მდინარე ვერე სათავეს აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე იღებს. გაივლის სოფლებს - შამთას, დრეს, ღვევს, წყნეთს; თბილისის ცენტრალურ უბნებს - ვაკეს, ვერას და გმირთა მოედნის ქვეშ გაყვანილი გვირაბის გავლით მტკვარში ჩაედინება.
ვერეს ნაპირებზე მეცხრამეტე საუკუნეში წყლის წისქვილები იყო ჩამწკრივებული, მის წყალს კი თბილისის მოსახლეობა სასმელად იყენებდა. დღეს ეს მდინარე უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაშია.
მისი კალაპოტის დიდი ნაწილი ბეტონის სქელი ფენითაა დამარხული და საერთოდ არ ჩანს. დანარჩენი ნაწილი კი კანალიზაციით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის დაბინძურებული და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საშიშროებას წარმოადგენს. მდინარეს კარგად ეტყობა ქვეყანაში ბოლო საუკუნის განმავლობაში მიმდინარე ცვლილებების და ამის პარალელურად ხეობის განადგურების კვალი.
საბჭოთა პერიოდის უსახური კორპუსები და 90-იან წლებში სკვერებში, მოედნებზე და ყველა მოხერხებულ ადგილას აშენებული ავტოფარეხები… ქვემოთ ხეობის ფსკერზე კი მდინარეს მიტმასნილი, ერთი შეხედვით, მის მიერვე მოტანილი ჭუჭყისა და ნაგვისგან აშენებული ქოხები, რომლებსაც ზემოდან ბოლო წლებში სამშენებლო ბუმის დროს ნაგები უზარმაზარი კორპუსები დაჰყურებს. გადავდივარ მდინარეზე გადებულ ვიწრო ხიდებზე, ვუყურებ, ვიღებ ფოტოებს და ვესაუბრები აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ნაგვის გროვებსა და მდინარეს შორის გაყვანილი საცალფეხო ბილიკებით, შიგადაშიგ საფეხურებგამოცლილი კიბეებით უკავშირდებიან გარესამყაროს და პარალელურად მახსენდება მარკესის „ჩვენი ცხოვრების მდინარე“, „მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ იყენებენ საკვებად, რადგან ეს იგივეა – მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის – რაც სკორეს ჭამა. გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელი, მაგრამ საბოლოო ანგარიშში რეალურია“.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.