მოსახლეობაზე თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველებისგან თავდაცვის მიზნით დახოცვის ალტერნატიულ საშუალებებს განიხილავდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში გამართულ დისკუსიაზე.
შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თეიმურაზ წიქორიძემ აღნიშნა, მგლისა და დათვისგან თავის დაცვა, ტრადიციულად, ძაღლის, კერძოდ, კავკასიური ნაგაზის საშუალებით ხდებოდა.
„დათვების თავდასხმის შემთხვევაში, მათი დახოცვის ალტერნატიული საშუალება საუკუნეების განმავლობაში, კავკასიური ნაგაზი იყო, ძაღლმა რომ დაყეფოს, დათვი იქ აღარ მივა“, - განაცხადა წიქორიძემ. მისი თქმით, ამგვარი მეთოდის გამოყენებით, მოსახლეობა დათვების თავდასხმისგან დაცული იქნება, დათვები დახოცვას გადაურჩებიან და კავკასიური ნაგაზებიც დანიშნულებისამებრ იქნებიან გამოყენებულები.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ სამინისტროში ამ თემით დაინტერესდებიან და შეისწავლიან.
„ჩვენი თვითმიზანი არ არის დათვის გარემოდან ამოღება, ყველა ალტერნატიულ მეთოდს გამოვიყენებთ, რომელიც ადეკვატურად მიიჩნევა, ვიდრე რომელიმე ინდივიდის გარემოდან ამოღების გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
თეიმურაზ მურღულიამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება.
„პრევენცია სჭირდება ამ ყველაფერს. დღეს დათვები იმ ეკოლოგიური პრობლემების გამო ჩამოდიან მოსახლეობაში, რომელიც ზოგადად დგას. კლიმატის ცვლილება, ტყის გამეჩხერება, იწვევს ამ პრობლემებს და ამ კუთხით გაცილებით მეტი ინვესტიცია გვჭირდება“, - განაცხადა მურღულიამ.
ამავე თემაზე:
მთავრობამ დათვების დახოცვის შესახებ განკარგულება გასცა
გარემოს დაცვის სამინისტრო დათვების დახოცვის შესახებ განკარგულებაზე განმარტებას აკეთებს