სადაც ვიზრდებოდი, იქ მხოლოდ ორსართულიანი სახლები იდგა ეზოებით. მიყვარდა ხეებზე ძრომიალი და ვერც კი წარმომედგინა, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ, მრავალსართულიანი სახლების სახურავები იყო გართობის საყვარელი საშუალება. ამის შესახებ არც არაფერი ვიცოდი, სანამ სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ სრულიად შემთხვევით ერთ-ერთი სახლის სახურავზე არ აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე სხვა სივრცე - სივრცე, რომელიც აქვეა, თუმცა სრულიად განსხვავებულია.
ნანახმა იმდენად მომხიბლა, რომ სხვადასხვა შენობის სახურავების გადაღება გადავწყვიტე. ამ თემაზე მეგობრებს ვესაუბრე და გავიგე, რომ ერთ დროს სახურავები არ იყო მიტოვებული, იქ ხალხი ადიოდა, ისვენებდა, ერთობოდა; ბავშვები თამაშობდნენ. დღეს კი ამავე სახურავებზე სიცარიელეს და სიმარტოვეს დაუსადგურებია. ადიხარ და რჩები მარტო თავთან და ქალაქთან.
სახურავიდან ქალაქი სხვანაირია. განსხვავებულად აღიქმება ყოველი შენობა, ქუჩა. თბილისში თურმე ხეები ისევ დგანან... ყველა სახურავი, მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, ავტონომიაა ქალაქ-სახელმწიფოში. აქ ყველგან განსხვავებული, ახალი სივრცეა, სადაც შეგიძლია მანქანებით გადატვირთულ, ხმაურიან ქალაქს გაექცე ამავე ქალაქში.