Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩემი სოფელი

26 დეკემბერი 2014

დასავლეთისკენ მიმავალი ხაშურთან, მარცხნივ, თრიალეთის მთებისკენ თუ გაიხედავთ, მტკვარგაღმა  მთის ძირზე შეფენილ პატარა სოფელს დაინახავთ.  ეს ჩემი სოფელია - თაგვეთი. შემინიშნავს,  როცა ამ სახელს ვამბობ,  ყველას ეღიმება. ალბათ ფიქრობენ, სოფელში ბევრი თავგვიაო. მეც კი, როცა ბავშვობაში ვაჟას „სათაგური"  წავიკითხე,  მეგონა, ეს ყველაფერი ჩემს სოფელში ხდებოდა. არადა, რა გააჩერებს თაგვს წლობით გამოკეტილ სახლებში. საკბილო რომ ვერაფერი იშოვეს ალბათ იმიტომაც სხვა სოფლებში გაიქცნენ.

ბოლოს ჩემს სოფელში ახლახან, გვიან შემოდგომაზე ვიყავი. რაც  დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა. ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. მოივლი მთელ სოფელს და გზად ხუთი კაცი თუ შემოგხვდება...

ადრე ჩემი სოფელი უფრო ხალხმრავალი იყო. მერე ნელ-ნელა დაცარიელდა. ადრე აქ სკოლაც იყო, მედპუნქტიც, ბიბლიოთეკაც და კლუბიც, ზაფხულობით ინდურ ფილმებს რომ უჩვენებდნენ. ახლა არაფერი აღარ არის. ყველაფერი ჯერ დაიხურა და გამოიკეტა, მერე კი  ნელ-ნელა აგურ-აგურ დაიშალა და გაიზიდა.

ახლა ზამთრობით აქ ოცამდე ოჯახი თუ რჩება. მთელი წლის მანძილზე ისინი ბარავენ, ხნავენ, თესავენ, მოსავალი მოჰყავთ. მერე  ნამატს ყიდიან, ამ ფულით კი მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელ პროდუქტს - ფქვილს, შაქარს, ზეთს, წამალს ყიდულობენ. ზოგს გაუმართლა და დახმარებას იღებს როგორც სოციალურად დაუცველი. აქ ძირითადად ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, თუმცა შემორჩნენ ახალგაზრდებიც. არავინაა ისეთი,  სამსახური რომ ჰქონდეს.

მტკვრის  ამ მხარეს ჩემი სოფელიღა შემორჩა, სადაც ჯერ ისევ ცხოვრობენ კანტი-კუნტად.  სხვა სოფლები - კოდიწყარო, ჯვართმუხა ქაშვეთი, ღუდა, რბონა -  დიდი ხნის წინ დაცარიელდა. ადრე  სოფელ ქაშვეთიდანაც ჩვენი სოფლის სკოლაში დადიოდნენ ბავშვები. ჩემი პირველი მასწავლებელიც ქაშვეთელი იყო. როცა სოფელი დაცარიელდა, მას ძმებმა სახლი აუშენეს. თუმცა ერთი ღამეც არ გაუთევია იქ.  მარტოდმარტომ იცხოვრა მთის ძირას, მშობლების  ქოხში. წერდა დღიურებს 35 წლის მანძილზე ყოველ საღამოს... წერდა  ყოველდღიურ ცხოვრებაზე, თავის დარდებსა თუ  სიხარულზე,  დაკარგულ სიყვარულზე...

ახლა ეს დღიურები  ჩემთანაა და როცა ძალიან მომენატრება ჩემი სოფელი, ვიწყებ მათ კითხვას და უმალ იქ გადავსახლდები. დღეს აღარც მარიამ  მასწავლებელია ცოცხალი, მისი ქოხის ადგილას დამტვრეული კრამიტი და ფიცრებიღა დარჩა.

გვიანი შემოდგომის სუსხიან საღამოობით, როცა  ბინდი ჩამოწვება,  გაღმა ეკლესიის სერზე  კი ტურები აკივლდებიან, გახურებულ ცეცხლთან მჯდომს გულს დარდად  მაწვება შიში, რომ    ერთხელაც მოვალ ჩემს სოფელში და აქ აღარავინ დამხვდება... 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ივლისი
05 ივლისი

საპროტესტო აქციის მე-15 დღე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-15 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნა კვლავ გიორგი გახარიას გადად ...
26 ივნისი
26 ივნისი

ახალი საპროტესტი ტალღა რუსთაველის გამზირ ...

2019 წლის 20 ივნისი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი საეტაპო თარიღი გახდა. "გავრილოვის ღამის" შემდეგ, რუს ...
29 მაისი
29 მაისი

ფოტო► ცოცხალი ჯაჭვი ჩიჩხიტურსა და უდაბნო ...

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საზღვართან შეკრებილებმა უდაბნოს მონასტრიდან ჩიჩხიტურის ...

მეტი

^