„სახელმწიფოს მეტი რეგულაცია მშრომელების დასაცავად" - მთავრობის კანცელარიის ეზოში დღეს ეფექტიანი შრომის ინსპექციის მოთხოვნით გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა.
EMC-ის წარმომადგენელმა, თამუნა ქებურიამ დასაქმების ადგილებზე დაღუპვის შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში მოძიებული ინფორმაცია გააცნო იქ შეკრებილებს:
- 2016 წლის 6 ივლისი - საბურთალოზე შენობის დემონტაჟის დროს მეოთხე სართულის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაიღუპა. სამი მუშა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეოთხე ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის სიცოცხლესთან შეუთავასებელი დაზიანებების გამო, რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
- 2016 წლის 20 ოქტომბრი - გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ–ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშა გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქალაქემ დაზიანება გაუმართავი ტექნიკის გამო მიიღო.
- 2016 წელი 12 თებერვალი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს 26 წლის მამაკაცი დაიღუპა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, მუშას სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა.
- 2015 წლის 8 აპრილი - აჭარაში ჰესის მშენებლობის დროს ორი მუშა დაიღუპა. გარდაცვლილია ერთი ადგილობრივი მცხოვრები და თურქეთის ერთი მოქალაქე. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- 2015 წლის 8 დეკებერი - ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშა დაიღუპა. მშენებლობაზე დასაქმებული 40 წლის მამაკაცი 20 მეტრის სიმაღლის მშენებარე ხიდიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებების გამო, ადგილზე გარდაიცვალა.
- 2013 წლის 29 მაისი - ფოთის პორტში ტვირთის გადმოზიდვის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. ტვირთის გადმოზიდვისას მანქანიდან ტვირთი გადმოვარდა და მუშას დაეცა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
- 2013 წლის 2 მაისი - ტაბიძის ქუჩაზე, მერიის ყოფილ შენობაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს 51 წლის მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა".
შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, 2011-2015 წლებში 212 ადამიანი დაიღუპა და 3-ჯერ მეტი დაშავდა საწარმო შემთხვევების შედეგად. გასულ კვირას კიდევ, სულ ცოტა, 4 ადამიანი შეემატა დასაქმების ადგილზე დაღუპულთა სიას.
აქციაზე იმყოფებოდნენ პროფესიული კავშირების წარმომედგენლებიც, რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრები, დასაქმებულები ზვარედან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები.
ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი თათული თოდუა ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს, სახალხო დამცველმა სპეციალური რეკომენდაცია მოამზადა პარლამენტისთვის და მთავარი აქცენტი შრომის ინსპექციაზე გაკეთდა, ამის შემდეგ კი ანგარიშები პარლამენტს ყოველ წელს წარედგინება, თუმცა, თოდუას თქმით, დრომდე ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული არაა.
„დღეს შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა მოქმედებს, რომელიც ინსპექციად ვერ ჩაითვლება, რადგან შრომის პირობების შემოწმება მხოლოდ და მხოლოდ საწარმოების ნებაზეა, მათ წინასწარ იციან, რომ მონიტორები საწარმოში შედიან. ასევე დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების არავითარი ბერკეტი არ არსებობს".
თათული თოდუა ასევე ხაზს უსვამს შრომის დროს მიღებული ტრავმებისა და გარდაცვალების შემდეგ რას აკეთებს სახელმწიფო სისხლის სამართლის კუთხით. ამბობს, რომ გარდა შრომის ინსპექციისა, აუცილებელია საწარმოებს და დამსაქმებლებს ჰქონდეთ შიში, რომ მსგავსი ფაქტების მოხდენის შემთხვევაში, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
„შსს-ს ინფორმაციით, 2015 წელს დაწყებული 108 გამოძიებიდან 42 საქმე იმავე წელს შეწყდა. სახელმწიფო რეალურად, ელოდება ასეთ მძიმე შემთხვევებს. შემდეგ კი, არაეფექტიანად იძიებს და ბოლომდე არ მიჰყავს ეს საქმე", - ამბობს თათული თოდუა.
კანცელარიასთან გამართულ აქციაზე აღნიშნეს, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რითაც სახელწიფო სტრუქტურებს ამ პრობლემის დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებენ:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი აქციები უფრო მასობრივ ხასიათს მიიღებს და იმედი გვაქვს, მეტი სოლიდარობაც იქნება საზოგადოებისგან", - თქვა აქციაზე რკინიგზის ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელმა, ვიტალი გიორგაძემ.