-
09:25
საგარეჯოს 23-ე ოლქში შემავალი ყველა უბანი გაიხსნა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ მღებრიშვილის განცხადებით, 8 საათზე უკვე ყველა უბანი გახსნილი იყო და ამ დრომდე არჩევნები ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს.
„ჯერჯერობით საჩივრები არ არის შემოსული. პირველი აქტივობა გვეცოდინება 10 საათსთვის. ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს" - ამბობს მღებრიშვილი.
მისი განმარტებით, ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა მცირე პროცედურული ხარვეზები, თუმცა არ შეიძლება, მათ დარღვევა ეწოდოს.
„პროცედურული ხარვეზებია , რომელთაც ძალიან მალე ვაგვარებთ.
მაგალითად უბანზე შევარდა ამომრჩეველი, რაღაცას ითხოვდა უაზროდ, მაგრამ დააწყნარეს. დარღვევად არ ითვლება" - ამბობს მღებრიშვილი. -
10:36
საგარეჯოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ ჭაბერაშვილი ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა „ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნული „გამოუცდელი ადამიანები" გამოწვევას წარმოადგენს.
კითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტად, ჭიაბერაშვილი პასუხობს, რომ მეორე ტურში „ქართლი ოცნებისა" და „პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატების ხილვა მოსალოდნელი არ არის:
„ქართული ოცნების" შტაბში თვლიან, რომ მეორე ტურში ვიქნებით მე და „ქართლი ოცნების კანდიდატი". „პარტიოტთა ალიანსის" შტაბში კი თვლიან, რომ მეორე ტურში ვიქნებით მე და ირმა ინაშვილი.
მე ვთვლი, რომ „ოცნება" და „პატიროტთა ალიანსი" ორივე ტურში ერთად არ იქნება. დანარჩენი რა მოხდება, შევხედავთ" - ამბობს ჭიაბერაშვილი.მისი თქმით, ამ მომენტისთვის დარღვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ორი დღის წინ, სოფელ დუზაგრამაში გადასატან ყუთთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა.
„აშკარად გაყალბებისთვის იყო ჩამოწერილი 30-კაციანი სია. ისეთი ადამიანები იყვნენ ამ გადასატანი ყუთის სიაში, რომლებიც ქუჩაში დადიოდნენ. აქედან რამდენიმე ადმაიანი, ვიცით, რომ ბაქოში იყო წასული. რამდენიმე აქტივსტს არც მოუთხოვია გადასატან ყუთში საკუთარი გვარის დაფიქსირება. ჩვენ ეს გავაგებინეთ ცესკოს. საოლქო კომისია ჩაერია. 7 ადამიანი მოაკლეს ამ სიას" - ამბობს ჭიაბერაშვილი.
„ლიბერალი" საგარეჯოს სხვა მაჟორიტარ კანდიდატებსაც შეხვდება და დღის განმავლობაში მათ პოზიციებსაც მოგაწვდით.
-
10:55
საგარეჯოში, სადაც 50 საარჩევნო უბანია, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქიტივობა 8,37%-ია, რაც 3 856 ამომრჩეველს უდრის - ამის შესახებ „ლიბერალს" საგარეჯოს საოლქო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა.
ზურაბ მღებრიშვილის განმარტებით, კომისიაში ერთ საჩივარი უკვე შევიდა, რომელიც ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელთა დაუშვებლობას უკავშირდება.
„უბანზე არ უშვებდნენ დამკვირვებლებს. მაგრამ იმ დროს უბანი ატარებდა წილის ყრის პროცედურას და მალე ვერ გაუღეს კარი, თუმცა მოგვიანებით თვითონვე შეუშვეს. ჩვენი ჩარევა არ გახდა საჭირო. კენჭისყრას ატარებდნენ და ვერ გამოვიდოდნენ" - ამბობს მღებრიშვილი.მისი განმარტებით, ამომრჩეველთა აქტივობის განახლებული მონაცემები 12:30 საათზე გახდება ცნობილი.
-
11:34
მაჟორიტარი კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ საგარეჯოში მას კონკურენტი არ ჰყავს.
