Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ფერერო როშერის" მეგრული ისტორია

31 დეკემბერი 2010

ეს 1990-იანი წლების საკულტო რეკლამა იყო - ელჩის მიღება ლანგარზე დაწყობილი "ფერერო როშერის" ოქროსფერი პირამიდებით: "ის საზოგადოებაში ჩინებული გემოვნებით იყო ცნობილი". მაგრამ ამ პატარა შოკოლადების მწარმოებლები, სინამდვილეში, მაღალი საზოგადოების მოყვარულები სულაც არ არიან. იტალიელი ძმები პიეტრო და ჯიოვანი ფერეროები ხალხმრავლობისგან გარიდებას ამჯობინებენ. ეს ეხება "ფერეროს" პოლიტიკასაც - ის ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფირმაა ამ ტიპის კომპანიებს შორის.

ეს 1990-იანი წლების საკულტო რეკლამა იყო - ელჩის მიღება ლანგარზე დაწყობილი "ფერერო როშერის" ოქროსფერი პირამიდებით: "ის საზოგადოებაში ჩინებული გემოვნებით იყო ცნობილი". მაგრამ ამ პატარა შოკოლადების მწარმოებლები, სინამდვილეში, მაღალი საზოგადოების მოყვარულები სულაც არ არიან. იტალიელი ძმები პიეტრო და ჯიოვანი ფერეროები ხალხმრავლობისგან გარიდებას ამჯობინებენ. ეს ეხება "ფერეროს" პოლიტიკასაც - ის ერთ-ერთი ყველაზე დახურული ფირმაა ამ ტიპის კომპანიებს შორის.

შოკოლადის მწარმოებელ კომპანიას საფუძველი ჩრდილოეთ იტალიაში, ალბაში, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჩაეყარა და, თავდაპირველად, ის ერთი პატარა საკონდიტრო მაღაზია იყო. პიეტროს და ჯიოვანის ბაბუამ საიდანღაც სპეციალური კრემის რეცეპტი ამოქექა და ომის გამო დეფიციტური შოკოლადის ნაცვლად ადგილობრივი თხილით ამ კრემის წარმოება დაიწყო. კომპანიამ "ნუტელა" 1963 წელს დაარეგისტრირა. პირველი ქილა "ნუტელა" 1964 წელს გაიყიდა - მას შემდეგ, რაც მიშელ ფერერომ წინაპრების რეცეპტი ოდნავ შეცვალა.

ფერეროს ოჯახის წევრები დღემდე კომპანიის ერთადერთი მეწილეები არიან. 2007 წელს მიშელ ფერერომ იტალიის ყველაზე მდიდარ მოქალაქეთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ბერლუსკონის გაუსწრო. ჟურნალ "ფორბსის" შეფასებით, მისი ოჯახის ქონება 9.5 მილიარდი ევროა. მაგრამ იგი კვლავ მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს სოფელთან, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა - ადგილობრივები ამბობენ, რომ მიშელი მონტე კარლოსა და ალბას შორის დროს თანაბრად ანაწილებს. კომპანიის ძველ თანამშრომლებთან მას უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვს.

შეიძლება, ფესვებისადმი ასეთი ერთგულება არის იმ საოცარი თავდადების მიზეზი, რითაც კომპანიის თანამშრომლებში არიან ცნობილი: "ფერეროში" არასდროს ყოფილა გაფიცვა ან პროტესტი. "ფერეროს" არასდროს უყიდია ან შემოუერთებია სხვა კომპანია. არსებობის 60 წლის მანძილზე კომპანიას არასდროს გაუმართავს პრესკონფერენცია, არც ერთ მის დამფუძნებელს არ მიუცია ინტერვიუ მედიისთვის. წარმოება იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ "ფერეროს" ყველა პროდუქტი კომპანიის საკუთარი, ფერეროების გვარის წარმომადგენელი ინჟინრის მიერ აწყობილი დანადგარებით მზადდება. როგორც ყველა კარგ ფერეროს, პრესასთან საუბარი მასაც არ სურს.

ასეთ "ჩაკეტილ" პოლიტიკას კომპანიის საწინააღმდეგოდ ნამდვილად არ უმუშავია: 1940-იანი წლების პატარა საკონდიტრო მაღაზიიდან "ფერერო" მსოფლიოში სიდიდით მეოთხე საკონდიტრო კომპანიად გადაიქცა, რომლის გაყიდვების მოცულობამ შარშან 9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

2007 წელს "ფერერო" საქართველოში შემოვიდა. კომპანიამ სამეგრელოში თხილის პლანტაციების გასაშენებლად და ორი გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად მიწა შეისყიდა. ყოველ წელს "ფერერო" 75 ქვეყანაში 180 000 ტონა "ნუტელას" ყიდის. ეს თხილიანი შოკოლადის კარაქი იტალიაში ერთგვარ "ბედნიერების მომტან" საკვებად აღიქმება, რომელიც მრავალ სიმღერაში, მოთხრობაში, ნახატსა თუ ფილმში ფიგურირებს. "ნუტელაზე" მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, "ფერეროს" ყოველწლიურად 25 000 ტონაზე მეტი თხილი სჭირდება.

