Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია - გამოწვევა, რომელიც გამოწვევად რჩება

28 თებერვალი 2017

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება. აფთიაქებიდან, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოსაყენებელი სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ დარგის სპეციალისტები თუ ოფიციალური პირებიც ადასტურებენ.

2015 წლის კვლევის შედეგების მიხედვით (ნარკოვითარება საქართველოში), უკანასკნელი 12 თვის მანძილზე ფსიქოტროპული მედიკამენტები (ექიმის დანიშნულების გარეშე) მოსახლეობის 8,6%-მა  მოიხმარა.

ექსპერიმენტი „ლიბერალმაც“ ჩაატარა და თბილისის ერთ-ერთი ფსიქოტროპული აფთიაქიდან სხვადასხვა დასახელების ფსიქტროპული მედიკამენტები (I ჯგუფი)(დასახელებებს შეგნებულად არ ვასახელებთ) ურეცეპტოდ შეიძინა.

 „სულ არ გჭირდებათ ექსპერიმენტები. არავინ ამბობს, რომ პრობლემა არ არის. სწორედ იმიტომ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ პრობლემა არსებობს. თქვენ ერთზე გაქვს ინფორმაცია, ჩვენ კი - 120-ზე. არ ვამბობთ, რომ პრობლემა არ ვიცით და ვერ ვხედავთ“, - გვეუბნება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების სამმართველოს უფროსი, ნანა შაშიაშვილი.

„ლიბერალის“ მიერ რეგულირების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2016 წელს (11 თვე) კონკრეტული 6 ფსიქოტროპული მედიკამენტის  ურეცეპტოდ გაცემის გამო 61 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, 2015 წელს კი - 51, 2014 წელს – 83.

სააგენტოსვე ინფორმაციით, კოდეინის,  ეფედრინის, ფსევდოეფედრინისა და ნორეფედრინის  [რომლებიც გამოიყენებოდა კუსტარული ნარკოტიკების  - ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ დასამზადებლად]  შემცველი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები 2015-2016 წლებში არ გამოვლენილა, რაც აღნიშნული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებამ განაპირობა.  

რატომ ვერ ხერხდება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აღმოფხვრა - ამ კითხვით „ლიბერალმა“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართა.

ნანა შაშიაშვილის განმარტებით, პირველი ჯგუფის ნებისმიერი მედიკამენტის [ამ ჯგუფში შედის ის მედიკამენტები, რომელსაც სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოიყენებენ] ურეცეპტოდ გაცემისთვის დღეის მდგომარეობით კანონმდებლობა 6 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს; განმეორების შემთხვევაში 12 000 - ლარიანი ჯარიმას; მესამე ჯერზე ისევ 12 000-ლარიან ჯარიმასა და ნებართვის გაუქმებას. სააგენტოში ამბობენ, რომ, მიუხედავად ამისა, სამართალდარღვევების შემთხვევები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

მათი თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ აფთიაქები ჯარიმის გადახდისგან თავის არიდებას ახერხებენ  -  აჩერებენ საქმიანობას და შემდეგ იმავე საქმიანობას სხვა იურიდიული პირის სახელით აგრძელებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო კანონმდებლობა ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, ნებართვის გაუქმების შემდეგ სხვა იურიდიული პირის სახელით ფუნქციონირებას იწყებს  ახალი ავტორიზებული აფთიაქი. შემოწმების შედეგები კი აჩვენებს, რომ  შეცვლილი/ახალი იურიდიული პირის უკან დგანან იგივე პირები, რომლებიც ფიქსირდებოდნენ  წინა დარღვევების შემთხვევებში და ამჯერად სხვა იურიდიული სტატუსითა და სახელით იმეორებენ კანონით აკრძალულ ქმედებას“, - ამბობს შაშიაშვილი. 

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 2016 წლის  აგვისტოში, როდესაც მოხდა ნებართვის მაძიებელი პირების შეზღუდვა, რომლებიც სააგენტოს ავტორიზებული აფთიაქის ნებართვის მისაღებად მიმართავდნენ. ეს იმ ტიპის აფთიაქებია, რომელიც პირველი ჯგუფის ფარმაცევტული მედიკამენტების ბრუნვასაც ახორციელებენ. ნებართვა არ გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით ნასამართლევია და ნასამართლობა არ აქვს  მოხსნილი ან გაქარწყლებული; ასევე იმ პირებზე, რომელთა  მიმართ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას ფარმაცევტულ საქმიანობას უკრძალავს.