„არცერთს. არავის ვაკნინებ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ საგარეჯოში ჩვენ მოვიგეთ, წელს ორმაგად პოზიტიური განწყობაა ჩვენდამი. არ მიმჩნია რომელიმა მაჟორიტარი კანდიდატი კონკურენტად" - უთხრა ირმა ინაშვილმა „ლიბერალს".
იგი ამბობს, რომ საარჩევნო ოლქში უკვე უამრავი დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა საოლქო კომისიას მათზე რეაგირება ჯერჯერობით არ მოუხდენია.
„შარშან დუზაგრამას საარჩევნო უბანზე გაყალბება ხდებოდა - ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთებში, ის პრქტიკა რაც მანკიერი იყო, შარშან დაიწყეს საღამოს, დღის მეორე ნახევარში, თუმცა წელს დაიწყეს დილის 10 საათიდან. იორმუღალოს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე - 39-ე, 45-ე, 39-ე.. სამარშუტო ავტობუსებით ერთ და იგივე ხალხი მიჰყავთ სხვადასხვა უბნებზე და აძლევენ ხმას. ხმის მიცემის ჯიხურში რამდენიმე კაცი შედის ერთდროულად. არის იდენტიფიცირებული სახელისუფლებო კანდიდატის ნომერი. ზოგს ხელზე აწერენ..." - ამბობს ინაშვილი.
მისი განმარტებით, თუ ვინ დგას ამის უკან, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„გასატან ყუთებზეა დამაგრებულია „41", რაც კანონის უხეში დარღვევაა. კომისიის თავმჯდომარეები პირდაპირ აგიტაციას ეწევიან. ეს ყველა უბანზე ხდება იორმუღალოს ზოლში, სადაც აზერბაიჯანული სოფლებია. 13 უბანია დაახლოებით. ძალიან ბევრი საჩვრები იწერება. საოლქო კომისიას რეგირება ჯერჯერობით არ მოუხდენია" - ამბობს ინაშვილი.
-
12:31
საგარეჯოს ოლქის მე-4 საარჩევნო უბანთან ყვითელი მიკროავტობუსი დგას, რომელშიც ამომრჩევლები სხედან. „ლიბერალის" კითხვაზე, თუ ვინ გაუწია ორგანიზება უბანთან მათ მოყვანას, მიკროავტობუსში მსხდომი პირები არ პასუხობენ.
„ამომრჩევლებს ველოდებით, რომ წავიდეთ სახლში. რატომ უნდა გიპასუხოთ [ვინ გაუწია ორგანიზება ჩვენს ჩამოყვანას?] არ აქვს მნიშნელობა, არ გიპასუხებ [უზრუნველყო თუ არა ჩვენი ჩამოყვანა რომელიმე პარტიამ]. ვინ ხარ, რომ გიპასუხო? უბნიდან ვართ უბრალოდ ამოსულები, არაფერი აქ საეჭვო არ არის" - ამბობენ ამომრჩევლები.
„მამაჩემმა [გაუწია ორგანიზება], სასაფლაოზე წევს" - უთხა „ლიბერალს" მიკროავტობუსში მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა.
-
13:27
„ქართული ოცნების" შტაბში საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. პარტიის მაჟორიტარმა რომან მუჩიაშვილიმა „ლიბერალთან" საუბრისთვის ვერ მოიცალა, თუმცა პარტიის საგარეჯოს საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი სანდრო უსტიაშვილი ხარვეზებზე ღიად საუბრობს.
„დარღვევები და ხარვეზები რა თქმა უნდა არის. წვრილმანი დარღვევები, რომლებიც უნებურად, შემთხვევით თუ შეეშლება ადამიანს. მაგალითად, მარკირების სითხე უნდა დაესხა და გამორჩა... ეს ხარვეზები შეიძლება დაძაბულობისგანაც მოხდეს, რადგან ახალბედებიც არიან კომისიის წევრებს შორის, რომლებმაც, მართალია ტრენინგი გაიარეს, მაგრამ არ აქვთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. არის სერიოზული დარღვევებიც" - ამბობს უსტიაშვილი.