საქართველოში ბიზნესი "ფერერომ"  შვილობილი კომპანიის - აგრიჯორჯიას - დაარსებით დაიწყო, რომელშიც წილის 100%-ს თავად ფლობს. ამჟამად კომპანიის საკუთრებაში 3 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის ნაწილი პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მთავრობის აუქციონზე შეიძინეს, ნაწილი - კერძო მესაკუთრეებისგან.

"ჩვენ რჩევებს ვაძლევდით და მიწის ნაკვეთების შერჩევაში ვეხმარებოდით, რადგან კომპანიას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველოს რომელ ნაწილში შეიძენდა მიწას", - ამბობს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის რეგიონული პროექტის კოორდინატორი თემურ ზუმბაძე. "აგრონომებმა ხობისა და ზუგდიდის რაიონებს შორის მდებარე მიწა შემოსაზღვრეს - მიწის ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ნაწილი - კერძო პირებს, ხოლო ნაწილიც  თვითნებურად იყო დაკავებული - ანუ რეგულარულად მუშავდებოდა, მაგრამ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ იყო". დღეისათვის კომპანიამ 1200 ჰექტარი უკვე აითვისა და დანარჩენის გაშენებას მომავალი ორი წლის განმავლობაში გეგმავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, "ფერერო" რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია. "დაახლოებით 170 ადამიანი მუდმივად არის დასაქმებული და სასოფლო-სამეურნეო ღონისძიებებისათვის კომპანია დამატებით 500-მდე დროებით მუშას ქირაობს", - განუცხადა investor.ge-ს მარკეტინგული კვლევებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ეკატერინე ზვიადაძემ. "კომპანია ასევე დიდ ინვესტიციას დებს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის - გზებისა და ხიდების - რეაბილიტაციაში". ადგილობრივ თემში ინვესტირება კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

რამდენს აბანდებს "ფერერო" საქართველოში, უცნობია. მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2007 წელს ინვესტიციები 6 მილიონ ევროს შეადგენდა. შარშან კი საქართველოში "ფერეროს" წარმომადგენლის - მერაბ მურღულიას - განცხადებით, კომპანია ინვესტიციის მოცულობის 20 მილიონ ევრომდე გაზრდას გეგმავდა.

თხილის წარმოება ერთადერთი სექტორია, სადაც საქართველო მსოფლიოს 10 წამყვან მწარმოებელს შორის სახელდება: 2008 წელს - 18 700 ტონა თხილით მას მე-6 ადგილი ეკავა. ეს ბევრად ჩამორჩება მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლის - თურქეთის მაჩვენებელს, რომელიც 800 000 ტონაზე მეტს აწარმოებს. თუმცა მსოფლიო ბანკის 2009 წლის საქართველოს კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეუძლია, მეზობელ ქვეყანას ბევრ რამეში გაუწიოს კონკურენცია - იქნება ეს შრომის ანაზღაურება,  მიწის ღირებულება, შედარებით მოქნილი ტარიფები იმპორტზე თუ კლიმატი. კლიმატის კონტროლისა და ირიგაციისათვის მხოლოდ მცირე ინვესტიციაა საჭირო.

საქართველოში თხილის მოყვანაში 5000-ზე მეტი ოჯახია ჩართული, არსებობს 20-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო. ეს კი ნიშნავს, რომ თხილის მოყვანისთვის საჭირო უნარ-ჩვევები მეტ-ნაკლებად განვითარებულია. თუმცა რაც საქართველოს არ აქვს, ეს არის თხილის მოყვანისა და გადამუშავების ბოლო ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ცოდნა. შედეგად, ხარისხი თურქულზე დაბალია - ეს "ფერეროს" თხილის განვითარების მთავარმა მენეჯერმა მაურიზიო კორტესმა შარშან თბილისში გამართულ კონფერენციაზეც დაადასტურა. საშუალოდ, ერთი კილოგრამი დაკრეფილი თხილი თურქეთში 500 გრამ თხილის გულს იძლევა. იგივე მაჩვენებელი საქართველოში 400 გრამზე ნაკლებია.

სწორედ აქ ჩანს "ფერეროს" მნიშვნელობა საქართველოსთვის. "ფერერო ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ისტორიაა", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა. "კომპანიას, დასაქმების თვალსაზრისით, დიდი გავლენა აქვს რეგიონის ეკონომიკაზე და თან, ტექნოლოგიები და ცოდნა შემოაქვს".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^