Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ეკლესია ბიუჯეტიდან? - რას ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები

18 სექტემბერი 2016

საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია სახელმწიფოს შემწეობით უკვე წლებია სარგებლობს. კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის 2002 წელს გაფორმდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისთვის მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციას ითვალისწინებს. ამავე შეთანხმებით დადგინდა, რომ „აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემისა და სხვა დეტალების დასადგენად“ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელიც შესაბამის ნორმატიულ აქტებს მოამზადებდა, თუმცა, ფაქტია, რომ დღემდე არ არის დათვლილი, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ეკლესიას აღნიშნულ პერიოდში და შესაბამისად ისიც უცნობია, როდის გადაიხდის სახელმწიფო ეკლესიის ვალს.

სახელმწიფო მმართველობის ორგანოებიდან საპატრიარქოს დაფინანსება წლების მანძილზე იზრდებოდა. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ საპატრიარქო ყოველწლიურად 25 მლნ ლარს იღებს სახელმწიფოსგან, თუმცა EMC-სა და TDI-ს მიერ მომზადებული კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს მიერ მისთვის  გადაცემულმა ფინანსურმა რესურსმა 2014 წელს მთლიანობაში 32,019,399 ლარი, 2015 წელს კი 31,153,900 ლარი შეადგინა. ფულად რესურსებს ემატება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები, უძრავი ქონება, ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და ნივთები, რომელიც ეკლესიას როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისგან დაფინანსების პარალელურად გადაეცემა.

2014 წლიდან სახელმწიფომ საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ოთხი რელიგიური გაერთიანების (ისლამური, იუდეური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიური გაერთიანებების) დაფინანსება  დაიწყო. ამავე კვლევის თანახმად, 2014 წელს აღნიშნული გაერთიანებებისთვის გადაცემული თანხა მთლიანობაში 1 795 186 ლარს, 2015 წელს  3 324 478 ლარს შეადგენდა.

უნდა გაგრძელდეს თუ არა მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების არსებული პოლიტიკა? უნდა მიანიჭოს თუ არა სახელმწიფომ უპირატესობა მართლმადიდიებელ ეკლესიას სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით?  - ამ კითხვებით „ლიბერალმა“ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა, რომლებიც არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მოსაპოვებლად იბრძვიან.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამბობს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების აქამდე არსებული პოლიტიკა გაგრძელდება, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერით არის განმტკიცებული.

„შეთანხმებას აქვს კონსტიტუციის ძალა და ამ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და აღიარებს მართლმამდიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და დამსახურებას ქვეყნის შექმნის, მისი მშენებლობის საქმეში. ეს არის ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა. ასე რომ, ჩვენ რასაც ამ ხნის განმავლობაში მივყვებოდით, რა პოლიტიკასაც ვაწარმოებდით, რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება და შეთანხმება ძალაშია. შეთანხმებიდან გამომდინარე რაც იყო ურთიერთობები სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რა თქმა უნდა ეს ურთიერთობები ჩვეულებრივად გაგრძელდება. სხვა ვერაფერს გეტყვით“ - ამბობს მანანა კობახიძე.

კითხვაზე, საჭიროა თუ არა ეკლესიისთვის საბჭოთა დროს მიყენებული ზარალის დათვლა და დაფინანსების პოლიტიკის შესაბამისად წარმართვა, კობახიძე პასუხობს, რომ ზარალი ძალიან დიდი იყო და მის ოდენობაზე ინფორმაციას, ალბათ თავად საპატრიარქო ფლობს.

„ალბათ ამ ზარალს უნდა შეფასება, გაზომვა. ეს უფრო იმ უწყებების საქმეა, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ,  - არსებობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. ეს ზარალი ალბათ უკეთ აქვს შესწავლილი და დათვლილი ჩვენს ეკლესიას. მაგრამ, მეეჭვება, ზარალი ბოლომდე იყოს დათვლილი. ალბათ ძალიან დიდ ზარალზეა საუბარი, რომელის დათვლაც ბოლომდე ალბათ ჯერ ვერ მოხერხდა" - ამბობს კობახიძე.

შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს პარტია იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები საპატრიარქოს საკუთრებაში, სხვა რელიგიურ კონფესიებს კი მხოლოდ დროებით სარგებლობაში გადაეცემა, კობახიძე პასუხობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული უპირატესობა მისი განსაკუთრებული დამსახურების  შედეგია.

„სხვა რელიგიურ კონფესიებსაც ვაფინანსებთ და ვფიქრობ, ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯი. 2012 წლამდე ასე არ ხდებოდა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიურად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თუ უპირატესობას, ეს გამომდინარეობს ეკლესიის განსაკუთრებული დამსახურებიდან ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. არამხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად, ისტორიულად, ისტორიული წვლილი და როლი არის ძალიან მნიშვნელვანი ქართლი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, შექმნაში. ეს არის გამოხატული იმ შეთანხმებაში და ქმედებებში, რომლებიც თუნდაც დაფინანსებას ეხება“ - ამბობს კობახიძე.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ მიიღოს საბჭოთა დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურება, თუმცა კომპენსაციის გაცემა უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს. პარტიის წარმომადგენელი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს დაფინანსების არსებული პოლიტიკის გაგრძელება დაუშვებელია.

„ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემებს. უსასრულოდ ეს კომპენსაციები არ შეიძლება, გაგრძელდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთ ფორმით დაფინანსების გაგრძელება შეუძლებელია და დაუშვებელია. პირველი, რასაც ჩვენ ვპირდებით ის არის, რომ უნა შეიქმნას კომისია თუ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზიანს დათვლის ბოლოს და ბოლოს და ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა, ვის რა რაოდენობის ზარალი მიადგა საბჭოთა რეპრესიის შედეგად, რა რაოდენობის კომპენსაცია ეკუთვნის. ყველას პროპორციულად უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ეს კომპენსაცია და შემდეგ დავიწყოთ მსჯელობა, უნდა გაგრძელდეს თუ არა დაფინანსება“ - ამბობს კორძაია.

იგი მიიჩნევს, რომ არცერთ რელიგიურ გაერთიანებას არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მათ უბრალოდ ეკუთვნით კომპენსაცია, ან რომ სხვა რელიგიური გაერთიანება უსამართლოდ იღებს კომპენსაციას.

„ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი არ უნდა იყოს უსასრულო და მუდმივი. კომპენსაციების ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორად და ზუსტად. ამისთვის, ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფებს... ეს შეიძლება იყოს რაღაც პერიოდში გაწერილი, მაგრამ უნდა იყოს  ნათელი, განჭვრეტადი დაინტერესებული პირებისთვის“ - ამბობს თამარ კორძაია.

შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა პრივილეგირებული მართლმადიდებელი ეკლესია, იგი პასუხობს, რომ კონსტიტუციურ შეთანხმებას გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა ზარალის შესწავლით უნდა დადგინდეს, ეკუთვნის თუ არა მას მეტი კომპენსაცია სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან შედარებით.

„ეს არის ძირითადი ამოსავალი ჩვენთვის. პროპორციული, კანონით დადგენილ ფარგლებში სამართლიანი მიდგომა ყველას მიმართ“ - ამბობს იგი.

„ლიბერალთან“ ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნა „რესპუბლიკური პარტიის“ დამსახურებაა. შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს სააგენტოს საქმიანობას მაშინ როცა მის მიმართ როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე რელიგიურ გაერთიანებათა ნაწილი კრიტიკულად არის განწყობილი, კორძაია პასუხობს, რომ იგი ამ კრიტიკულ შეფასებებს ეთანხმება.

„ჩვენ კოალიციურ ურთიერთობაში ვიყავით და ხშირად, „რესპუბლიკური პარტიის“ იდეები პრაქტიკული განხორციელების დროს მახინჯდებოდა, რაც სამწუხარო ფაქტია.  ჩვენი მიზანი იყო კომპენსაციის დადგენა, მაგრამ რელიგიათა სააგენტო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ზიანი დათვალოს. ეს არის ყველაზე სამწუხარო“ - ამბობს კორძაია.