მისი თქმით, მე-40 უბანზე, რომელიც ქეშალოში, ეთნიკურად აზრბაიჯანელებით დასახლებულ სოფელში მდებარეობს, მოქალაქე ამომრჩეველს 5 ნომრის შემოხაზვისკენ მოუწოდებდა.
„თეა მათიაშვილი, ნიკო ნაცვლიშვილის მეუღლე პირდაპირ მოუწოდებდა შემოსულ ამომრჩეველს, რომ 5-იანი შემოეხაზათ. დაიწერა საჩივარი და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ადეკვატური ზომები მიიღეს.
38-ე უბანზე ირმა ინაშვილს გადამღები ჯგუფები ჰყავს მობილიზებული. მე მაგალითად ვუყურებ „იმედის" ან „პირველი არხის" გაშუქებას. ეს არხები ცდილობენ, ობიექტურად ასახონ სიტუაცია. მაგრამ მედიაკავშირი „ობიექტივი" არის ძალიან მიკერძებული. 38-ე უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა საკვები მიაწოდა იქ მყოფ ადამიანებს და ჟურნალისტმა დავა დაუწყო, მითითებებს აძლევდითო.
მანავის 27-ე უბანზე რამდენიმე ქალბატონი იდგა დილის საათებში და ეუბნებოდა, შემოხაზეთ 8 ნომერიო. მობილიზებული გვყავს მობილური ჯგუფები, რომლებიც აკონონტროლებენ ამ პროცესს" - ამბობს უსტიაშვილი.
-
13:49
ამ დროისთვის საგარეჯოს საარჩევნო ოლქში აქტივობა 18.92%ია. ხმა ოლქიდან 8719-მა ამომრჩეველმა მისცა.
რაც შეეხება დარღვევებს, საოლქო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ "ისეთი მნიშვნელოვანი ექსცესი არ მომხდარა".
-
15:26
საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" მაჟორიტარი კანდიდატი საგარეჯოში თორნიკე ჩუნთიშვილი გამოკვეთილად არცერთი პარტიის კანდიდატს არ მიიჩნევს კონკურენტად.
„კონკურენტად მივიჩნევ ყველას. ვიცი რომ ყველას უყვარს საქართველო, მაგრამ ჩემი რაიონის სიყვარულში შემიძლია ყველა შევეჯიბრო, იმიტომ, რომ ერთადერთი ადგილობრივი კანდიდატი ვარ მე" - უთხრა ჩუნთიშვილმა „ლიბერალს".
მისი თქმით, ბლოკის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე პატარ-პატარა დარღვევები აღმოაჩინეს.
„იგულისხმება პროცედურული დარღვევები, თუმცა რამდენიმე საჩვარი დავწერეთ და დღის ბოლოს უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება.საარჩევნო გარემო ზოგადად არ იყო მთლად დალაგებული. არაპროფესიონალიზმია პრობლემა. ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებს სჭირდება" - ამბობს ჩუნთიშვილი.
-
16:04
საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" მაჟორიტარი საგარეჯოში, ალექსანდრე ჩაფიძე ამბობს, რომ ოლქში სერიოზული დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა როგორც მისთვის ცნობილია, რამდენიმე უბანზე აგიტაცია მიმდინარეობს.
„აგიტაცია მიმდინარეობს არჩევნების დღეს, რაც არ შეიძლება. კურთხევა გვაქვს მიღებული მამაოსგანო, გვეუბნებიან, 8 ნომერს უნდა მისცეთ ხმაო. ეს გიორგიწმინდაში და მე-10 უბანზე მოხდა" - ამბობს ჩაფიძე.
შეკითხვაზე, თუ ვის მიიჩნევს კონკურენტად, იგი პასუხობს, რომ პარტიას კონკურენტებისგან განსხვავებით დიდი ფინანსური რესურსები არ აქვს.
„ჩვენ შედარებით ღარიბი პარტია ვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან", „ქართლ ოცნებასთან" და „პატრიოტთა ალიანსთან" შედარებით. რაც ჩვენ კამაპანიაში დაგვეხარჯა, ეს ამ სამი პარტიას მარტო ბილბორტების დაბეჭდვაში თუ დაეხარჯებოდა" - ამბობს ჩაფიძე.
