გაფიცვის ტალღა ტყიბულში გრძელდება. უკვე მეათე დღეა, მეშატხეები ქუჩაში დგანან. მათ გვერდით არიან ოჯახის წევრები, ჭიათურელი მაღაროელები, მუშები რუსთავიდან, ქსანში გაფიცული “მინის” ქარხნის მუშები, სტუდენტები. დღეს მათთან ჩავიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის წარმომადგენლები, თვითორგანიზების ქსელის წევრები.
აქცია თავდაპირველად გამგეობის შენობასთან დაიწყო. ასობით დემონსტრანტი გამომსვლელ მეშახტეებს რამდენიმე საათის განმავლობაში უსმენდა. მათ გაფიცულების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს და მძიმე შრომით პირობებსა და კომპანიის მხირდან შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. სახელმწიფოს კი კიდევ ერთხელ მოუწოდეს, აქტიურად ჩაერთოს პროცესებში და გაფიცულების პრობლემების მოგვარებაში:
“მე მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პრეზიდენტს. თქვენ ამბობთ, რომ უფლება არ გაქვთ კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩაერიოთ. მე მოგმართავთ და გთხოვთ, ეს პრინციპები დათმოთ და გვერდით დაგვიდგეთ. თქვენ არჩევნებში ჩვენს მხარდაჭერას ითხოვდით, დახმარება კი ახლა ჩვენ გვჭირდება. გვინდა თანასწორობა და ღირსეული შრომის პირობები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში დაიწყება სოციალური აფეთქება, ეს მოხდება ტყიბულში და გადაინაცვლებს სხვა ინდუსტრიულ ქალაქებში. ჩვენ არ გვინდა ასეთი მომავალი და მთავრობა, რომელიც გაფიცვის მეათე დღესაც კი დუმს”, - აღნიშნეს აქციის წევრებმა და კიდევ ერთხელ დააკონკრეტეს მოთხოვნები. ესაა - ხელფასების 35-40%-ით გაზრდა, ბიულეტენის 70%-იანი ანაზღაურების 100%-მდე გაზრდა, შვებულების 100%-იან ანაზღაურება, გაფიცვების დროს ანაზღაურების შენარჩუნება და გაფიცვების შემდეგ ხელშეუხებლობა.
დემონსტრანტების გამოსვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მინდელის სახელობის შახტის შესასვლელ კართან გადაინაცვლეს, სადაც უკვე ათი დღეა, კარავია გაშლილი. გაფიცულებმა ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა პასუხის დაგვიანების შემდეგ, მათ შახტის ჭიშკარი ჩამოხსნეს და ეზოში შევიდნენ.
გაფიცულ მეშახტეებს ადმინისტრაციის წარმომადგენელი შეხვდა:
“ნახევარ საათს გაძლევთ, დაუკავშირდეთ კომპანიის ხელმძღვანელს და ჩვენს მოთხოვნებზე პასუხი გაგვცეთ”, - მოითხოვეს დემონსტრანტებმა. კონკრეტულად კი, დამოუკიდებელ დეპუტატთან, “ჯი-აი-ჯი ჯგუფის”(ეს კომპანია 2006 წლიდან ტყიბულის შახტების მფლობელია), მფლობელთან, დავით ბეჟუაშვილთა შეხვედრას ითხოვდნენ.
თუმცა, მეშახტეების საგაფიცვო კომიტეტის რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ რახან კომპანია დუმს, გაფიცულების მოთხოვნები სახელმწიფოს მისამართით გაკეთებულიყო.
მეშახტეები მოლაპარაკებების პროცესში ომბუდსმენის, ჯანდაცვის, ეკონომიკის, ენერგეტიკის სამინისტროების, მთავრობის ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლების, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარის პროცესებში ჩართვასა და პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
„გაკეთდეს საჯარო განცხადება მოლაპარაკების პროცესის დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე და ხვალ მათი პირადი მონაწილეობით დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი ტყიბულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საგაფიცვო კომიტეტი იქნება იძულებული, მოიხსნას პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესებზე“ - ნათქვამია მეშახტეების ხელისუფლებისადმი მიმართვაში.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ დღეს "რადიო ჯიპას" ეთერში, ტყიბულის გაფიცვას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ: "სამწუხაროდ ტყიბულის გაფიცვა ვერ ჩაითვლება კანონიერად, განსხვავებით ქსნის გაფიცვისგან, ვინაიდან მათ ადმინისტრაციაც არ ჩააყენეს საქმის კურსში, არც სამინისტროში გაუგზავნიათ შეტყობინება".
EMC-ის წარმომადგენელი, ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ პროცესები უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ, ვიდრე მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების ჭრილში: "იმის გამო, რომ ადმინისტრაცია არ პასუხობს მეშახტეთა მოთხოვნებს და არც სახელმწიფო დგამს რაიმე ქმედით ნაბიჯებს, სიტუაცია ჩიხში შევიდა და პროცესი ამოვარდნილია კალაპოტიდან. ამიტომ პროცესის ნორმალიზება რომ მოხდეს, აუცილებელია, სახელმწიფო თანამდებობის პირების ჩართვა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდეს ორივე მხარე და შეთანხმდნენ მათთვის მისაღებ გამოსავალზე. მისაღები გამოსავალი კი აუცილებლად უნდა გამოიხატოს დასაქმებულთათვის ღირსეული ხელფასების გადახდაში და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაში", - აღნიშნავს ცინცაბაძე.
ტყიბულელი მეშახტეები გაფიცვას აგრძელებენ. 24 თებერვალს კი მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.