Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პასუხგაუცემელი კითხვები კიწმარიშვილის დახურულ საქმეში

23 ივნისი 2016

ეროსი კიწმარიშვილი არავის მოუკლავს და არც თვითმკვლელობამდე მიუყვანია ვინმეს, მან თავი მოიკლა - ასეთია პროკურატურის დასკვნა, რის საფუძველზეც უწყებამ ამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტაგარდაცვლილის ოჯახის წევრები და ადვოკატები კი საპირისპიროს ამტკიცებენ და მიიჩნევენ, რომ საქმეში კვლავ რჩება საეჭვო გარემოებები, რაც  გამოძიების დასრულების  საფუძველს არ იძლევა.  ისინი  იმ ფაქტებზე  საუბრობენ, რაც მათთვის დღემდე  პასუხგაუცემელია და აჩენს ვარაუდს, რომ კიწმარიშვილს თავი არ მოუკლავს.

დაზიანება ხელზე და თავზე - ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც ადვოკატებმა და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა პასუხი ვერ მიიღეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილმა ხელის მტევანსა და თავის არეში დაზიანება ჯერ კიდევ ცოცხალმა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიიღო. თუმცა ამ დაზიანებებზე პროკურატურა არაფერს ამბობს. ერთადერთი, რაზეც უწყება საუბრობს, „შტანცმარკაა“ (იარაღის მიბჯენის კვალი). კიწმარიშვილების ადვოკატი გაგი მოსიაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ ორ დაზიანებას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

„ეს უკვე ნიშნავს, რომ შესაძლოა, გარკვეული სახის ზემოქმედება მკვრივი, ბლაგვი საგნით ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ ამის გამორიცხვა არ შეიძლება, რადგან ეს ჩვენი მოგონილი არაა, ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი“, - აღნიშნავს ადვოკატი.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც  თითქმის ორი წელია პროკურატურის მხრიდან პასუხი არ გასცემია, კიწმარიშვილის ავტომანქანაზე აღმოჩენილი  4 ადამიანის დნმ-ის კვალია. ადვოკატთა განმარტებით,  საგამოძიებო უწყებამ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხა.

ასევე არაა იდენტიფიცირებული „კავკასიური გარეგნობის პირი“, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მხარემ საეჭვოდ მიიჩნია. ადვოკატთა განმარტებით, ის კიწმარიშვილის გარდაცვალების პერიოდში მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა. გაგი მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ გარკვეული ეჭვების გამორიცხვის მიზნით ამ პიროვნების იდენტიფიცირება კარგი იქნებოდა. თუმცა ადვოკატის შეფასებით, ამაზე უწყებას აქტიური საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია, რადგან პროკურატურა მისით იმიტომ არ დაინტერესდა, რომ ის  კიწმარიშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოძრაობდა მიმდებარე ტერიტორიაზე.

„პირი გამოირიცხა ამ საქმიდან იმის  გამო, რომ ვიდეოჩანაწერებში, სადაც საათობრივი მონაკვეთები მთლად ზუსტი არ არის, გარკვეულწილად ცდომილებაა დაფიქსირებული. მაგრამ რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ვიდეომასალებში დაფიქსირებული დრო შეიძლება არ შეესაბამებოდეს რეალურ დროს, ამის შემოწმების მიზნით ამ პიროვნების იდენტიფიცირება უნდა მომხდარიყო, რაც არ მოხდა“, - ამბობს გაგი მოსიაშვილი.

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილის მხარისთვის ასევე ბუნდოვანია იარაღის სასხლეტზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალი, რომელიც მათივე განმარტებით, მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ეკუთვნოდეს ეროსი კიწმარიშვილს. გაგი მოსიაშვილი განმარტავს, რომ გარდაცვლილის დნმ-ის კვალი მხოლოდ იარაღის ლულაზეა დაფიქსირებული.  სასხლეტზე აღმოჩენილი დნმ-ები კი შერეული ტიპისაა და მინიმუმ ორ ადამიანს ეკუთვნის. ისინი  იდენტიფიცირებული არ არის. შესაბამისად, ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ აჟღერებს პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას მტკიცებითი ფორმით.

ადვოკატთა ინფორმაციით, ეროსი  კიწმარიშვილის კუთვნილი იარაღი საქართველოში 2013 წელს შემოვიდა, შემოწმდა და საკონტროლო გასროლები განხორციელდა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლის მიერ, რომლის დნმ-იც შემოწმების შემდეგ იარაღზე არსებულს არ დაემთხვა.

რაც შეეხება დანაშაულის  პროკურატურისეულ მოტივს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოიკლა, გაგი მოსიაშვილი თითიდან გამოწოვილს უწოდებს. მისი ინფორმაციით, 2013 წელს ეროსი კიწმარიშვილმა მანჰეტენზე მის საკუთრებაში არსებული ბინა 2 მლნ 700 000 დოლარად გაყიდა, რაც პროკურატურისთვის ცნობილია, მაგრამ თავის შემაჯამებელ განცხადებაში არ ახსენა. მოსიაშვილის განმარტებით, ეს იმ რაოდენობის თანხა არ არის, რომ კიწმარიშვილის მსგავსმა პიროვნებამ 1 დღეში ან 1 თვეში გახარჯოს. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის თვითმკვლელობის მოტივად დასახელებული არგუმენტი მიუღებელია.

გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილს კერძო პირებისა და ბანკების მიმართ ფინანსური დავალიანება გარდაცვალების მომენტშიც ჰქონდა, მაგრამ როგორც გამსესხებელი  პირების დაკითხვით ირკვევა, მას ამ ვალების დაბრუნებას კატეგორიულად არავინ სთხოვდა და არც არავინ  ემუქრებოდა.

მოტივთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს გარდაცვლილის ძმას, ზურა კიწმარიშვილს. ის შურისძიებას გამორიცხავს და მომხდარს გარდაცვლილის ცხოვრების ბოლო პერიოდს უკავშირებს, როცა ეროსი მედიისა და პოლიტიკის კუთხით გააქტიურებას აპირებდა.

„ეროსის ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ მოვიდა დრო, როცა ის აქტიურად უნდა ჩართულიყო პოლიტიკურ პროცესებში. ის ძალიან ბევრ ადამიანთან აპირებდა თანამშრომლობისთვის ნიადაგის მოსინჯვას. მას სურდა საკუთარი მედიასაშუალებაც ჰქონოდა. საწყის ეტაპზე კი  „რუსთავი 2-თან“ თანამშრომლობას გეგმავდა. შუამავლის მეშვეობით აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა ნიკა გვარამიასთან. „60 წუთის“ მსგავსი გადაცემის გაკეთება უნდოდა და ამ საკითხზე ძალიან რეალური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ორი მიმართულებით გააქტიურება მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, დანაშაულის მოტივი ეს ყოფილიყო“,- აღნიშნავს ზურა კიწმარიშვილი.

როგორც გასული წლის ოქტომბერში „ლიბერალთან“ საუბრისას ზურა კიწმარიშვილი აღნიშნავდა, მას დაზუსტებით მოტივზე საუბარი არ შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ ეროსი ცოცხალი რომ ყოფილიყო, დაინტერესებულ პირებს “რუსთავი 2-ის” ირგვლივ პროცესების არასამართლებრივად წარმართვა გაუჭირდებოდათ. ხოლო სასამართლო დავის შემთხვევაში ის ერთადერთი მოწმე იქნებოდა, რომელსაც სასამართლოსთვის ზუსტი და რეალური ინფორმაციის მიწოდება შეეძლებოდა.

“რუსთავი 2-ის” გამო შეიძლება მოეკლათ ეროსი - ეს ვერსია ლოგიკაში ჯდება. შესაძლოა ამ საქმის გამო ის ვინმეს თავიდან მოეშორებინა ან რამე სხვა საქმის გამო მომხდარიყო ასე. მაგრამ, ვიდრე რეალური სამხილები არ მექნება, ეს მარჩიელობაა. გამოძიებამ კეთილი უნდა ინებოს და თუ ეს ყველაფერი ყურით მოთრეული და არარეალურია, უნდა დაამტკიცოს”.   

გარდაცვლილის ძმას ეჭვი აქვს, რომ ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანა მკვლელობის შემდეგ ვიღაცამ გადააადგილა. მისი თქმით, გასროლა ნამდვილად ავტოფარეხში მოხდა, მაგრამ არა იმ ადგილზე, სადაც  გამომძიებლებმა და თვითმხილველებმა მანქანა ნახეს. ამის თქმის საფუძველს მას ის ფაქტი აძლევს, რომ გასროლის მიმართულებით ფანჯარა ღია იყო, თუმცა მის გვერდით კედელზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა.

ამასთან, მისთვის გაუგებარია, რატომ იყო მანქანაში  ჩამოწეული საჩრდილობელი. ზურა კიწმარიშვილი პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმება, თითქოს ეროსი კიწმარიშვილი დაბნეული  იყო და ასე იმიტომ მოიქცა. გარდაცვლილის ძმა მიიჩნევს, რომ მისი ჩამოწევის მიზანი ფაქტის დამალვა იყო, რათა ვერავის შეემჩნია, რომ მანქანაში გარდაცვლილი იყო.

ეროსი  კიწმარიშვილი თავისი საცხოვრებელი კორპუსის ავტოფარეხში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 2014 წლის 15 ივლისს იპოვეს. სიკვდილის მიზეზი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული გამჭოლი ჭრილობა იყო.  გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ისინი, ვისთვისაც ეროსი კიწმარიშვილმა მოიკლა თავი, ერთ-ერთ მიზეზად ფინანსურ პრობლემებსა და პოლიტიკაში განცდილ მარცხს ასახელებდნენ. ისინი კი, ვისაც თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა, მომხდარს მკვლელობად მიიჩნევდნენ.

პროკურატურის განმარტებით, გამოძიების პროცესში  დაახლოებით 600 პირი დაიკითხა და ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით  ათეულობით ექსპერტიზა ჩატარდა; დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები და დამუშავდა სატელეფონო ზარები, აღდგა და შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში შენახული ყველა ინფორმაცია.

პროკურორ ნინო აღლემაშვილის მტკიცებით,  თვითმკვლელობის მოტივი მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობაა. მისი თქმით,  გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში 312 000 აშშ დოლარისა და 120 000 ლარის ოდენობით დავალიანება ჰქონდა, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი და კიწმარიშვილს ამ დავალიანების დასაფარად საკმარისი შემოსავალი არ გააჩნდა.

გაგი მოსიაშვილის განმარტებით, საქმის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ დაიმარხა, მისი განახლება შესაძლებელია და ადვოკატები და ოჯახის წევრები დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას შეეცდებიან, რის შემდეგაც პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავენ.

„ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა" - პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა

კიწმარიშვილის საქმე - რატომ ვერ იყენებს გამოძიება ოთხ ძირითად მტკიცებულებას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^