Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სახლი, სადაც თავისუფალი ვარ - "ხელი ხელს" 5 წლისაა

09 თებერვალი 2017

"ხელი ხელს" ორგანიზაციამ პირველი საოჯახო ტიპის სამი სახლი გურჯაანში, 2011 წელს გახსნა. ოთხ წელიწადში კიდევ სამი საცხოვრებელი თბილისში დაემატა. შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები საოჯახო გარემოში დიდი ინსტიტუციებიდან, მინდობით აღზრდის სისტემიდან და იმ ოჯახებიდან მოხვდნენ, რომლებსაც ამ ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება აღარ შეეძლოთ. ორგანიზაცია 23 ადამიანს ემსახურება. იმისთვის, რომ სახლი ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს, თითოეულ საცხოვრებელში ხუთზე მეტი ადამიანი არ ცხოვრობს. 

აქ მცხოვრებლები თავის ცხოვრების გეგმას თვითონვე ადგენენ, გვერდით ჰყავთ უბრალოდ მხარდამჭერები, ვინც საჭიროების შემთხვევაში, დამოუკიდებელი ცხოვრების უნარ-ჩვევების ათვისებაში ეხმარებიან.

გიორგი ალიაშვილი ბავშვთა სახლში გაიზარდა. მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში გიორგი ყვება 18 წლის შესრულების შემდეგ, ზამთარში როგორ აღმოჩნდა ქუჩაში, სადაც აუტანელ პირობებში იმყოფებოდა. შემდეგ დუშეთის შშმ პირთა პანსიონში წავიდა:

ფილმის ავტორი: მახო ღუღუნიშვილი


"მახსოვს პირველი შოკი, როცა პანსიონში შესვლის დროს მივიღე. ეს იყო ისევ დიდ ინსტიტუციაში დაბრუნება. ინსტიტუციაში, სადაც დილით დგები, ემზადები რეჟიმისთვის და ისევ წვები და იძინებ. კატასტროფა იყო, სულ ხმაური, ჟრიამული, ვერაფერს ვაკეთებდი".


ახლა გიორგი "ხელი ხელს" ორგანიზაციის ერთ-ერთ სახლში, თბილისში ორ მეგობართან ერთად ცხოვრობს:

"მიხარია, რომ სახლი მაქვს, სადაც ვაკეთებ საქმეებს. აქ ვარ სრულიად თავისუფალი, მიყვარს სეირნობა. წარმოიდგინეთ, როცა მომინდება, გავიკეთებ პოპკორნს, ჩავრთავ ფილმს და ჩემს გემოზე ვუყურებ. ასე ფილმის ყურებითაც სიამოვნებას ვიღებ".

ორგანიზაცია, რომლის საოჯახო სახლშიც გიორგი და მისი მეგობრები ცხოვრობენ, 5 წლის გახდა. იუბილის აღნიშვნაზე ყველა იმ ადამიანმა ისაუბრა, ვისაც წვლილი აქვს "ხელი ხელს" ჩამოყალიბებაში.

მაია შიშნიაშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელია. მან ისაუბრა პირად გამოცდილებაზე, რის გამოც, გადაწყვიტა მსგავსი მომსახურების დანერგვა საქართველოში. საოჯახო ტიპის სახლების გაკეთების იდეა გააცნო არასამთავრობო ორგანიზაცია "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელს, ირმა ხაბაზს. "ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო" ამ პროექტის მთავარი მხარდამჭერი ორგანიზაციაა. 

თამარა ბიტაევა "ხელი ხელს" საოჯახო ტიპის სახლის პირველი მობინადრეა: "გურჯაანში თავიდან მიჭირდა, არ ვიყავი მიჩვეული. ახლა კარგად ვარ, ბევრი დაქალი, ბევრი ძმაკაცი მყავს. ვმუშაობ საავადმყოფოში, დილით მივდივარ, ვალაგებ და მერე უკან სახლში ვბრუნდები".

ფილმის ავტორი: მახო ღუღუნიშვილი

მარინე მოდებაძე ერთ-ერთი პირველი ადამიანია, ვინც გურჯაანში, ერთ-ერთი საცხოვრებლის მენეჯერად დაიწყო მუშაობა. ორგანიზაციის იუბილეზე მან ისაუბრა, პირველად რა სირთულეებს შეხვდნენ:

"მახსოვს პირველი დღე, როცა სახლში ჩვენი ბენეფიციარები მოვიდნენ. ყველას შიშნარევი და უნდობლობით სავსე თვალები ჰქონდა. ზოგი ქუთაისის, ზოგი დუშეთის პანსიონიდან იყო. მათ არ იცოდნენ, სად მოდიოდნენ, რა გარემოს დავახვედრებდით. საოჯახო სახლის მცნება, ახალი იყო. თავიდან ბევრი პრობლემა იყო, მეზობლების ნეგატიური დამოკიდებულებაც, სტიგმამ თავისი ქნა და სტერეოტიპების გამო, ჩვენც დაგვძაბა. თუმცა, ჩვენი სახლის მაცხოვრებლებმა ეს პრობლემა თვითონ მოაგვარეს. მაგალითად, ჩვენ გვყავს თეა, ჩაკეტილი ცოტა. თუმცა, მეზობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. ეხმარება ერთ-ერთ მოხუცებულ ქალს, რომელსაც სიარული არ შეუძლია და სოციალურიადაც ძალიან უჭირს. ერთხელ მისგან ფარდები მოიტანა და თავის სარეცხი მანქანით გაურეცხა. გვყავს ვალოდია, რომელიც მეზობლებს ეზოების დასუფთავებაში ეხმარება და გარკვეულ გასამრჯელოსაც იღებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა თავად გააქრეს სტერეოტიპები, რაც მათ შესახებ ჰქონდათ", - ისაუბრა მარინე მოდებაძემ.

"ხელი ხელს" ორგანიზაციის დაბადებისდღეზე გამოფენილი იყო National Geographic Magazine-ის ფოტოგრაფის Ami Vitale-ის ფოტოებიც. მან Open Society Mental Health Initiative-ის ინიციატივით ფოტოპროექტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საოჯახო ტიპის საცხოვრისების მხარდაჭერისა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ადვოკატირებისთვის, გადასაღებ სივრცედ სწორედ საქართველოში არსებული  ორგანიზაცია შეარჩია. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა, პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა. 


 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

05 ნოემბერი
05 ნოემბერი

ინტერვიუ დიეტერ იანეჩეკთან

დიეტერ იანეჩეკი გერმანული მწვანეთა პარტიის და  2013 წლიდან,  გერმანიის  ბუნდესტაგის წევრია. თბილისს მწვან ...
04 ნოემბერი
04 ნოემბერი

ტექნოგენური თაობის დასასრული - აქცია რუს ...

 3 ნომებერს რუსთავის მთავარ მოედანზე, მერიის წინ მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართა, რომლის მიზანი რიგითი რუსთაველ ...
29 ოქტომბერი
29 ოქტომბერი

გირჩის ლიდერების და "შმაქსის" აქტივისტე ...

"გირჩის" წევრები, „შმაქსისტებთან“ ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო მსვლელობი ...

მეტი

^