კონფლიქტის ზონის სოფელ - ტყვიავში დღის თორმეტი საათისთვის ჩავედი და საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზარალებული სახლების სანახავად იმ ქუჩას გავუყევი, რომელსაც მოსახლეობამ პუტინის ქუჩა შეარქვა.
კონფლიქტის ზონის სოფელ - ტყვიავში დღის თორმეტი საათისთვის ჩავედი და საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზარალებული სახლების სანახავად იმ ქუჩას გავუყევი, რომელსაც მოსახლეობამ პუტინის ქუჩა შეარქვა.
იმ ეზოსთან შევჩერდი, რომელსაც ერთი დიდი, ავი ძაღლი დარაჯობდა. თურმე ჯეკა ლაფაჩების კარ-მიდამოს 2008 წლის რუსეთ - საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ერთგულად ყარაულობს. ეზოს ერთ კუთხეში ზამთრისათვის გამზადებული შეშის მარაგია, მის გვერდით კი, იმ პატარა ნაკვეთზე გასასვლელი კარი, სადაც ნიკო ლაფაჩს მოსავალი მოჰყავს.
ოჯახი შვიდსულიანია, თუმცა სახლში მარტო ბაბუა - 76 წლის ნიკო ლაფაჩი და მისი ორი შვილიშვილი - ანი და თამუნა დამხვდნენ.
ლაფაჩების შემოსავლის ძირითადი წყარო ბებია - ბაბუის პენსია და ბატონო ნიკოს ხელით დამზადებული სამუშაო იარაღების გაყიდვით მიღებული თანხაა. ანის და თამუნას მშობლები არ მუშაობენ. ბატონი ნიკო ცნობილი მონადირე ყოფილა, როგორც მითხრა, ორმოცამდე დათვი ჰყავს მოკლული. ომამდე, ცხინვალის რაიონის სოფელ - ჭარებში ცხოვრობდა. ხუთკომლიანი სოფლის მოსახლეობის ნაწილი ეთნიკურ ოსებს დაუხოცავთ, ნაწილს კი გაქცევით უშველია თავისთვის. ბატონ ნიკოს მეუღლესთან ერთად წყნეთისთვის შეუფარებია თავი და ომის დასრულების შემდეგ - ტყვიავში, შვილსა და რძალს შეჰკედლებია.
დღეს 29 დეკემბერია. ლაფაჩების ოჯახი ახალი წლისთვის ემზადება. ბატონი ნიკოს თქმით, ახალ წელს ომამდე უკეთ ხვდებოდნენ, რადგან მატერიალურად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ და საქონელიც ჰყავდათ.
ათი წლის ანის ნაძვის ხის აწყობაში მისი და, თამუნა დაეხმარა. თოვლის ბაბუას ანიმ წერილი უკვე გაუგზავნა და სათამაშო დათუნიას ჩუქება სთხოვა.
თამუნა უკვე თოთხმეტი წლისაა და თოვლის ბაბუის არსებობის აღარ სჯერა. კაგრად ახსოვს ორი წლის წინანდელი ახალი წელი; მაშინ არაფერი უხაროდა, ცეცხლის გახსნის პირველ დღეს მცირეწლოვან დასთან და მამიდაშვილთან ერთად სახლში მარტო იყო და წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. დამდეგი ახალი წლისაგან განსაკუთრებულ საჩუქარს არ ელის, მარტო ბედნიერება და სიმშვიდე უნდა.
ლაფაჩებს გამოვემშვიდობე და "პუტინის ქუჩას" გავუყევი. ქუჩაში რამდენიმე ბავშვი თამაშობს, გამოველაპარაკე. მათი უმეტესობა 9-10 წლისაა. მეზობლად ცხოვრობენ, ერთ სკოლაში სწავლობენ და როგორც ჩანს კარგი მეგობრებიც არიან. ყველაზე მეტად მათმა კომუნიკაბელურობამ გამაკვირვა.