-
16:41
15:00 საათის მდგომარეობით, საგარეჯოს ოლქში ხმა 15 175-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 30,76%-ია.
საოლქო კომისიაში ამ დრომდე სულ 4 საჩივარი შევიდა. როგორც კომისიაში განმარტავენ, საჩივრის თანახმად, მე-3 საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს ერთით ზედმეტი ბიულეტენი გაატანეს, რომელიც უკან აღარ დაბრუნებულა.
საჩივრის თანახმად, მე-5 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე დამკვირვებლებს კარი არ გაუღეს.
რაც შეეხება მე-8 საარჩევნო უბანს, საჩივრის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ოთარ უდუმაშვილი კომისიის საქმიანობაში ჩაერია, რაზეც საუბნო კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.
კიდევ ერთ საჩივრის თანახმად, უბანზე პროპორციულის ნაცვლად ორი მაჟორიტარული ბიულეტენი გაიცა. საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ საჩივარი არასწორად არის შედგენილი.
-
17:49
17:00 საათის მონაცემებით, საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 37%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმა 17 083-მა ამომრჩეველმა მისცა.
საგარეჯოს ოლქში 50 საარჩევნო უბანია, და 46 080 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
-
18:06
საგარეჯოს საოლქო კომისიაში საჩივარი შევიდა, რომლის თანახმადაც, 47-ზე საარჩევნო უბანზე პირმა ხმის მისაცემ კაბინაში „ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი „41" დაწერა.
საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო უბანზე პარტიის სიმბოლიკა არ დაიშვება.
საოლქო კომისიის თავმჯდომარე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, რომ რაგორც მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული პიროვნება რამდენიმე საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს.„შედის კაბინაზე, დააწერს 41-ს, გამოვა გარეთ და ამბავს ატეხს, 41 აწერიაო. ბოლოს 47-ზე პროცესი გააჩერა, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და პოლიციამ გაიყვანა. აღარავის უშვებდა, ალბათ მთვრალი იყო. რამდენიმე უბანზე იყო 47-ზე და მგონი 39-ზე. ამაზე შემდეგ საჩივრებზე გამოკვლევას ჩავატარებთ და ზუსტად გვეცოდინება" - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.
-
21:27
„შეთქმულება ქართველი ხალხის, ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ" - ასე აფასებს „პატიორტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ეგზიტპოლის შედეგებს.
მისი თქმით, „რაც დღეს ხდება, მარაზმი და უსინდისობაა". იგი მიიჩნევს, რომ „ქართლ ოცნებას" საზეიმო არაფერი აქვს.
„მინდა, შეკითხვით მივმართ მანანა კობახიძეს, ასეთ არჩევნებზე ვოცნებობდით 1012 წელს? ესაა დემოკრატიული არჩევნები? რაც დღეს ხდება არის მარაზმი და უსინდისობა. რას ზეიმობს დღეს ქართლი ოცნება? ეგზიტპოლის ამ შედეგებს?
მე ვფიქრობ, რომ არ აქვთ საქმე საზეიმბოდ. ეს არის შეტქმულება ქართველი ხალხის არჩევანის წინააღდეგ. „ქართული ოცნება" 4 წლის განმავლობაშ ჯერ კობაჰაბიტაციას აცხადებდა და ვერ ელეოდა „ნაციონალურ მოძრაობას. მაინც დატოვეს ერთმანეთი პოლიტიკურ სივრცეში, არ გაახარეს სხვა პარტია. არავის მისცეს სიმართლის დამტკიცების საშუალება" - ამბობს ინაშვილი.
„იმედმა“ TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. საველე სამუშაოები საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, კომპანია GORBI ჩაატარა. TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პროპორციულ ნაწილში შედეგები ასე განაწილდა:
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 5%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19.5%
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 3.1%
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" 4%
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 53,8%
„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"2.7%
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" 2.7%
„რუსთავი 2-ზე“ კვლევითი ორგანიზაცია GFK-ას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მიიღო - 39,9%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 32,74%, ბარიერის გადალახვა ამ პარტიებტან ერთად მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა შეძლო - 5, 76%-ით.
