ირანში ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს დახმარებით შედგა. მისი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება სწორედ ომის ნაკვალევს უკავშირდება, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდა - შენობების კედლებზე დაღუპულ მებრძოლთა უზარმაზარი პორტრეტებისა თუ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოფანტული მემორიალური ძეგლების სახით. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ირანელთა მოწიწება და პატივისცემა, რასაც ისინი სამშობლოსა და მშვიდობისათვის თავშეწირული გმირების - შაჰიდების მიმართ იჩენენ.
მე-20 საუკუნეში წარმოებულ ომებს შორის ირან-ერაყის ომი (1980-1988 წწ.) ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი იყო. მასში მილიონ-ნახევარი ადამიანი დაიღუპა.
1980 წლის 22 სექტემბერს ერაყმა ომი ირანზე მოულოდნელი სამხედრო შეტევით დაიწყო. ის რვა წელი გრძელდებოდა და მხოლოდ მაშინ დასრულდა, როცა ორივე ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუციაზე შეთანხმდა. ირანმა ამ ომში 300 000 ადამიანი დაკარგა. მათგან 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო. რვაწლიანი ომის დროს ერაყს დიდ დახმარებას უწევდა აშშ, სპარსეთის ყურის ქვეყნები და საბჭოთა კავშირი, ირანს კი მხოლოდ სირიამ დაუჭირა მხარი.
Shalamcheh - ასე ეწოდება ადგილს ხუზისტანის პროვინციაში, ირანისა და ერაყის საზღვარზე, რომელსაც ყოველდღიურად მოსალოცად უამრავი ადამიანი სტუმრობს. ომის პერიოდში ქალაქი და მისი შემოგარენი ერაყის ჯარის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენდა. ქალაქის დაცვისას 50 000-მდე ირანელი მებრძოლი დაიღუპა. დღეისათვის ამ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, მუზეუმია მოწყობილი. მას ირანელები სამშობლოსთვის დაღუპული შაჰიდების პატივსაცემად სტუმრობენ. ისინი გლოვობენ და იხსენებენ მათ სულებს. განადგურებული საომარი ტექნიკა, მავთულხლართები და ქვიშიანი ტომრები ომის სისასტიკეში გაბრუნებს და 28 წლის წინანდელ სურათს აცოცხლებს.
შაჰიდები - ირანელი გმირები
შაჰიდი - საკუთრების დაცვისთვის ბრძოლაში მოკლული მუსლიმი.
ეს პორტრეტები თეირანში, ერთ-ერთი მეჩეთის ეზოშია გადაღებული, სადაც დაკრძალულები არიან ირან-ერაყის ომში დაღუპული გმირები - შაჰიდები.
ირანი არის ქვეყანა, სადაც უდიდეს პატივს მიაგებენ ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლ თავგანწირულ მეომრებს.
ეს საფლავის ქვის პორტრეტები კი, რომელთაც ყვავილებით არამხოლოდ ახლობლები და ოჯახის წევრები ამკობენ, იმ დიდი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატულებაა, რომელსაც ირანელი ხალხი შაჰიდების მიმართ არ იშურებს.