ზესტაფონში ადგილობრივი მოსახლეობა მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრის გახსნას აპროტესტებს. როგორც „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, ზესტაფონში ქვეკონტრაქტორ კომპანიას ცენტრის გასახსნელად შენობა უკვე მომზადებული ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო, მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყია.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე ამბობს, შენობა მჭიდროდ დასახლებულ უბანშია, უბნის მოსახლეობა, დაახლოებით 250 ადამიანი კი უარს აცხადებს „მათ უბანში იფუნქციონიროს ასეთმა განყოფილებამ“.
„გამოხატავენ ძალიან მტკიცე პროტესტს, წერილობითაც, იმუქრებოდნენ აქციებით, მაგისტრალის გადაკეტვით“, - ამბობს კილაძე.
კილაძის ინფორმაციით, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა კომპანიას ალტერნატიული ფართი შესთავაზა, „უბრალოდ, აქ არის ამ კომპანიის კომერციული ინტერესი. მან ეს ფართი უკვე გაარემონტა, შესაბამისად, ახალი ფართის გარემონტება, მის კომერციულ ინტერესებს სცდება.
„ერთადერთი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, იმ შემთხვევაში გავცემთ თანხმობას, თუ მოსახლეობის ყველა რგოლის ინტერესი იქნება დაცული. ჩვენს ორგანიზაციას ნამდვილად აინტერესებს ქსელის გაფართოება, მაგრამ პარალელურად, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს“, - ამბობს კილაძე.
„ლიბერალი“ ესააუბრა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მაღრაძეს.
„შენობა არის ვიწრო, მჭიდროდ დასახლებული უბანში. ადამიანები აპროტესტებენ იმას, რომ პროგრამის გახსნა გამოიწვევდა ქუჩაზე ბევრი მანქანის თავმოყრას, თანაც არ სურდათ „ამ კატეგორიის ადამიანებს" ემოძრავათ ამ ქუჩაზე“, - ამბობს მაღრაძე.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად სამართლიანად მიაჩნია მოსახლეობის ეს მოთხოვნა, მაღრაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხი მოსახლეობამ უნდა გასცეს.
ცენტრის სხვა ადგილას შესაძლო გადატანის საკითხის შესახებ მაღრაძე ამბობს, რომ კონტრაქტორმა ცენტრის გასახსნელად ზესტაფონში კერძო სახლი შეიძინა, მისი გარემონტებაში დაახლოებით 30-32 ათას დოლარამდე დახარჯა, ამიტომ სხვა ადგილას გადასვლა მისთვის ხარჯეფექტური ვერ იქნება.
„ამასობაში ის ადამიანებიც ცოდონი არიან, 100 კილომეტრის გავლა რომ უწევთ ყოველდღიურად, საჩხერესა და ჭიათურაში მცხოვრებთ კი - კიდევ უფრო მეტის“, - ამბობს მაღრაძე.
ცენტრის გახსნის შეფერხების გამო, ზესტაფონში აქცია გამართეს პროგრამის ბენეფიციარებმაც, რომელთაც კუთვნილი დოზის მისაღებად ყოველდღე ქუთაისში უწევთ წასვლა.
„ლიბერალთან“ საუბრისას პროგრამის ბენეფიციარი ზაზა მალაღურაძე ამბობს, რომ ყოველდღიურად სხვა ქალაქში სიარული მათ, როგროც ფინანსურად, ასევე დასაქმების კუთხით უქმნის პრობლემებს.
„ქუთაისში დავდივარ ყოველდღე, 100 კილომეტრი გვაქვს გასავლელი, ამას 2 საათი მაინც სჭირდება. ყველანაირი პრობლემა გვექმნება, სამსახურიდან 2 საათით გამოსვლა, გზასაც კიდევ ფული სჭირდება. პრეპარატის ფულს ვიხდით, მგზავრობას ფული სჭირდება, ყველაფერში დროს ვკარგავთ, იმის საშუალებას არ გვაძლევენ, რომ ადგილზე, ზესტაფონშივე მივიღოთ წამალი. მოსახლეობას არ უნდა, რომ ვიაროთ იმ ქუჩაზე. დღესაც კრიმინალებად მიგვიჩნევენ ავადმყოფებს, დისკრიმინაცია ხდება ჩვენი“, - უამბო „ლიბერალს" პროგრამის ბენეფიციარმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღრაძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან გარკვეული შეთანხმება შედგა.
„თანახმანი არიან, რომ თავდაპირველად გაიხსნას ცენტრი, თუმცა პარალელურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ცენტრი სხვა მისამართზე გადავიტანოთ. ცენტრის გასხნის შემდეგ თუ ასეთი პრობლემები იქნება, ამის მერე ვიზრუნებთ მის მოგვარებაზე. ჩვენ კონტრაქტორ კომპანიას შევთავაზეთ ცარიელი შენობები, რომელიც მუნიციპალიტეტის მფლობელობაშია, ფიქრობენ და გადაწყვეტენ“, - ამბობს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე.