Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძოლა კუსტარულ ნარკოტიკებთან - ამბიცია და შედეგი

22 თებერვალი 2017

„ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა“, - კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების კლევაზე განცხადებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ გაუკეთებიათ. მიუხედავად ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემებისა, დარგის სპეციალისტებისთვის აღნიშნული მონაცემები დამაჯერებლობას მოკლებულია.

კუსტარული ნარკოტიკების კუთხით გატარებული რეგულაციები „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთ-ერთი საამაყო რეფორმაა. მმართველი პარტიის 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით არსებულ მიღწევებს მნიშნველოვანი ადგილი ეკავა. საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ნარკოპოლიტიკაში გადადგმული ნაბიჯებზე საუბრისას ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შედეგად, ქვეყანაში კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება 99%-ით, ხოლო ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება კი 90%-ზე მეტით შემცირდა.

რატომ არის არადამაჯერებელი კუსტარული ნარკოტიკების მოხმარების 90 და 99%-ით შემცირების მონაცემები

2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებით, კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის (აღნიშნული ნივთიერებები, ე.წ. კუსტარული ნარკოტიკების -  „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ დამზადებისთვის გამოიყენება) შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების უკანონო ბრუნვა სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარა.

შსს-ს ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულმა ცვლილებებმა ძალაში შესვლისთანავე „კრაკადილის“ მოხმარება 90%-ზე მეტით შეამცირა. მათი თქმით, თუ 2014 წლის თებერვალში მომხმარებელთა გამოვლენის მაჩვენებელი 340-ს შეადგენდა, მარტში ეს მაჩვენებელი 29-მდე ჩამოვიდა, აპრილში - 6-მდე, ხოლო დეკემბერში ნულოვანი მაჩვენებელი დაფიქსირდა (საზოგადოებას ასევე ახსოვს 2015 წელს გაკეთებული განცხადებები, რომ რეგულაციების გამკაცრების შემდეგ, ე.წ. „კრაკადილის“, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა“ და ა.შ.).

მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით შსს-ს ანგარიშის ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ „კრაკადილის“ მოხმარება შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ 90%-ზე მეტად შემცირდა, ხოლო ამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვა „ფაქტობრივად, - 100%-ით“.

საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული ბიულეტენის მიხედვით, შსს-ს ანგარიშში მოყვანილი მონაცემები რამდენიმე კრიტიკულ კითხვას ბადებს და ეჭვქვეშ აყენებს გაკეთებული დასკვნების ადეკვატურობას. 

მათი არგუმენტით, ნარკოლოგიური შემოწმება ვერ ადგენს „კრაკადილის“ მოხმარებას, ვინაიდან ნარკოტესტირებისას დეზომორფინის („კრაკადილი“) მოხმარების შემთხვევაში ტესტი დადებით პასუხს ოპიატზე იძლევა. იგივე პასუხი მიიღება ჰეროინის, კოდეინის, ოპიუმის, მორფინის და სხვა ოპიატების მოხმარების შემთხვევაში.

ადიქტოლოგთა ასოციაციის ვარაუდით, „გამოვლენის მაჩვენებელი“ შესაძლოა ეყრდნობოდეს ტესტირებული ადამიანების თვითაღიარებას, რომ მათ მოიხმარეს „კრაკადილი“.

ასეც რომ იყოს, ასოციაციის თქმით, ამ შემთხვევაშიც მთავარი პრობლემა თვისობრივად სხვა რამაა. მათი თქმით, როგორი მეთოდებითაც არ უნდა ხდებოდეს „მომხმარებელთა გამოვლენა“, დაუშვებელია, რომ პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული კონკრეტული ნარკოტიკის მომხმარებლების რაოდენობაზე დაყრდნობით კეთდებოდეს დასკვნა ქვეყანაში ამ ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობასთან დაკავშირებით.