მათი თქმით, სააგენტო აწარმოებს სამართალდამრღვევ პირთა რეესტრს, რომელშიც უკვე 22 იურიდიული და ფიზიკური პირია ფიქსირებული და, რომელთაც 3 წლით ვადით პირველი ჯგუფის ფარმაცევტული მედიკამენტების რეალიზება, და ერთი წლის ვადით - მე-2 ჯგუფის მედიკამენტების რეალიზება აეკრძალათ. ამ რეესტრში შედის როგორც დაწესებულებები, ასევე კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.

კითხვაზე, პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე რას აკეთებს სააგენტო, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზებაზე სანქციები კიდევ უფრო გაამკაცროს? თუ „კოდეინისა“ და „ეფედრინის“ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებამ ურეცეპტოდ  გაცემა აღმოფხვრა, რატომ არ შეიძლება ამავეს გაკეთება იმ ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოიყენება.

„მე შემიძლია, გაგცეთ პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხი არ არის მარტივი. მას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ყველაზე სწრაფი გზა პრობლემის გადაჭრისა, თუმცა  უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქმე ეხება  მედიკამენტებს, რომლებსაც  ბევრი მიზნობრივი პაციენტი ჰყავს. მათზე ზრუნვა სახელმწიფოსთვის  არანაკლებ მნიშვნელოვანია. პრობლემა არ უნდა შეექმნას მედიკამენტის ხელმისაწვდომობას და ქვეყანაში მათი დეფიციტი არ უნდა შეიქმნას. აღნიშნული პრობლემა უკვე დადგა იგივე კოდეინის შემცველი პრეპარატების შემთხვევაში. ასე რომ, ასაწონ-დასაწონია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ასპექტები. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი კონსულტაციები ამ კუთხით. უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე გადადგმული ყველა  ნაბიჯი გახლდათ  მცდელობა, რომ მაქსიმალური შედეგის ადმინისტრაციული კუთხით მიგვეღწია“, - ამბობს შაშიაშვილი.

„ლიბერალთან“ საუბრისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ კომიტეტი მუშაობს ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემაზე პასუხისმგებლობის გასამკაცრებლად და შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოსაყენებელი ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა ნარკოდანაშაულს გაუთანაბრდება (გასაღების კუთხით). შესაბამისად, დაწესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე ლიცენზიის ჩამორთმევა, საქმიანობის შეჩერება და ა.შ.  

ფსიქოტროპული მედიკამენტების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების მძიმე შედეგებზე „ლიბერალთან“ ექიმ-ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე საუბრობს. მისი თქმით, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებულება ორგანიზმისთვის ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს. მძიმეა ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანიც და მკურნალობაც.

„ინექციური ოპიატების მომხმარებელი ბევრად უფრო ადვილად მიაღწევს რემისიას, ვიდრე ის ადამიანი, ვინც მოიხმარს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე ფორმის ფსიქიკური დამოკიდებულება ვითარდება. ბევრი მედიკამენტი ფიზიკურ დამოკიდებულებასაც იწვევს. რეალურად არ მიაჩნიათ, რომ პრობლემა აქვთ. ინექციური მომხმარებელი რაღაც ეტაპზე ხვდება, რომ პრობლემა გაუჩნდა და სჭირდება დახმარება. მათ კი ამის მისახვედრად ძალიან დიდი დრო სჭირდებათ. ამასობაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მოტივაციაც არ აქვთ, რომ დაანებონ თავი. მიაჩნიათ, რომ არაფერი სჭირთ, გასართობად სვამენ და ვერ გახდებიან ამაზე დამოკიდებულნი. აქ მოქმედებს ის ფაქტორიც, რომ წამალი აფთიაქში იყიდა, რომ ის არ არის კუსტარული, ინექციური ნარკოტიკია. ფიქრობენ, რა მოხდა ერთ-ორი ტაბლეტი თუ დავლიე, კარგ ხასიათზე რომ ვიყოო“, - ამბობს სიხარულიძე.

როგორია გამოსავალი?

