ქალაქ რუსთავში საბავშვო ბაღების პრობლემაა - მას შემდეგ რაც ბაღები უფასო გახდა, ბაღში სიარულის მსურველთა რაოდენობა 600-დან 3500-მდე გაიზარდა, რისთვისაც ქალაქში ბაღების ინფრასტრუქტურა და პერსონალი მზად არ არის.
რუსთავის საკრებულოს წევრმა, ვანო შათირიშვილმა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის რუსთავის ორგანიზაციის თავჯდომარემ ლაშა ჩხეტიანმა დღეს საბავშვო ბაღების პრობლემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.
რუსთავში ამჟამად ადრე არსებული 44 ბაღიდან მხოლოდ 21 ბაღი ფუნქციონირებს. საკრებულოს წევრის განცხადებით, ბაღები ისედაც გადატვირთულია და 30 და 35 ბავშვიანი ჯგუფებიცაა, როდესაც სტანდარტი ჯგუფში 25 ბავშვია. ზოგიერთ ბაღში ბავშვებს დაძინების შესაძლებლობაც კი არ აქვთ. ,,ბალიშები შეაკერინეს ბავშვებს და მაგიდებზე თავდადებულებს აძინებენ - როგორ შეიძლება ეს ბავშვის ხერხემლისთვის?! საერთოდ რისთის ვმუშაობთ ჩვენ მაშინ, თუ ჩვენს მომავალ თაობას არ შევუქმნით განვითარების პირობებს?!" - ამბობს ვანო შათირიშვილი. ის 6 ახალი ბაღის აშენების აუცილებლობაზე საუბრობს, რომ რუსთაველ ბავშვებს სკოლამდელი განათლების მიღება ადეკვატურ პირობებში შეეძლოთ, თუმცა ამ წლის სექტემბრისთვის 1500-მდე ბავშვი ჯგუფების გაზრდის პირობებშიც კი ბაღს მიღმა რჩება.
ბაღების აშენება წინასწარი გათვლებით 8-10 მილიონ ლარს მოითხოვს. შესაძლებელია ბაღებისთვის მუნიციპალიტეტის ქონებაში არსებული შენობების გადაკეთებაც, თუმცა, როგორც შათირიშვილი ამბობს, ამ თემის მნიშვნელოვანების მიუხედავად, საკრებულოს სხვა წევრები პრობლემის განხილვასა და გადაწყვეტას თავს არიდებენ.
საბავშვო ბაღები ამჟამად მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაშია და იმის მიუხედავად, რომ სკოლამდელი აღზრდა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის საფეხურია, როგორც შათირიშვილი ამბობს, განათლების სამინისტრო პრაქტიკულად არ მონაწილეობს ბაღების ფუნქციონირების გამართვასა და განვითარებაში. ის ბაღების შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის არსებობის საჭიროებას უსვამს ხაზს, რომ ერთი მხრივ ბაღებში ბავშვების განვითარების სისტემა დაიხვეწოს, პედაგოგები გადამზადდნენ და ბაღების ხარისხი გაუმჯობესდეს, მეორე მხრივ კი სახელმწიფომ აიღოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება სკოლამდელი ასაკის ბავშვების მოვლაზე და ბაღები მხოლოდ მუნიციპალიტეტების ფინანსური რესურსების ამარა არ აღმოჩნდნენ.
ჩხეტიანმა და შათირიშვილმა ხაზი ზოგადად უფასო ბაღების მნიშვნელობასაც გაუსვევს, რადგან, ერთი მხრივ ბაღი სკოლამდელი აღზრდისთვის ჩაუნაცვლებელი ინსტიტუტია, გადასახადის არსებობის გამო კი მოსახლეობის დიდი ნაწილი შვილების ბაღში მიყვანას ვერ ახერხებდა. მეორე მხრივ კი უფასო ბაღებს დადებითი გავლენა აქვს საზოგადოების ეკონომიკურ-სოციალურ ცხოვრებაზე, რამდენადაც ბავშვების მოვლის პასუხისმგებლობის ნაწილობრივ ასეთი ინსტიტუტისათის გადაცემა მშობლებს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმის საშუალებას აძლვს. ,,მართალია სამსახურების პრობლემა ჩვენთან სერიოზულად დგას, მაგრამ ეს მაინც შეღავათი იქნება, რომ მშობელმა თუნდაც დროებით, ერთთვიან და ორთვიან სამსახურზე არ თქვას უარი"-განაცხადა საკრებულოს წევრმა.