მისი განმარტებით, წლების წინ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საპატრიარქოს დაფინანსება დაიწყო, სწორედ „რესპუბლიკური პარტიის“ ძალისხმევით ეწოდა დაფინანსებას საბჭოთა რეჟიმის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

„ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არის კომპენსაცია და არა ხარკი, რომელსაც სახელმწიფო უხდის მართლმადიდებელ ეკლესიას. „რესპუბლიკური პარტიის“ დამსახურება ისიც, რომ კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანებისთვის გამოყო თანხა სახელმწიფომ სწორედ რომ კომპენსაციის სახით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ევანგელისტური ეკლესია არ იღებს ამ კომპენსაციას. ვთვლით, რომ არც ეს არის სწორი, რადგან ისინიც განიცდიდნენ რეპრესიას. ანუ ყველა რელიგიური გაერთიანება რომელმაც საბჭოთა რეჟიმის დროს განიცადა რეპრესია, ყველას ეკუთვნის კომპენსაცია. ამიტომ, დიახ, კომპენსაცია უნდა მიიღოს ყველამ, როგორც რელიგიურმა გაერთიანებებმა, ასევე იმ ადამიანებმა, რომლებმაც განიცადეს რეპრესია. სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლება საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულებს, ეს იქნებოდა ეკლესიები თუ ადამიანები, სათანადო პატივს არ მიაგებს და ამის დასტურია თუნდაც ის, რომ უკანასკნელ პერიოდში თითქოს  2000 ლარამდე გაზარდეს კომპენსაცია რეპრესირებულთათვის, რაც მაინც არ არის საკმარისი.  აქ მთავარი ის არის, თუ რამდენად ადეკვატურია კომპენსაცია“ - ამბობს კორძაია.

საარჩევნო ბლოკში „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, გაისტუმროს ეკლესიის ვალი, რომელიც ამ უკანასკნელს ბოლშევიკურმა ვანდალიზმმა მიაყენა. ბლოკის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ რელიგიურმა გაერთიანებებმა უნდა მიიღონ ანაზღაურება იმ ზიანისთვის, რომელიც მათ საბჭოთა მთავრობამ მიაყენა, პირველ რიგში კი ეს მართლმადიდებელ ეკლესიას ეხება.

„კოსნტიტუციური შეთანხმება ისტორიულ ობიექტურ წინამძღვრებს ეფუძნება. თუკი სხვა კონფესიებსაც მიადგათ ზიანი ბოლშევიკური აგრესიის შედეგად, მათ ანაზღაურების საკითხიც კომპეტენტურმა კომისიამ უნდა განსაზღვროს. ვისიც რა არის, ყველამ ყველაფერი უნდა მიიღოს, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველ რიგში. იქნება ეს ქონება თუ რესტიტუციის ფარგლებში სხვა ტიპის საკომპენსაციო ანაზღაურება“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისი განმარტებით, აუცილებელია, კომისია კომპეტენტური პირების მონაწილეობით უნდა შეიქმნას და შესაძლოა, მას ინტერრელიგიური, ინტერპარტიული სახე ჰქონდეს.

„ასეთი ტიპის კომისია ჩვენ არ მიგვიღია. არც ფორმალურად არ ყოფილა ასეთი რამ განსაზღვრული. შესაძლებელია, საქართველოს მომავალმა პარლამენტმაც გამოიჩინოს გარკვეული ინიციატივა ამ პროექტის ხორცშესასხმელად. ეს არ იქნება საგამოძიებო რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა იყოს დროებითი საპარლამენტო კომისია. იგი განსაზღვრავს ფორმატს, მოიწვევს სპეციალისტებს, ჩაერთვება მედია, ყველა დაინტერესებული მხარე. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რელიგიური შუღლის გაღვივების ყველანაირი წყაროს“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

შეკითხვაზე, მას შემდეგ, რაც რელიგიურ გაერთიანებებს ზარალი აუნაზღაურდება, უნდა შეწყდეს თუ არა მათი დაფინანსება ბიუჯეტიდან, ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების საკითხი საყოველთაო სახალხო გადწყვეტილების შედეგია, შესაბამისად, წარმოუდგენელია, საზოგადოებამ უარი თქვას მის დაფინანსებაზე.

„მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ეკლესიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური დაფინანსების წყარო ბიუჯეტიდან. სსიპ სტატუსის მინიჭების შემდგომ 4 ძირითად კონფესიას განესაზღვრა გარკვეული ტიპის კომპენსაცია, დახმარება... და ეს არის ლეგიტიმური თავისი არსით, თუმცა მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსთან მათი გაიგივების ნებისმიერი მცდელობა, ვფიქრობ, აბსოლუტურად ფუჭი იქნება, რადგან მართლმადიდებელი ეკლესია საპატიო ადგილს იკავებს რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებით დასტურდება“ - ამბობს ლორთქიფანიძე.

იგი ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კრიტიკულად უყურებს და მიაჩნია, რომ რელიგიურ საფუძველზე კონფლიქტების მოგვარება, რაც სააგენტოს ერთ-ერთი პრეროგატივაა, პირდაპირი კომუნიკაციის გზით უნდა წყდებოდეს.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა მიიჩნევს, რომ რეპრესიული რეჟიმის შედეგად მიყენებული ზარალი ეკლესიას უნდა აუნაზღაურდეს, თუმცა, მისი თქმით, კომპენსაცია ხშირ შემთხვევაში არც თუ სასიამოვნო სახეს იღებს.

„ხშირად სახელმწიფოს ზოგიერთ მღვდელმთავართან ისეთ ურთიერთობა აქვს, რომ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის საარჩევნო ხასიათს ატარებს და სხვა დატვირთვა აქვს, განსხვავებული ის პრინციპებისგან, რომელზეც კონსტიტუციაშია საუბარი. ხშირად ქონების გადაცემის საკითხი არ არის დასაბუთებული. შემდეგ ამ ქონების ბიზნესინტერესების შესაბამისად იყენებენ, ეს ბიზნესი არ იბეგრება და არის სხვა საკითხები... ამას გაანალიზება სჭირდება“ - ამბობს გუგავა.

იგი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით ეკლესიასთან ერთად არის გარკვეული რეფორმები გასატარებელი და ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობის შედეგად შემუშავებული მოქმედების გეგმა

რაც შეეხება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, მისი თქმით, მართალია, „კონსტიტუციით მართლმადიდებელი ეკლესიის დომინანტობა აღიარებულია“, თუმცა დისკრიმინაციული მიდგომა დაუშვებელია და შესაბამისად, ყველა რელიგიური გაერთიანების მიმართ მიდგომა ერთნაირი უნდა იყოს.

გუგავა მიიჩნევს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უფუნქციოა, რადგან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება საქართველოში მასშტაბურად არ ხდება.

„ეს აბსოლუტურად უფუნქციო სააგენტოა. მასშტაბური ხასიათის რელიგიური დაპირისპირებები საქართველოში არ ხდება და ეს არა რომელიმე ხელისუფლების დამსახურება, არამედ ქართველი ხალხის ურთიერთტოლერანტული დამოკიდებულების შედეგია, რაც საუკუნეობრივი ურთიერთპატივისცემით არის განპირობებული. ამიტომ ვფიქრობ, ეს ხელოვნურად წამოწეული საკითხია და თუ პროვოცირება არ იქნება, კონფლიქტი არ წარმოიშობა. ამდენად, სააგენტოს ბიუროკრატიული აპარატის ფუნქიციონირების აუცილებლობას ვერ ვხედავ“ - ამბობს გუგავა.

ამ საკითხებზე პოზიციების გასაგებად „ლიბერალმა“ სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მიმართა, თუმცა, მაგალითად, საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ამბობენ, რომ მასში შემავალ პარტიებს ამ საკითხზე პოზიცია ჯერ არ შეუჯერებიათ. „ლიბერალმა“ კითხვებით „თავისუფალ დემოკრატებსაც“ მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია. რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, პარტიაში „ლიბერალთან" საუბრისთვის ვერ მოიცალეს, ხოლო საარჩევნო ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ შემთხვევაში „ლიბერალმა“ ბლოკის ლიდერებთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

„უკანასკნელი მართლმადიდებლები დედამიწაზე“

როგორ აპირებენ პოლიტიკური პარტიები მუსლიმი თემის ინტერესების დაცვას

მტვრით დაფარული ღვთისმშობელი

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

ლოცვა ღია ცის ქვეშ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^