Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვიდეოკადრები ► დაკავებულ პაკელიანის გაშიშვლება და ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში

22 ივნისი 2017

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

„ლიბერალმა“ აღნიშნული ვიდეოკადრების შესაფასებლად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტ ანი ნასრაშვილს მიმართა. (ცნობისთვის, გასულ კვირას EMC-მა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში -„ხარვეზები ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის პროცესში“, რაც   2017 წელს გახმაურებული სისხლის სამართლის სამი საქმის სამართლებრივი ანალიზის შედეგებს ეხებოდა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ შოთა პაკელიანის საქმე იყო).

„ლიბერალს“ წყარომ ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა. წყაროს განცხადებით, მასში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს დააკავეს. ის პოლიციელებს „ბიოს“ ჩადებასა და სასტიკ ცემაში ადანაშაულებდა. დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის მიხედვით, პაკელიანი აღნიშნული განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ირაკლი ქიტოშვილმა და გურამ კასრაძემ დააკავეს. როგორც წყარო აღნიშნავს, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა.

„ლიბერალმა“ აღნიშნული ვიდეოკადრების შესაფასებლად ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტ ანი ნასრაშვილს მიმართა. (ცნობისთვის, გასულ კვირას EMC-მა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში -„ხარვეზები ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის პროცესში“, რაც   2017 წელს გახმაურებული სისხლის სამართლის სამი საქმის სამართლებრივი ანალიზის შედეგებს ეხებოდა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ შოთა პაკელიანის საქმე იყო).

გაშიშვლება

ანი ნასრაშვილის შეფასებით, გაჩხრეკის დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გაშიშვლებას ითვალისწინებს, თუმცა მას თავისი წინაპირობები უნდა ჰქონდეს.

იურისტის შეფასებით, პაკელიანის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების გარდა, ამას სხვა ადამიანებიც ხედავენ.  

„ეს სამი ადამიანი პოლიციის თანამშრომელი არ არის. ამ ნაწილში შეიძლება, ვისაუბროთ პაკელიანის ღირსების შელახვაზე. ამ კუთხით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, როდესაც ამბობს, რომ ინტიმური, პირადი ჩხრეკა, როდესაც არის არასათანადო [პირობებში] ხშირ შემთხვევაში არღვევს ადამიანის ღირსებას და კონვენციით დაცულ მესამე მუხლს (არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას)“, - ამბობს ნასრაშვილი.

იურისტის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, პირად ჩხრეკაში, რომელიც შესაძლოა, საჭიროებდეს გაშიშვლებას, მონაწილეობს გასაჩხრეკი პირი და პოლიციის თანამშრომლები, ანუ ის პირები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებას ახორცილებენ.

მისი თქმით, არ არსებობს კონკრეტული ნორმა, თუ სად უნდა მოხდეს გაშიშვლება. თუმცა კანონი შეიცავს დათქმას, რომ პროცესში უნდა მონაწილეობდეს გასაჩხრეკი პირი და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი.

იურისტ გაგი მოსიაშვილის შეფასებით, კანონმდებლობა განმარტავს, ვინ არის საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი პირი და როგორ ხდება აღნიშნული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარების ზოგადი წესი. როგორც მან „ლიბერალთან“ საუბარში განმარტა, საგამოძიებო მოქმედებას მაყურებელი არ სჭირდება. მისი თქმით, კანონმდებლობა იცნობს მხოლოდ დამსწრის/მონაწილის ინსტიტუტს და თავის მონაწილეობას ოქმში ხელის მოწერით ადასტურებს.

„ნებისმიერი პირის მიმართ ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში „სეირის მაყურებელი“ პირების ასეთი შეკრება გაუმართლებელია. მინიმუმ ამორალური საქციელია პოლიციელების მხრიდან“, - ამბობს მოსიაშვილი.

მისი თქმით, გარეშე პირებთან (ვინც არ მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებაში) საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სამართლებრივად, მორალური თვალსაზრისით ამორალურია.

„ამ შემთხვევაში, როდესაც არაერთი პოლიციელი, ასევე მოქალაქეები უყურებენ პირს, მის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, ეს სტრასბურგის გადაწყეტილებებთან შეუსაბამოა, რადგანაც ეს არის პირის ღირსების შემლახავი მოპყრობა ოფიციალური პროცესის მწარმოებელი ორგანოს მხრიდან", - ამბობს მოსიაშვილი.

