Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არ მგონია, მეტანიამ ბავშვს ზიანი მიაყენოს, თუ ის ლოცვის ნაწილია - ინტერვიუ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან

28 ოქტომბერი 2015

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა მართლმადიდებლური და ისლამური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი შვიდი სკოლა-პანსიონი მოინახულეს. ძალადობის შემთხვევები - დასჯის მიზნით მეტანიების გაკეთება, ბულინგი, მარხვა, რელიგიური ნიშნით არსებული შეზღუდვები, არასრულფასოვანი ჯანდაცვა, განათლება, კვება; ანტისანიტარია, თანამშრომლების არაკვალიფიციურობა - ამ შემთხვევების შესახებ ომბუდსმენის მონიტორები ანგარიშში წერენ.

“481 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის სისტემის გარეთაა, რადგან ეს სახლები სახელმწიფოს მიერ არ რეგულირდება”.

დღეს საქართველოში სააღმზრდელო დაწესებულებებზე ლიცენზიას ჯანდაცვის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე კი განათლების სამინისტრო გასცემს.

შვიდი სკოლა-პანსიონიდან მხოლოდ ორია ლიცენზირებული, ორ მათგანზე ჯანდაცვის სამინისტრო ახლა მუშაობს. დანარჩენები კონტროლს მიღმაა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონები კერძო დაწესებულებებია და სახელმწიფოს მათი კონტროლის ბერკეტი არ აქვს. საპატრიარქოს ბავშვთა სახლებზე კი სამინისტრო მუშაობს.

რა პროცესები მიმდინარეობს კონკრეტულად ამ დროისთვის, როდის გაივლიან ლიცენზირებას აღნიშნული სკოლა-პანსიონები და რას შეცვლის ლიცენზიით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება პანსიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის?

ამ პრობლემების შესახებ “ლიბერალთან” ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნუცი ოდიშარია საუბრობს:

-        სახალხო დამცველის აპარატს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე უფრო მწვავე ანგარიშს, მეტ ანალიზს ველოდი. თუმცა თავისთავად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსგან განსხავებით ომბუდსმენი მუსლიმურ სკოლა-პანსიონებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნო. მოგეხსენებათ, ეს დაწესებულებები კერძოა და სამინისტროს არ აქვს მათი რეგულირების ბერკეტი. ჩვენ მათზე ლიცენზიას ვერ გავცემთ. თუმცა გვქონდა შეხვედრა მუსლიმური პანსიონების ადმინისტრაციასთან. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტში გადავაგზავნეთ საკანონმდებლო წინადადება, რომ სახელმწიფოს მსგავსი კერძო დაწესებულებების კონტროლის საშუალება ჰქონდეს. თუმცა მოგეხსენებათ, მუსლიმურ სკოლა-პანსიონებში ბაშვები ძირითადად მშობლების სურვილით ხვდებიან. ეს ბავშვები მზრუნველობამოკლებულები არ არიან, რაც კიდე უფრო ართულებს ჩვენს ჩართულობას.

-        ომბუდსმენის ანგარიშში წერია, რომ როგორც მუსლიმურ, ასევე მართლმადიდებლურ სკოლა-პანსიონებში ბავშვებისთვის რელიგიური ნიშნით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, რომლებსაც ხშირად არასრულწლოვნები მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ ემორჩილებიან. მუსლიმურ სკოლა-პანსიონებში - ბავშვები მკაცრი ადათ-წესების დაცვით ცხოვრობენ, მართლმადიდებლურში კი - მაგალითად, გოგონებს შარვლის ტარების უფლება არ აქვთ.

 -        თუ ბავშვი ამას არ აპროტესტებს, თუ მასზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა არ ხდება, ეს არაა ძალადობა. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რელიგიური ნიშნით რაიმე აკრძალვას. ჩემთვის მთავარია, ამ ინსტიტუციებში ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი მოქმედებდეს, რომელიც სახელწმიფომ დაადგინა და რომლითაც, მაგალითად, მცირე საოჯახო ტიპის სახლები მუშაობენ.

-          ომბუდსმენის მონიტორები ანგარიშში იმასაც წერენ, რომ აღმზრდელები ბავშვებს დასჯის მიზნით სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიების კეთებას აიძულებს. სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება. მეტანიების გაკეთების ვალდებულება აკისრიათ ბენეფიციარებს ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც. არის თუ არა ეს ბავშვზე ძალადობა?

-          თუ ეს ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება, ძალადობაა, მაგრამ აქ ბევრი შეკითხვა მებადება. მაგალითად, იძალადეს თუ არა ჩემზე მშობლებმა, როცა მცირეწლოვანი მომნათლეს? თუ მშობლები რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობენ და შვილებისთვისაც იგივე უნდათ, თან როცა ბავშვს პროტესტი არ აქვს, რატომაა ძალადობა?