ასოციაციას აქვე მოჰყავს „კრაკადილის“ მოხმარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა კვლევის შედეგები. მათი თქმით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით (2000-ზე მეტი რესპონდენტი), რომელიც ქცევაზე ზედამხედველობას აკვირდებოდა, ქვეყნის მასშტაბით მომხმარებელთა 17% მოიხმარდა „კარკადილს“ (წყარო: საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ და საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი”, ქცევაზე ზედამხედველობის კვლევა ბიომარკერის კომპონენტით საქართველოს 7 ქალაქში, 2015);

2012 წელს ანალოგიურ კვლევაში „კრაკადილის“ მოხმარება რესპონდენტთა 36%-მა დაადასტურა;

 2015 წელს ზიანის შემცირების პროგრამების მოსარგებლეთა შორის (2000-მდე რესპონდენტი) 28% „კრაკადილის” მოხმარებას აღნიშნავდა (წყარო: ჯავახიშვილი და ავტორები, ნარკოვითარება საქართველოში 2015);

2013 და 2014 წლებში ანალოგიური გამოკითხვისას ამ ნარკოტიკის მოხმარება რესპონდენტთა 43%-მა და 34%-მა დაადასტურა. დაახლოებით იგივე სურათია „ვინტის“ მოხმარებასთან დაკავშირებითაც.

„სავარაუდოდ, შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ „კრაკადილის“’ და კუსტარული სტიმულატორების პრეკურსორების შემცველი მედიკამენტების ბრუნვის მიმართ გატარებულმა ზომებმა შეამცირა ამ პრეკურსორების ხელმისაწვდომობა. ამან შედეგად გამოიღო „კრაკადილის“ და „ვინტის“ მოხმარების შემცირება. ოღონდ ეს შემცირება 90%-ზე ბევრად ნაკლები იყო, როგორც ამას შსს-ს ანგარიშები წარმოადგენენ“, - ნათქვამია ადიქტოლოგთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ მასალაში.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა“ გავრცელებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეკითხვებით მიმართა. გვაინტერესებდა, ტესტირებისას რა მეთოდით მიჯნავს უწყება ერთმანეთისგან დეზომორფინისა და სხვა ოპიატის  მოხმარების ფაქტს. შსს-ს ასევე ვკითხეთ, კიდევ რა მონაცემებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაყრდნობით აცხადებენ, რომ კუსტარული ნარკოტიკის მოხმარება 99%-ით არის შემცირებული. აღნიშნულ კითხვებზე უწყებას პასუხი ამ დრომდე არ გაუცია.

„ლიბერალმა“ განმარტება მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებაზე ჯანდაცვის სამინისტროსაც სთხოვა, რომლის მიხედვითაც რეცეპტების სისტემის შემოღების შედეგად სააფთიაქო ნარკომანია 80%-ით შემცირდა. გვაინტერესებდა, რა მონაცემებზე დაყრდნობით აჟღერებდა უწყება ამ მონაცემებს.

სამინისტროს პასუხით, „წინა წლებთან შედარებით, ზოგიერთი ნივთიერების იმპორტირებული რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია მას შემდეგ, რაც ისინი განსაკუთრებული კონტროლის რეჟიმს დაექვემდებარა, შესაბამისად, გაკეთდა დასკვნა, რომ ამდენივე პროცენტით მოხდა მისი გადინების შემცირება უკანონო არხებში და არამიზნობრივი გამოყენება“.

როგორ უნდა დგებოდეს სტატისტიკა ნარკოვითარების შესახებ

სპეციალისტების თქმით, ამა თუ იმ ნარკოტიკის მოხმარების გავრცელების შესწავლა კომპლექსური ამოცანაა და მრავალი წყაროდან შეგროვილი მონაცემების ანალიზს საჭიროებს.

ნარკომოხმარების სტატისტიკის შეგროვების მეთოდოლოგიის შესახებ „ლიბერალი“ კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას“ ხელმძღვანელს, დავით ოთიაშვილს ესაუბრა.  

