ვაკის პარკში "პარტიზანმა მებაღეებმა" და სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. დილით, ერთ-ერთმა აქტივისტმა ვაჟა კაკუშაძემ დანარჩენებს შეატყობინა, რომ ადგილზე დიდი რაოდენობით დაცვის პოლიციისა და კერძო დაცვის თანამშრომლები გროვდებოდნენ.
„როგორც გავიგეთ, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყოთ, მოყვანილი იყო ორი მიკროავტობუსიც. დაცვის წევრები ჩვენგან ბარიკადების აღებას მოითხოვდნენ, თუმცა ამაზე უარი მიიღეს და პატრული გამოიძახეს.
შუადღის 3 საათისთვის „ბუდაპეშტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის მოწინააღმდეგეთა რიცხვი გაიზარდა. გაიზარდა საპატრულო პოლიციის მანქანებისა და თანამშრომლების რაოდენობაც. პოლიციელები კვლავ დაჟინებით სთხოვდნენ აქციის მონაწილეებს ბარიკადების დაშლას და ეუბნებოდნენ, რომ თუ „სამანქანო გზას არ გაათავისუფლებდნენ“, თავად მოუწევდათ ამის გაკეთება.
ბარიკადების დაშლაზე პოლიციელებმა კვლავ უარი მიიღეს. ქალაქთმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ გზა, რომელსაც ისინი „სამანქანო გზას“ უწოდებენ, ოფიციალურად ბილიკია და, შესაბამისად, ამ გზის გადაკეტვით ისინი კანონს არ არღვევენ.
„პატრული გველაპარაკება მეგობრულად, მაგრამ როგორც ჩანს ფარისევლურად, გვეუბნება არ გაქვთ უფლება სამანქანო გზა ჩახერგოთო, მაგრამ გზა, რომელზეც ისინი საუბრობენ, ოფიციალურად არ არსებობს, არ აქვს საკადასტრო ნომერი და არაა რეგისტრირებული როგორც გზა, ეს არის სარბენი ბილიკი. მართალია ჩვენ საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ამ საქმეს სასამართლოში მოვიგებთ, მაგრამ თუ ახლა დავიშლებით, სასტუმროს აუცილებლად ააშენებენ. როგორც გვეუბნებიან, მათი მოვალეობაა, რომ აქედან გაგვწიონ, მაგრამ ჩვენი სამოქალაქო მოვალეობაა, რომ აქედან არ წავიდეთ“, - ამბობს ბაქრაძე.
შუადღისას ვითარება შედარებით დაიძაბა. შეკრებილები ერთ-ერთ ბარიკადთან რამდენიმე მწკრივად დადგნენ. ისინი ბარიკადების დაშლის მცდელობისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით, პატრულის მანქანებმა ტერიტორია დატოვა.
მანამდე მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე „ტიფლის დეველოპმენტ გრუპის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მივიდა. ის აქციის მონაწილეებთან ახლოს არ მისულა, პატრულის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ ტერიტორია შეკრებილების სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
აქციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი თემურ კიკნაძეც შეუერთდა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მიწერ-მოწერა მერიასთან. ვუმტკიცებთ, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია, თითქოს აღარც რეკრეაციული ზონა არსებოობს, არც ვაკის პარკში შედის ეს ტერიტორია. მიგვაჩნია, რომ ეს არის ტყუილი და ცუდია, რაც კეთდება. რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ამჯას ყველანაირად უნდა შევუშალოთ ხელი“,- განაცხადა თემურ კიკნაძემ.
მან შეკრებილებს ის წერილებიც აჩვენა, რომლებიც მერიაში გაიგზავნა და ის, რაც პასუხად მიიღეს.
„ჩვენი აზრით , ვაკის პარკში რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი სასტუმროს განთავსება თავისი უნფრასტრუქტურით, გამოიწვევს ქალაქის უნიკალური დსვენების ზონისათვის უდიდეს ზიანს, სრულიად სამართლიანად მიგვაჩნია მოსახლეობის აღშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და არ მიგვაჩნია გამარტლებულად ამ პროექტის განხორციელებაზე ნებართვების გაცემა“, - ვკითხულობთ შალვა შავგულიძის მიერ თბილისის მერის მოვალეობის შემსურლებლისადმი გაგზავნილ წერილში.
მერიიდან მიღებულ პასუხში კი დაკონკრეტებულია, რომ მიწის ნაკვეთზე კონკრეტული ნებართვები უკვე გაცემულია და ყველა დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია.
დღეს ვაკის პარკში მიმდინარე აქციას სახალხო დამცველის წარმომადგენელიც აკვირდებოდა. ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი გარსევანიშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება პროტესტი ამგვარი ფორმით გამოხატონ.
„ჩვენთან მოგვმართეს ამ აქციის მონაწილეებმა. ისინი აცხადებენ, რომ აქ ისინი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ,რაც აბსოლუტურად კანონიერია. ჩვენ ხშირად ვახორციელებთ აქციების მონიტორინგს და დღესაც ჩვენი მიზანია, რომ არ მოხდეს აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევა ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება. ამ მშენებლობის სამართლებრივ მხარეს ჯერჯერობით არ ვიცნობთ და შესაბამისად არ ვიცით რამდენად კანონიერად გაიცა ყველა ნებართვა, თუმცა ამ საქმეს აუცილებლად შევისწავლით და საზოგადოებითვის ცნობილი გახდება ჩვენი შესწავლის შედეგები“, - განაცხადა გარსევანიშვილმა.
პატრულის წასვლის შემდეგ შეკრებილების რაოდენობა შემცირდა, თუმცა "პარტიზანების" ნაწილი პარკში მორიგეობას აგრძელებს.