 7 ნოემბრის აქცია რომ დაარბია?" - ჰკითხა თანაკლასელმა ჯგუფის პრეზენტატორს.
თუმცა მასწავლებელმა ბავშვებს კამათი მალევე შეაწყვეტინა - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დავალების თემას სცილდებაო.
გაკვეთილზე წამოჭრილ თემებზე მოსწავლეები ზარის დარეკვის შემდეგ კიდევ უფრო ცხარედ კამათობდნენ. მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ კამათის ხელოვნებაში საკუთარი თავი კიდევ ერთხელ გამოსცადეს.
"დღევანდელ გაკვეთილზე აღმოჩნდა, რომ გუნდური მუშაობა და დასკვნების გაკეთება შეგვიძლია", - აღნიშნა ნანუკა ხუჯაძემ.
მეთერთმეტეკლასელები ახალი საგნის საჭიროებას ეჭვქვეშ არც აყენებენ. "ქართველ კაცს მუდმივად იარაღი ეჭირა ხელში და იბრძოდა. 2 წლის წინ რუსეთი დაგვესხა თავს. ჩვენ ისე უნდა აღგვზარდონ, რომ პატრიოტები ვიყოთ, და ისე უნდა ვიცოდეთ იარაღის ხმარება, ქვეყანას რომ გამოვადგეთ", - ამბობს ლაშა ბაბუნაშვილი.
ამ მეთერთმეტეკლასელზე კიდევ უფრო ემოციური იყო რამდენიმე თვის წინ მინისტრისა და პრეზიდენტის გამოსვლები, როცა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის საჭიროებას უხსნიდნენ. მაშინ დიმიტრი შაშკინი ხშირად იშველიებდა ისრაელის მაგალითსაც, სადაც სამხედრო მობილიზაცია თითქმის ყოველდღიურად ცხადდება და ამიტომ უსაფრთხოების "შესავლების" ცოდნა დიდსა და პატარას თანაბრად სჭირდება.
ამ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გამო, სამხედრო-პატრიოტიზმის ახალ სასკოლო საგნად პრეზენტაციას თავიდანვე აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საგნის პილოტირებისთვის გამოყოფილი ეტაპი თითქმის უკვე სრულდება, რამდენიმე თვის წინ გაჩენილი კითხვების დიდ ნაწილზე პასუხები ისევ არ არსებობს, ანდა ეს პასუხები ძალიან ზოგადია. მაგალითად, ჯერ ისევ ბუნდოვანია, რა შემთხვევაში ჩაატარებენ სამხედრო ოფიცრები გაკვეთილებს სკოლაში, უკვე გაიარეს, ან გაივლიან თუ არა ისინი საერთოდ სპეციალურ პედაგოგიურ გადამზადებას, უცნობია ისიც, თუ როგორ მიმდინარეობდა საგნის დაგეგმვის პროცესი.
ერთადერთი, რაც საგნის დეკლარირებული პილოტირებისას გაკეთდა, სპეციალური კაბინეტების მოწყობა იყო. თბილისის 123-ე სკოლის დირექტორიც აცხადებს, რომ სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტი მის სკოლაში მზად არის, და საგანიც ეტაპობრივად ინერგება.
მცხეთის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც სამოქალაქო თავდაცვის კაბინეტი დიმიტრი შაშკინმა ასევე საჯაროდ გახსნა, გაკვეთილი მხოლოდ ერთხელ, სტუმრების თანდასწრებით ჩატარდა. თბილისის 47-ე, 70-ე, 181-ე საჯარო სკოლებში კი ამბობენ, რომ ჯერ ეს გაკვეთილი არ ჩაუტარებიათ.
მიუხედავად ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე აცხადებს, რომ "სამოქალაქო თავდაცვის მოკლევადიანი პილოტირება უკვე დაინერგა. სექტემბრიდან გვინდა, რომ ეს საგანი მეოთხე, მერვე და მეთორმეტე კლასებში დავნერგოთ". მისი განმარტებით, დაბალი კლასებისთვის ამ საგნის სწავლებას სათანადოდ გადამზადებული მასწავლებლებიც შეძლებენ, მაღალკლასელებისთვის კი, შესაძლოა, ოფიცრებიც მოიწვიონ.
18 ივნისს საჯარო სკოლებში სწავლა წყდება. რადგანაც ამ დრომდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, და რადგან სკოლებში აცხადებენ, რომ უკვე საგამოცდო რეჟიმზე გადადიან, ძნელად წარმოსადგენია, რომ სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საგნის რეალური პილოტირება სასწავლო წლის დასრულებამდე შედგეს. სკოლაში ახალი საგნის პილოტირება მისი ისეთი მეთოდოლოგიით დანერგვას ნიშნავს, როგორც ეს რეალურად სჭირდება საგანს. პილოტირების მიზანი კი, საგნის მასობრივად დანერგვამდე, ხარვეზების შეფასება და გამოსწორებაა.
სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილების შემთხვევაში კი, ამ ხარვეზების აღმოჩენა შეუძლებელი იქნება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პილოტირებამ არათუ ხარვეზებით ჩაიარა, არამედ თითქმის არც განხორციელდა.