რუსთავი, მოსახლეობის სიდიდით საქართველოს მეოთხე ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია და თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 27კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 2006 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობის რაოდენობა 120 000-ს აღწევს. ქალაქის ისტორია პირობითად ორ პერიოდად იყოფა: ძველი ისტორია - უხსოვარი დროიდან მეცამეტე საუკუნემდე; და ახალი ისტორია – 1948 წლის19 იანვრიდან - დღემდე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარიდან იოსებ სტალინის სახელობის რუსთავის მეტალურგიული კომბინატი, 90 სხვა მსხვილ თუ საშუალო საწარმოსთან ერთად, ამიერკავკასიის რეგიონში მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსთავის თითქმის ყველა ქარხანა დაიხურა, უმუშევრობამ მოსახლეობის 65% მოიცვა. გასულ წლებში ორი მსხვილი საწარმო – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა (რომელსაც ქართული ფოლადი ეწოდება) და გეოფოლადი – პრივატიზირების შემდეგ აღდგა და დღეს ბრიტანულ-ქართული და ინდურ-ქართული კერძო კომპანიების მიერ იმართება.
„აქ რამ მოგიყვანა?“ - ხშირად მეკითხებოდნენ ადამიანები, ვისაც რუსთავის ქუჩებში ვხვდებოდი. ეს კითხვა, რეალურად, საკუთარი გარემოს მიმართ მათ დამოკიდებულებას უფრო გამოხატავდა, ვიდრე ჩემი პროექტისადმი გულწრფელ ინტერესს. გადაღების დროს, რუსთავს მკვდარ ქალაქად აღვიქვამდი, არა იმ კუთხით, რომ ამ სივრცეში ცხოვრება შეუძლებელია, არამედ იმ იდეოლოგიური მითის ნარჩენების გამო, რომელიც ამ ქალაქის დაარსების მიზეზი იყო. რუსთავი თეატრის დეკორაციას მაგონებდა – ავტოფარეხში მოწყობილი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია, ცხვრები, რომლებიც საფეხბურთო მოედანზე ძოვენ ბალახს, თვითმფრინავში მოწყობილი საბავშვო ბაღი - ეს სცენები, უჩვეულო და შეიძლება ჩემთვის სასაცილო, ქალაქის ყოფაზე მიუთითებს, სადაც ადამიანები ცვილებების მიუხედავად ცხოვრების გაგრძელებას ცდილობენ.