Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მრწამსი, ქალის ტვირთი და დაცლილი სოფლები

30 ოქტომბერი 2014

ღორჯომის ხეობა მაღალმთიან აჭარაში მდებარეობს. მას შუაში მდინარე ღორჯომწყალი ჩამოუდის. ღორჯომის თემი დაახლოებით ათას ორასი კომლით დასახლებული თხუთმეტი სოფლისგან შედგება. აქ მხოლოდ მუსლიმები ცხოვრობენ.

სადაც არ უნდა დადგე, თვალწინ იშლება გაფენილი სოფლები, ორსართულიანი ხის სახლები, ნაძვის ტყეები, მეჩეთები და ნისლიანი მთები. აქ რამდენიმე მეჩეთია და ხოჯების ლოცვისწინა მოძახილი მთელ ხეობას ავსებს.

აქ ყველა სოფელი, ყველა ოჯახი სტუმართმოყვარე, თბილი და უძველესი ტრადიციების დამცველია. ამ ხეობაში მოსული ფიქრობ, რომ ხალხი აქ სხვა ცხოვრებით ცხოვრობს, რომ მათ მთაში შეინარჩუნეს განსაკუთრებული, ბარში უკვე დაკარგული ურთიერთობები.  

აქაც იგივე ყოფითი პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში. თუმცა მაღალმთიან დასახლებაში, სადაც ზამთარი თითქმის  შვიდი თვე გრძელდება, დროდადრო გზებიც იკეტება, ცხოვრება ბევრად უფრო რთულია. ახალგაზრდები ხშირად თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე მიდიან. ოჯახში შემოსავალი ძირითადად მესაქონლეობას მოაქვს. ღორჯომელები საძოვრების სიმცირის გამო  ოდითგანვე მემთაბარეობას მისდევენ. გაზაფხულზე ოჯახებით მაღლა მთებში გადასახლდებიან ხოლმე. შემოდგომაზე კი უკან სოფელში ბრუნდებიან. მომთაბარეები წლის მანძილზე სამ ადგილს იცვლიან.

ოჯახის ტვირთი მეტწილად ქალების მხრებს აწევთ. მუქი ტანსაცმლით და შავი დოლბანდის თავსაფრით შემოსილ ქალებს განსაკუთრებული რიდი და ღიმილი აქვთ პირზე. ისინი გათენებიდან დაღამებამდე უამრავ საქმეს ეჭიდებიან – უვლიან ოჯახს, საქონელს, მუშაობენ ყანასა თუ ჭალაში, ქსოვენ და ქარგავენ. ახალგაზრდები ფერად–ფერადი კაბებით დადიან. გოგონები პატარაობიდანვე ებმებიან შრომაში – თოხნიან, ბარავენ და საოჯახო საქმეებსაც უძღვებიან.

ქორწინება ტრადიციულად მაჭანკლის ჩარევით ხდება. ასაკოვანი ქალები კი ამბობენ, ახლა ბევრი რამ შეიცვალა – ახლა წყვილები ტელეფონის საშუალებით იცნობენ ერთმანეთს. თვითონ კი სხვანაირად ქორწინდებოდნენ.  

„ვიღაცები მიდი–მოდიოდნენ, ჩუმად რაღაცას ლაპარაკობდნენ, მერე დედამ მითხრა, იმ ბიჭს უნდა მიგცეთო. მას არ ვიცნობდი, თუმცა ვიცოდი, ვინც იყო, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. წინააღმდეგი რატომ უნდა ვყოფილიყავი.  ჩემმა მშობლებმა უკეთესად იცოდნენ, რა იყო ჩემთვის კარგი. ჩვენთან სხვანაირად არც არავინ ქორწინდებოდა. რა ვიცი, კი ვართ კარგად, ოჯახი გვაქვს, შვილები“, - ყვება 14 წლის ასაკში გათხოვილი აიშე, რომელიც ახლა 35 წლისაა.

პარასკევობით პატარ–პატარა სოფლებიდან, სადაც მეჩეთი არ არის, მამაკაცები დიდ მეჩეთში მოდიან სალოცავად. ისლამსაც ბავშვები დიდ მეჩეთთან არსებულ სასწავლებელში სწავლობენ. რელიგიაზე საუბრისას ხშირად გულდაწყვეტილები ამბობენ, რომ ზოგს მათ ქართველობაშიც კი ეპარება ეჭვი, რადგან მუსლიმები არიან, არადა არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან, არავისზე ნაკლებად არ უყვართ და არ ქვეყანაზე შესტკივათ გული.

ღორჯომის ხეობა ბოლო წლებში ნელ–ნელა იცლება ხალხისგან. ზოგს მიწა არ ჰყოფნის, ზოგს მომთაბარეობა მობეზრდა. ძირითადად ჯავახეთში, წალკისა და ნინოწმინდის რაიონებში გადასახლდნენ.

მაგრამ თუკი წალკიდან ღორჯომში ავტობუსით ჩახვალთ, ისეთ ღორჯომელებსაც შეხვდებით, რომლებსაც მშობლიური მხარე არ მიუტოვებიათ...


პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ, გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

 



კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^