რამდენად არის საკმარისი პრობლემის მოგვარებისთვის რეგულაციების გამკაცრება? რა შედეგის მომტანი იქნება ეს ადამიანებისთვის, რომლებიც სააფთიაქო ნარკომანიას მიმართავენ? დარგის სპეციალისტების განმარტებით, რეგულაციების გამკაცრება საბოლოო ჯამში შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ადამიანი, რომელიც ფსიქოტროპულ მედიკამენტებზეა დამოკიდებული, აფთიაქიდან წამლების ყიდვის გამკაცრების შემდეგ სხვა ალტერნატივას გამონახავს. მათი თქმით, ამასთან შავი ბაზარიც ადეკვატურად რეაგირებს ამგვარ შეზღუდვებზე და ცდილობს ბაზარზე არსებული მოთხოვნილების შევსებას. ის, რომ აკრძალვა გამოსავალი არაა [მოხმარებით მიღებული ზიანის თვალსაზრისით], ამაზე თავის დროზე ლირიკასთან დაკავშირებული რეგულაციებიც მეტყველებს. ადამიანები, რომლებიც მას  ურეცეპტოდ ვეღარ ყიდულობდნენ, სხვა ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებაზე გადავიდნენ. იგივე ხდება კუსტარული ნარკოტიკის „ვიტის“ შემთხვევაშიც - მიუხედავად აფთიაქებისთვის რეგულაციების გამკაცრებისა, მომხმარებლებმა ალტერნატივა, ე.წ. წიწვების გამოყენებაში ნახეს.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელის, დავით ოთიაშვილი თქმით, ვერცერთი ქვეყნის მთავრობა, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობა, ვერ მოახერხებს ნარკოტიკების მოხმარების აღმოფხვრას. თუმცა, მისი თქმით, არსებობს გამოცდილება, რამაც შესაძლოა - გარკვეულწილად მოხმარების რაოდენობა შეამციროს (თუმცა ამ მხრივ დიდი მიღწევები მსოფლიოში არ არსებობს)  და ნამდვილად შეამციროს ის ზიანი, რაც მოხმარებას მოაქვს.

„ერთია ხალხის ინფორმირება და ცოდნის მიწოდება, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული ამა თუ ნივთიერების მოხმარება. შემდეგ მაინც ადამიანი წყვეტს, უღირს თუ არა ამ რისკის გაწევა იმ სიამოვნების ფასად, რაც ელოდება. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რა უნდა ქნას ადამიანმა; რომელ სპეციალისტს მიმართოს, თუ დადგა არასასურველი შედეგი; ან თუ დოზის გადაჭარბება მოხდა, როგორც შეიძლება მეგობარს დაეხმაროს, გადაარჩინოს, სანამ სასწრაფო მოვა. ასეთი განათლების მიცემას ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, აღარ მოკვდება ადამიანი, რაც ყველაზე მთავარია. ანუ მნიშვნელოვანია პრევენცია, განათლების პროგრამები“, - ამბობს ოთიაშვილი.

ოთიაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, როცა ადამიანები დახმარების მისაღებად სერვისებში მივლენ, სამკურნალო იქნება თუ ნებისმიერი სხვა სერვისი. ამ პირობების შექმნა მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზების შემთხვევაში შეიძლება.

„ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანები თავისუფლად მიდიოდნენ ხარისხიან სერვისებში ჩასართავად. ამისთვის აუცილებელი პირობა სისხლის სასამართლოს პასუხისმგებლობის გაუქმება ხდება. ანუ პოლიციელი კი არ უნდა „აგვარებდეს“ მათ პრობლემას, არამედ ექიმი, ფსიქოლოგი სოცმუშაკი. ეს რომ გააკეთო, აუცილებლად უნდა შეცვალო კანონები, და ამ სერვისებში ჩადო მეტი ფული, რომ სერვისები უფრო მეტი იყოს და ხარისხიანი“, - ამბობს ოთიაშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფრის შემდეგ, ბუნებრივია მაინც დარჩება  ხალხი, ვინც მოიხმარს ამა თუ იმ ნივთიერებას, მაგრამ ადამიანი თუ მაინც გადაწყვიტეს გასინჯვასა და მოხმარებას, ექნება ინფორმაცია, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ ნაკლები ზიანი მიიღოს.

„ამგვარი მიდგომები შეამცირებს მოხმარების მასშტაბებსა და სხვადასხვა რისკებს, რომელიც მოხმარებასთან არის დაკავშირებული. ეს არის, ის რაც მსოფლიოში არსებობს, რაც უნდა გაკეთდეს. ჩვენთან არც პირველი მიმართულება მუშაობს - პრევენცია ან სხვა ტიპის განათლება, რომელიც ხელს შეუწყობდა იმას, რომ ნაკლებმა ადამიანმა დაიწყოს მოხმარება და ვინც დაიწყებს, ის ნაკლებად დაზიანდეს. მეორე მიმართულების მთავარი პრობლემაა ის, რომ ჩვენ გვაქვს ფოკუსი აღებული დასჯაზე და არა დახმარებაზე. დეკრიმინალიზების შემდეგ, სამკურნალო პროგრამებში მიმართვიანობა იზრდება. ყველაზე ხშირად მოგვყავს პორტუგალიის მაგალითი, იქ რეფორმის შემდეგ 6 წლის განმავლობაში 70%-ით გაიზარდა მკურნალობაში მყოფ ადამიანთა რიცხვი“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

ბრძოლა კუსტარულ ნარკოტიკებთან - ამბიცია და შედეგი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...

მეტი

^