თბილისი ერთი ჩვეულებრივი ქალაქია, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი დილიდან საღამომდე მუშაობს. ცხოვრებისათვის დარჩენილ დროს კი, ტრადიციულად, კარებს და კედლებს მიღმა, ოჯახურ. ნათესაურ თუ მეგობრულ გარემოში ატარებს. ამ ყველაფრის გამო კი რთულია ნამდვილი ქალაქი გაიცნო. თუმცა, თბილისშიც არის სივრცე, რომლის მსგავსი, ალბათ, ყველა თანამედროვე ქალაქში მოიძებნება - ადგილი, სადაც ცხოვრება გარეთ გამოდის და ქალაქის პულსი ყველაზე კარგად იგრძნობა.
ეს სადგურის მოედანია. ის, ქალაქის ცენტრთან ახლოს, არც თუ ისე დიდ ტერიტორიას იკავებს. აქ განთავსებულია ცენტრალური ბაზარი და რკინიგზის სადგური, რომელთა გამოც აქ ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იყრის თავს. ვის აღარ შეხვდებით: მუშას, ქურდს, ვაჭარს, პროფესორს, ბიზნესმენს, მეძავს - ადამიანებს თბილისიდან და მთელი საქართველოდან.
რთულია სრულყოფილად და ამომწურავად ასახო იქაური რეალობა, მე უბრალოდ შევეცადე ამ სივრცის აურა გადმომეცა…