მისი თქმით, ევროკავშირის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) მიერ ქვეყანაში ნარკოვითარების შესაფასებლად შემუშავებულია სტანდარტული და სანდო მეთოდები. მისი თქმით, აღნიშნული უწყების მიერ შემუშავებულია ინდიკატორების სია, რის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს ნარკოვითარების შეფასება. მისი თქმით, ასევე შემუშავებულია ამ ინდიკატორების შეგროვების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდები. ამ ინდიკატორებს იყენებს ყველა ქვეყნის ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი [რომელიც საქართველოში, მიუხედავად დაანონსებისა, ამ დრომდე არ შექმნილა].

„მონიტორინგის ცენტრები ინფორმაციას აგროვებენ ყველა შესაძლო წყაროდან, დგება ნარკოსაინფორმაციო ქსელი, იქ შედის შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, ნარკოლოგიური კლინიკები, ზიანის შემცირების პროგრამები და ა.შ. ინფორმაციის შეგროვება, მაგალითად, კლინიკებიდან  გარკვეული ფორმებით ხდება. ის უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას. ცენტრი რომ ფუნქციონირებდეს, კლინიკები ვალდებული იქნებოდა, შეევსო სპეციალური ფორმა, რომელიც იქნებოდა შემდეგი ინფორმაციების მომცველი: რამდენი პაციენტი ჰყავდა; აქედან რამდენი იყო სტაციონალური, ამბოლატორიული; რამდენი იყო ქალი და რამდენი კაცი; რა იყო წამყვანი ნარკოტიკი .ა.შ.“, - ამბობს ოთიაშვილი.

ოთიაშვილის თქმით, ვინაიდან საქართველოში ეს სისტემა არ ფუნქციონირებს, სტატისტიკასთან დაკავშირებული პრობლემები ბუნებრივია და „ასეც იქნება, სანამ ცენტრი არ ამუშავდება“.  

„შსს-დან ცენტრში მოსულ ინფორმაციას, რომ ვინაიდან მათ 90%-ით შეუმცირდათ „კრაკადილის“ მოხმარების იდენტიფიკაცია, ე.ი. ქვეყანაშიც ამ ნარკოტიკის მოხმარება 90%-ით შემცირდა - ცენტრის თანამშრომლები, ბუნებრივია, სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ, ვინაიდან მათთანაც შევიდოდა ინფორმაცია სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციებიდან, კლინიკებიდან, კიდევ სხვა წყაროებიდან, და ნახავდნენ,  შემცირდა თუ არა მოხმარება... შარშან თუ 60% ამბობდა, რომ მოიხმარდა „კრაკადილს“, წელს 30% ამბობს, რაც 90 და 95%-იან კლებას არ ნიშნავს. ამიტომ ცენტრის ანგარიშში ეს მონაცემები ვერ განმეორდებოდა“, - განაცხადა ოთიაშვილმა.

მისი განმარტებით, ის, რომ [ნარკოტესტირებისას] გამოვლენილი ფაქტები შემცირდა, ეს არაფერს ნიშნავს და ამას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მისივე თქმით, იმის მტკიცება, რომ ნაკლები გამოვლენა იგივე დონით ნაკლებ მოხმარებას ნიშნავს, არასერიოზულია.

***

აღსანიშნავია შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ნარკოტესტირების მონაცემები, რომელიც „ლიბერალმა“ უწყებიდან გამოითხოვა.

მიღებული მონაცემების მიხედვით, 2016 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა, ე.წ. „ნიანგის“ მოხმარების გამოვლენა, თუმცა ამავე წლის მონაცემები ამფეტამინის ჯგუფის ნივთიერებებთან მიმართებით განსხვავებულია. კერძოდ, „ვინტის“ და „ჯეფის“ მოხმარების ფაქტები 2015 წელთან შედარებით გაორმაგებულია.

