რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის გონებას, როგორ ქმნის ის საკუთარ რეალობას და არის თუ არა ეს რეალობა ისეთივე განუსაზღვრელი, როგორც ადამიანის წარმოსახვა? ამ თემებს ეხმიანება ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტის, უტა ბექაიას ნამუშევარი „ კაფსულა“, რომელმაც 28 ივნისს არტ- ვილა გარიყულაში ამერიკული პავილიონი გახსნა.
კაფსულაში მოთავსებული ადამიანის სახე, ხელი და გული უმოძრაო მდგომარეობაშია გაყინული. სხეული ინერტულია,ის სარკოფაგშია მოქცეული, მაგრამ გონება დროისა და სივრცის საზღვრებს არ ემორჩილება და ახალ რეალობას ქმნის: ეს უძრაობა და წაშლილი საზღვრები რაღაც ახალის დაბადების წინაპირობაა.
კაპსულა, ეს კოდირებული მომავალია, მომავლის რეალობა, რომელიც შეგვიძლია სურვილისამებრ ვმართოთ, თუ გონების შესაძლებლობების სწორად გამოყენებას ვისწავლით, რადგან რეალურობის ავთენტურობას „ რეალურად“ მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა განსაზღვრავს.
უტა ბექაია 15 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით მუშაობს. ის პერიოდულად ჩამოდის საქართველოში და ნამუშევრებსაც ძირითადად ამ ორი ქვეყნიდან მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის. „ კაფსულა“ გარიყულაში მისი ხუთ დღიანი მუშაობის შედეგია. ეს ნამუშევარი თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალის, Fest I Nova -სთის შეიქმნა, რომელიც ოფიციალურად 19 სექტემბერს გაიხსნება და ერთი თვე გასტანს, თუმცა ფესტივალზე წარსადგენი რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია ორგანიზატორებმა მანამდე მოაწყვეს. რადგან უტა ნახევრად ამერიკელად შეიძლება ჩაითვალოს, არტ ვილაში განთავსებული ამერიკული პავილიონი სწორედ მისი ნამუშევრით გაიხსნა.
გარიყულა მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს არტისტებს, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ეს ერთადერთი არტ რეზიდენციაა საქართველოში, სადაც ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ ქალაქიდან შორს, წყნარ და სასიამოვნო და გარემოში კონცენტრირდნენ და ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ პროექტებზე იმუშაონ.
სხვადასხვა ქვეყნებთან კოლაბორაციის შედეგად გარიყულაში უკვე არსებობს საფრანგეთის, ჰოლანდიის, ავსტრიის და ამერიკის პავილიონები. მალე იგეგმება უკრაინისა და აზერბაიჯანის პავილიონების გახსნაც.
ამ ეტაპზე აქ კიდევ რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, საბოლოო შედეგს კი დამთვალიერებელი სექტემბერში, Fest I Nova 2015-ზე იხილავს.