შეუსაბამობები დაკავებისა და ჩხრეკის ოქმთან

ჩხრეკისა და დაკავების ოქმში აღნიშნულია, რომ ოქმი შედგა ფაქტობრივი დაკავების ადგილზე, ანუ თბილისში, გუმათჰესის ქ.N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, ოქმში აღნიშნულია, რომ პაკელიანის პირადი ჩხრეკისას შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ღია შეფერილობის ქაღალდში გახვეული მოყავისფრო შეფერილობის მძაფრი სუნის მქონე ნივთიერება, რის შემდეგაც ქაღალდში გახვეული ნივთიერება მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში  და დაილუქა. ლუქზე დაისვა თარიღი და გაუკეთდა ხელმოწერები.

„ბრალდებული კი ამბობდა, რომ იგი მისი საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ დააკავეს და შემდგომ პირდაპირ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაჩხრიკეს და გააშიშვლეს. ამ ვიდეოკადრებით კი დასტურდება, რომ ბრალდებულის ეს ნათქვამი შეესაბამება სინამდვილეს. ოქმში ასევე მითითებულია, რომ ჩხრეკა ჩატარდა 7 წუთში. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს ამავე ადგილზე [გუმათჰესის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე], იქვე დალუქეს და შეადგინეს ოქმი. შემდგომ კი პაკელიანი გადაიყვანეს განყოფილებაში. თუმცა ამ კადრებიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პაკელიანის პირადი ჩხრეკა, გაშიშვლება მიმდინარეობს პოლიციის  განყოფილებაში. ამ კადრებიდან ასევე არ ჩანს როგორ ამოწმებენ მის ტანსაცმელს. თუკი ტანსაცმლის შემოწმების შედეგად რაიმეს ამოიღებდნენ, ეს უნდა წარედგინათ მისთვის, რაც ასევე უნდა გამოჩენილიყო კადრებზე“, - ამბობს ნასრაშვილი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იურისტის თქმით, კითხვის ქვეშ დგება ჩხრეკის ოქმის სანდოობა, კანონიერება და საერთოდ, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით ბრამლდებლის პოზიცია.

„შესაძლებელია, ბრალმდებელს ჰქონდეს პოზიცია, რომ მათ, როგორც ადგილზე, ისე პოლიციის განყოფილებაშიც გაჩხრიკეს პაკელიანი, მაგრამ ეს პოზიცია არ ჩანს მათი დაკითხვის ოქმებიდან, ისინი მსგავსს არაფერს ამბობენ. თუ პაკელიანი დამატებით გაიჩხრიკა განყოფილებაშიც, ეს აუცილებლად აღნიშნული უნდა ყოფილიყო ოქმებში. თუმცა ორივე გამოკითხული პოლიციელი მიუთითებს, რომ პაკელიანი გაჩხრიკეს დაკავების ადგილზე და არა პოლიციის განყოფილებაში. რაც თავისთავად ამ კადრებთან წინააღმდეგობაში მოდის და მთლიანად აცლის საფუძველს ჩხრეკის ოქმის სანდოობას“, - ამბობს ნასრაშვილი.

როგორც გაგი მოსიაშვილი ამბობს, თუ დავეყრდნობით ოფიციალურ დოკუმენტებს, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, რაც განყოფილებაში ტარდება აღარ არის საგამოძიებო მოქმედება.

„თუ ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს, რომ პოლიციის ამა და ამ განყოფილებაში პირის მიმართ ჩატარდა რაიმე საგამოძიებო მოქმედება, მით უმეტეს გაშიშვლება, ეს ნიშნავს, რომ ოფიციალურად ასეთი ფაქტი არ მომხდარა. აღნიშნული ქმედება კი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა დანაშაულის ნიშნების შემცველიც კი იყოს. ვინაიდან პოლიციის დაწესებულებაში ჩვენ ვხედავთ პირს, რომელსაც აშიშვლებენ, ჩხრეკენ და ამის შესახებ თუ არანაირი დოკუმენტი არ არის შედგენილი, ეს ამ ბრალდებას უფრო ამძიმებს“, - ამბობს მოსიაშვილი.

მისი თქმით, კანონმდებლობა არ იცნობს ისეთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, სადაც ოქმი არ დგება, ასეთი რამ კანონმდებლობის არსებითი დარღვევაა.

„საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას უცილობლად უნდა შედგეს ოქმი, და თუ ეს ოქმი არ შედგენილა, მაშინ ეს არის არაოფიციალური მოქმედება, რომლის გამოც პირთა შესაძლო პასუხისმგებლობის  საკითხი შეიძლება დადგეს. ვინაიდან არც ის არის გამორიცხული, რომ ისინი, სავარაუდოდ,  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფარგლებში მოქმედებდნენ, ან გნებავთ ამ ქმედებით ადამიანს დასცინოდნენ, აშიშვლებენ და ე.წ. ბუქნებს აკეთებინებენ“, - ამბობს მოსიაშვილი.