ათი წლის ნოდარიკო ასკირაშვილი თურმე მოუთმენლად ელის ახალ წელს, ზუსტად არ იცის რა უფრო უხარია, ახალი წელი თუ სკოლაში რომ არდადეგები აქვს. თოვლის ბაბუას საკმაოდ მარტივი წერილი დაუტოვა ნაძვის ხესთან: - "თოვლის ბაბუ, რამე სათამაშო მომიტანე". ომი არ ახსოვს, რადგან კონფლიქტის დროს მისი ოჯახი რუსთავში გადავიდა საცხოვრებლად.
ერთი პატრა ბიჭი დანარჩენებს გამოეყო, სერიოზული გამომეტყველებით მომიახლოვდა და ასე გამეცნო: "გამარჯობათ, მე თორნიკე ქარელი ვარ". თან ხელიც გამომიწოდა. თორნიკემ უკვე იცის რომ, თოვლის ბაბუის ნაცვლად საახალწლოდ საჩუქარს მშობლები გაუკეთებენ. მაშხალებიც მომარაგებული ჰქონია და ახალი წლის დადგომას დიდი ენთუზიაზმით ელის. ორი წლის წინ, ახალ წელს გორში, დევნილთა დასახლებაში შეხვდა. საკუთარი სახლის და მეგობრების გარეშე.
ჩემი ყურადღება ასაკოვანმა ქალბატონმა მიიპყრო "ბალონკას" ჯიშის ძაღლს რომ ასეირნებს, უცნაურად მომეჩვენა. ქალბატონი ჯულიეტა 87 წლისაა. მეუღლე წლების წინ დაეღუპა. სამი გათხოვილი ქალიშვილი ჰყავს. ახლა მარტო ცხოვრობს 90 ლარიანი პენსიის ანაბარა. ახალ წელს უხალისოდ ელის, მარტოა. ხეხილის მოვლა უჭირს და წელს მოსავალი თითქმის არ ჰქონია. ომის დროს მისი სახლის წინ ჭურვი ჩამოვარდა, რამაც საცხოვრებელი და სათავსო სერიოზულად დააზიანა, მეზობელად მდებარე სახლები კი მიწასთან გაასწორა; არავინ დახმარებია და ახლა ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს.
ტყვიავის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ, უსახელო ქუჩაზე, სკამზე ქალბატონი ზის, ხელში აქა-იქ შემომპალი ვაშლით სავსე კალათი უჭირავს და ხილის გამორჩევას ცდილობს. 2008 წელს, ცეცხლის გახსნის შემდეგ ქალბატონმა ზინა ლომსაძემ და მისმა ვაჟიშვილმა თავი სარდაფს შეაფარეს. რძალი და შვილიშვილები სურამში ისვენებდნენ. მეორე დღეს შვილმა ქალბატონი ზინაც სურამში გადაიყვანა.
ახლა მისი შვილიშვილები თბილისში სწავლობენ, შვილი და რძალიც თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად. ქალბატონი ზინა სახლს უპატრონოდ ვერ ტოვებს. ყველაზე მეტად მარტოობა უჭირს და არც ახალ წლის ხალისი აქვს.
თბილისში დასაბრუნებლათ სოფელ ტყვიავის ცენტრში მომიწია ჩასვლა. პირველი რაც თვალში მომხვდა გვერდიგვერდ ჩამწკრივებული ხორცის დახლები იყო. ახალი წელი თითქმის მოვიდა და "საკლავიც" დაკლულია, თუმცა გამყიდველები კლიენტების ნაკლებობას უჩივიან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან შედარებით ხორცი საკმაოდ იაფია.
სამარშრუტო ტაქსამდე ჩემმა პატარა რესპონდენტებმა მიმაცილეს, დამდეგი შობა-ხალი წელი მომილოცეს და მთხოვეს ისევ ჩამოვსულიყავი.
2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგად სოფელ ტყვიავში ეთნიკური ნიშნით ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.