თბილისური ეზოები ქალაქის ძველი უბნების ძირითად ნაწილს მოიცავს. შიდა ეზოების სოციალურ და კულტურულ დატვირთვაზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე "ლიბერალი" ურბანისტს და არქიტექტორ, ლევან ასაბაშვილს ესაუბრა.
მისი თქმით, ერთი მხრივ მაღალი სოციალური კონტროლი სასარგებლოა უბნებში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, თუმცა, მეორე მხრივ, ზედმეტი კონტროლი შეიძლება არღვევდეს ურბანული ინდივიდის პირად სივრცეს და არაურბანული ხასიათი ჰქონდეს:
"უნდა გვახსოვდეს, რომ უმეტეს შემთხვევაში ძველი ქალაქის შიდა ეზოებში მობინადრეების უმეტესობას საკმაოდ ცუდი საცხოვრებელი პირობები აქვს და ხშირად თანახმანი არიან იზოლირებულ ბინაში გადასვლაზე. ასევე, შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ასეთ სივრცეებში კლასობრივად დაბალ საფეხურზე მდგარი ადამიანები ცხოვრობენ და თავიანთ საცხოვრებელ გარემოს თავიანთივე მდგომარეობის ნაწილად მიიჩნევენ. ისინი მისგან თავის დაღწევას ცდილობენ. ასე რომ, თანამედროვე გარედამკვირვებლები ხშირად შიდა ეზოს სოციალური ფენომენის რომანტიზაციას ახდენენ", - ამბობს ლევან ასაბაშვილი.
ურბანისტი ფიქრობს, რომ ლოგიკური იქნებოდა არსებული მორფოლოგიის შენარჩუნება განსაკუთრებით ძველ უბნებში: "თუ დააკვირდებით ახალ მშენებლობებს, თითქმის ვერ ვნახავთ შიდა ეზოებს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს მიწათსარგებლობის სტრატეგიით, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ ფართის გამოყენებას".