-
21:40
„პარლამენტში იმ მოცულობით უნდა შევიდეთ, რომ მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლოს", - ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი" პროტესტის დემოკრატიულ ფორმას მიმართავს.
„ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ქუჩაში გავალთ, მხარდამჭერებს მოვუხმობთ, ვაიძულებთ, რომ ასეთი მარაზმი აღარ დაუშვას. მთელი მარაზმის მობილიზაცია მოხდა. არ დავუშვებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავზე ნაციონალური მოძრაობა დაგვასვას და ჩვენი შვილები ბოკერიას შვილებმა დაჩაგრონ", - ამბობს ინაშვილი.
მისი თქმით, 32%-იანი მხარდაჭერა, რომელიც ეგზიტპოლმა აჩვენა, რეალურად „პატრიოტთა ალიანსს" ეკუთვნის.
„რახან მმართველ პარტიაში ხართ, ვეღარ ხედავთ იმ უკანონობას, რომელიც იორმუღალოში ხდება", - ამ სიტყვებით ირმა ინაშვილმა მანანა კობახიძეს პირდაპირ ეთერში მიმართა.
მისი თქმით, სოფელ იორმუღალოში „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მანქანებს უბნის წინ აჩერებდნენ და ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ფულს ურიგებდნენ.
„თქვენი რწმუნებულები იდგნენ ყველა საარჩევნო უბნის წინ, გახურებულ აგიტაციას ეწეოდნენ. თქვენი პოლიციელები და სპეცნაზი იყო შესული იორმუღალოში.[იორმუღალოს მოსახლეობას] თქვენ მათ იყენებთ როგორც ხმებს. სულ ფეხებზე არ გკიდიათ? რას გავს იქაურობა? გაზი და წყალი, გზა იქ არ არის. რაც იორმუღალოში გააკეთეთ, უკან დაბრუნება იყო. არაფრით ხართ განსხვავებული [„ნაციონალური მოძრაობისგან]", - თქვა ირმა ინაშვილმა.
-
21:55
საგარეჯოს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობის 46.56% დაფიქსირდა. როგორც საოლქო კომისიაში განმარტავენ, ოლქში ხმა 21 456-მა ამომრჩეველმა მისცა.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ საოლქო კომისიაში ჯამში 8 საჩივარია.
შეკითხვაზე, აქვს თუ არა ინფორმაცია იმ დღღვევების შესახებ სოფელ იორმუღალოში, რომლებზეც ირმა ინაშვილი საუბრობს, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ იგი ინფორმირებული არ არის და რამდენადაც მისთვის ცნობილია, ოლქში სერიოზული დარღვევები არ მომხდარა.
-
22:54
საგარეჯოს საოლქო კომისიაში პირველი - 22-ე უბნის საარჩევნო ყუთი მოიტანეს.
-
23:36
საგარეჯოს მე-4 საარჩევნო უბნის დამკვირვებელი, „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი უბაზე მიცემულ ხმათა ბათლად ცნობას მოითხოვს.
მისი თქმით, საკონტროლზე ფურცელზე არ იყო მითითებული პირველი ამომრჩევლის სარეგისტრაციო მისამართი. მისი თქმით, კომისიის წევრები საჩივრის მიღებაზე უარს აცხადებდნენ, თავად კი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საკონტროლო ფურცელზე შეცდომა იყო დაშვებული. არ არის სწორად შევსებული. პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი არ არის სწორად მითითებული. ამაზე დავწერე საჩვარი და ატყდა ალიაქოთი. პროვოკატორი ხარო. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, უბრალოდ მიყვიროდნენ და მეუბნებოდნენ, რომ პროვოკატორი ვიყავი, ყველაფრის ჩაშლა მინდოდა... რომ უზრდელი ვიყავი და უფროსებთან ლაპარაკი არ ვიცოდი" - ამბობს დამკვირვებელი.
-
00:15
საგარეჯოს საოლქო კომისიაში უბნებიდან შესული ხმების აღრიცხვა დაიწყეს.
