Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროგრამა თბილისში მცხოვრები აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის - თუმცა, არა ყველასთვის

30 მაისი 2016

ქ. თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ბავშვთა ჩასმისას ქ. თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-129 დადგენილებით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არიან თბილისში რეგისტრირებული. ანუ ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის ივლისის შემდეგ დარეგისტრირდნენ, პროგრამით ვერ ისარგებლებენ.

არის თუ არა დისკრიმინაციული მიდგომა რეგისტრაციის დროის გამო უარის თქმა და ეწინააღმდეგება თუ არა აღნიშნული დადგენილება საქართველოს კონსტიტუციითა  და სხვა კანონებით გარანტირებულ უფლებებს?

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე თბილისში რეგისტრაციის დროის გამო უარი 27 ბავშვს ეთქვა.

ერთ-ერთი ასეთი ბავშვი გაბრიელ ცინცაძეა, რომლის შესახებ  “ლიბერალმა” გასულ თვეში მასალა მოამზადა. ის თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ დარეგისტრირდა და მერიისგან თერაპიის პროგრამაში ჩართვაზე უარი სამჯერ მიიღო.

ის, რაც გაბრიელს ჰაერივით სჭირდება

არის თუ არა დისკრიმინაციული საკრებულოს დადგენილება?

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის ანი სალდაძის თქმით, ბავშვების დიფერენცირება როგორც მოქალაქეობრივი, ასევე რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ცალსახად დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონს.

ანი სალდაძის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის უფლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  გარანტირებულია ნებისმიერი პირისთვის.

“გაერო-ის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ კონვენცია, ისევე როგორც „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სახელმწიფოს თანაბრად ავალდებულებს სოციალური პროგრამების ხელმისაწვდომობას”, - ამბობს ანი სალდაძე.

ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის იურისტის, ანზორ ხატიაშვილის თქმით, რეგისტრაციის დროის ნიშნით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობის შეზღუდვა შესაძლოა დისკრიმინაციულ მიდგომად შეფასდეს სახელმწიფოს მხრიდან.

“ამ საკითხზე დისკრიმინაციის შესახებ დავის შემთხვევაში, სახელმწიფომ სათანადოდ უნდა დაასაბუთოს ასეთი შეზღუდვის არსებობის გონივრულობა და მიზანშეწონილობა, თუ რა კანონიერ მიზანს ემსახურება ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგენილების შესაბამისი დებულება, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის დროის შესაბამისად აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობისათვის შეზღუდვებს აწესებს, დისკრიმინაციული გამოვა”, - განუცხადა “ლიბერალს” ანზორ ხატიაშვილმა.

“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” ორგანიზაციის წევრი მარი კორკოტაძე ლიბერლთან საუბარში ამბობს, რომ მან გამოითხოვა თბილისის მერიიდან სტატისტიკა იმ ბავშვების შესახებ, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილის გამო უარი ეთქვათ პროგრამაში ჩართვაზე. ასეთი სულ 27 ბავშვია. ის მშობლებთან და უფლებადამცველებთან ერთად ერთხელ უკვე შეხვდა საკრებულოში უმრავლესობის წევრებს. ის ამბობს, რომ ახლა გეგმავს, ოფიციალურად მიმართოთ საკრებულოს და მოითხოვოს მათთან შეხვედრა. მარი კორკოტაძე იმედოვნებს, რომ საკრებულო თავის დადგენილებას შეცვლის და პროგრამაში ჩართვისთვის თბილისში რეგისტრაციის დროს მნიშვნელობა აღარ მიენიჭება.

რას გეგმავს საკრებულო?

საკრებულოს წევრი რატი იონათამიშვილი საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომისიის წევრია. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე ერთხელ უკვე შეხვდა მშობლებსა და უფლებადამცველებს და სავარაუდოდ მომავალი წლისთვის წესში ცვლილებებს შეიტანენ.

რატი იონათამიშვილის თქმით, პროგრამაში ჩართვის პრობლემა მხოლოდ იმ ბავშვებს არ აქვთ, რომელთა თბილისში რეგისტრაციის დრო არ შეესაბამება პროგრამის წესებს, არამედ იმ ბავშვებსაც, რომელთა პროგრამაში ჩართვა პროვაიდერთა არასაკამრისი რაოდენობის გამო ვერ ხერხდება. ანუ არსებობს, ე.წ. “მომლოდინეთა სია”, რომლებიც მიმწოდებელ ორგანიზაციებში ადგილების არარსებობის გამო ვერ ერთვებიან პროგრამაში.

რატი იონათამიშვილის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდის საჭიროებაზე აკეთებს აქცენტებს.

პროგრამის დაწყების პირველ წელს, 2015-ში, პროგრამას მხოლოდ ორი მიმწოდებელი ჰყავდა. ახლა კი პროგრამაში სულ 4 ორგანიზაცია მონაწილეობს. რატი იონათამიშვილი იმედოვნებს, რომ მათი რაოდენობა მომავალ წელს გაიზარდება.

მერიის ჯანდაცვის და სოც.მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ქვეპროგრამის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ ფარგლებში, დღეისათვის 444 ბავშვს უფინანსდება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დანიშნული 20 ინდივიდუალური სეანსი. ქვეპროგრამაში ჩასართავად მომლოდინეთა სიაშია 34 ბავშვი.

  • მერიის ქვეპროგრამას 4 მიმწოდებელი ჰყავს –  ა) „ნეიროგანვითარების ცენტრი“;ბ) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“; გ) რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები”; დ) მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი. ქვეპრპგრამის 2016 წლის ბიუჯეტია 1 838 900 ლარი.

საქართველოში დღეს, არსებული ერთადერთი პილოტური კვლევის საფუძველზე, რომელიც ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის მიერ 2008-2009 წლებში დაახლოებით 1700 ინდივიდზე ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ისევე, როგროც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, 110 ინდივიდზე ასა-ის მქონე ერთი ინდივიდი მოდის. საერთაშორისო კვლევების გათვალისწინებით ეს პროცენტი მზარდია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სააგენტოს მონაცემებით, 2012 წელს ყოველ 88 ბავშვზე 1- აღენიშნებოდა ასა, 2014 წელს იმავე რეგიონში ყოველ 68 ბავშვზე 1- აღენიშნება.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის ინდივიდთა ჯანდაცვისა და საგანმანთლებლო სერვისების კვლევის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, საქართველოში აუტიზმთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მზაობა და რესურსები სამთავრობო თუ არასამთავრობო სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების დონეზე ძალიან მწირია. ვერცერთი არსებული სახელმწიფო პროგრამა და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული სერვისი მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს იმ საერთაშორისო სანდო კვლევებით დადგენილ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ინდივიდების წარმატებული აბილიტაციისათვის, რაც გულისხმობს ასა-ის სრულფასოვან, ადრეულ დიაგნოსტიკას, შეფასებას, სწორ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ინტერვენციის ოპტიმალურ ინტენსივობას.

კვლევის შედეგად დადგინდა, არ არსებობს მათ საჭიროებებზე მორგებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, ინფრასტრუქტურა ჩამოუყალიბებელია, შესაბამისად, მინიმალურია სახელმწიფოს ჩართულობა ასა-ასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მწირია მშობელთა ინფორმირებულობა ასა-ის შესახებ, რაც აუცილებელი პირობაა ასა-ის რისკჯგუფების დროულად გამოვლენის, დიაგნოსტირებისა და ეფექტური აბილიტაციისათვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^