-          მაგრამ თუ ბავშვის სურვილის საწინააღმდეგოდ  ხდება?

-          ჯერ ანგარიში დეტალურად არ წამიკითხავს და ეს ფაქტები ჩემთვის უცნობია. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, სკოლა-პანსიონებში ბავშვები ამას აპროტესტებდნენ და, მაგალითად, მეტანიები ან ლოცვა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდებოდეს.

-          ანუ ეჭვი შეგაქვთ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის სისწორეში?

-          არა, პირიქით, სახალხო დამცველმა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ მართლმადიდებლურ პანსიონებში მონიტორზე რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის წარმომადგენლებიც იყვნენ. იქ არცერთ ბავშვს ძალადობაზე არ უსაუბრია.

-          ჰკითხეთ თუ არა თითოეულ ბავშვს, აქვთ თუ არა მათ გარკვეული რელიგიური შეზღუდვები, სჯიან თუ არა აღმზრდელები და ძალით აკეთებინებენ თუ არა მეტანიებს ან აიძულებენ ლოცვას?

-          არა, ჩვენ კონკრეტული ბავშვის შემთხვევის შესასწავლად ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ვიმყოფებოდით.  თუმცა არასრულწლოვნებს ვესაუბრეთ და მათ მსგავსი შემთხვევები არც უხსენებიათ. გარდა ამისა, ომბუდსმენის ანგარიშის პრეზენტაციაზე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და სახალხო დამცველის არცერთ თანამშრომელს მათთვის ეს შეკითხვა არ დაუსვამს.

-         ჩავთვალოთ, რომ ბავშვებმა ომბუდმსენის მონიტორებთან მართლაც ისაუბრეს მსგავს შემთხვევებზე და აღმზრდელები დასჯის მიზნით მეტანიებს მართლაც იყენებენ, ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის ძალადობა?

-         ზოგადად, ბავშვის დასჯის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მაგრამ ყველა რელიგიას თავისი მსოფლმხედველობა აქვს. არცერთი მათგანი, ამ შემთხვევაში არც ქრისტე და არც ალაჰი, ბოროტებას არ გვასწავლის. ამიტომ, არა მგონია, რომ ბავშვს მეტანიამ ზიანი მიაყენოს, თუ ის ლოცვის ნაწილია. მშობლები, რომლებმაც ეს ბავშვები პანსიონებს თავისი ნებით მიაბარეს, დარწმუნებული ვარ, შვილების სულებზე ზრუნავდნენ.  თუმცა საკითხი ასეთი მარტივიც არაა. ჩვენც უნდა გავარკვიოთ, ეს მეტანია რეალურად რას ემსახურება. მე ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ვიმუშავებთ. ეს იქნება ძალიან რთული პროცესი. დიდი იმედია მაქვს, რომ ყველა მხარს დაგვიჭერს, რომ ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ პირობებში გვყავდეს.

-         ვთქვათ, კანონში შევიდა ცვლილება - სახელმწიფოს მუსლიმური პანსიონების რეგულირების საშუალება მიეცა, პარალალურად მოგვარდა საპატრიარქოს ყველა ბავშვთა სახლის ლიცენზირების საკითხი. რა მოხდება ამის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს თუ არა ამ ბავშვების შესწავლას, ძალადობის, ბულინგის და სხვა საკითხების მოგვარებას?

-         ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები ფერიის ბავშვთა სახლში უკვე სწავლობენ არასრულწლოვნების პირად ისტორიებს. დანარჩენებზე თარიღის თქმა შეცდომა იქნება, რადგან ეს საკმაოდ რთული და დროში გაწელილი პროცესია. რამდენიმე წლის წინ დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის ფარგლებში დაიხურა სახელმწიფო ბავშვთა სახლები, ეს პროცესი ცოტა დაჩქარებით მოხდა, რასაც გარკვეული რისკები ახლდა თან. ამიტომ სასულიერო პანსიონების შემთხვევაში ჩვენ აღარ უნდა ვიჩქაროთ. ერთ დღეში ამ ბავშვების პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ. ჯერ უნდა მოხდეს თითოეული მათგანის ისტორიის შესწავლა, აღრიცხვა - ჰყავთ თუ არა ოჯახები, აქვთ თუ არა ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნების შანსი, ვის სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის დადგენა და ა.შ.

-         აქამდე რატომ არ მოხდა ამის შესწავლა?

-         იმიტომ, რომ ეს სკოლა-პანსიონები სისტემის გვერდის ავლით გაიხსნა და სახელწიფო ამ ფაქტის წინაშე დადგა. ამ პროცესში კი თავად ბავშვების მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული. ბევრმა მათგანმა სასულიერო დაწესებულებებს ნდობა გამოუცხადა და ახლა ასე ერთი ხელის მოსმით მათი დახურვა, სწორი არ იქნება.

ჩვენი მთავარი მიზანი სკოლა-პანსიონების ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში მოქცევაა. მე ვფიქრობ, რომ ბავშვების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდება. თუმცა ბავშვების ნაწილს ოჯახი არ აქვს, ამიტომ მთავარია, იგივე სივრცე ოჯახთან დაახლოებულ გარემოს დაემსგავსოს.

-         ანგარიშის კვების სტანდარტების ნაწილში წერია, რომ ბავშვებს სკოლა-პანსიონებში მარხვაც უწევთ. ყველაზე მცირეწლოვანი, რომელიც ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტის დროს მარხულობდა, მეოთხე კლასელი ბავშვი იყო.

-         კვების სპეციალისტები ამბობენ, რომ ხანდახან მარხვა შეიძლება ორგანიზმისთვის კარგიც იყოს, შეიძლება არა. მე არ ვარ ამაში კომპეტენტური. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს რელიგიური დაწესებულებებია, სადაც ბავშვებს რელიგიური წესებით ზრდიან.

-         ანგარიშის ერთ-ერთი თავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ეხება. აქ წერია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის აქტიურად ჩართული შშმ ბავშვებზე ზრუნვის, სტატუსის მინიჭების, სამედიცინო და საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების პროცესში.

-         კი ამ მხრივაც არსებობს ხარვეზები. თუმცა ანგარიშში ისიც ეწერა, რომ შშმ ბავშვებს არ ჰყავთ ფსიქიატრი. ეს შეცდომაა. სკოლა-პანსიონები ფსიქიატრიული დაწესებულება არაა, რომ იქ ფსიქიატრი მუშაობდეს. ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის ფსიქოლოგი და ფსიქიატრის მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მაგრამ ეს ბავშვები საჭიროების შემთხვევაში მათთან თავად პერსონალს უნდა დაჰყავდეს. რაც შეეხება სტატუსის დადგენას, შშმ ბავშვებს ალბათ კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავთ, ამიტომ რთულია სტატუსის განსაზღვრაც.

-         სოციალური მუშაკები არ უნდა ინტერესდებოდნენ ამ საკითხით?

-         წარმოიდგინეთ, მე რომ შემოგეჭრათ სახლში და თქვენი შესწავლა დავიწყო, მგონი არ იქნება სწორი.

-         მაგრამ მე არ ვარ ბავშვი და საკუთარი უფლების დაცვა თავად შემიძლია.

-         მართალია, მაგრამ ამ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში დოკუმენტაციაც არ აქვთ მოწესრიგებული. ამიტომ სოციალურმა მუშაკებმა მათი არსებობის შესახებ არაფერი იციან.

-         ამ პანსიონების და იქ მცხოვრები ბავშვების მომავლის საბოლოოდ გადაწყვეტამდე, რას მეტყვით ჯანდაცვის სამინისტროს უახლოესი გეგმების შესახებ?

-         პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ რა მიზეზებით მოხვდნენ ეს ბავშვები ამ სკოლა-პანსიონებში. დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა უნდა გასცდეს სახელმწიფო დაწესებულებებს და რეგულირების ქვეშ კერძო ბავშვთა სახლებიც უნდა მოექცნენ. ასე სწრაფად მათი დახურვა ვერ მოხდება. ჯერ უნდა გაირკვეს - სად მიგვყავს ეს ბავშვები; ისევ ქუჩაში ხომ არ რჩებიან; ან მოძალადე ოჯახებში ხომ არ ბრუნდებიან. მნიშვნელოვანია, მართლმადიდებლურ პანსიონებთან მუშაობა. ისინი რეალურად, კეთილ საქმეს აკეთებენ და ეს პანსიონებიც იმიტომ გახსნეს, რომ ამის საჭიროება დაინახეს. ბევრი ბავშვი ქუჩაში ცხოვრებასა და ყინვას სწორედ ამის გამო გადაურჩა. ახლა მთავარია, ეს ინსტიტუციები ბავშვზე ზრუნვის სწორ სტანდარტებს მიესადაგოს. ჯანდაცვის სამინისტროს დაწყებული აქვს ამაზე მუშაობა. მთავარია, არ ვიჩქაროთ და შევძლოთ მოსალოდნელი რისკების სწორი ანალიზი.  

ძალადობა, მეტანიები, ბულინგი სასულიერო პანსიონებში - ომბუდსმენის ანგარიში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^