Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტოპროექტი ► გადასასვლელი სამტრედესთან

26 თებერვალი 2016

ნაძალადევი, სანერგის მეორე შესახვევი #18. აივლით ვიწრო, ბნელ დერეფანს, ცემენტის თითქმის ჩამოშლილ კიბეს და მტრედების ღუღუნი მოგტაცებთ ყურადღებას. ეს სამტრედეა, სადაც ათეულობით მტრედი ზამთრის სუსხს ერთად ეჭიდება. აიხედავთ ზევით და კვლავ დაინახავთ ამავალ ფიცრის კიბესა და ამ ყველაფერზე გადმომყურე აგურით ნაშენ მცირე ზომის  ნაგებობას, რომლის სარკმლიდან გამომავალი საკვამური მოლურჯო კვამლის ხვეულებს ჰაერში აფრიალებს.  აგურიც არაერთგვაროვანია, ჩანს დიდის ვაი-ვაგლახით შეუკოწიწებიათ.

„წავედით მთაში“ - ასე ამიპატიჟა მასპინძელმა, ასულს კი ქალაქის ულამაზესი ხედი გადამეშალა თვალწინ.

დიახ, ამ თითქოსდა სიმბოლიზმით დატვირთულ ადგილას ცხოვრობს მარტოხელა დედა, ბელა ვეშაგური ერთადერთ შვილთან, 11 წლის გიორგი გიგაურთან ერთად.

37 წლის ბელა წარმოშობით ფასანაურის რაიონიდან, სეფელ კორუღიდანაა. როგორც თვითონ ამბობს, სოფლის მიწა მოუსავლიანია და ამის გამო სოფელი თითქმის დაცლილია, ოთხი კომლიღა ცხოვრობს. წლინახევრის იყო, როცა ოჯახის მარჩენალი მამა გარდაეცვალა და დედამ უფროს დასთან ერთად ქალაქში წამოიყვანა. ცხოვრობდნენ ქირით, დედა ბაგა-ბაღში, სამზარეულოში მუშაობდა. თვითონ 16 წლის იყო, როცა ლიმონათის საამქროში დაიწყო მუშაობა. უსახსრობის გამო, დედამ ვერ შეძლო შვილებისთვის უმაღლესი განათლების მიცემა.

25 წლის ასაკში ბელა დაოჯახდა. მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე ნიკოლოზ გიგაური ძირითადად ჯართის შეგროვებით იყო დაკავავებული, შიგადაშიგ მშენებლობაზეც მუშაობდა, თუმცაღა უკიდურესად მძიმე ფინანსური პრობლემების გამო, ოჯახმა ვერ შეძლო ქირის გადახდა და მუხიანში, მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტში შესახლებულან, საიდანაც, რიგი მიზეზების გამო, გამოუყრიათ. ბელა ამ დროისათვის 4 თვის ფეხმძიმე იყო. შემდეგ ქირით დედამისის ნათესავებთან გადავიდნენ და აქ შეეძინა გიორგი, თუმცა აქაც ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა და კვლავ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. ამ დიდი „მოგზაურობის“ შემდეგ ბელა მაზლმა შეიფარა უსასყიდლოდ, ხოლო მას შემდეგ რაც მისი მაზლი დაოჯახდა შეუძლებელი გახდა ორი ოჯახის ერთ ძალიან მცირე ჭერქვეშ ცხოვრება.

სწორედ მისი მაზლის ეზოში მდებარეობს ზევით ნახსენები აგურის შენობა. შექმნილი ვითარების გამო, ბელას მეუღლეს დიდი წვალებით აუშენებია - „მასალას ხან ვინ სჩუქნიდა, ხან ვინ“.

ოთახის ფართი 6 კვადრატული მეტრია და ყველა ოთახის ფუნქციას ითავსებს. „ბავშვი ხუთი წლისაა და დღემდე გვერდით მიწევს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, არ ვიცი“. როცა ოჯახს ბებია სტუმრობს, ბელას იატაკზე უწევს დაწოლა, გიორგის კი - ბებიასთან.

35 წლის ასაკში ბელას მეუღლე გარდაეცვალა და მისი ოჯახური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ოჯახი ვერ იღებს სოციალურ დახმარებას: „ქულები მოგვანიჭეს ბევრი და არ გეკუთვნითო. ახალი განცხადება დავწერე, კარგი ხანია, მაგრამ არავინ მოსულა შესამოწმებლად“. მათთვის განკუთვნილ დახმარებას ბავშვის ობლობის პენსია, თვეში 100 ლარი შეადგენს, ხოლო ბელას დროდადრო ლიმონათის ქარხანაში უწევს მუშაობა და დამატებით 5 ლარს გამოიმუშავებს დღეში, ესეც მუხლჩაუხრელი შრომის ფასად.

გიორგი მეხუთეკლასელია, თუმცა არცთუ იშვიათად უწევს სკოლის გაცდენა, თბილი ფეხსაცმლის არქონის გამო. უწევს ისეთი საქმის კეთება, რაც მის ასაკში, ალბათ, წარმოუდგენელია - ეძებს ჯართს, აგროვებს შეშას, ეზიდება წყალს და ამ ყველაფერში პატარა მეგობრები ეხმარებიან. ძალიან ზრდილობიან და უკვე შემდგარ პატარა ვაჟკაცს სამეცადინო კუთხეც კი არ აქვს.

ოჯახი უკიდურესად მძიმე საცხოვრებელ პირობებში იმყოფება და ძირითადად კეთილი მეზობლებისა და ნათესავების დახმარებით განაგრძობს არსებობას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^