Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„გენდერი იწყება ჩემგან“ - განათლება ცვლილებებისთვის

30 სექტემბერი 2016

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში, ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით პროექტის  „გენდერი იწყება ჩემგან“  ფარგლებში ფესტივალი გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, ოჯახში ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა უფლებების დაცვა, სოციალური ჩართულობა.

ფესტივალი „გენდერი იწყება ჩემგან“ საქართველოს რეგიონებში უკვე მეორედ ტარდება. ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული და  საქართველოში  გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა. პროექტმა შარშან საქართველოს სამი რეგიონი სამეგრელო-ზემო სვანეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი მოიცვა, წელს კი გურია და კახეთი დაემატა.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ხელმძღვანელი ხატია ცირამუა ამბობს, რომ პროექტი „გენდერი იწყება ჩემგან“ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ეტაპი იყო რეგიონებში აქტიური ქალების შერჩევა, მათი მომზადება როგორც თანასწორ-განმანათლებლების; ინფორმაციის მიწოდება უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. პროექტის მეორე კომპონენტი რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო კამპანიების ორგანიზებაა. ფესტივალიც სწორედ ამის ნაწილია.

პროექტის მიზანია, რომ  ქალები გააქტიურდნენ. ამ პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შედეგები გვქონდა ქალების სოციალური ჩართულობის კუთხით. ისინი გახდნენ ინიციატორები, თავდაჯერებულები, რომ მათაც  შეუძლიათ ცვლილებების ადგილზე, თემში განხორციელება. დაწერეს პროექტები, გაუჩნდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის სურვილი, ძალიან გააქტიურდნენ.  სწორედ  ეს არის ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაპოვარი. ზოგადად, ოჯახში ძალადობის პრობლემა მრავალწახნაგოვანია, შესაბამისად, უკეთესი შედეგისთვის სხვადასხვა კომპონენტის დამატება გახდა საჭირო.  წელს უკვე დავიწყეთ ტრენინგების ჩატარება პედაგოგების, სამართალდამცველებისა და ექიმებისთვის“, - ამბობს ხატია ცირამუა.

ლელიანში ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. გაიმართა საჯარო ლექციები ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე. მრგვალი მაგიდის ფორმატში მოეწყო დისკუსია, რომელსაც ქალთა კლუბების, ზრდასრულთა განათლების და სათემო განათლების ცენტრების, სახალხო დამცველის ოფისის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დისკუსიაზე სახალხო დამცველის აპარატის კახეთის ოფისის წარმომადგენელმა ნათია ფიცხელაურმა უშუალოდ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ოჯახში ძალადობისა და ქალთა უფლებების თემას ეხება. როგორც მან თქვა, პრაქტიკა აჩვენებს, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ყველაზე ხშირი კახეთის რეგიონშია. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. 2015 წელს კახეთში 378 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რაც ორჯერ აღემატება სხვა რეგიონების მონაცემებს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა რამდენიმე ძირითად ფაქტორზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან ისაუბრა, რეგიონებში მთავარი პრობლემა კვლავ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის ნაკლებობაა თანასწორობისა და უფლებების შესახებ; მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცველების  არასათანადო რეაგირებაა. 

დისკუსიაზე სამართალდამცველების გულგრილობის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმაც ისაუბრეს. ორგანიზაციის კახეთის ოფისის წარმომადგენელმა ლია ხუროშვილმა აღნიშნა, რომ ქალების ინტერესების დაცვის დროს ასევე ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ქალების ეკონომიკური მდგომარეობა. მათ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ ბაჟი, რაც საჭიროა სამართალწარმოებისას, რომელიც ქონების გაყოფას ეხება. ასევე, პრობლემაა საცხოვრებელი, რადგან, როგორც წესი, ქალს წასასვლელი არსად აქვს, არც შესაბამისი სახსრები გააჩნია, რომ დამოუკიდებლად იცხოვროს. სწორედ ამ მიზეზების გამო ბევრი თავს იკავებს, მიმართოს სასამართლოს და იძულებულია, დარჩეს ძალადობრივ გარემოში, რადგან იცის, მატერიალურად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება შვილებთან ერთად.

რაც შეეხება ნაადრევ ქორწინებას, იურისტებმა აღნიშნეს, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში საგრძნობია ცვლილებები, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეც იმატებს, თუმცა ტენდენციის შეცვლის მთავარი მიზეზი მაინც სადამსჯელო მეთოდია, რომელსაც სახელმწიფო იმ კაცების მიმართ იყენებს, რომლებსაც არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტი ექნება. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად, ნასამართლეობა შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემას უჩენს კაცებს, ამიტომ როგორც იურისტები ამბობენ, ეს ფაქტორი უფრო მოქმედებს, ვიდრე მათთან საუბარი იმის შესახებ, თუ რატომ არის ადრეულ ასაკში ქორწინება საზიანო გოგოსთვის როგორც ჯანმრთელობის, ისე სოციალური განვითარების კუთხით.

ადამიანის უფლებათა სახლის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენელმა თამარ ლუკავამ აღნიშნა, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისთვის, როცა ქალს  სურვილი აქვს თანაცხოვრების  დროს შეძენილი საკურებიდან  მიიღოს წილი და არ აქვს  საშუალება, ბაჟი (3%) გადაიხადოს, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით მზადდება  საკანონმდებლო წინადადება. ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟისაგან, როცა საქმე საკუთრებაზე დავას ეხება.

როგორც თამარ ლუკავამ თქვა, ქვემო ქართლში მდგომარეობა საკმაოდ რთულადაა და ბოლო სამი თვის განმავლობაში ძირითადად სისხლის სამართლის საქმეებზე უწევს მუშაობა. ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი საქმე წამებას ეხება. იურისტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სამართალდამცველების გულგრილობის შესახებ. რამდენიმე თვის წინ მოკლულ 19 წლის გოგონას არაერთხელ ჰქონდა დარეკილი პოლიციისთვის. მკვლელობამდე ერთი საათით ადრე პოლიციამ წაიყვანა მოძალადე, ხელწერილი დააწერინა და გამოუშვა, ერთ საათში კი მან გოგონა მოკლა.

„ისევ გრძელდება ცუდი ტენდეცია, როცა სამართალდამცველები მისთვის დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ. ამ გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას, რათა აღძრულიყო საქმე სამართალდამცველების მიმართ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით.  პროკურატურამ საქმე აღძრა“,  - ამბობს თამარ ლუკავა.

დისკუსიაზე აჩვენეს ფილმი, სადაც რეგიონში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ადამიანები საუბრობენ, რას ნიშნავს მათთვის ოჯახში ძალადობა, და სახელმწიფოსა და საზოგადოების როლზე ამ პრობლემის მოგვარების საქმეში.

მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის უფრო აქტიური კოორდინაცია და თანამშრომლობა ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

ფესტივალის  ფარგლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოეწყო გამოფენა ოჯახში ძალადობის თემაზე; ასევე, საჯარო ლექციები, შეხვედრები წარმატებულ ქალებთან, მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კონცერტი ადგილობრივი ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^