საქართველოში არსებობული პატრიარქალური კულტურა, აღიარებს მამაკაცის, როგორც დომინანტის, უპირატესობას. გაბატონებული სტერეოტიპის მიხედვით, მამაკაცი წარმოადგენს ოჯახის თავს და მარჩენალს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს ყველა გადაწყვეტილებას.
ქალის მთავარი ფუნქცია კი საოჯახო საქმიანობა, შვილების, უფრო ვაჟის - „ქართველი ვაჟკაცის“ - გაჩენა და აღზრდაა.
90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა დაინგრა, სამუშაო ადგილები გაქრა და ქვეყანა ტოტალურმა უმუშევრობამ მოიცვა. მამაკაცებმა, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის მარჩენალის ფუნქცია, ვერ შეძლეს ახალ სისტემაზე მორგება და თავისა და ოჯახის გადარჩენაზე ზრუნვა. ეს ფუნქცია ქალებმა, ეგრეთ წოდებული, სუსტი სქესის წარმომადგენლებმა, შეითავსეს. ისინი გავიდნენ ქუჩებში, ხელი მიჰყვეს ვაჭრობასა და სხვა მძიმე სამუშაოს. ამის პარალელურად მათ მხრებს ისევ ამძიმებდა იმ მოვალეობების ტვირთი, რომელსაც მათ პატრიარქალური კულტურა აკისრებდა.
მას შემდეგ 20 წელი გავიდა. თუმცა ეკონომიკურად შედარებით დაბალი სოციალური ფენებისთვის არაფერი შეცვლილა. ქალებს დღესაც იგივე ფუნქციები აკისრიათ.
თბილისის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე გადაღებული ფოტოები, კიდევ ერთხელ გვიყვება ქალთა მძიმე ხვედრის შესახებ. ისინი იმ სამუშაოს შესახებ გვიამბობენ, რომლის შესრულებაც მათ ყოველდღიურად საშინელ პირობებში უწევთ. იძულებულნი არიან ყურადღება მიაქციონ შვილებს და არჩინონ ქმრები, რომლებიც შინ სხედან და არც თუ იშვიათად ფიზიკურად და მორალურად ძალადობენ მათზე...