სავარაუდოდ ნივთმტკიცების დასალუქი ფურცელი

„ლიბერალის“ წყაროს ინფორმაციით, კადრებში ასევე ჩანს, რომ გამომძიებელი თამარ ჟუჟუნაშვილი, სავარაუდოდ, ნივთმტკიცების ლუქზე ხელს ინსპექტორ-გამომძიებელს გურამ კასრაძეს აწერინებს.

ანი ნასრაშვილის ვარაუდითაც, საგამოძიებო პროცესში ერთადერთი ასეთი პატარა ფურცელი, რომელიც გამოიყენება, არის ლუქის ფურცელი, რომელსაც საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილე პირი აწერს ხელს.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს ნამდვილად არის დასალუქი ფურცელი, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება  - ნარკოტიკული საშუალება - დალუქული არის არა იმ ადგილზე, რომელზეც სამართალდამცავი ორგანო საუბრობს, არამედ პოლიციის განყოფილებაში. ეს მთლიანად მთავარი მტკიცებულების წარმომავლობასთან მიმართებით აჩენს დიდ კითხვას, რაც ნიშნავს იმას, რომ, თუ მთავარი მტკიცებულების წარმომავლობა საქმეში არ დგინდება, ეს არის ცალსახად გამართლების ან საქმის შეწყვეტის საფუძველი“, - ამბობს ნასრაშვილი.

მისი შეფასებით, „ის, რომ ჩხრეკის ოქმში მითითებული ადგილი არ ემთხვევა ამ ვიდეოჩანაწერით არსებულ ინფორმაციას, ის რომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ნარკოტიკის დალუქვა მოხდა პოლიციის განყოფილებაში და არა ადგილზე, ცალკე აღებული ქმნის მტკიცებულების ფალსიფიკაციის შემადგენლობას, და უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთობლიობაში შეიძლება დადგეს ამ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი“.  

ტელეფონების დათვალიერება

წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.

მოსიაშვილის თქმით, პოლიციელთა მხრიდან აღნიშნული ქმედებაც უკანონოა, ვინაიდან ისინი სხვის საკუთრებაში არსებულ ნივთებს ეხებიან. როგორც მინიმუმ,  საგამოძიებო ორგანოს ამაზე უნდა ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, ან პირს უნდა ჰქონდეს გარკვეული სტატუსი, რომ ისინი მის პირად ნივთებს შეეხონ.

„თუ პირად ნივთებს ეხებიან, ამის საფუძველი უნდა იყოს პირის სტატუსი - ბრალდებულის სტატუსი, ან უნდა იყოს გადაუდებელი აუცილებლობა, როდესაც შესაძლოა განადგურდეს დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი ინფორმაცია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ პოლიციელების მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედება იგივე იქნება, რაც ჩემი ქმედება - ავდგე და ქუჩაში გამოვართვა ვიღაცას ტელეფონი  და წავიდე. ამას ემატება ისიც, რომ ისინი პირად სივრცეში შემოსვლას ცდილობენ. ამ შემთხვევაში შესაძლოა მათი მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტს ჰქონდეს ადგილი“, - ამბობს მოსიაშვილი.  

„რომც იყოს შეზღუდვა, რომ ეს არ არის საჯარო სივრცე და არ შეიძლებოდეს პოლიციის შენობაში მოქალაქეების მიმართ პოლიციელთა ქმედებების გადაღება, ისინი არიან საჯარო მოხელეები. მათ მეტი ნდობა და ვალდებულება აკისრიათ, ვიდრე სხვა მოქალაქეებს. შეზღუდვა რომ არსებობდეს, ეს მაინც ვერ მისცემს მათ უფლებას, რომ ამის გამო ჩამოართვან მათ ტექნიკური საშუალებები და დაინტერესდნენ, გადაიღეს თუ არა რამე. თუ ისინი [მოქალაქეები] არ ჩადიან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციელის გადაღება - ეს ჩვეულებრივი ქმედებაა. ამისთვის კანონმდებლობა რაიმე შეზღუდვას არ აწესებს, იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი არიან საჯარო მოხელეები და უფრო დიდი, მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებაში“, - ამბობს მოსიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „ლიბერალის“ მიერ ვიდეოკადრების გამოქვეყნებამდე, 3 აპრილს, შოთა პაკელიანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. 

შოთა პაკელიანის საქმე „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" მარტში გაახმაურა.

ვიდეო ► რა ხდებოდა პოლიციის სამმართველოში შოთა პაკელიანის დაკავების შემდეგ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^