შსს-დან მიღებული პასუხების მიხედვით:  

2013 წელს ნარკოტესტრების შედეგად დეზომორფინის (ნიანგის) მოხმარების 3 249 შემთხვევა გამოვლინდა;

2014 წელს -  660;

2015 წელს - 58;

2016 წელს (11 თვე) – 12. 

განსხვავებით დეზომორფინისგან, ამფეტამინის ჯგუფის ნივთიერებების („ვინტი“, „ჯეფი“) მოხმარების გამოვლენი მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით გაორმაგებულია. კერძოდ, თუ 2015 წელს ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების 467 შემთხვევა გამოავლინეს, 2016 წელს (11 თვე) ის 891 იყო. დარგის სპეციალისტებისა თუ მომხმარებელთა თემთან მომუშავე ორგანიზაციების განმარტებით, აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ „ვინტის“ მომხმარებელთა ნაწილი, რომელიც რეგულაციებამდე აფთიაქიდან შეძენილი მედიკამენტებით ამზადებდა ამ კუსტარულ ნარკოტიკს, წვდომის გამკაცრების შემდეგ, მათ ისინი, ე.წ. ეფედრას წიწვით ჩაანაცვლეს.

„ლიბერალმა“ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან მათ ბენეფიციარებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლების შესახებაც გამოითხოვა ინფორმაცია. მათი თქმით, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის, ასევე ნარკოლოგიური სტაციონარული თუ ამბულატორიული განყოფილების  ბენეფიციარების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების (ექიმის დანიშნულების გარეშე)  მონაცემების აღრიცხვას ცენტრი არ აწარმოებს.

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენლის, ხათუნა თოდაძის ზეპირი განმარტებით, „თვეები გადის და „ნიანგზე“ დამოკიდებული აქტიური მომხმარებელი ადამიანები მათ აღარ მიმართავენ“, რასაც ვერ იტყვიან „ვინტსა“ და „ჯეფზე“.

„2016 წელს ჩვენ სტაციონარში საერთოდ აღარ გვყავდა დეზომორფინის აქტიური მომხმარებელი. ჩვენ ძალიან დიდ კონტიგენტთან გვაქვს საქმე. ეს ძირითადად ის ხალხია, ვისაც უკვე აქვს დამოკიდებულება და რომელიც ითხოვს მკურნალობას. ეპიზოდური მომხმარებლები ნაკლებად გვაკითხავენ. ასეთ მომხმარებლებთან ხშირი კონტაქტი ზიანის შემცირების პროგრამებს უფრო აქვთ ხოლმე. ჩვენი პაციენტებიდან კი, რომლებიც გვაკითხავენ, პრაქტიკულად, აქტიური დეზომორფინის მომხმარებლები აღარ არიან“, - ამბობს თოდაძე.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, ოფიციალური უწყების მიერ „კრაკადილის“ მოხმარების შემცირებასთან დაკავშირებული 90%-იანი მონაცემები დამაჯერებლობას მოკლებულია. სპეციალისტების თქმით, ნარკოვითარების შესახებ სტატისტიკა აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით უნდა დგებოდეს. სხვადასხვა კვლევისა თუ ზიანის შემცირების პროგრამებიდან მიღებული მონაცემებიც სპეციალისტების იმ არგუმენტს ამყარებს, რომლის მიხედვითაც „კრაკადილის“ მოხმარების გამოვლენის შემცირება ამ ნარკოტიკის მოხმარების შემცირების იდენტური არ შეიძლება იყოს. რაც შეეხება „ვინტსა“ და „ჯეფს“ შსს-ს სტატისტიკის მიხედვითაც, აღნიშნული ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევები კვლავ თვალსაჩინოა, ვინაიდან მომხმარებლებმა „ვინტის“ დასამზადებლად ალტერნატივა ე.წ. ეფედრას წიწვებში ნახეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^