მე-12 და 22-ე უბნების დაჯამებული შედეგები მაჟორიტარული სიით ასე გამოიყურება:
- ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - თორნიკე ჩუნთიშვილი - 9 (3,96%)
- ბლოკი „ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - ალექსანდრე ჩაფიძე - 6 (2.64%)
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " - ზურაბ ჭიაბერაშვილი - 53 (23,35%)
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - ირმა ინაშვილი - 76 (33,48%)
- „საქართველოს კომუნისტური პარტია" - იური ყვარელაშვილი - 0
- „ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველო " - რომან მუჩიაშვილი - 83 (36.56%)
- დამოუკიდებელი კანდიდატი კაზანფარ მამედოვი - 0
-
00:54
საგარეჯოს ოლქის 6 უბნის დაჯამებულ შედეგებში მაჟორიტარული სიით „ქართული ოცნების" კანდიდატი ხმათა 43,22%-ით ლიდერობს. საგარეჯოს ოლქში სულ 50 უბანია. ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნებიდან შემოსული ხმების დაჯამება მიმდინარეობს
- ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - თორნიკე ჩუნთიშვილი - 38 (3%)
- ბლოკი „ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - ალექსანდრე ჩაფიძე - 20 (1,58%)
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " - ზურაბ ჭიაბერაშვილი - 301 (23,74)
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - ირმა ინაშვილი - 353 (27,84%)
- „საქართველოს კომუნისტური პარტია" - იური ყვარელაშვილი - 1 (0,08%)
- „ქართლი ოცნება - დემოკრატიული საქართველო " - რომან მუჩიაშვილი - 548 (43,22%)
- დამოუკიდებელი კანდიდატი კაზანფარ მამედოვი - 7 (0,55%)
-
02:49
საგარეჯოს მაჟორიტარის ასარჩევად შესაძლოა, მეორე ტურის ჩატარება გახდეს საჭირო. წყარო მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ 50 უბნიდან 48 უბნის შედეგების უხეში გაანგარიშებით ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
-
03:27
საგარეჯოს ოლქის 23 უბნების დაჯამებული შედეგები მაჟორიტარული სიით ასე გამოიყურება. ამ ეტაპზე სულ დათვლილია 18 549 ხმა. ბათლად ცნობილი იქნა - 459.
- ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - თორნიკე ჩუნთიშვილი - 261 (3,46%)
- ბლოკი „ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - ალექსანდრე ჩაფიძე - 85 (1,13%)
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " - ზურაბ ჭიაბერაშვილი - 2075 (27,52%)
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - ირმა ინაშვილი - 1479 (19,61%)
- „საქართველოს კომუნისტური პარტია" - იური ყვარელაშვილი - 36 (0,48%)
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო " - რომან მუჩიაშვილი - 3289 (43,61%)
- დამოუკიდებელი კანდიდატი კაზანფარ მამედოვი - 316 (4,19%)
საარჩევნო კანონმდებლობით, მაჟორიტარი კანდიდატის არჩევას 50% +1 ხმაა საჭრო.
-
03:42
საგარეჯოს საარჩევნო უბნებიდან მოტანილი ყუთების რიგი საოლქო კომისიაში - ხმების დაჯამების პროცედურა გრძელდება.
-
06:42
საგარეჯოს საოლქო კომისიაში 50-ივე საარჩევნო უბნის შედეგი დააჯამეს. ოლქში ხმა მისცა 21 519-მა ამომრჩეველმა. ბათილად ცნობილ იქნა 1133 ბიულეტენი.
წინასწარი შედეგები კი ასე გამოიყურება:- ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" - თორნიკე ჩუნთიშვილი - 649 (3,22%)
- ბლოკი „ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ - ალექსანდრე ჩაფიძე - 215 (1,07%)
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა " - ზურაბ ჭიაბერაშვილი - 5039 (25,01%)
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - ირმა ინაშვილი - 3926 (19,48%)
- „საქართველოს კომუნისტური პარტია" - იური ყვარელაშვილი - 87 (0,43%)
- „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო " - რომან მუჩიაშვილი - 9375 (46,53%)
- დამოუკიდებელი კანდიდატი კაზანფარ მამედოვი - 859 (4,26%)
საარჩევნო კანონმდებლობით, მაჟორიტარი კანდიდატის არჩევას 50% +1 ხმაა საჭრო.